ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის სა­ბე­დის­წე­რო ღა­მე და მი­სი ქა­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის მოწ­მე­ე­ბი - გზაპრესი

ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის სა­ბე­დის­წე­რო ღა­მე და მი­სი ქა­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის მოწ­მე­ე­ბი

2016 წლის თებერვალში 100 წელი სრულდება ქართველ სიმბოლისტ პოეტთა და პროზაიკოსთა შემოქმედებითი გაერთიანების დაბადებიდან. ახალგაზრდა მწერლები 1916 წელს, ქუთაისში შეიკრიბნენ და მხოლოდ რამდენიმე წელი მოასწრეს არსებობა, რადგან საბჭოთა წყობილებამ მათ სასტიკი დევნა და განადგურება დაუწყო...

საუკუნის შემდეგ, "ცისფერყანწელთა" პოეზია კვლავ აქტუალურია. 29 იანვარს, მწერლის სახლში, ტიციან ტაბიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საღამოს ორგანიზატორი გახლდათ ლიტერატურათმცოდნე ქალბატონი ნინო ჩხიკვიშვილი და მის მიერ დაარსებული ფონდი "ცისფერყანწელთა ხსოვნისათვის". პროექტის მიზანია, პატივი მიაგოს იმ ორდენის წარმომადგენლებს და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მათი ცხოვრება-შემოქმედება. კოლაუ ნადირაძის შემდეგ, ტიციანი მეორე პოეტია, რომელიც მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმა გაიხსენეს.

საღამოს პირველ ნაწილში წარმოდგენილი იყო ტიციან ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო და ვიდეოკოლაჟები. განსაკუთრებით საინტერესო ტიციანის შვილის, ქალბატონი ნიტას მოგონებები იყო, რომელიც 1937 წლის ღამის დეტალებს იხსენებდა, როდესაც მათ სახლს მანქანა მიადგა მამას წასაყვანად და მალე ტიციანიც შეუერთდა იმ ადამიანების რიგს, რომლებიც არსებულმა რეჟიმმა იმსხვერპლა. ერთ ღამეში გაუთეთრდა თმა პოეტის მეუღლეს, ნინო მაყაშვილს, 16 წლის ნიტას კი მას შემდეგ მამა აღარ უნახავს. როდესაც ტიციანი სახლიდან გაჰყავდათ, ატირებულ ქალიშვილსა და მეუღლეს დაუბარა: "იცოდეთ ერთი რამ, რომ ჩემი სახელის ხსენებისა და ხალხისათვის თვალებში შეხედვის არასოდეს შეგრცხვებათ".

საღამო მამა გურამ ოთხოზორიამ გახსნა, რომელმაც ტიციანის შემოქმედებაზე და მის ოჯახთან ურთიერთობაზე ისაუბრა. დარბაზში იმყოფებოდნენ ტიციან ტაბიძის შთამომავლები, მათ შორის, პოეტის შვილიშვილი გივი ანდრიაძე, რომელიც ახლა პოეტის სახლში ცხოვრობს და აქტიურად არის ჩართული ბაბუას სახელთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებასა და პროექტში.

ორიოდე წლის წინ, სამოქალაქო რეესტრში მან ერთი საინტერესო ფურცელი აღმოაჩინა: დედის, ტანიტ ტიციანის ასული ტაბიძის დაბადების ცნობა, რომელიც 1921 წლით თარიღდება. იქვე მოხსენიებული არიან მოწმეებიც. ტექსტი ასეთია: "ტანიტ ტაბიძე, დაბადების თარიღი 1921 წლის 16 იანვარი. დაბადების ადგილი - თბილისი. მამა ტიციან ტაბიძე - 28 წლის, დედა ნინო მაყაშვილი - 25 წლის. მოწმეები: პაოლო იაშვილი, გრიგოლ რობაქიძე, კოტე მარჯანიშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, გიორგი ლეონიძე, შალვა აფხაიძე, ელენე მაყაშვილი, შალვა თუმანიშვილი"... და კიდევ რამდენიმე გვარია, მაგრამ ვერ გაარჩევ. თუმცა, ვფიქრობ, მართლაც საინტერესო საარქივო მასალაა. თურმე, როგორი ცნობა გაიცემოდა ბავშვის დაბადებისას, წლების წინ....

ტიციან ტაბიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდა თეატრალური სტუდიის - "არტპლაზას" 23 ყმაწვილი, რომელთა სამხატვრო ხელმძღვანელი თამარ ხიზანიშვილია. მათ პოეტის ლექსებზე აგებული ლიტერატურული კომპოზიცია - "ტიციანი - წითელი მიხაკი" წარმოადგინეს. კომპოზიციის დასრულების შემდეგ, დარბაზში მყოფ საზოგადოების ნაწილს წითელი მიხაკები დაურიგეს. ორგანიზატორები სამომავლოდ, პაოლო იაშვილის საღამოს გეგმავენ და აპირებენ, ყველა ის პოეტი გაიხსენონ, რომელიც "ცისფერყანწელთა" ორდენში იყო გაერთიანებული.

ანა კალანდაძე