"რუსეთის კეთილ ნებაზე დამოკიდებულს ნუ გაგვხდით!" - გზაპრესი

"რუსეთის კეთილ ნებაზე დამოკიდებულს ნუ გაგვხდით!"

ბატონი რომანი ზუგდიდელია, მაგრამ როგორც ამბობს, ამჟამად თბილისში უფრო ხშირად უწევს ყოფნა, ვიდრე საქართველოს იმ კუთხეში, რომელზეც გიჟდება. პროფესიით ინჟინერს, რომელსაც თავის დროზე პროფესორობასაც კი უწინასწარმეტყველებდნენ, ვაჭრობა უწევს და ამას ძალიან განიცდის. თუმცა, ისიც გაცნობიერებული აქვს, რომ სამარცხვინო არც ერთი საქმე არ არის და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ქვეყნიდან გაქცევას, ისევ ცივი მჭადის ჭამა, სამაგიეროდ, საყვარელ ადამიანებთან ახლოს ყოფნა ურჩევნია.

- ქართველი პოლიტიკოსებიდან ყველაზე მეტად, სააკაშვილი მეიმედებოდა და მართალიც ვყოფილვარ! მისი პრეზიდენტობის დროს რომ გაკეთდა, იმდენი არც ერთ მთავრობას არ გაუკეთებია ჩვენთვის, მაგრამ მაინც, ადამიანი ხარბია და უკეთესი მომავლის იმედით, ივანიშვილს გავყევით ცხვრებივით. ჰოდა, კი ვხედავთ, ქვეყნის რეალობა როგორ შეიცვალა უარესობისკენ. ასე მგონია, მალე შევარდნაძის დროინდელი ქვეყნის მდგომარეობა სანატრელი გაგვიხდება. ხომ ხედავთ, ლარიც ისე გაუფასურდა, რომ დოლართან მიმართებაში ასეთი კურსი ედუარდის პრეზიდენტობის დროსაც არ მახსოვს. ყველაფერი უარესობისკენ მიდის. ამიტომაც, გამუდმებით გავყვირი საახლობლოში: ერთად დგომით ბევრს მივაღწევთ ქართველები, მათ შორის, ამ მთავრობის გადაყენებასაც, თორემ გაწყდა ხალხი წელში-მეთქი. ვის გაუგონია, ქვეყანა სამ წელიწადში ასე დააქციო? აწყობილი სისტემა ისე გამოიყვანეს მწყობრიდან, რომ უკან დასახევი გზაც არ დაიტოვეს? იმისთვის, რაც ქვეყანაში ხდება, სიტყვა "კრიზისი" შესაფერისი აღარ არის - უარესადაა ჩვენი საქმე, ვიდრე გვგონია. ყველანი კონკრეტული ადამიანების გამდიდრებას გადავყევით, ეს კი მათი მხრიდან, უსინდისობაა. ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ბევრი მდიდარი ადამიანი რომ არსებობს, ეს იცით, რაზე მეტყველებს? დიახ, ქვეყანაში კორუფცია ისევ ყვავის, ოღონდ - ერთეულებისთვის და მათი მდიდრული ცხოვრების ფონზე, ხალხის გასაჭირი კიდევ უფრო მძაფრად ჩანს... ახლა კიდევ, რუსეთზე დამოკიდებულები უნდა გავხდეთ? ჰო, "გაზპრომს" ვგულისხმობ. ადამიანებო, წლების განმავლობაში ვიბრძოდით იმისთვის, რომ მათზე დამოკიდებულები არ ვყოფილიყავით და ისევ წარსულში რატომ გვაბრუნებთ? რუსების კეთილ ნებაზე დამოკიდებულს რატომ გვხდით ქართველებს? განა, ასეთ რა კეთილდღეობას გპირდებიან სანაცვლოდ, რომ საკუთარ ხალხს აღარ ინდობთ? ვინ აგირიათ გონება ისე, რომ თეთრისგან შავის გარჩევის უნარი დაკარგეთ? როგორ გამოგაშტერათ ასე ძალაუფლებამ? მომენატრა უკვე ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლების ოპოზიციაში ყოფნა და მათი კივილი, "ქვეყნის დაცვის" მიზნით. ამათ ნამდვილად სჭირდებათ სააკაშვილის დაბრუნება, რომ ყველას თავისი ადგილი მიუჩინოს და ვინც დასაჭერია, ის მართლაც, ვირის აბანოში მიაბრძანოს, სხვანაირად არაფერი გამოვა. ძლიერი ხელი გვჭირდება ზოგადად, ქართველებს! ისეთი ძლიერი ხელი, რომელიც ყველას ერთად შეგვყრის და გვაიძულებს მუშაობას პირადი თუ ქვეყნის კეთილდღეობისთვის... გასულ კვირას, თქვენს რუბრიკაში ქალბატონი რიმა ამბობდა, - რა მაგალითს აძლევენ "ბებერი მგლები" ახალგაზრდებსო? ჩვენ ვცდილობდით, შვილებისთვის კარგი მაგალითი მიგვეცა, მაგრამ ფაქტია, რაღაცები ისე არ აეწყო, როგორც გვსურდა. თუმცა, ახალგაზრდებსაც ვადანაშაულებ უმოქმედობაში. მათ ყველაფერი ჩვენ მოგვანდეს, თითს ჩვენკენ იშვერენ, - რა მოგვეცითო? თავად კი არაფერს აკეთებენ (არც ცდილობენ) მდგომარეობის გამოსასწორებლად, პირიქით - სამშობლოდან გაქცევაზე ფიქრობენ.

- უმეტესობა საქართველოდან წასვლაზე იმიტომ ფიქრობს, რომ უკეთესი მომავლის იმედი არ აქვს. ვერც სამსახურს შოულობენ და არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ბევრი იმასაც კი ფიქრობს, რომ აქ ის არავის სჭირდება...

- ჩემი თაობის (62 წლის ვარ) ქართველებს დალხენილი ცხოვრება არასდროს ჰქონიათ. რომ გვეგონა, - ამოვისუნთქეთ, აწი ყველაფერი კარგად იქნებაო, სწორედ მაშინ იწყებოდა ახალი უბედურება... გასაჭირს შეჩვეულები ვართ, მაგრამ თქვენ, ახალგაზრდები გვეცოდებით. დემოკრატიულ ქვეყანაში რომ ცხოვრობ და შენს ცხვირწინ ყველაფერი ბრჭყვიალებს, ფიქრობ, რომ მიუწვდომელი არაფერია. მშობლებიც ცდილობენ, შვილებს ყოველდღიური საზრუნავი აარიდონ, თოხსა და ბარს არ აკარებენ (ჩვენ კი, ახლანდელებისგან განსხვავებით, პატარაობიდანვე შრომას გვაჩვევდნენ), მერე კი, "უცებ" გაზრდილები, პატარები ერთბაშად აღმოჩნდებიან ხოლმე ცუდი რეალობის წინაშე და ხვდებიან, რომ ყველაფერი არც ისე ბრჭყვიალა და ლამაზი ყოფილა, როგორც ადრე ეჩვენებოდათ და გამოსავლის პოვნას ქვეყნიდან გაქცევით ცდილობენ. თქვენც ხომ იცით, ყველა გარბის. შორიდან ყველაფერი კარგად ჩანს და იქით მიგიწევთ გული, სადაც გგონიათ, რომ კარგად იცხოვრებთ. ჰოდა, ლამის დაიცალა საქართველო ახალი სისხლისგან, სამაგიეროდ - ქართველი გოგო-ბიჭები შავკანიანმა ახალგაზრდებმა, ჩინელებმა, იაპონელებმა და კიდევ უამრავი ჯურის ადამიანმა ჩაანაცვლა. ჩემი სამშობლო აღარ ჰგავს იმ საქართველოს, რომლითაც ასე ამაყობდნენ ჩვენი წინაპრები და როცა ვწუწუნებთ, უცნაურად გამდიდრებულ "არსებებს" უკვირთ, - რა გაკვნესებთ? ყველაფერი რიგზეაო. როგორაა რიგზე? როცა ქართველის ნაცვლად, ქუჩაში გამოსულს უცხოელი მხვდება, ეს კარგის მანიშნებელია? ყველამ თავის სამშობლოში რომ იცხოვროს, მერე იქნება მთელ მსოფლიოში მშვიდობაც და ყველანაირი სიკეთეც! ხომ იცით, სამშობლო ერთია და როგორიც უნდა იყოს ის, ყველას უყვარს. თუ იქ საარსებო წყაროს მისცემ და ადამიანად აგრძნობინებ თავს, სხვის ქვეყანაში გაქცევა აღარ მოუნდება. სხვა ეროვნების წარმომადგენელს კი აქ ნამცხვარიც ცოტა არ იყოს, მლაშედ მოეჩენება და კარგის მოფრთხილებასაც არავინ დაიწყებს. მათთვის სულერთია, აქ ხეს დარგავენ თუ არა, რადგან ჩვენს სამშობლოში დროებით არიან და ხვალ თუ ზეგ, აუცილებლად დაუბრუნდებიან საკუთარ ფესვებს. თუ ვინმე დარჩენას გადაწყვეტს, ისევ თავისი კეთილდღეობისთვის, თორემ ქართველ ერზე ზრუნვისთვის არავინ მოიკლავს თავს.

- თქვენი თაობის წარმომადგენლებიც მიდიან ქვეყნიდან. გაქცევაში მხოლოდ ახალგაზრდებს რატომ ადანაშაულებთ?

- მართალია, უკვე დაუძლურებული ბევრი ქართველიც გაექცა უხიაგ ცხოვრებას. ვერ აიტანეს მშიერი შვილების ყურება და ფულის "საკეთებლად" წავიდნენ. ფიქრობდნენ, რომ ცოტაოდენ თანხას იშოვიდნენ და მერე ოჯახებს დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ რაც უფრო მეტს შოულობს ადამიანი, ეტყობა, მით მეტი მოთხოვნილება უჩნდება მასაც და მის ოჯახსაც. ჰოდა, სამშობლოდან წასულები წლების განმავლობაში ვეღარ უბრუნდებიან საკუთარ ბუდეს. ასეთი ადამიანები ძალიან მეცოდება. მაგრამ თქვენ, ახალგაზრდებს ისეთი რა გაგჭირვებიათ, რომ არ გაიქცეთ? ზოგი სასწავლებლად მიდისო, - მეტყვით ალბათ. ბევრმა გამოჩენილმა ქართველმა, რომელსაც მთელ მსოფლიოში იცნობენ, აქ მიიღო განათლება, მაგრამ ამით მის ღირსებას არაფერი დაჰკლებია. აქაც შეიძლება იმ ცოდნის მიღება, რისთვისაც საზღვარგარეთ გარბიან, მაგრამ უცხოეთში გაცილებით ლაღად გრძნობენ თავს საქმეს შეუჩვევლები. აქ მიწის დამუშავება რომ "უტყდებათ", იქ, ნაცნობებისგან შორს, ვინ იცის, რას აღარ აკეთებენ გარკვეული თანხის სანაცვლოდ...

- იქნებ იმ ახალგაზრდებმა, რომლებზეც ასე ბრაზობთ, უბრალოდ დაკარგეს სამშობლოში სამსახურის შოვნის და ყოველგვარი წინსვლის იმედი?

- არ შეიძლება, ახალგაზრდა ხელჩაქნეული იყოს! სიცოცხლით, ენერგიით სავსე ადამიანი, რომელიც ის-ის არის, ცხოვრებასთან ჭიდილს იწყებს, დაუძლურებული ვერ იქნება, მაგრამ მაინც, ასეთები თუ არსებობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი, ქართველების საქმე წასულია. პირიქით, სწორედ ახალგაზრდები უნდა ცდილობდნენ, თავიანთი ენერგია არ დაიშურონ, წელმოწყვეტილი სამშობლო წამოაყენონ და თუ ოდესმე მათმა წინაპრებმა შეცდომები დაუშვეს, როგორმე გამოასწორონ, თორემ გაქცევით არაფერი გამოვა. ისიც გაითვალისწინეთ, რომ სხვის სამშობლოში ყოველთვის უცხოდ დარჩები. თუ უზარმაზარ წარმატებას არ მიაღწევ იმ სფეროში, რომელსაც ხელს მოჰკიდებ, არავინ შეგაქებს, აქ კი მცირედიც დაგიფასდება. პატარა ქვეყანაში თქვენი კარგი ნაბიჯები გაცილებით მკვეთრად გამოჩნდება, ვიდრე უზარმაზარ კონტინენტზე, სადაც ნიჭიერი თავისიც ბევრი ჰყავთ.

- თქვენი აზრით, საქართველოში ყველაფერი კარგად რომ ვერ არის, ეს აქედან გაქცეულების ბრალია?

- არა, მთლად ასეც არ არის საქმე, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, საქმე აქ, ერთად რომ გვეკეთებინა, უკეთ ვიცხოვრებდით. ერთმანეთის დაჭმის ნაცვლად, მხარში რომ ავდგომოდით ერთურთს, უკეთესად წავიდოდა ჩვენი საქმე, მაგრამ ყველას პირველობა რომ უნდა, ეს არის ჩვენი უდიდესი პრობლემა.

- თავად რა გააკეთეთ ქვეყნისთვის?

- მრავალშვილიანი მამა ვარ და ჩემი არც ერთი შვილი საქართველოდან არ გაქცეულა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ სიმწრით გვიტირია. შვიდივე აქ არის და, ასე თუ ისე, ცხოვრობენ, შრომობენ და ისინიც ბევრ კარგ ქართველს გაუზრდიან სამშობლოს. აქედან წასვლა მეც შემეძლო, მაგრამ მირჩევნია, სამშობლოში მყოფმა ცივი მჭადი ვჭამო, ვიდრე ოჯახს მოვწყდე და ჩემებმა ტორტი მიირთვან ყოველდღე. თუგინდ, ეგოისტი მიწოდეთ, მაგრამ სიმართლე მიყვარს! არც ცოლს გავუშვებ სხვის მომვლელად! თავმოყვარე და შრომისმოყვარე კაცი საჭმელს არ გამოილევს ოჯახში. იმდენს იშოვის, რომ შიმშილმა არც ის შეაწუხოს და არც მისი ოჯახის წევრები, ხოლო ფუფუნებაზე არც კი იფიქრებს...

- წესით, მთავრობას უნდა ეზრუნა ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებაზე. წინასაარჩევნოდ ამის პირობაც მოგვცეს...

- მართალი ხარ, ამას დაგვპირდნენ და ძალიანაც გამიხარდა, მაგრამ შენც არ მომიკვდე! გამოგიტყდებით და ემიგრანტების ამბავს მტკივნეულად იმიტომ განვიცდი, რომ წლების წინ ჩემი და წავიდა საბერძნეთში, იქ გათხოვდა კიდეც, აქ კი ქმარი მიატოვა. ეს ვერ მომინელებია და არ მინდა, სხვებმაც მსგავსი შეცდომა დაუშვან. ამიტომ, მთავრობას ვთხოვ, რეალურად იზრუნონ იმაზე, რომ ქართველებს შინ დაბრუნება მოუნდეთ. ნუ დატოვებენ დედებს შვილების, ქმრებს - ცოლების, მშობლებს - ბავშვების გარეშე. თუ ერთად ვიქნებით, ვერავინ დაგვამარცხებს, უცხოებშემოპარულებს კი მტრები ადვილად მოგვერევიან. უცხო არასდროს აიღებს იარაღს ხელში შენი ქვეყნის დასაცავად, ქართველს კი საკუთარის გადასარჩენად ბრძოლა წალდითაც შეეძლო.

P.s. შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. ჩვენთვის თითოეული თქვენგანის სიტყვა მნიშვნელოვანია. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81

ლიკა ქაჯაია