გა­დატ­ვირ­თუ­ლი თბი­ლი­სი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს პირ­ვე­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბი - გზაპრესი

გა­დატ­ვირ­თუ­ლი თბი­ლი­სი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს პირ­ვე­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბი

ომისა და კავკასიის რეგიონში შექმნილი არეული ვითარების გამო, საქართველოს დედაქალაქში მეზობელი ქვეყნებიდან დევნილმა ათობით ათასმა ადამიანმა მოიყარა თავი. სასტუმროები, ღამის გასათევი საზოგადოებრივი ადგილები და კერძო სახლებიც კი მდგმურებით იყო გადატენილი. ლტოლვილები ხშირად რკინიგზის სადგურზე, სკვერებსა და პირდაპირ ქუჩაშიც კი ცხოვრობდნენ. მათ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეებიც ემატებოდნენ, რომლებსაც დედაქალაქში დასაქმების იმედი ჰქონდათ.

ღარიბ ქვეყანას, რომელსაც საკუთარი მოქალაქეების გამოკვება უჭირდა, ლტოლვილთა უზარმაზარი მასა მთელი სიმძიმით დააწვა. ტფილისში მძიმე სასურსათო და საბინაო კრიზისი დაიწყო, რომელიც სულ უფრო ფართოვდებოდა. მდგომარეობას მოახლოებული ზამთარიც ამძიმებდა, რომელსაც ქალაქი სრულიად მოუმზადებელი ხვდებოდა.

შექმნილი მდგომარეობის გამოსწორება, ნოე ჟორდანიას სოციალ-დემოკრატიულმა მთავრობამ რადიკალური მეთოდებით გადაწყვიტა, რომელიც ქალაქიდან ყველა ჩამოსულის გაყრას გულისხმობდა.

1919 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში საქართველოს მთავრობამ ტფილისის განტვირთვის მიზნით სპეციალური დადგენილება შეიმუშავა. მისი აღსრულება კი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა.

გაზეთი "ბორბა", 1919 წლის 19 ნოემბერი: "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს წინასწარ სამუშაოებს ტფილისის განტვირთის მიზნით, რათა ქალაქი გათავისუფლდეს ისეთი ელემენტებისაგან, რომლებსაც არავითარი კავშირი არა აქვთ ტფილისთან და არ არიან დასაქმებულნი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება ქალაქის მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე და მისი გატარება მოითხოვს დიდ სიფრთხილეს. ეჭვს არ იწვევს, რომ გადაწყვეტილება მტკივნეულად აისახება ტფილისის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილზე. მაგრამ მოსახლეობა ამას უნდა შეხვდეს სიმშვიდითა და გაგებით.

შეგნებულმა მოქალაქემ ამ დადგენილებას უნდა შეხედოს არა პოლიტიკური კუთხით, არამედ იმ თვალსაზრისით, რომ იგი გამოწვეულია წმინდა სამეურნეო საჭიროებით. ამ ღონისძიებაში ჩართული უწყებები (შინაგან საქმეთა სამინისტრო, შრომის სამინისტრო და იუსტიციის სამინისტრო, აგრეთვე ქალაქის თვითმმართველობა), პირველ რიგში იმით ხელმძღვანელობენ, რომ ააცილონ ტფილისს სასურსათო და საბინაო კრიზისი და შეგნებული მოქალაქე ვალდებულია შეხედოს ამ დადგენილებას ყოველგვარი ეჭვის გარეშე".

ამ რადიკალურ მეთოდს მთავრობა იმით ასაბუთებდა, რომ თუ დროულად არ მოხდებოდა ტფილისის განტვირთვა, ქალაქს სრული კოლაფსი და ანარქია დაემუქრებოდა. ძირითადი მიზანი ქალაქისთვის ე.წ. "მუქთა მჭამელების" მოცილება იყო: "ტფილისი მიგრანტების ძალიან დიდ რაოდენობას იზიდავს. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ მთელი ამიერკავკასიისთვის იგი კვლავ უპირობო ცენტრად რჩება. აქ ჩამოდიან: ერევნიდან, ალექსანდროპოლიდან, განჯიდან. შედარებით მშვიდი ვითარების წყალობით, ტფილისი მოსახერხებელი ადგილია და კავკასიის სხვა ადგილებისგან განსხვავებით, ადამიანს ჯერ კიდევ შეუძლია, აქ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს.

დადგენილების მიზანია, შეძლებისდაგვარად განტვირთოს ქალაქი საზღვარგარეთიდან და ქვეყნის სხვადასხვა მაზრიდან ჩამოსული ელემენტებისაგან. ამასთან უცხოელებმა რესპუბლიკის ტერიტორია უნდა დატოვონ, პროვინციიდან ჩამოსულები კი ისევ თავიანთ მშობლიურ ადგილებს დაუბრუნდნენ. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ქალაქის თვითმმართველობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მთავრობის საერთო ძალისხმევით შესაძლოა ამ მიზნის უმტკივნეულო მიღწევა და ყველა იმ უბედურების თავიდან აცილება, რომელიც ქალაქს გადატვირთვის გამო ემუქრება".

საერთო ჯამში, ტფილისიდან 100 ათასამდე ადამიანის გასახლება იგეგმებოდა. ქალაქი პირობითად 11 რაიონად დაიყო. თითოეულ რაიონში წარმომადგენლობითი კომისია მოქმედებდა, რომელიც განტვირთვისთვის საჭირო ღონისძიებას ადგილზევე ატარებდა. კომისიის შემადგენლობაში იყვნენ ქალაქის თვითმმართველობის, შესაბამისი რაიონის სასამართლოს და პროფკავშირების წარმომადგენლები. ამავე კომისიაში სათათბირო ხმის უფლებით შედიოდნენ მილიციისა და ბინათმფლობელთა კავშირის წარმომადგენლები.

ბინათმფლობელებისა და სასტუმროს მეპატრონეების მიერ მოწოდებული ცნობების შესწავლის შემდეგ, ამ კომისიებს, არასასურველი ელემენტების აღმოჩენასა და შემდეგ ქალაქიდან მათ გაძევებაზე უნდა ეზრუნათ. შეცდომების თავიდან აცილების მიზნით, კომისიებს მდგმურების თაობაზე შემოსული ცნობების მრავალგზის გადამოწმება ევალებოდათ. კომისიის დასკვნის გარეშე, როგორც მილიციას, ასევე ბინათმფლობელს მდგმურის თვითნებური გამოსახლება კატეგორიულად ეკრძალებოდათ. რაიონული კომისიების დადგენილების გადასინჯვა მხოლოდ ცენტრალურ კომისიას შეეძლო. საერთო ზედამხედველობას კი ტფილისის თვითმმართველობა ახორციელებდა.

წინასწარ შემუშავდა გასახლებულთა საზღვრამდე ტრანსპორტირების გეგმა. 30 ნოემბერს ქალაქის თვითმმართველობამ საქართველოს გზების სამინისტროს შუამდგომლობით მიმართა, რათა უწყებას ქალაქიდან გასახლებული პირების გადაადგილებისთვის საჭირო სარკინიგზო შემადგენლობის გამოყოფა უზრუნველეყო. თვითმმართველობის აზრით, ამ კატეგორიისთვის რკინიგზის ბილეთები შეღავათიან ფასებში და რაც მთავარია, ურიგოდ უნდა გაეცათ.

დეკემბრის დასაწყისში საქართველოს გზების სამინისტრომ საჯარო მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც იუწყებოდა, რომ ქალაქიდან გაძევებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ტფილისი-ბათუმის მიმართულებით სპეციალური მატარებელი დაინიშნა. მაგრამ მატარებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაემგზავრებოდა, თუ ერთ ჯერზე მგზავრობის სურვილს 300-400 პირი გამოთქვამდა. თითოეული ვაგონი 40-ადგილიანი იყო, ბილეთი კი 54 რუბლი ღირდა. ბარგი იმავე მატარებლით იგზავნებოდა და მისი ღირებულება ერთ ფუთზე 9 რუბლსა და 34 კაპიკს შეადგენდა.

იმ ჯგუფებს კი, ვინც ქვეყანას დუშეთის მაზრის გავლით, საქართველოს სამხედრო გზით ტოვებდა, სახელმწიფო შეიარაღებული დაცვა ამაგრებდა, რათა მათზე თავდასხმა არავის გაებედა.

განსაკუთრებულ შემთხვევაში, სახელმწიფო მზად იყო, გასახლებულთა ავეჯზე ეზრუნა. ავეჯს ქალაქის საწყობებში 6 თვის განმავლობაში უფასოდ ინახავდნენ. ქალაქის ლომბარდი მიიღებდა ძვირფასეულობას სახელმწიფოს მიერ წინასწარ დაწესებულ შეღავათიან ფასებში.

ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს მიერ გამოცემული დეკრეტით, საქართველოდან გასახლებულ პირებს უფლება ჰქონდათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ოჯახზე მხოლოდ ერთი ხალიჩა გაეტანათ. ხალიჩის გატანაზე ნებართვას კი შესაბამისი რაიონის საკონტროლო კომისია გასცემდა.

იმ პირების მიმართ, რომლებიც ქალაქიდან გაძევებას ექვემდებარებოდნენ, მაგრამ მოთხოვნას არ ასრულებდნენ, მილიცია იძულების წესს იყენებდა.

ხელისუფლება იმდენად დიდ ყურადღებას აქცევდა ამ წამოწყებას, რომ მთავრობის ხელმძღვანელმა ნოე ჟორდანიამ პირადად მიმართა ტფილისის თვითმმართველობას.

გაზეთი "ბორბა", 1919 წლის 22 ნოემბერი: "ზედმეტი მოქალაქეებისაგან ტფილისის გათავისუფლების შესახებ მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების შესრულებისას, ადგილი აქვს უფლებამოსილების გადაჭარბების შემთხვევებს. ამიტომ წინადადებას გაძლევთ გამოუცხადოთ ყველა დაწესებულებას და მოხელეებს, რომლებსაც ევალებათ ამ დადგენილების აღსრულება, რომ მე მთელი ყურადღებით მივადევნებ თვალყურს დადგენილების კანონის ფარგლებში აღსრულებას. ყველა დარღვევა უმკაცრესად იქნება გამოძიებული, დამნაშავე პირები დასჯილი. 1919 წლის 18 ნოემბერი, ნოე ჟორდანია".

მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პროფკავშირებმა. საგანგებო სხდომაზე პროფკავშირის ხელმძღვანელობამ მთავრობის მოქმედება ასე შეაფასა: "შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რომელიც ქვეყნის ბლოკადამ გამოიწვია, საქართველოში ახლოვდება შიმშილი და მთავრობის წინაშე დადგა საკითხი, ან გაასახლოს ტფილისისთვის უცხო პირები, ან საფრთხის წინაშე დააყენოს მთელი ქალაქის მოსახლეობა და ქვეყნის დემოკრატია. მთავრობამ ორი ბოროტებისგან, უფრო მომცრო აირჩია. პროფკავშირების ამოცანაა ყველა ღონე იხმაროს, რათა დადგენილების აღსრულებისას ადგილი არ ჰქონდეს მექრთამეობას და ჩინოვნიკების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას.

აუცილებელია გამოირიცხოს ყველა შემთხვევითობა, რათა არ დაზარალდნენ უდანაშაულო ადამიანები და სერიოზული მიზეზის გარეშე, არ მოხდეს მათი შემთხვევით გაძევება ქალაქიდან. ეს მით უფრო სახიფათოა, რომ საზოგადოების გარკვეული ჯგუფები ამას მთავრობის დისკრედიტაციისთვის გამოიყენებენ." პროფკავშირები იმედს გამოთქვამდნენ, რომ ამ დადგენილების აღსრულების შედეგად ტფილისში გათავისუფლებული საცხოვრებელი ფართობი, პირველ რიგში გაჭირვებულ მუშებს გადაეცემოდათ.

მთავრობის ამ დადგენილებას ყველაზე დიდი უკმაყოფილება სომხურ დიასპორაში მოჰყვა. ტფილისში მოქმედმა სომეხთა ნაციონალურმა საბჭომ საქართველოს მთავრობის წინაშე, ტფილისის განტვირთვის შესახებ მიღებული დადგენილების გაუქმების შუამდგომლობა აღძრა. მათი მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება დიდ პრობლემებს უქმნიდა მრავალრიცხოვან სომეხ დევნილებს, რომლებმაც თავი საქართველოს შეაფარეს. მთავრობასთან მოსალაპარაკებლად საბჭომ სპეციალური დელეგაციაც კი აირჩია, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე თოფჩიანი და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ერზიკანიანი ხელმძღვანელობდნენ.

დადგენილების აღსრულების პროცესში უამრავმა ხარვეზმა იჩინა თავი. საქართველოს ხელისუფლებას სურვილი კი ჰქონდა, ტფილისი გაეწმინდა, მაგრამ სინამდვილეში როგორ მოება თავი ამ საქმისთვის, არ იცოდა. ნოე ჟორდანიას მიმართვა ტფილისის თვითმმართველობისადმი: "ბოლო ხანს შემჩნეულია, რომ ზოგიერთი სახლის მფლობელი კომისიებს აწვდის დამახინჯებულ და მცდარ ცნობებს, რათა შინაგან საქმეთა სამინისტროს დადგენილების მეშვეობით მდგმურები საცხოვრებლიდან გამოასახლონ. ეს იმ მიზნით ხდება, რომ ბინის მფლობელებს სურთ თავისუფალი ადგილი უფრო ძვირად გააქირაონ. ამიტომ საჭიროა ყველას აცნობოთ, რომ კომისიის დადგენილების გზით გათავისუფლებული ოთახები, სპეციალურ აღრიცხვაზე იქნება აყვანილი და იგი მხოლოდ ქალაქის თვითმმართველობაში არსებული საბინაო განყოფილების მიერ გადანაწილდება. მფლობელს არა აქვს უფლება, კანონის ძალით გათავისუფლებული ბინა თავისი სურვილით გააქირაოს. აქვე საჭიროა დავამატო, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც დაარღვევს ამ წესს უმკაცრესად დაისჯება".

1919 წლის დეკემბრის დასაწყისში გასახლების პროცესი კი დაიწყო, მაგრამ იგი ისეთი დაბალი ტემპით მიმდინარეობდა, რომ ეფექტს საერთოდ არ იძლეოდა. მაგალითად, 10 დეკემბრისთვის მე-7 კომისარიატის საკონტროლო კომისიამ ტფილისიდან 90 ოჯახის გასახლება განსაზღვრა, რაც საერთო ჯამში 381 ადამიანს შეადგენდა. მათგან საქართველოს ფარგლები მხოლოდ 36-მა დატოვა.

ჟორდანიას მთავრობის მიერ ქაღალდზე შედგენილი გეგმა ჩავარდა. ამის მიზეზი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი მყიფე სახელმწიფო სისტემა და კავკასიის რეგიონში გამეფებული საერთო ქაოსი გახდა. ახალფეხადგმულ ქვეყანას, რომელიც პერმანენტული ომის პირობებში იმყოფებოდა, დადგენილების აღსასრულებლად ადმინისტრაციული რესურსი არ ჰყოფნიდა. ორი თვის განმავლობაში მილიციამ სასტუმროებსა და სტუმრებისთვის განკუთვნილ კერძო სახლებში რამდენიმე რეიდი ჩაატარა, მაგრამ ამან ეფექტი არ გამოიღო. შედეგად, დაგეგმილი 100 ათასის ნაცვლად, ტფილისიდან მხოლოდ ათასამდე ადამიანი გააძევეს. თუმცა ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებდა. ჟორდანიას მთავრობა ჯიუტად ცდილობდა ქალაქისთვის ბალასტის მოშორებას. ერთი წლის შემდეგ, მთავრობამ უკვე იძულებითი შრომის სპეციალური პროგრამა შეიმუშავა. ამის შესახებ მომავალში მოგითხრობთ.