მეტყველი ადამიანები თვალების გარეშე და "ვეფხისტყაოსნის" აბსტრაჰირებული ილუსტრაციები - გზაპრესი

მეტყველი ადამიანები თვალების გარეშე და "ვეფხისტყაოსნის" აბსტრაჰირებული ილუსტრაციები

უნდა ვივარაუდოთ, რომ სხვადასხვაგვარ კულტურულ ღონისძიებასთან ერთად,

"ვეფხისტყაოსანთან" დაკავშირებული არაერთი გამოცემაც იხილავს დღის სინათლეს. მათ შორის იქნება ილუსტრაციების კრებული, რომელშიც მხატვარ გივი ვაშაკიძის მინიატიურებიც იქნება წარმოდგენილი. სამწუხაროდ, ბატონი გივი საკმაოდ რთულ სიტუაციაში იმყოფება: დაკარგული მხედველობის გამო, აქტიური შემოქმედი მუშაობას ვეღარ ახერხებს, მისი ფხიზელი გონება კი იდეების ნაკლებობას არ უჩივის...

ბატონი გივის მიერ შექმნილი ილუსტრაციები წლების წინ ლადო გუდიაშვილსაც უნახავს და უთქვამს, -ავტორი საუკეთესო მხატვარი იქნებაო... შემდეგ, აკაკი ბაქრაძემ რუსთაველის თეატრის ფოიეში გამოფენა მოუწყო. ლადო გუდიაშვილი გამოფენაზე მისულა, მოგვიანებით მხატვრისთვის დეპეშა მიუწერია, -გილოცავ, ახალგაზრდავ, ამ გამოფენას! ჩემი პირველი პერსონალური გამოფენაც რუსთაველის თეატრში შედგა. შენც ისეთივე წარმატებებს გისურვებო...

ნიჭიერი მხატვარი, საინტერესო და თბილი ადამიანი -გივი ვაშაკიძე სოფელ ჯიხაიშში ცხოვრობს და სამწუხაროდ, 2 თვის წინ დაწყებული "შემოქმედის ხელის" ბოლომდე დახატვას ვეღარ ახერხებს...

გივი ვაშაკიძე:

-მურაზ მურვანიძემ გადაწყვიტა, რომ "ვეფხისტყაოსნისადმი" მიძღვნილი ილუსტრაციების კრებული გამოსცეს. რა თქმა უნდა, სურათებსაც ვხატავ, თუმცა ამჟამად -ვერა: ჩემი ერთი თვალი საერთოდ "დაიხურა", მეორეთი კი -ძლივს ვხედავ. ტილო გამზადებული მაქვს, მოლბერტზე მიდევს, მაგრამ მუშაობას ვერ ვიწყებ -თვალი მღალატობს...

-მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა რატომ შეგექმნათ?

-ანემია დამემართა, რამაც ბევრი გართულება გამოიწვია. ერთ-ერთი -მხედველობა იყო...

-მკურნალობას არ ექვემდებარება?

-არა. ბროლი გამოცვლილი მაქვს, მაგრამ დამთავრებული ამბავია... ძალიან ბუნდოვნად ვხედავ. თავს იმით ვირთობ, რომ ტელევიზორს ვუყურებ ხოლმე -ვხედავ, რომ რაღაც ლანდები მოძრაობენ და ხმა მესმის, ისიც -საკმაოდ დახშული.

-დიდი ხანია, რაც ვეღარ მუშაობთ?

-თითქმის ერთი წელიწადია.

-ბატონო გივი, მოდი, სასიამოვნო თემაზე ვისაუბროთ: "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციებზე მუშაობა როდის დაიწყეთ?

-წლების წინ, როცა გამოფენა შოთა რუსთაველის 800 წლისთავს მიეძღვნა, მაშინ "საბჭოთა ხელოვნების" რედაქტორი ოთარ ეგაძე გახლდათ. ჩემი შექმნილი ილუსტრაციები გამოფენაზე გავიტანე. ბატონ ოთარს მოეწონა და "საბჭოთა ხელოვნებაში" დაბეჭდა. მუშაობა შემდეგაც განვაგრძე. მაშინ ჯანმრთელი მხედველობაც მქონდა და შედარებით ახალგაზრდაც ვიყავი. დაახლოებით 80 ილუსტრაცია მაქვს შექმნილი. ცხადია, ყველა ერთი დონის არ არის. მათ შორის, შეიძლება, კაცმა 50 ამოარჩიოს, რომელიც ღირსეულია.

-"ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციების კრებულში თქვენი რამდენი ნამუშევარი შევა?

-მოსკოვში გამოფენა რომ მქონდა, ჩემს პირად კატალოგში 2 ილუსტრაცია დაიბეჭდა. სხვათა შორის, თავად ორივე მომწონს -ორივე ღირსეულია. მურაზი ორივეს დაბეჭდავს თუ არა, ვერ გეტყვით. წინათ, 5-6 ილუსტრაცია "ომეგამ" დაბეჭდა, საკმაოდ კარგი ხარისხით...

-"ვეფხისტყაოსნის" თემაზე შექმნილი თქვენი ნამუშევრებიდან, ყველაზე მეტად რომელი მოგწონთ?

-"ვეფხისტყაოსნის" შესავლის ამსახველი ილუსტრაცია, სადაც ვარძიის ფრესკაა გამოსახული, გვერდით -შოთას გამოსახულება. აბსტრაჰირებული სურათია. ზემოდან ღვთის გამოსახულება ჩანს, მტრედის სახით. ასევე, ქაჯეთის ციხესთან შერკინების ილუსტრაცია მომწონს. ეს ორი ძალიან კარგია. კიდევ ბევრი ილუსტრაციაა...

-სხვა მხატვრების ნამუშევრებისგან თქვენი ილუსტრაციები რით განსხვავდება?

-აბსტრაჰირებული მიდგომით: სხვა მხატვრებს ძირითადად, ნამუშევარში სახე, აბჯარი, პროცესი დაკონკრეტებული აქვთ, ჩემთან კი -აბსტრაჰირებულია. ძირითადი განსხვავება ეს არის.

-მახსოვს, თქვენს ნამუშევრებში ნახატების გმირებს თვალები არ ჰქონდათ, მაგრამ მაინც მეტყველი სურათები იყო. "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციებშიც ასეა?

-დიახ, მთლიანი ფორმები და მხატვრული განლაგება არ არის. სხვათა შორის, ერთადერთი შემთხვევაა, რომ ნესტან-დარეჯანის სახე სრულყოფილად დავხატე, თუმცაღა, ცოტათი ისიც აბსტრაჰირებულია, თავისებური შტრიხები ახლავს...

-ნახატის გმირებს თვალებს რატომ არ უხატავთ?

-ამის ახსნა რთულია, მაგრამ თავდაპირველად, როცა ასეთი სურათი "გავაკეთე", აბსოლუტურად ყველამ მითხრა, რომ ძალიან მეტყველი, ფსიქოლოგიურად შთამბეჭდავი იყო. წინათ, რუსული ჟურნალი -"ინასტრანაია ლიტერატურა" გამოდიოდა. იქ ერთმა გერმანელმა პოეტმა ე.წ. "ლექსები" ასე გამოაქვეყნა: ცალკეული ასო-ბგერები იყო დაბეჭდილი, ზოგი -დიდი, ზოგი -უფრო მომცრო ზომის ისე, რომ სიტყვას ვერ ამოიკითხავდი. პოეტმა თქვა, -მკითხველს ჩემს აზრს არ ვახვევ თავზე, საშუალებას ვაძლევ, ეს ბგერები ისე დაალაგოს, რომ სიტყვა წარმოიშვას და შემდეგ ლექსად წაიკითხოსო. დიახ, ასეთი მიდგომაც არსებობს... მაშინ ახალგაზრდა კაცი ვიყავი, მომეწონა. სურათებში სახეს არ ვხატავ. დამთვალიერებელს საშუალებას ვაძლევ, სახე თავად შექმნას -სურათი "დაასრულოს"...

-ყველაზე მეტი შრომა "ვეფხისტყაოსნის" რომელი ნაწილის ილუსტრაციას მოანდომეთ?

-საერთოდ, ესკიზის შექმნისას ბევრ დროს ვხარჯავ: ფერადოვნება, სურათის კომპოზიცია, პატარ-პატარა ესკიზები ("კროკები"); ხასიათი ჯერ გონებაში იქმნება, შემდეგ უკვე სრულ სურათს ვხატავ. მაგალითად, ესკიზის შექმნისთვის 2 თვე მომინდომებია, სურათი კი 2 დღეში დამიხატავს... აბსოლუტურად ყველა ჩემი ნამუშევარი ბევრი შრომის შედეგია.

-ბატონო გივი, აქტიური მხატვრისთვის რთულია, წელიწადის განმავლობაში ვერ დახატოს. ამას როგორ უმკლავდებით?

-ძალიან რთულია. ვერაფერს ვახერხებ, ჩემს ძალას აღემატება -რომ ვერ ვხედავ, რა ვქნა, აბა? ნელ-ნელა შევეგუე. წლოვანებამაც, ანემიამაც "მომტეხა". ბედსMმინდობილი ვარ. მომაკვდავ ადამიანს რომ ეტყვიან,

-დღეს თუ არა, ხვალ მოკვდებიო, ჯერ შეიძლება, აღელდეს, მერე კი -უკვე ყველაფერზე თანახმაა და იმ "შეხვედრას" ელოდება, რას იზამს...

-მხედველობის დაქვეითებამდე რაიმე ნახატის შექმნა განსაკუთრებულად ხომ არ გინდოდათ?

-ვაპირებდი და მაქვს კიდეც ტილოზე დატანილი ნახატი -აწვდილი მარჯვენა ხელისგული. მუშაობა რომ დავიწყე, უკეთესად ვხედავდი, სურვილი, შინაგანი ჟინიც მქონდა. აბსოლუტურად ფხიზელი გონება მაქვს. უბრალოდ, იდეის განხორციელების უნარი აღარ არის... ეს სურათი ჩემს გონებაში დასრულებულია.

-ჯიხაიშში როგორ ცხოვრობთ?

-საუკეთესო მეუღლე მყავს, ცხოვრებას მიმსუბუქებს. აბსოლუტურად მასზე ვარ დამოკიდებული. ჩემი ვაჟიც (ისიც მხატვარი გახლავთ) აქ არის. ზოგჯერ თბილისში მიდის... თუ სისხლის გადასხმა დამჭირდა, ქუთაისში მივყავარ ხოლმე. ნახატების მყიდველები ნაკლებად არიან. წინათ, ყველა ნამუშევარი გია ჯოხთაბერიძემ შეიძინა (ასევე -ჩემი ვაჟის ნახატებიც). ახლა კონტაქტი გაწყვეტილი გვაქვს... ამჟამად, ჯიხაიშში დაახლოებით 30 ნამუშევარი მაქვს.

-თავს რითი ირჩენთ, თქვენი შემოსავალი რა არის?

-პენსია. ამ მხრივ, ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ახლახან Nნასესხები ფულით გადამისხეს სისხლი... შეძლებული ნათესავები მყავს, ზოგთან ნათელმირონობაც მაკავშირებს. მათგან ორი მილიარდერი თუ არა, მილიონერი ნამდვილად არის. ერთმა ასე მითხრა, -თუ გიჭირს, ბანკიდან სესხი გამოიტანე ან სახლი გაყიდეო... საერთოდ, ვისაც ხელოვნება ესმის, მას სურათის შეძენა არ ხელეწიფება -ამის შესაძლებლობა არა აქვს ხოლმე, შეძლებული ადამიანი კი ნამუშევარს სხვა თვალით უყურებს: ფიქრობს, -ახლა რომ ვიყიდო, ოდესმე მოგებას მომიტანსო? ეჭვი ეჭვად რჩება და არ ყიდულობს...

-ნამუშევრები როგორ პირობებშია, საფრთხე ხომ არ ემუქრება?

-არა, ნესტი არ არის. აქ ზაფხული საკმაოდ ცხელია ხოლმე. ზამთარში რკინის სვანურ ღუმელს ვიყენებთ. გაზის "ფეჩიც" მაქვს, მაგრამ არ ვიყენებ, ძვირია -მთელი თვე მისი მოხმარება 50 ლარამდე ჯდება... მშვენიერი ტყე მაქვს, შეშის მარაგი არის.

-როგორც ვიცი, სახელოსნო არ გქონდათ, ისე მუშაობდით.

-არასოდეს მქონია. სახელმწიფოს არ მოუცია. დიდი ხნის წინ, მხატვართა კავშირის ერთ-ერთი წარმომადგენელი ჩემთან მოვიდა და მითხრა, -"კაგებესთან" თუ ითანამშრომლებ, არაფერი მოგაკლდებაო. უარი ვუთხარი -ჩემი მიზეზით რომ ვინმეს ოდნავ გზა შეეცვალოს, ამას ვერ ავიტან, თავს მოვიკლავ-მეთქი. წასვლისას მითხრა, -ისე დაგმარხავთ, ვერც მიხვდებიო... საბჭოთა კავშირის პერიოდში, ნახატების შეძენა კომბინატიდან და კულტურის სამინისტროდან ხდებოდა. ბოლოს ჩემს ნამუშევრებს აღარ იძენდნენ. მხოლოდ კერძო პირები ყიდულობდნენ. სამხატვრო გალერეაშიც ვმუშაობდი, რომელიც მერე დაიწვა.

-თქვენს ნამუშევრებში ჯიხაიშის ბუნებას თუ ასახავთ?

-არა. ახალგაზრდობაში კინოგადაღებაზე მხატვრად ქართლში გახლდით. ულამაზესი, არაჩვეულებრივი პეიზაჟები შევქმენი. გერმანიაში, გამოფენაზე დიდი ტილოები რომ გავიტანე, ეს პეიზაჟებიც მივაყოლე. დამთვალიერებლები გაგიჟდნენ, ისე მოეწონათ, -ნახატები დაიტაცეს!.. შემდეგ პეიზაჟების ხატვას შევეშვი, კომპოზიციურმა სურათებმა გამიტაცა. ამ კომპოზიციების გადმოცემაში პეიზაჟები ვერ მეხმარებოდა და ისე მოხდა, რომ ისინი თვითონ "გავიდნენ თამაშიდან". ბუნებას თითქმის აღარ ვხატავ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს. ნახატებში უსაზღვრო სივრცე და ჰორიზონტზე მოქმედი ადამიანები მაქვს ასახული. სხვათა შორის, მახსოვს, სკოლას რომ ვამთავრებდი, არნოლდ ჩიქობავას შვილი მასწავლებელი იყო. თავისუფალი თემა დავწერე -სულ 6 ხაზი. ვუთხარი, -მეტს ვერ ვწერ-მეთქი. გადაიკითხა და ხუთიანი დამიწერა (იცინის). თემაში სვანეთის ბუნების შესახებ დავწერე და აღვნიშნე, -ეს ყველაფერი ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ ადამიანის გარეშე სივრცე არ არსებობს-მეთქი...

ეთო ყორღანაშვილი