ქარ­თუ­ლი ავი­ა­ცი­ის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი და საც­დელ ფრე­ნას შე­წი­რუ­ლი პი­ლო­ტი - გზაპრესი

ქარ­თუ­ლი ავი­ა­ცი­ის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი და საც­დელ ფრე­ნას შე­წი­რუ­ლი პი­ლო­ტი

თველოს ისტორიაში, საავიაციო წარმოდგენა გაიმართა. იმ პერიოდის საქართველოსთვის ეს სრულიად უჩვეულო სანახაობა გახლდათ. როდესაც ქალაქის ქუჩებში ავტომობილი ჯერ კიდევ იშვიათობა იყო და ძირითად სატრანსპორტო საშუალებად მაინც ცხენი ითვლებოდა, თვითმფრინავი ერთდროულად, დაუჯერებელი და გამაოგნებელი მოვლენა გახლდათ.

მთავრობის წარმომადგენლების, საპატიო სტუმრებისა და უცხოელი დიპლომატებისთვის, აეროდრომზე საგანგებო ტრიბუნა მოაწყვეს, რომელიც ეროვნული ბაირაღებითა და ყვავილებით იყო მორთული. ნავთლუღში საჩვენებელ ფრენებს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე გეგეჭკორი, სამხედრო მინისტრი ლორთქიფანიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ზაქარიაძე, გენერალი ანდრონიკაშვილი და გვარდიის უფროსი ჯუღელი ესწრებოდნენ. საფრენ მოედანთან უამრავი მოქალაქე შეიკრიბა. უკრავდა სამხედრო ორკესტრი. ირგვლივ საზეიმო და ამაღლებული განწყობა სუფევდა. საავიაციო შოუს დაწყებას ყველა მოუთმენლად ელოდა.

ამ წარმოდგენაში ის სამხედრო მფრინავები მონაწილეობდნენ, რომლებმაც სულ ცოტა ხნით ადრე წარჩინებით დაასრულეს ტფილისის საავიაციო სასწავლებლის სრული კურსი. ეს იყო ქართველი სამხედრო მფრინავების პირველი გამოშვება.

შოუ დღის 5 საათზე დაიწყო. ორ რიგად განლაგებულმა 12-მა საფრენმა აპარატმა, მუსიკისა და მაყურებელთა შეძახილების თანხლებით, ასაფრენი ბილიკი გაიარა და ერთმანეთის მიყოლებით, ნელ-ნელა ცაში აიჭრა. ნაჩვენები იყო სხვადასხვა სირთულის საავიაციო ილეთები, მათ შორის - უმაღლესი პილოტაჟის ელემენტებიც. მაყურებელმა წარმოუდგენელი მანევრების მთელი კასკადი იხილა. როგორც იმ პერიოდის გაზეთები აღნიშნავდნენ, ესკადრილიაში განსაკუთრებით გამოირჩეოდა საავიაციო ასეულის მეთაური, მაიორი მაყაშვილი. მისი აეროპლანი ხან მთელი სისწრაფით დაბლა ეშვებოდა, ხან მუცელზე დაწოლილი აპობდა ჰაერს და ხანაც თავდაყირა ტრიალებდა. მაყურებელი აღფრთოვანებული ესალმებოდა მამაც მფრინავს და ახალგაზრდა მაიორის სახელს ყველა მოწიწებით წარმოთქვამდა.

წარმოდგენამ უმაღლეს დონეზე ჩაიარა. ნათლად გამოჩნდა, რომ ავიაციაში ქვეყანას საიმედო კადრები ჰყავდა. ზეიმის დასრულების შემდეგ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ევგენი გეგეჭკორმა და სამხედრო მინისტრმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ, საავიაციო რაზმის ხელმძღვანელს მაყაშვილს პირადად მიულოცეს წარმატება. ხელისუფლების ინიციატივით, საღამოს საზეიმო ვახშამიც გაიმართა, სადაც რესპუბლიკის, ქვეყნის მთავრობისა და ქართული ავიაციის სადღეგრძელოები წარმოთქვეს.

საერთოდ, ქართული ავიაციის ათვლის წერტილად 1910 წელი შეიძლება მივიჩნიოთ და იგი პირველი ქართველი ავიატორის, ბესარიონ ქებურიას სახელს უკავშირდება. 1909 წელს ქებურია საავიაციო განათლების მისაღებად პარიზში გაემგზავრა და ერთი წლის შემდეგ წარმატებით დაასრულა ავიატორთა ახალგახსნილი სკოლა. პირველი ქართველი მფრინავი მსოფლიოში რიგით 209-ე პილოტი გახდა. საფრანგეთში ქებურიამ საკუთარი სახსრებით შეიძინა "ბლერიოს X" ტიპის მონოპლანი, რომელსაც 25 ცხენისძალიანი ძრავა ჰქონდა. ამ აპარატით მან პარიზის თავზე ფრენებიც კი შეასრულა. 1910 წელს ქებურია საქართველოში დაბრუნდა და ტფილისის თავზე სადემონსტრაციო ფრენა მოაწყო. ეს ქართული ავიაციის პირველი ნაბიჯი იყო.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში კი ქართული ავიაციის განვითარება 1918 წელსვე დაიწყო. 20 აგვისტოს დამფუძნებელმა კრებამ "საქართველოს რესპუბლიკის რეგულარული არმიის ორგანიზაციის შესახებ" კანონი მიიღო, რომლის II მუხლმა პირველი სამხედრო საავიაციო დანაყოფის ჩამოყალიბებას დაუდო საფუძველი. სამხედრო მფრინავები ორ საავიაციო რაზმში გაერთიანდნენ. შეიქმნა ტექნიკოსთა ბატალიონიც, რომელსაც საფრენი აპარატების მომსახურება ევალებოდა. ავიარაზმის დისლოკაციის ადგილად ტფილისის გარეუბანი - ნავთლუღი შეარჩიეს.

ორი წლის განმავლობაში ნავთლუღთან, ავიატორთა მომცრო ქალაქი გაჩნდა. ააშენეს მცირე ელექტროსადგური, საფრენი ბილიკები, სახელოსნოები, აეროდრომი. აქვე იყო სამხედრო მფრინავების, ტექნიკური პერსონალისა და ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი ყაზარმებიც. 1918 წლის ზაფხულშივე ტფილისში დაარსდა პილოტების მოსამზადებელი საავიაციო სკოლაც. სკოლაში თავდაპირველად 189 მსმენელი ირიცხებოდა. მას გამოცდილი მფრინავი, შტაბს-კაპიტანი მიხეილ მაჭავარიანი ხელმძღვანელობდა.

თავდაპირველად, ქართული ავიაცია მეფის რუსეთის მიერ საქართველოში დატოვებული მოძველებული ტექნიკით სარგებლობდა. აეროპლანთა უმეტესობა დაშლილ, გაძარცვულ და გაპარტახებულ მდგომარეობაში იყო. ამოწურული გახლდათ სათადარიგო ნაწილების მარაგი. ძნელად მოიძებნებოდნენ შესაფერისი კვალიფიკაციის ავიასპეციალისტები. მიუხედავად ამისა, ქართველი ავიატორები საქმეს მაინც ენთუზიაზმით უდგებოდნენ და 10-მდე აეროპლანის აღდგენა მაინც შეძლეს. 1918 წლის 10 ოქტომბერს, როდესაც ტფილისში ქართული არმიის პირველი აღლუმი ჩატარდა, ქვეითთა, კავალერისტთა, არტილერისტთა და მესანგრეთა გვერდით, ქართველ მფრინავთა გუნდიც იდგა.

მთავრობა ყველანაირად ცდილობდა ავიაციის განვითარებას და მფრინავებისთვის სპეციალური დადგენილებაც კი მიიღო, რომელიც დამატებით გასამრჯელოს ითვალისწინებდა: "ვინაიდან მფრინავები აეროპლანის მართვისას სხვა სამხედრო მოსამსახურეებისაგან განსხვავებით უფრო მეტად აგდებენ თავის სიცოცხლეს საფრთხეში, დამფუძნებელი კრების სამხედრო კომისიამ შეიმუშავა დეკრეტის პროექტი, რათა მფრინავებს ხელფასის გარდა დანამატიც მისცემოდათ. იმისთვის, რომ დანამატი სამართლიანად განაწილდეს, შემოღებული იქნება ანაზღაურება საფრენი საათების მიხედვით. ამასთან, მხედველობაში მიიღება ფრენის მხოლოდ ის საათები, რომლებიც უშუალო უფროსის ბრძანებით სრულდება".

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში სამხედრო ავიაცია პირველად 1918 წელს, საქართველო-სომხეთის ომის დროს გამოიყენეს. დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა: 28-29 დეკემბერს შულავერთან ქართულმა აეროპლანებმა რამდენიმე საბრძოლო გაფრენა განახორციელეს და სომეხთა პოზიციები დაბომბეს. ავიაციის გამოჩენამ მოწინააღმდეგის რიგებში არეულობა გამოიწვია და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სომხური არმიის დამარცხებას.

1920 წელს მთავრობამ ავიაციის რეორგანიზაცია და ახალი ტექნიკის შესყიდვა განიზრახა. ამ მიზნით მოლაპარაკება იტალიასთან მიმდინარეობდა. არჩევანი მზვერავის ტიპის თვითმფრინავზე - "ანსალდო" შVA-10 მოდელზე შეჩერდა.

გაზეთი "ბორბა", 1920 წლის 24 აგვისტო:

"სამხედრო უწყების ცნობებით, იტალიაში საქართველოსთვის შეძენილია რამდენიმე ჰაეროპლანი. ამ თვითმფრინავებს იტალიაში ანსალდოს ცნობილ ქარხანაში აწყობენ, რომელიც ამჟამად ცნობილია, როგორც მსოფლიოში ყველაზე მოწინავე საწარმო საფრენი აპარატების დამზადების კუთხით. სხვათა შორის, არსებობს ცნობები, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ახლახან, სწორედ ამ ქარხანაში შეიძინა 40 საფრენი აპარატი. საქართველოს მთავრობის მიერ ნაყიდი ჰაეროპლანები ტექნიკის უკანასკნელი სიტყვაა. მათი სიჩქარე საათში 220 კილომეტრს აღწევს. ჰაეროპლანი აღჭურვილია რადიოკავშირის მოწყობილობით, ფოტოკამერით და სხვა უახლესი ტექნიკით. საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველა ჰაეროპლანს საიმედო ძრავა აქვს".

საქართველომ იტალიისგან 10 თვითმფრინავი შეიძინა. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ აეროპლანებს იტალიიდან საქართველოში საავიაციო სკოლის ხელმძღვანელი მაჭავარიანი ჩამოიყვანდა, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა, ახალშეძენილი თვითმფრინავებით საქართველოში გადმოფრენა ტექნიკური მიზეზების გამო შეუძლებელი აღმოჩნდა. ამიტომ თვითმფრინავები დაშალეს, ყუთებში ჩააწყვეს და გემზე დატვირთეს. ახალი ავიატექნიკა საქართველოში ორ თვეში ჩამოვიდა.

1920 წლის 9 ოქტომბერს იტალიიდან მიღებული საფრენი აპარატების გამოცდა დაიწყო.

გაზეთი "გრუზია":

"მაიორმა სტროევმა, უფროსმა ლეიტენანტმა ციციანოვმა და მფრინავმა მოროზოვმა იტალიური ჰაეროპლანებით საცდელი ფრენები შეასრულეს. პილოტებმა განავითარეს ძალიან დიდი სიჩქარე. ჰაეროპლანები გამოდგნენ მდგრადები და მფრინავებს ადვილად ემორჩილებოდნენ".

სამხედრო ავიაციის გარდა, ხელისუფლება პარალელურად, სამოქალაქო ავიაციის განვითარებასაც ცდილობდა. მთავრობაში სერიოზულად მსჯელობდნენ საავიაციო კავშირის დამყარების საკითხზე ევროპის წამყვან სახელმწიფოებთან და სპეციალისტებთან შესაბამისი კონსულტაციებიც მიმდინარეობდა. განისაზღვრა ის ქვეყნებიც, რომლებთანაც საავიაციო მიმოსვლის დამყარება პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენდა: ბულგარეთი, სერბეთი, რუმინეთი და საბერძნეთი. ამის შემდეგ დაგეგმილი იყო ფრენები ავსტრია-უნგრეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან და იტალიასთან; დაბოლოს, ქართულ ავიაციას ფრენები უნდა შეესრულებინა: ესპანეთში, ინგლისში, შვედეთსა და ნორვეგიაში. ასევე ფიქრობდნენ აზიის ქვეყნების მიმართულებაზეც.

დათვლილი იყო, თუ რამდენი დრო დასჭირდებოდა გადაფრენას ტფილისიდან ევროპის კონკრეტულ ქალაქამდე. მაგალითად, ლონდონში თვითმფრინავი 52 საათში ჩააღწევდა, ბერლინში - 34 საათში, რომში - 23 საათში, სოფიაში - 22 საათში, ხოლო ბუქარესტში - 18 საათში. რასაკვირველია, იგულისხმებოდა, რომ აეროპლანს საწვავის შესავსებად და პილოტის დასასვენებლად, გზაში რამდენჯერმე გაჩერება მოუწევდა.

საფრენი აპარატების გამოცდისას უბედური შემთხვევაც ხშირად მომხდარა. 1920 წლის 11 აგვისტოს საღამოს 7 საათზე, საცდელი ფრენის დროს დაიღუპა საავიაციო ასეულის ხელმძღვანელი მაიორი მაყაშვილი. სწორედ ის მაყაშვილი, რომლის ვირტუოზულ მართვის ტექნიკას ესოდენ დიდი მოწონება ხვდა 2 აგვისტოს საავიაციო ზეიმზე. თვითმხილველთა მონათხრობით, მაყაშვილი ბრიტანული გამანადგურებელი - შოპწიტჰ ჩამელ 2F1 ტიპის აპარატის ძრავის გამოცდას ახორციელებდა. როდესაც ერთ-ერთ რთულ მანევრს ასრულებდა, ძრავა გამოირთო, თვითმფრინავმა სიჩქარე და მართვა დაკარგა და დაახლოებით 25 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. აპარატი მიწას ცხვირით დაენარცხა და დაიმსხვრა. მაყაშვილს ორივე ფეხი და გულ-მკერდის ძვალი ჰქონდა დამტვრეული. როდესაც მეგობრებმა თვითმფრინავიდან ამოიყვანეს, მან მხოლოდ 5 წუთი იცოცხლა და გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

მაყაშვილის დასაფლავებაზე უამრავი მოქალაქე მივიდა. დაკრძალვას დაესწრნენ: მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე გეგეჭკორი, სამხედრო მინისტრი ლორთქიფანიძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გედევანოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქარცივაძე, რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი კვინიტაძე, სახალხო გვარდიის შტაბის უფროსი ჯუღელი, დამფუძნებელი კრების წევრები. დაკრძალვის ხარჯები სახელმწიფომ გაიღო.

მაყაშვილის ნეშტი გოლოვინის პროსპექტზე მდებარე სამხედრო ეკლესიიდან 12 საათზე გამოასვენეს. სამხედრო ორკესტრი სამგლოვიარო მარშს ასრულებდა. მაყაშვილის კუბო საარტილერიო ლაფეტზე იყო დასვენებული, რომელსაც საპატიო ყარაული მიჰყვებოდა. სამგლოვიარო პროცესიის წინ კი, დამტვრეული აეროპლანი მოჰქონდათ. მსვლელობაში შეიარაღებული ძალებისა და სახალხო გვარდიის ნაწილები მონაწილეობდნენ. მაყაშვილი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

აგვისტოს ბოლოს, ნავთლუღის აეროდრომზე კიდევ ერთი სამხედრო მფრინავი დაიღუპა. კატასტროფა განიცადა თვითმფრინავმა, რომელსაც უფროსი ლეიტენანტი კილტავა მართავდა. მფრინავი მძიმედ დაშავდა და მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა. ისევე, როგორც მაყაშვილი, კილტავაც დიდუბეში დაკრძალეს.

ქართული ავიაციის ისტორიაში ახალი ათვლა 1921 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც ბოლშევიკურმა რუსეთმა საქართველო დალაშქრა. 23 თებერვალს ნავთლუღის სიახლოვეს ოთხმა ქართულმა თვითმფრინავმა მე-11 არმიის ჯავშნოსან მატარებელს შეუტია. ჯავშნოსანმა საზენიტო ცეცხლით ერთი თვითმფრინავის ჩამოგდება კი მოასწრო, მაგრამ დანარჩენებმა მატარებლის დაბომბვა მოახერხეს და აეროდრომზე უვნებლად დაბრუნდნენ. ამის გამო, რუსულმა ჯავშნოსანმა წინსვლა ვეღარ განაგრძო და ბოლშევიკური არმიის იერიში შეფერხდა.

საგულისხმოა, რომ იტალიაში ნაყიდი უახლესი თვითმფრინავების გამოყენება ბოლშევიკებთან ომში ვერ მოხერხდა. "ანსალდო" შVA-10-ის თვითმფრინავები ჰაერში არ აფრენილან. ამის მიზეზი ის გახდა, რომ თვითმფრინავის ძრავასთვის აუცილებელი ზეთის - "გარგოილის" შესყიდვისთვის საჭირო თანხა, ეკონომიის მიზნით, მთავრობის თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ საკუთარი ხელით ამოიღო საერთო ხარჯთაღრიცხვიდან, ამიტომ იტალიიდან თვითმფრინავები ზეთის აუცილებელი მარაგის გარეშე ჩამოიყვანეს. ჟორდანიას აზრით, ასეთი ძვირი ზეთის შესყიდვა გაჭირვებული საქართველოსთვის ზედმეტი ფუფუნება იქნებოდა. იტალიაში ნაყიდი ტექნიკა მთელი ომის დროს უმოქმედოდ იდგა და საქართველოს ოკუპაციის შემდეგ უკვე რუსების ნადავლად იქცა.

მიხეილ ბასილაძე