"უკაცრავად, მე ქართველი ვარ" - გზაპრესი

"უკაცრავად, მე ქართველი ვარ"

წარწერამ ბევრი ინტერნეტმომხმარებელი შეცდომაში შეიყვანა. სინამდვილეში, ფოტოზე არა ნორვეგიელი, არამედ ქართველი ბიჭია აღბეჭდილი. მისი ვინაობა დავადგინე და ინტერვიუს ჩაწერა შევთავაზე. ასეთ ადამიანებზე ბევრი უნდა იწერებოდეს, რომ თანატოლებისთვის და მომავალი თაობისთვის მაგალითის მიმცემი იყვნენ. იცნობდეთ ოთო კობახიძეს! ვფიქრობ, სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიან ქვეყნის მომავალს.

- ეს ფოტო 7 ნოემბერს არის გადაღებული. ამ დღეს მე და ჩემი მეგობარი გერგეტზე ვიყავით ასული. გზად უამრავი ნაგავი იყო. ზაფხულობით ეს ნაკლებად ჩანს, სიმწვანე ფარავს, ზამთარში კი ძალიან თვალში საცემია. გერგეტიდან რომ ვბრუნდებოდით, ერთ-ერთ სასულიერო პირს ტომარა გამოვართვით, მეორე ტომარა გზაში ვიპოვეთ და ორივე ძალიან მალე გავავსეთ. ბუნკერში ნაგვის ჩაყრისას, მეგობარმა ფოტო გადამიღო - მხოლოდ იმისთვის, რომ სურათი მეგობრებისთვის გვეჩვენებინა, რომლებიც ზაფხულობით ლაშქრობაში ხშირად დადიან. როდესაც ფოტო სოციალურ ქსელში დავდე, იქვე დავწერე, რომ ერთმა ჩემმა ნორვეგიელმა მეგობარმა, რომელიც ზაფხულში გერგეტის სამებაში იმყოფებოდა, ნაგავი ჩამოიტანა. ნორვეგიელმა თუ შეიძლება დაასუფთაოს ჩვენი ქვეყანა, რატომ არ შეიძლება, ჩვენც იგივე გავაკეთოთ-მეთქი? დაწერილიდან შინაარსი ვერ გამოიტანეს, არასწორად გაიგეს და ჩემს ფოტოზე გაკეთდა წარწერა, რომ ნორვეგიელი ტურისტი ვიყავი.

ამ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ბევრი ცუდი კომენტარიც დაიწერა. სამწუხაროა, მაგრამ ვეღარ იჯერებენ, რომ შეიძლება, რომელიმე ქართველმა კარგი საქმე გააკეთოს. წავიკითხე, რომ ქართველები საშინელი ხალხი ვართ. უკაცრავად, მე ქართველი ვარ და ყველას ერთ ქვაბში ნუ მოგვხარშავთ! ბევრი შეურაცხმყოფელი კომენტარიც ეწერა. რატომ? - მართლა ვერ მივხვდი. ერთი წერდა: ეს ნორვეგიელი ისევე მოიქცეოდა, ამ ქვეყანაში რომ ეცხოვრა, როგორც ქართველები ვიქცევითო. მერე იმ ვითომ ნორვეგიელს შეურაცხყოფას აყენებდნენ. წერდნენ: ქართველებს "გვეტენებაო". ნორვეგია არის ქვეყანა, რომელიც დედამიწის ზურგზე ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია და რატომ უნდა დასჭირდეს მის მოქალაქეს მსგავსი რამ? იქ ადამიანს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ თავი ბედნიერად იგრძნოს.

- "წართმეული ქართველობის" დასამტკიცებლად სოციალურ ქსელში პასპორტის წარდგენა დაგჭირდა.

- ჩემი პასპორტის ფოტო რომ დავდე, მერე ზოგიერთებმა წერილი მომწერეს. არა მგონია, სამადლობელი რამ გამეკეთებინოს. ეს უჩვეულო საქციელად არ უნდა აღიქმებოდეს, რადგან თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა გარემოზე ზრუნვა. სენსაციური არაფერი გამიკეთებია. გარემო ყველგან უნდა დაიცვა. მსგავსი რამ თბილისშიც ბევრჯერ გამიკეთებია: ქუჩაში დაგდებული ბოთლი, პოლიეთილენის პარკი ამიღია და ნაგვის ურნაში ჩამიგდია. გამორიცხულია, ამას გვერდი ავუარო. მეორე საკითხია: ეს ნაგავი სად მიდის და დახარისხება როგორ ხდება... სხვათა შორის, ასე ჩემი მეგობრებიც ხშირად იქცევიან, გარემოზე ისინიც ზრუნავენ. თუშეთში რომ მიდიან, თავ-თავიანთი 15 კილოგრამი ტვირთი დააქვთ და კიდევ ნაგავს იმატებენ. დამეთანხმებით, ქუჩაში დაყრილი ნაგვის დანახვა საშინელებაა და ორმაგად ცუდი სანახავია ნაგავი ბუნებაში. იქ ჰარმონიაა, თავისებური წესრიგია და ნარჩენები ამ ჰარმონიას ძალიან უხეშად არღვევს. ბუნება არა მხოლოდ იმიტომ უნდა დაიცვა, რომ შენი ქვეყანა გიყვარს. უნდა გესმოდეს, რომ დედამიწა ერთიანი სივრცეა და რომელ წერტილშიც უნდა იყო, მისი დანაგვიანება არ უნდა დაუშვა. გარდა იმისა რომ არაესთეტიკურია, ბევრი ცუდი შედეგი მოჰყვება, გახრწნასაც წლები სჭირდება. მართალია, აქ ქუჩას კარგად წმენდენ, მაგრამ მთაში არ დადიან მეეზოვეები და იქაურობას ყოველდღე არავინ ასუფთავებს. ჩვენთან სამოქალაქო კულტურა დაბალია, მაგრამ სიტუაცია იცვლება. ისიც არ არის მოსაწონი, რომ სხვა ყველანაირად შენზე უკეთესი გგონია. თვითშეფასების დაბალი დონე არ უნდა გვქონდეს - ეს განვითარებაში ხელს შეგვიშლის. ჩვენთან დაუდევრობას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით, რადგან საზოგადოებაში ქცევის ელემენტარული წესები არ არის ჩამოყალიბებული და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ეს ძალიან იგრძნობა, ადამიანებიც ერთმანეთს გზას არ უთმობენ... ამის გამოსწორება, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ დრო სჭირდება.

- შენი უცხოელი მეგობრების თვალით დანახული საზოგადოება როგორია?

- ისინი ჩვენს საზოგადოებაში ძალიან ბევრ და დიდ კონტრასტს ხედავენ. ევროპელი მეგობრები კულტურებს შორის ბევრ საერთო ნიშანზე ლაპარაკობენ. ამბობენ, რომ აქ ადამიანები კეთილები არიან, დახმარების ხელის გაწვდენა სჩვევიათ, რაც შესაძლოა, ბევრი სხვა ქვეყნის კულტურაში არ იყოს. ამ ქალაქში მანქანების დიდი ნაკადის გამო, ხშირად შოკირებულნიც არიან - ეს აბსოლუტურად ყველას აგიჟებს. ქვეყანა რაც უფრო განვითარებულია, მოძრაობა იქ მით მეტად განტვირთულია. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება, ბევრი ფეხით დადის. უცხოელებისთვის თბილისში ჩამოსვლისთანავე თვალში საცემია მოძრაობის თავისებურებებიც, მძღოლები "ზებრაზე" გზას არ გითმობენ, მანქანები ზოლში არ დადიან...

- კონტრასტი ახსენე. როგორ ფიქრობ - სამოქალაქო თვითშეგნების თვალსაზრისით, ეს თაობებს შორისაც შეინიშნება? ჩემი აზრით, ამ მხრივ უკეთესი თაობა მოდის.

- შესაძლოა. არა მგონია, ჩემი თაობა ისეთი იყოს, როგორიც 10 და 20 წლის წინანდელი ახალგაზრდები არიან.

- ოთო, შენ შესახებ გვიამბე...

- 23 წლის ვარ. მართალია, ჩემი გვარი რაჭული წარმოშობისაა, მაგრამ ქუთაისთან ახლოს, სოფელ ჭოგნარში გავიზარდე. სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობები და სოციოლოგია ვისწავლე. ახლა მაგისტრატურაში ფსიქოლოგიურ ანთროპოლოგიას ვსწავლობ. 2013-2014 წლებში უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამით სლოვაკეთში ვსწავლობდი.

- უცხოელი მეგობრები იქ სწავლის პერიოდში შეიძინე?

- რა თქმა უნდა! თუმცა, მანამდე ცოტა ხნით ამერიკაშიც ვიყავი წასული და მეგობრები იქაც შევიძინე. გარდა ამისა, სტუდენტური ორგანიზაციის საქმიანობაშიც აქტიურად ვარ ჩაბმული. ეს სტუდენტური ორგანიზაცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია, საქართველოში მე ვარ მათი წარმომადგენელი და აქ ჩამოსულ უცხოელ სტუდენტებს ვეხმარები, მათ ჩვენს ქვეყანას ვაცნობ. ხშირად მიწევს კონფერენციაზე სიარული. მინდა, საზღვარგარეთ სასწავლებლად წავიდე. მოკლედ, დიდი გეგმები მაქვს. საერთაშორისო ურთიერთობები ძალიან მაინტერესებს.

- სამინისტროები მუდმივად აცხადებენ კონკურსებს. ამბობენ, რომ მოტივირებული, ენერგიული ახალგაზრდები სჭირდებათ...

- პირადად მე, არ მიცდია ბედი ასეთ კონკურსებში, მაგრამ ჩემმა რამდენიმე მეგობარმა სცადა და მინდა გითხრათ, რომ ამ სფეროში ნეპოტიზმი მძვინვარებს. ვლაპარაკობ მეგობრებზე, რომლებსაც უზარმაზარი გამოცდილება აქვთ და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. არ მაქვს სურვილი, გავხდე საჯარო მოხელე, მაგრამ მაქვს სურვილი, ვიმუშაო ჩემი ქვეყნისთვის. უფრო შორეულ მომავალში, ჩემს თავს დიპლომატიურ სამსახურში ვხედავ.

- ვიზა-ლიბერალიზაცია შენთვის რას ნიშნავს?

- სასიამოვნო მოვლენაა. იმედი მაქვს, ეს საქართველოს დიდ სიკეთეს მოუტანს. ჩვენი ქვეყანა აქამდე რომ მოვიდა, ეს იმის შედეგიცაა, რომ ქართული კულტურა სხვა კულტურების მიმართ გახსნილი იყო. სავიზო ბარიერების გამო, უფროსმა თაობამ ძალიან ბევრი რამ დაკარგა. მათ ნაკლებად ჰქონდათ შანსი, სხვა ქვეყნებში წასულიყვნენ. ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, უცხოელებს უფრო მეტად გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა, კულტურა... ხშირად მე მათთვის პირველი ქართველი ვარ, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონიათ, მაგრამ საქართველოს შესახებ ინფორმაცია მეტ-ნაკლებად აქვთ. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვნახოთ, როგორია განვითარებული ქვეყნები. როგორ შეიძლება გქონდეს დიდი ქალაქი და იყოს იმაზე სუფთა, ვიდრე თბილისია?!. უნდა ვნახოთ, ქუჩაში უსინათლო ადამიანი დამოუკიდებლად როგორ გადაადგილდება, რომ მისთვის გარემო ადაპტირებულია. უნდა ვნახოთ, როგორია საჯარო სივრცეები, პარკები, როგორ უვლიან მოხუცებს - ამის ნახვა იმისთვისაც არის საჭირო, რომ მერე საკუთარ თავს შორიდან შევხედოთ.

თამუნა კვინიკაძე