რა უნდა იღონოთ, თქვენი შვილი "უდიპლომო სასიძოდ" რომ არ დარჩეს - გზაპრესი

რა უნდა იღონოთ, თქვენი შვილი "უდიპლომო სასიძოდ" რომ არ დარჩეს

ალბათ დამეთანხმებით, რომ პრესტიჟულ სასწავლებელში სწავლა ნებისმიერი ახალგაზრდის სურვილია. განსაკუთრებით გამძაფრებულია ეს სურვილი საქართველოში, სადაც არავის სურს, "უდიპლომო სასიძო" იყოს. ბუნებრივია, სწავლით გატაცება არც სხვა ქვეყნის მკვიდრთათვის არის უცხო ხილი. ავსტრალიურმა ონლაინ გამოცემა Business Insider-მა სპეციალური კვლევა ჩაატარა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მშობლები გამოჰკითხა. მათი ინფორმაციით, უმაღლესი განათლების მიღება ავსტრალიაში ყველაზე ძვირი ჯდება, ავსტრალიას მოსდევს აშშ. ამ თვალსაზრისით, ძვირად ღირებული ქვეყნების სიაში მოხვდნენ: სინგაპური, გაერთიანებული სამეფო, ჰონკონგი, კანადა, მალაიზია, ტაივანი და ა.შ... უმაღლესი განათლების სიძვირით საქართველო მოწინავე ქვეყნებს სულაც არ ჩამორჩება. აქ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საშუალო წლიური გადასახადი 5-7 ათას ლარს აღწევს და თუ სტუდენტი მხოლოდ ბაკალავრის დიპლომს არ დასჯერდება, მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას გადაწყვეტს, ეს მის ოჯახს სულ მცირე, 30-35 ათასი ლარი მაინც დაუჯდება.

საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში არსებობს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები, სადაც ძვირად ღირებული სასწავლებლებისგან განსხვავებით, სწავლის ტარიფის ზედა ზღვარი 2 250 ლარია, თუმცა, საშუალო შეძლების მქონე ოჯახს ხშირად ამ თანხის გადახდაც უძნელდება, აღარაფერს ვამბობთ სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ოჯახებზე, რომელთა რიცხვი საქართველოში თითზე ჩამოსათვლელი სულაც არ არის.

GzaPress

"ჩვენს ქვეყანაში განათლების მიღება მართლაც ძალზე ძვირი ჯდება, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ მიღებული ცოდნა ოდნავაც ვერ შეესაბამება გაწეულ ხარჯებს", - ამბობს "საქართველოს განათლების ლიგის" ხელმძღვანელი, მანანა ნიკოლაიშვილი, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია:

- საქართველოში უმაღლესი განათლების მიღება საკმაოდ ძვირი ღირს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ცხოვრების დონეს და იმას, რომ ჩვენი მოსახლეობის 80% უმუშევარია, ხოლო ვინც მუშაობს, იმასაც ძალიან დაბალი ანაზღაურება აქვს. რა თქმა უნდა, ამ ფონზე ეს მაღალი გადასახადებია. შვილისთვის განათლების მიცემა არ გაუჭირდებათ მხოლოდ საჯარო მოხელეებს, რომლებიც თავისთვის უხვად იწერენ პრემიებს. განსაკუთრებით ძვირია სწავლა კერძო უმაღლეს სასწავლებლებში. მართალია, სახელმწიფო სასწავლებლებში დაწესებულია ზღვარი - 2 250 ლარის ოდენობით, მაგრამ ძალიან ბევრი ნიჭიერი აბიტურიენტი, რომელსაც ეროვნულ გამოცდებზე ქულები არ ჰყოფნის, სწორედ ფასიან სასწავლებლებში ირიცხება. წარმოიდგინეთ, რა მძიმე ტვირთია ეს მათი ოჯახებისთვის.

- ქ-ნო მანანა, ვინც გრანტს მოიპოვებს, იმას ამ 2 250 ლარის გადახდაც არ უწევს, რადგან სწავლის ქირის ნაწილს სახელმწიფო უფინანსებს.

- კი, მაგრამ გავიხსენოთ ჩვენი მეზობელი ქვეყნები, სადაც სწავლა უფასო ან გაცილებით იაფია. ევროპას რომ ვბაძავთ, იქ სწავლა ძირითადად უფასოა, ევროპული სასწავლებლების ძალიან მცირე ნაწილია ფასიანი. ვფიქრობ, რომ საქართველოშიც, რომელიღაც საფეხური მაინც უნდა იყოს უფასო - ან ბაკალავრიატი, ან - მაგისტრატურა. უმჯობესია, ბაკალავრიატი იყოს. რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი ვარიანტია, რომ ორივე ეტაპი უფასო იყოს. ძალიან კარგი მოდელი აქვს, მაგალითად, გერმანიას, სადაც უმაღლეს სასწავლებლებს 100%-იანი დაფინანსება აქვთ - მათ სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს. თუმცა, მოდი, დავანებოთ თავი სწავლების სიძვირეს და მის ხარისხზეც ვისაუბროთ.

- რას გვეტყოდით ამ საკითხზე?

- მიუხედავად ამხელა გადასახადებისა, სტუდენტების დიდი ნაწილი ბოლოს უმუშევარი რჩება. ამასთანავე, ჩვენი უმაღლესი სკოლა ახალგაზრდებს ვერ აძლევს სათანადო ცოდნას - ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სასწავლებლებსაც. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში უმაღლესი სკოლა აბსოლუტურად მოშლილია. სააკაშვილის დროს სწავლების ხარისხმა საგრძნობლად დაიწია, მაგრამ ახლაც არაფერი კეთდება იმისათვის, რომ ხარისხი ამაღლდეს. რაც უნდა იძახოს ხელისუფლებამ - მე ეს გავაკეთეო, თუ სასწავლო საათების რაოდენობა არ გაიზარდა, თუ განათლებაში ჩადებული თანხის მოცულობა არ გაზარდეს, თუ პედაგოგებს ხელფასები საშუალო დონეზე მაინც არ მოუმატეს და თუ ცუდი სახელმძღვანელოები კარგით არ შეცვალეს, გამორიცხულია, საშუალო სკოლას რაიმე ეშველოს და თუ სკოლას არ ეშველება, არც უმაღლეს სასწავლებლებს ეშველება! რატომ? - იმიტომ, რომ იქ უცოდინარი მოსწავლე შედის. უმაღლეს სკოლაში დღეს კატასტროფა გვაქვს: არც პროფესორ-მასწავლებლების დონე, არც სასწავლო პროგრამები, არც მენეჯმენტი - არაფერი შეესაბამება თანამედროვე მსოფლიოს მოთხოვნებს. არც წიგნები გვაქვს ნორმალური და არც - სწავლების დონე. მოკლედ, ეს ნამდვილი კოშმარია! ბაზები და კაბინეტ-ლაბორატორიები არა გვაქვს და რაც გვქონდა, ისიც დაანგრიეს სააკაშვილის დროს. იმ წლებში სკოლაც და უმაღლესი სასწავლებელიც დაინგრა, მაგრამ ამ სისტემაში ადრეც არ ყოფილა დალაგებული სიტუაცია. საბოლოოდ კი რა მივიღეთ? - თუ ბავშვი საზღვარგარეთ არ წავიდა სასწავლებლად, აქ სრულყოფილ სპეციალისტად ვერ ჩამოყალიბდება. მე კონკურენტუნარიან სპეციალისტს ვგულისხმობ, თორემ დიპლომების დარიგებას წინ რა უდგას? მოჯადოებულ წრეში ვტრიალებთ და მის გასარღვევად ჯერ სკოლაში უნდა ამაღლდეს სწავლების დონე და მერე უმაღლეს სასწავლებელში, ჯერჯერობით ვერც ერთი შევძელით და ვერც - მეორე.

- როგორ ფიქრობთ, რატომ?

- ძალიან ბევრი მიზეზის დასახელება შეიძლება, მაგრამ ერთ-ერთი ისიცაა, რომ სააკაშვილმა პოლიტიკური ნიშნით დააკომპლექტა უმაღლესი სკოლა. ამ ნიშნით ინსტიტუტებიდან ბევრი მცოდნე პროფესორ-მასწავლებელი გაუშვეს. ისინი აუცილებლად უკან უნდა დააბრუნონ. ცვლილებები უნდა შევიდეს უმაღლესი განათლების შესახებ კანონში, კონკურსები თავიდან უნდა გამოცხადდეს და ლექტორები პოლიტიკური ნიშნით აღარ უნდა შეარჩიონ. ერთი სიტყვით, ღრმა საკადრო რეფორმები უნდა გატარდეს. მართალია, ბევრი კარგი ლექტორიც გვყავს, მაგრამ ეს არ შველის საქმეს. საკადრო რეფორმასთან ერთად სასწავლო პროგრამების რეფორმაც აუცილებელია. უნივერსიტეტებში ხშირად ისეთი საგნები ისწავლება, რომელიც სტუდენტს სულ არ სჭირდება. მოკლედ, პრობლემების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია.

- ქ-ნო მანანა, ხალხში გავრცელებულია აზრი, რომ კერძო სასწავლებლებში სტუდენტებს უფრო ღრმა, საფუძვლიან ცოდნას აძლევენ.

- სამწუხაროდ, ასე არ არის. არავინ მოგატყუოთ, საზღვარგარეთული მოდელი გადმოვიტანეთო. ჯობია გაჩუმდნენ, განსაკუთრებით ის ვაირეფორმატორები, ვინც წლების განმავლობაში ათასგვარი უსამართლობა ჩაიდინა. ცნობილია, რომ ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტები სტუდენტებს ლამის აბსოლუტურ ცოდნას აძლევენ და თუ იქაური მოდელები გადმოიტანეს, მაშინ რატომ ვერ უწევენ ჩვენი სპეციალისტები კონკურენციას უცხოელ სპეციალისტებს? ახლა არ მითხრათ, ახალგაზრდები არ სწავლობენო. როგორ არ სწავლობენ, ძალიან ბევრი ბეჯითი და ნიჭიერი სტუდენტი ვიცი, დღედაღამ წიგნებთან სხედან, მაგრამ ამ სიტუაციაში რაც უნდა ისწავლონ, მაინც ვერ ყალიბდებიან მაღალი დონის სპეციალისტებად. ეს იმის ბრალია, რომ სახელმწიფომ თავის დროზე არ გაატარა სწორი რეფორმები განათლების სფეროში და ახლაც არ ატარებს.

- ქ-ნო მანანა, ისიც გავიხსენოთ, რომ კერძო სასწავლებელს სახელმწიფო ვერ შეეხება და ვერც ვერაფერს უკარნახებს.

- სულერთია, კერძო სასწავლებელსაც ხომ სახელმწიფო აძლევს აკრედიტაციას? ამიტომ, კერძო უმაღლესი სასწავლებლები რაღაცნაირად უნდა შეზღუდონ. იქ სწავლა ასე ძვირი არ უნდა ღირდეს და ამ საქმეში სახელმწიფოც უნდა ჩაერიოს. მართალია, დემოკრატიულ ქვეყანაში ყველაფერი ბაზარმა უნდა დაარეგულიროს, მაგრამ თუ ამ სფეროში სახელმწიფოც არ ჩაერია, გაუნათლებელ თაობას მივიღებთ. თქვენ მომავალში ნახეთ, ეს გოგო-ბიჭები რომ შევლენ სკოლებში, ვისაც მხოლოდ ბაკალავრიატი ექნება დამთავრებული... მათ ცოდნა საერთოდ არა აქვთ. ნახეთ, მერე რა მოხდება - ახლანდელი მასწავლებლები, რომლებსაც დღეს ასე იწუნებენ, იმათთან პროფესორები და აკადემიკოსები გამოჩნდებიან. კანონში უნდა ჩაიწეროს, რომ კურსდამთავრებულად ითვლება მხოლოდ ის ახალგაზრდა, რომელმაც ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სრული კურსი გაიარა.

- მიუხედავად იმისა, რომ სწავლების საფასური მაღალია, ქართველ სტუდენტებს ხშირად გზავნიან უცხოეთში. როგორც წესი, ასეთ დროს ოჯახი ყველაფერს იკლებს და შვილს მაინც ასწავლის.

- იცით, რით აიხსნება ლტოლვა, რომ თავიანთი სტუდენტები საზღვარგარეთ გაგზავნონ? - იმით, რაზეც უკვე ვისაუბრეთ - სამწუხაროდ, აქ მაღალი დონის სპეციალისტებს ვერც ერთი უმაღლესი სასწავლებელი ვერ უშვებს, რაც სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს.

თუ საქართველოს პრესტიჟული სასწავლებლების ტარიფებს გადავხედავთ, ასეთ სურათს მივიღებთ:

GzaPressთბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში 1 წლის საშუალო გადასახადი 6 950-7 650 ლარია. ოთხწლიანი სწავლების შემთხვევაში სტუდენტმა (უფრო სწორად, მშობელმა ) 28 000-30 000 ლარი მაინც უნდა გადაიხადოს, ხოლო თუკი მაგისტრატურაში სწავლაც ისურვა, მაშინ 6 წლის გადასახადი 40 ათას ლარს გადააჭარბებს. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში 1 წლის სწავლის საფასური 5 900 ლარია, 4 წელიწადში - 23 600, ხოლო 6 წელიწადში - 34 000 ლარამდე ადის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში წლიური გადასახადი 4 600-5 100 ლარია, 4 წელიწადში - 20 000 ლარამდე, 6 წელიწადში - 30 000 ლარამდე... ამავე დროს, თუ ვნახავთ, რა ღირს სწავლა სახელგანთქმულ კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში, ყველაფერი ნათელი გახდება: კემბრიჯში სწავლა 10 ათასი გირვანქა სტერლინგი ღირს ანუ საშუალოდ 28 500 ლარი, ოქსფორდის უნივერსიტეტში - 9-12 ათასი გირვანქა სტერლინგი - დაახლოებით 25 500-34 000 ლარი. ამ მონაცემებიდან ერთადერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: ქართული უნივერსიტეტები გადასახადების სიძვირით მტერსა და მოყვარეს ერთნაირად აოცებენ.

ხათუნა ჩიგოგიძე