ფილმი თამარ მეფეზე - ახალგაზრდა რეჟისორის რისკიანი ნაბიჯი - გზაპრესი

ფილმი თამარ მეფეზე - ახალგაზრდა რეჟისორის რისკიანი ნაბიჯი

ფილმის მონტაჟის პროცესი დასასრულს უახლოვდება და უკანასკნელი დეტალების დაზუსტების შემდეგ, საზოგადოებას მისი ნახვის შესაძლებლობა მიეცემა. შემოქმედებითი ჯგუფის წევრებიდან, ფილმის რეჟისორს, ლევან ლომაშვილსა და თამარ მეფის როლის შემსრულებელ მსახიობს, ანა მატუაშვილს შევხვდი.

ლევანი:

- კინოსტუდია "ხომლი" 2011 წელს დაარსდა. ჯგუფის წევრებს ერთმანეთის მსგავსი მიზანი და იდეები გვქონდა, რომლის განსახორციელებლად სტუდიის დაარსება და ჩანაფიქრის ერთად განხორციელება გადავწყვიტეთ. გვინდოდა, მხატვრულ-დოკუმენტური, შემეცნებითი ხასიათის ფილმები შეგვექმნა. ფილმის - "თამარ მეფე" ქრონომეტრაჟი საათი და 10 წუთია. დიდი სურვილი მაქვს, რომ სკოლებისთვის ეს იყოს დამხმარე სახელმძღვანელოსავით, რათა ბავშვებმა არა მხოლოდ წიგნიდან, არამედ ვიზუალური თვალსაჩინოებით გაიცნონ თამარ მეფე და მისი ეპოქა. ვფიქრობ, ფილმი საინტერესო იქნება ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვისაც.

- "თამარ მეფის" სცენარზე ვინ იმუშავა?

- ნინო სადღობელაშვილმა და გურამ მეგრელიშვილმა იმუშავეს. პროექტის ავტორები მე და ნინო ვართ. ფილმში ბევრი ისეთი ამბავი იქნება მოთხრობილი, რაც ყველამ არ იცის და ეს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის სიუჟეტს.

- ანა მატუაშვილი - თამარ მეფის როლის შემსრულებელი მსახიობი ახმეტელისა და თუმანიშვილის თეატრების სპექტაკლებში მყავს ნანახი. რატომ შეარჩიეთ მაინცდამაინც ანა ამ როლისთვის?

- მეც სპექტაკლებში მყავდა ნანახი. ვცდილობ, თეატრებში ხშირად ვიარო, ჯერ ერთი იმიტომ, რომ სპექტაკლის ნახვა აუცილებელია არა მხოლოდ ჩემი, არამედ ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის და მეორეც - ყველა მსახიობში ვეძებ პერსონაჟს ან ტიპაჟს მომავალი ფილმებისთვის. როგორც კი "თამარ მეფის" გადაღების იდეა გაჩნდა, გონებაში მაშინვე ანას სახე ამომიტივტივდა. ჩემს წარმოსახვაში თამარი სწორედ ასეთი იყო: მომხიბვლელი და ძლიერი, ყველაფერში ზომიერი, დამაჯერებელი საუბრით. თამარის როლის შემსრულებელს უნდა ჰქონოდა გამორჩეული ხმის ტემბრი და ანა ამ მხრივაც ზუსტად მოერგო როლს. შევხვდი, დაველაპარაკე და შეთავაზება მიიღო.

- ანა, როგორი რეაქცია გქონდა, როცა თამარ მეფის როლი შემოგთავაზეს?

- ეს ძალიან მოულოდნელი იყო. დღესაც ვერ ვხვდები, როგორ დავთანხმდი ამ შემოთავაზებას. ლევანმა მოახერხა და მის წინადადებას "ბრმად გავყევი".

- ისეთ თემებს, რომელიც ისტორიულ პერსონაჟებსა თუ წმინდანებს ეხებათ, საქართველოში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. კრიტიკისთვის მზად ხართ?

- მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საქმეში ბოლომდე ვიხარჯები. შეიძლება, გავრისკე ლევანთან, მთელ ჯგუფთან ერთად, მაგრამ რაც არის, არის. ალბათ, გავუძლებთ კრიტიკას და სიხარულსაც ერთად გავიზიარებთ.

ლევანი:

- როგორი მაგარი ნამუშევარიც უნდა გამოვიდეს, მაინც გამოჩნდება ვიღაც, ვისაც შენიშვნა ექნება. თავიდანვე გაცნობიერებული მქონდა, რომ დადებითთან ერთად, ბევრ უარყოფით მოსაზრებას მოვისმენ, რადგან თამარი ყველასია! ყველა ქართველს თავის თამარი ჰყავს და როგორც კი მას გარკვეულ "ჩარჩოში მოაქცევ", ამას აუცილებლად მოჰყვება რეაქცია. როგორ ობიექტურ მასალებზეც უნდა ააგო ფილმი, კინო მაინც სუბიექტური ხელოვნებაა.

- თუ არ ვცდები, როცა წმინდანზე ფილმს იღებ, საპატრიარქო უნდა ჩააყენო საქმის კურსში...

- საპატრიარქო საქმის კურსშია... რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია ის ფაქტი, რომ თამარი წმინდანი იყო. ფილმში ისტორიკოსიც ამბობს, რომ ის ძალიან ასკეტურად ცხოვრობდა და ეს ფაქტი გამოკვეთილია. აქედან გამომდინარე, ამ კუთხით პრობლემები არ შეგვექმნება, დანარჩენი კი უკვე ადამიანების გემოვნების საკითხია. GzaPress

- ფილმში დოკუმენტური მასალებიდან ბევრი "გადახვევაა"?

- მხატვრულ ნაწილში ყველაფერი გამოგონილია. თუმცა, თამარის სახე იმდენად შესისხლხორცებული და შესწავლილი მაქვს, რომ ვფიქრობ, ზუსტად ვხვდები, როგორ ჩაატარებდა საეკლესიო კრებას, როგორ დადიოდა დარბაზში, რა ურთიერთობა ჰქონდა ადამიანებთან, როგორ უმკლავდებოდა პრობლემებს. თუმცა, რასაკვირველია, ეს ჩემი ვერსია და ჩემეული ხედვაა.

- ფილმის ფოტომასალაში ჩანან მსახიობები: გივი ჩუგუაშვილი, დარეჯან ხარშილაძე და ა.შ. მათი პერსონაჟები თამარის ოჯახის წევრები არიან?

ანა:

- შესანიშნავი მსახიობი, ბატონი გივი ყუთლუ-არსლანის როლს თამაშობს, მამიდას კი ქალბატონი დარეჯან ხარშილაძე. დანარჩენი სცენები უფრო მეტად პორტრეტულია, დიალოგის გარეშე. ჩვენ ყველაფერს ძალიან ფაქიზად შევეხეთ და წესით, ფილმმა მაყურებლის გაღიზიანება არ უნდა გამოიწვიოს.

- თამარის მეუღლეების როლები რომელ მსახიობებს მიანდვეთ?

ლევანი:

- ეკრანზე ორივე მეუღლე გამოჩნდება. ეს პერსონაჟები გიორგი მერებაშვილმა და გოგიტა ტრაპაიძემ განასახიერეს.

ანა:

- ფილმის მხატვარი ხათუნა გიგუაშვილია. არ შეიძლება, არ აღვნიშნო თამარ მეფის ორი ძირითადი კოსტიუმი, რომელიც ხათუნამ ხელით შეკერა და დეკორატიული თვლებით გააფორმა. მინდა, ამ ნამუშევრისთვის მას დიდი მადლობა გადავუხადო... როგორც მსახიობს, მუშაობის პროცესში ტექსტმა დიდი დახმარება გამიწია და ამისთვის ნინო სადღობელაშვილის მადლიერი ვარ.

- ფილმში გიორგი ზანგურიც თამაშობს, არა?

- გიორგი ფილმის მთხრობელია. მისი პერსონაჟი მხატვარია, რომელსაც მეფეთა პორტრეტების შექმნა სურს და ამ მიზნით თამარის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს. მეფის პორტრეტს ხატავს და ამავდროულად, მაყურებელს მის შესახებ მოუთხრობს. სხვათა შორის, ძალიან რთული იყო ლოკაციების მოძებნა. გადაღება გვქონდა სოფელ ვაშლოვანში, ძირითადი ნაწილი კი თბილისში, სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთ დარბაზში გადავიღეთ. სახიფათო იყო ლოკაციის ადგილების შერჩევა, რომ კადრში სიყალბეები არ ყოფილიყო. ზოგადად, ეს ფილმი ბეწვის ხიდია. ერთი მხრივ ვიღებდით "ოქროს ხანას" და შეიძლებოდა სიმდიდრის ჩვენება, მაგრამ მეორე მხრივ, ეს სიმდიდრე გადაჭარბებული არ უნდა ყოფილიყო. მოკლედ, შენიშვნებს ამ კუთხითაც არ ველოდებით. ასევე, არ შემრცხვება ოპერატორების ნამუშევრის გამო. ამისთვის მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ძმებს: გიორგი და ზურა ობოლაძეებს. მათთან მუშაობა დიდი კომფორტი იყო ჩემთვის.GzaPress

- ანა, საინტერესოა, რა გზა გამოიარეთ დღემდე?

- თეატრალურ უნივერსიტეტში რეზო ჩხეიძის სახელოსნო დავამთავრე. ორი წელი ვსწავლობდი სამხატვრო აკადემიაშიც და ერთი პერიოდი, ქანდაკებებით ვიყავი გატაცებული, კულტურის ინსტიტუტში თავისუფალ მსმენელად დავდიოდი. ტელერადიომაუწყებლობის ინსტიტუტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტიც დავამთავრე. ვფიქრობ, არც ერთი პროფესიის შესწავლისას დრო უქმად არ დამიკარგავს. ამჟამად, ახმეტელისა და თუმანიშვილის თეატრების მსახიობი ვარ. ვისურვებდი, მომავალშიც ისეთივე ანთებული, შეპყრობილი და შეყვარებული ვიყო მსახიობობაზე, როგორიც დღეს ვარ.

ლევანი:

- მხატვრულ ფილმზე არასდროს მიმუშავია, მაგრამ გადაღებული მაქვს რამდენიმე დოკუმენტური ფილმი და მუსიკალური კლიპი. მასმედიის უნივერსიტეტში მაგისტრატურა მერაბ კოკოჩაშვილის ჯგუფში გავიარე. კინო ძალიან მიყვარს და მიუხედავად სირთულეებისა, ამ სფეროს მოყვარულები არ ვჩერდებით. ფაქტობრივად, არაფრისგან გვიწევს ფილმის შექმნა. საბედნიეროდ, მოვახერხეთ აპარატურის შეძენა და ამ მხრივ, ერთი დიდი პრობლემა გადალახული გვაქვს. ახლა საქმეს გაცილებით თამამად ვეჭიდებით და მომავალშიც გავაგრძელებთ მსგავს პროექტებზე მუშაობას... დაბოლოს, მინდა გითხრათ, რომ იდეაში გვაქვს ფილმების გადაღება 13 მეფეზე. პროექტს "ჩემი მეფე" ჰქვია და მათ შორის პირველი ფილმი თამარზე იქნება. აქედან გამომდინარე, "თამარ მეფის" პრემიერასთან ერთად, პროექტის პრეზენტაციასაც ვგეგმავთ.

ანა კალანდაძე