სო­ხუ­მე­ლი მუ­სი­კო­სის ცხოვ­რე­ბის სიმ­ფო­ნია და... - გზაპრესი

სო­ხუ­მე­ლი მუ­სი­კო­სის ცხოვ­რე­ბის სიმ­ფო­ნია და...

ვიდრე ამ სტატიის წერას დავიწყებდი, მანამდე ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონიას მოვუსმინე. საშუალება თუ გაქვთ, სტატიის წაკითხვამდე ამის გაკეთებას თქვენც გირჩევთ, რადგან ჩემი რესპონდენტი - მევიოლინე ვაჟა ჩუბინიძე ამბობს, რომ მისი ცხოვრება სწორედ ამ მუსიკალურ ნაწარმოებს ჰგავს.

დღეს მას თბილისში ბევრი იცნობს. საკმარისია, ერთხელ მოისმინო, როგორ უკრავს და მერე აღარ დაგავიწყდება. ეს ადამიანი არა მხოლოდ გამორჩეული ხელოვანია - მისი ცხოვრების გზა და ამ გზაზე გადატანილი განცდები ისეთი მძაფრია, ერთის კი არა, ათი ადამიანის ცხოვრებას ეყოფა.

ჯერ იყო აფხაზეთში გატარებული ბავშვობა, მსახიობი მშობლები და ხელოვანი ხალხის გარემოცვა, მერე - ომი, ტყვიების ზუზუნი, მშობლიური ქალაქიდან გამოძევების ტკივილი, ჭუბერის გზა - სიარული სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე, სულიერი სიძლიერით გადარჩენილი სიცოცხლე... შემდეგ იყო თბილისი და კვლავ ბრძოლა არსებობისთვის, საერთო საცხოვრებლის გაუსაძლისი ყოფა...

დღეს ამ ქალაქში დააბიჯებს, როგორც ადამიანური სიძლიერის სიმბოლო. საოცრად კეთილი, თბილი, უშუალო და ოდნავ სევდიანი...

ვაჟა ჩუბინიძე სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობების: მიხეილ ჩუბინიძისა და ფლორა შედანიას ოჯახში 1944 წლის 6 იანვარს დაიბადა. პატარა ბიჭი იყო, როდესაც დედამ სოხუმის მუსიკალურ სასწავლებელში მიიყვანა. სასწავლებლის ხელმძღვანელმა ურჩია, - ვიოლინოს დაკვრა ასწავლეთო. ეს არცთუ ისე სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა. პირველი 2 წელი ზარმაცობდა, მერე მასწავლებელი შეეცვალა და ერთ დღეს შინ დასისხლიანებული ყურებით დაბრუნდა:

- დედამ რომ დამინახა, გადაირია. მე მიხაროდა, - იქნებ სასწავლებელში აღარ მატარონ-მეთქი, მაგრამ სიზარმაცისთვის მშობლებმა უფრო მეტად დამსაჯეს. მივხვდი, ჩემსას ვერ გავიტანდი და სწავლას გულმოდგინედ შევუდექი. დღეს იმ პედაგოგის მადლიერი ვარ... ხელოვანების ოჯახში ვიზრდებოდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ბოროტმა ენებმა ჩემი მშობლები დააშორა. დედასთან მოდიოდნენ და ეუბნებოდნენ, - მეუღლე გღალატობთო. მიუხედავად გაყრისა, დედა და მამა ერთ თეატრში მუშაობდნენ, ერთსა და იმავე სპექტაკლში თამაშობდნენ. მაშინ 4 წლის ვიყავი. დღეს 72 წლის ვარ და გუშინდელი დღესავით მახსოვს "კადრი", როგორ წავიდა მამა სახლიდან.

დედას მეუღლეზე არასდროს ცუდი არაფერი უთქვამს. მამა ხშირად მოდიოდა. ის ძალიან მიყვარდა. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი იყო, იმ პერიოდში ასეთი დიდი წოდება კი ბევრ მსახიობს არ ჰქონდა.

ჩვენს ოჯახში მაშინდელი ინტელიგენციის წარმომადგენლები ხშირად იკრიბებოდნენ. ჩემი დაბადების დღის სუფრების თამადა ყოველთვის მამა იყო. ამ თარიღის აღნიშვნა 3 დღეს გრძელდებოდა და ეს ისე ხდებოდა, რომ დედ-მამა ერთმანეთს არ ელაპარაკებოდა. ხშირად გვსტუმრობდნენ: ბუხუტი და სერგო ზაქარიაძეები, ოთარ კობერიძე, ელენე საყვარელიძე, მარინა თბილელი... გურანდა გაბუნია ჩვენი კარის მეზობელი იყო.

15 წლის იყო, როდესაც სოხუმის დრამატული თეატრის ორკესტრში დაკვრა დაიწყო. მშობლები სცენაზე თამაშობდნენ, თავად სპექტაკლს მუსიკალურად აფორმებდა.

- სპექტაკლში "მდაბიონი" რეჟისორმა ჩემს მშობლებს ცოლ-ქმრის როლი მისცა. არასდროს დამავიწყდება ის, რაც გენერალურ რეპეტიციაზე მოხდა. დედა მონოლოგს ამბობდა და მეუღლეს მიმართავდა, - შენი ბრალია ყველაფერი, შენ რომ ეს არ გაგეკეთებინა... და ა.შ. ამ რეპეტიციაზე დედამ როლიდან გადაუხვია და სათქმელ წინადადებას, გულში რაც ჰქონდა, ყველაფერი მიაყოლა, თან - ერთი გემრიელი სილაც გააწნა. აიშალა დარბაზი, გაგიჟდა რეჟისორი, მე კი აღარ ვიცოდი, სად წავსულიყავი, რა გამეკეთებინა.

სოხუმის მუსიკალური სასწავლებლის დასრულებისას, სახელმწიფო გამოცდაზე პროფესორმა ლუარსაბ იაშვილმა მოუსმინა და დამწყები მუსიკოსით იმდენად აღფრთოვანებული დარჩა, რომ თბილისის კონსერვატორიაში წამოიყვანა.

- ბინაშიც მასთან ვცხოვრობდი. მეტიც, მას 2 მოსწავლე ჰყავდა, რომლებსაც კონსერვატორიაში ჩასაბარებლად ამზადებდა. მათ მე ვამეცადინებდი და ფულსაც მაძლევდა. მერე ჯარში წამიყვანეს, გერმანიაში ვმსახურობდი. 2 წელი ჩემთვის უჩვეულო ყოფაში ვიყავი. ვიოლინოს ნაცვლად ხელში ავტომატი და ბარი მეჭირა. ადრე მძლეოსანი ვიყავი და ამან მიშველა. მერე სამხედრო ანსამბლში გადამიყვანეს. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ, სწავლა კონსერვატორიაში გავაგრძელე. სასწავლებელი რომ დავამთავრე, აფხაზეთის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრში გადავედი, კონცერტმეისტერი ვიყავი. მალე ორკესტრის ინსპექტორი გავხდი, შემდეგ - ორკესტრის დირექტორი. თბილისში რომ ჩამოვდიოდი, ვგრძნობდი, პოლიტიკური ვითარება დაძაბული იყო. იმ პერიოდის მაღალჩინოსანი აფხაზები მეუბნებოდნენ, - გვარად ჩუმბა მოგიხდებოდაო, მე კი ეს ძალიან არ მომწონდა.

ვაჟა ჩუბინიძემ სოხუმი ქალაქის დაცემის დღეს დატოვა, ამ დღის გახსენება კი ყველაზე მეტად უჭირს. იმ პერიოდში ის სოხუმის ფილარმონიას ხელმძღვანელობდა და ტყვიების ზუზუნშიც რეპეტიციებზე დადიოდა.

- 4-5 კაცი შემრჩა და რეპეტიციებს მაინც ვატარებდი. სმენით ვიცოდი, რა მოდიოდა - "გრადი", "ურაგანი"... დილით ფილარმონიაში მივედი, მორიგე გაფითრებული დამხვდა. - რა ხდება-მეთქი? - ბომბი ჩამოაგდეს, არ აფეთქდაო. შენობის სახურავი ჭურვს მთლიანად ჩამოეგლიჯა, ცა მოჩანდა. მივედი, ვნახე, ვცადე გადამეგორებინა, კარი გამომეღო, მაგრამ ვერ მოვერიე. მას 3 ნემსა ჰქონია, მათგან ერთ-ერთი მოღუნულა და ჭურვი არ ამოქმედებულა. გამოვიძახე სპეციალისტები და გაგიჟდნენ, - ამას როგორ შეეხეო? მათ გააუვნებელყვეს. მინდოდა, უკვე გამოშიგნული ეს ჭურვი რელიკვიასავით შემენახა და კაბინეტში შევიტანე, მასში კი მიხაკი ჩავდე.

მდგომარეობა უფრო და უფრო იძაბებოდა, ორჯერ "გრადის" აფეთქების ტალღამ გადამისროლა. ნაცნობმა მითხრა, - მერხეულში ახლობელი მყავსო და დედაჩემი იქ გადავიყვანე. მეუღლე, ბავშვთან ერთად, რაჭაში იმყოფებოდა და მათი დარდი არ მქონდა. 27 სექტემბერს, დილით ქუჩაში რომ გავედი, მანქანები ქაოსურად მოძრაობდნენ. ერთი ნაცნობი წამომეწია, - ვაჟა, აქ რა გინდა, წამოდი ჩქარა, მანქანაში ჩაჯექიო. - სად წამოვიდე-მეთქი? - ყველაფერი დამთავრდა, ჩქარა დაჯექიო. როგორ, სახლში არ მივიდე-მეთქი? - შენს სახლში უკვე სხვები არიანო... ეს ყველაფერი წამებში მოხდა, გააზრება დღესაც კი მიჭირს. სოხუმში ორი სახლი და ყველაფერი ხელუხლებლად დავტოვე. რაც მეცვა, იმის გარდა აღარაფერი მებადა. ნაცნობმა სამხედრომ მერხეულამდე მომიყვანა. სახლი, სადაც დედა დავტოვე, აჭედილი დამხვდა. ვეღარ გავიგე, რა გამეკეთებინა. ჯარისკაცებმა დამტოვეს და თავად სოხუმში დაბრუნდნენ. დამიბარეს, ამ გზით წადიო. - მარტო ვარ, სად წავიდე-მეთქი? გზა მიჩვენეს, იარეო. დავადექი ამ გზას, მაგრამ სად მივდივარ, არ ვიცი. თავი ხელში ავიყვანე, რომ პანიკაში არ ჩავვარდნილიყავი. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა სამხედრო შინელი მომცა. გავიყინებოდი, ის რომ არ მქონოდა.

- სხვა ლტოლვილები არ იყვნენ?

- არა. ქუჩაში მხოლოდ მე მიპოვეს და გამომიყვანეს. მერხეულში რომ მივედით, სოხუმიდან შაშხანების ხმა ისმოდა, მთავრობის სასახლის წინ ერთი ამბავი იყო - სოხუმის აღებას ზეიმობდნენ. დიდხანს ვიარე. დაღამდა, გათენდა, მერე ადამიანი ვერ ვნახე.

- საკვები?

- მშიერი ვიყავი, ძალა მეცლებოდა. გზად ყველგან წყაროები მხვდებოდა და წყალს რომ ვსვამდი, მაგან გადამარჩინა. მოგვიანებით ჩემი მოსწავლის მამას გადავეყარე. 2 ვაშლი მომცა და იმ ვაშლს ვიზოგავდი. 1 კვირა ვიარე. გავიარე მერხეული, ლათა, ჩხალთა... ერთი ღამე საღორეშიც მეძინა. მერე გზადაგზა ხალხი მხვდებოდა, სადმე კოცონს თუ დავინახავდი, მათთან მივდიოდი და ვთბებოდი. მაისური დამეწვა. როგორც იქნა, საკენს მივაღწიე. იმდენად ძალაგამოცლილი ვიყავი, ტანსაცმელიც კი მამძიმებდა. ჩხალთაში ბუჩქი დავინახე, გაყინული მაყვალი ესხა, დავკრიფე, ჯიბეებში ჩავიწყვე, მერე ვადნობდი და ისე ვჭამდი.

საკენში ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა დამარიგა, - მოკლე გზით არ წახვიდე, გირჩევნია, დიდ გზას დაადგე. იმ მოკლე გზით ვინც წავიდა, ბევრი დაიხოცაო. საკენში ერთ ქალს ვთხოვე, - მშია, რამე მომეცი-მეთქი. - სანაცვლოდ რას მომცემო? - აბა, შემომხედე, რა მაბადია, რომ შენ მოგცე-მეთქი? ბოლოს ერთი ნაჭერი პური და ყველი მომცა. თითო ლუკმას ვჭამდი, ვიზოგავდი. გზად ზოგიერთი გაურკვეველი მცენარეების ნაყოფსაც კი ჭამდა და ბევრი მოიწამლა. გათენება რომ იწყებოდა, 5-6 საათზე გზას ვაგრძელებდი. უღელტეხილი მქონდა ასავლელი. გზად გარდაცვლილი ქალი ვნახე, თავზე ძმა ადგა და დასტიროდა. - წადი, იარე-მეთქი. - ამას რა ვუყოო? - ვერაფერს გააწყობ, შენც მოკვდები-მეთქი. მიწა მარმარილოსავით მაგარი იყო. იმდენად გაყინული, ბარიც რომ გქონოდა, გვამის დასამარხი მიწის ამოთხრა შეუძლებელი იყო.

მერე 2 ქალბატონს წამოვეწიე, ჩანთები ეჭირათ და ძლივს მიდიოდნენ. გამოვართვი ეს ჩანთები. ეგონათ, რომ ტარებაში ვეხმარებოდი. დამლოცეს, - შენ გაიხარეო, მაგრამ ორივე ჩანთა ხევში რომ მოვისროლე, მერე წყევლა დამიწყეს. შეუძლებელი იყო, იმ ჩანთებით მათ უღელტეხილი გადაელახათ, გზად გაიყინებოდნენ და იმ ჩანთებში სიცოცხლეზე ძვირფასი რა უნდა ჰქონოდათ?

185 კილომეტრი გავიარე. ფეხსაცმელები დამეხა, ძალიან რთული გზა იყო. უღელტეხილზე რომ ავედი, 20-25 კაცი მიწაზე ეყარა, სიარულის თავი აღარ ჰქონდათ. ამ ხალხს შევუძახე, - ადექით, ძალა მოიკრიბეთ, დავეშვათ-მეთქი. მათ შორის 4-5 წლის ბავშვი იყო, რომელსაც სიარული აღარ შეეძლო. ბედად, ვიღაცას კანფეტი აღმოაჩნდა. ტკბილი მიიღო თუ არა, ძალა მოიკრიბა და წამოდგა. ასვლაზე რთული, დაღმართზე ჩამოსვლა ყოფილა. დაღლილობისგან ტანს ვეღარ ვიკავებდი, ფეხები აღარ მემორჩილებოდა. ზოგიერთ მონაკვეთზე, სადაც ძალიან დაქანებული გზა იყო, ვწვებოდი და კოტრიალით მოვდიოდი.

ამ ხნის განმავლობაში მის ოჯახში არაფერი იცოდნენ. მეუღლე - მარინე დავითულიანი იხსენებს: ვაჟა დაღუპული მეგონა, გამოვიტირეო. გარდაცვლილი მეგონა დედამთილიც - ფლორა შედანია. გიგა ლორთქიფანიძე აცხადებდა, მსახიობი შედანია დაიკარგაო.

- მე-7 დღეს, როგორც იქნა, ჭუბერში მივედი. იქ მორიგეობდნენ ბიჭები, რომელთა შორის ცხენოსნებიც იყვნენ. ვგრძნობდი, გონებას ვკარგავდი. ორმა ბიჭმა ხელი შემომაშველა და ჩავიკეცე. მერე თურმე, დღე-ნახევარი მეძინა. ვიღაცის სახლში გამეღვიძა. პური რომ ვითხოვე, გავიგონე, ერთმა მეორეს გადაულაპარაკა, - ბევრი არ მისცეთო. ჭუბერში იმ ორ ქალბატონს შევხვდი, ჩანთები რომ გადავუყარე. თავადაც მიცნეს და გაგიჟდნენ, როცა დამინახეს, - შენ გადაგვარჩინე, იმ ჩანთებით ვერ გადმოვაღწევდითო. ერთმა ბეჭედი მოიხსნა და მაჩუქა. მათი სახელები და გვარები არ ვიცი. შესაძლოა, ეს ინტერვიუ წაიკითხონ ან რომელიმე ახლობელს ეს ამბავი ეცნოს. ჰოდა, გამიხარდება, თუ გამომეხმაურებიან.

ჭუბერიდან ჯვარში გადაგვიყვანეს, ჯვრიდან - სამტრედიაში. რკინიგზის სადგურზე შტაბი იყო, იქ მიმიყვანეს. იატაკზე ჩავიცუცქე. - ახალი მოვიდაო, - თქვეს ჩემზე და უეცრად, ვიღაცამ შეჰკივლა: ვაჟა არ ხარო? თურმე, იმ შტაბში სამტრედიის დრამატული თეატრის მსახიობები მორიგეობდნენ. ერთმა სახლში წამიყვანა, მაგრამ ჯობდა, არ წავეყვანე. იქ ბანკეტი იყო, ვიღაცის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. იმ რეალობიდან, რომელიც გამოვიარე, საბანკეტო სუფრაზე მოხვედრა რა იყო ჩემთვის, ეს არც ვიცი, რას შევადარო. ვითხოვე, - არაფერი მინდა, მხოლოდ საშუალება თუ გაქვთ, კუპონები მომეცით-მეთქი. ტანსაცმელი გამომაცვლევინეს და წამოვედი. სამტრედიიდან თბილისში მატარებლით ჩამოვედი. ისეთი ემოციური იყო ეს ჩამოსვლაც, რომ მიწას ვაკოცე. მარინეს დასთან დავრეკე, - ცოცხალი ვარ-მეთქი. მერე ერთი თვე ვერ ვლაპარაკობდი.

- დედათქვენი როგორ დაბრუნდა?

- დედა მერხეულში ისეთ ოჯახში იყო, რომ პატივს სცემდნენ. თურმე, პერიოდულად მათთან ჩეჩენი მებრძოლები მიდიოდნენ და იკვებებოდნენ. ამ დროს დედაჩემს და მასთან ერთად მყოფ რამდენიმე ქართველს მალავდნენ და სამალავში ესმოდათ მათი დიალოგი, რამდენი ქართველი როგორ ჩაცხრილეს და მოკლეს. ერთხელ ავტომატის ჯერი იმ კედელზე მიუშვეს, რომლის უკანაც ჩვენ ვიყავითო... მერე ქართველებს აღარ კლავდნენ, ოღონდ - ენგურის ხიდამდე მოჰყავდათ და უშვებდნენ.

დედა სოხუმში დაბრუნდა, სახლში შევიდა, სადაც უკვე აფხაზი მეზობელი ცხოვრობდა. სოხუმიდან ფოთში ჩავიდა, ფოთიდან - ბათუმში და მატარებლით თბილისამდე ჩამოაღწია. მერე ყველანი ერთად, საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით.

ჩუბინიძეებმა აფხაზეთიდან მხოლოდ 2 ვიოლინო ჩამოიტანეს, ეს ნივთი კი ამ შემთხვევაში, გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მუსიკალური საკრავი, რადგან ფიზიკური გადარჩენისთვის ბრძოლაში მთავარ იარაღად იქცა. სამსახურის ძიება დაიწყო, ბედი არაერთგან სცადა, მაგრამ ხან ადამიანების გულგრილობას გადააწყდა, ხან - უპასუხისმგებლობას. მისი ტკივილის გულთან მიმტანი გივი აზმაიფარაშვილი აღმოჩნდა. ვაჟა ჩუბინიძემ მუშაობა რადიო-ტელევიზიის ორკესტრში დაიწყო. ნანახსა და განცდილს უკვალოდ არ ჩაუვლია:

- 6 თვის განმავლობაში, გივი აზმაიფარაშვილთან რეპეტიციაზე რომ დავდიოდი, ჯიბით პურის ნაჭერი დამქონდა. ჯიბეში პური თუ არ მქონდა, ვერ ვუკრავდი. ზოგიერთი ამის გამო იცინოდა. იმ ჯოჯოხეთის ნახვის შემდეგ, ვიოლინო ხელში პირველად ავიღე, დაკვრა დავიწყე და (მელოდიას იმეორებს)... რეალობას გავეთიშე. ჩემთვის მუსიკას იმხელა ძალა აქვს, ჭუბერის გზაზე გადატანილი სიმწარეც კი დამავიწყდა. ამ ორკესტრში მანამდე ვუკრავდი, ვიდრე რეორგანიზაცია მოხდებოდა.

ვაჟა ჩუბინიძეს ერთი შვილი ჰყავს - 26 წლის არჩილი, რომელსაც აფხაზეთი არ ახსოვს, მაგრამ უყვარს. 10 წელია, სვეტიცხოველში გალობს. გარეგნულად მამის ასლია, უკრავს ვიოლინოზე, გიტარაზე, ფანდურზე, ჩონგურზე, ჭიპონსა და ჭუნირზე.

მათი საოჯახო ალბომი სოხუმში დარჩა. ბევრი საინტერესო ფოტო განადგურდა. ახლა წარსულს იმ ფოტოებით იხსენებენ, რომელიც ერთ დროს გააჩუქეს და დევნილად ქცევის შემდეგ, ახლობლებმა დაუბრუნეს. ოჯახი საგულდაგულოდ ინახავს ფლორა შედანიას წითელ დიპლომს, რომელიც თეატრალური ინსტიტუტის მიერაა გაცემული და 1940 წლით თარიღდება. ეს დიპლომი მფლობელს სოხუმიდან ხელჩანთით წამოუღია. მსახიობი ფლორა შედანია არაერთ სპექტაკლში თამაშობდა. გადაღებულია ფილმებში: "დათა თუთაშხია", "ჩიორა", "უძინართა მზე"... ბაბლუანის ფილმში მან სკლეროზით დაავადებული მოხუცის დაუვიწყარი სახე შექმნა.

ბატონი ვაჟა ახლა ერთ-ერთ რესტორანში უკრავს. ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს და არა მხოლოდ საქართველოში. ეს ძალიან ახარებს, სტიმულს მატებს.

თამუნა კვინიკაძე