თბილისის ისტორიული გალავანი მიწით დაფარეს - რა განმარტებას აკეთებენ მერიაში - გზაპრესი

თბილისის ისტორიული გალავანი მიწით დაფარეს - რა განმარტებას აკეთებენ მერიაში

პუშკინის ქუჩაზე მდებარე ძველი თბილისის გალავანი და მიმდებარე ტერიტორია, უკვე რამდენიმე თვეა სამშენებლო მოედნად არის ქცეული ორმხრივი ესტაკადის მშენებლობის გამო. გუშინ კი ქალაქის ყოფილი გალავნის მესამედი მიწით დაფარეს. როგორც თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში განმარტავენ, ტერიტორიაზე აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და გალავნის მიწით დაფარვაც სწორედ ამას უკავშირდება.

იხილეთ ვიდეო

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის გიორგი წერეთლის განმარტებით, მიწის ჩაყრა ისტორიული გალავანის დაცვის მიზნით მოხდა, რადგან ტერიტორიაზე ბურჯების ამოსაყვანად მძიმე ტექნიკის შეყვანაა აუცილებელი, სამუშაოების წარმოება კი ვერ დაიწყებოდა დამცავი საშუალებების გაკეთების გარეშე: "პროექტით გათვალისწინებულია ბურღვითი სამუშაოების ჩატარება, ამიტომაც ამ ეტაპზე შევიტანეთ მიწა, რომელიც შემოფარგლული და დაცულია სპეციალური ზღუდარებით. როდესაც დასრულდება ხიმინჯების ბურღვითი სამუშაოები, მიწა გამოტანილი იქნება, მოხდება აღნიშნული ტერიტორიის გასუფთავება და ეს ადგილი დაიბრუნებს პირვანდელ სახეს" - ამბობს წერეთელი AMBEBI.GE-სთან საუბარში.

პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტი" ახორციელებს. ქალაქის ბიუჯეტიდან პროექტის განხორციელებისთვის დაახლოებით 4 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მერიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულება 2016 წლის ივლისში იგეგმება.