ონლაინთამაშები - ფულის გათეთრების წყარო?! - გზაპრესი

ონლაინთამაშები - ფულის გათეთრების წყარო?!

საქმე ის არის, რომ ბოლო წლებში ჩვეულებრივ კაზინოებს ინტერნეტკაზინოებიც შეემატა და აზარტული თამაშების მოყვარულთა წრე კიდევ უფრო გაფართოვდა. ინტერნეტკაზინოების მიმართ რეგულაციების დაწესების მოთხოვნით, თავდაპირველად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოვიდა. ამ ინიციატივას საზოგადოებაც აქტიურად გამოეხმაურა. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ ("აფბა") კი ამ სფეროს სპეციალური კვლევა ჩაატარა. "აფბას" ანალიტიკოსი, ზურაბ კუკულაძე ჩვენს კითხვებს პასუხობს:

- ბატონო ზურაბ, რატომ არის საჭირო ონლაინთამაშების კონტროლი?

- ონლაინკაზინოების მიმართ რეგულაციების გამკაცრების მოთხოვნით გამოვდივართ. ამ იდეას იმიტომ ვემხრობით, რომ ინტერნეტის წყალობით აზარტული თამაშები თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. აკრძალვა ამ პრობლემას ნამდვილად ვერ მოაგვარებს, ამიტომ, მისი გადაწყვეტის ყველაზე გონივრული გზა მკაცრი რეგულაციების შემოღებაა.

- რამ მიგიყვანათ ამ დასკვნამდე?

- გულდაგულ შევისწავლეთ სათამაშო ბიზნესის ვებგვერდები და ვნახეთ, რომ ყოველდღიურად, დაახლოებით 400 ათასი ადამიანი აზარტულ თამაშებშია ჩაფლული. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა

4 მილიონსაც ვერ აღწევს, ეს ძალზე დიდი რიცხვია. პრობლემაა ისიც, რომ ამ სისტემაში ძირითადად ახალგაზრდები არიან ჩართული. კვლევებით დადგინდა, რომ ისინი დიდ დროს ხარჯავენ აზარტულ თამაშებზე და თანდათან კარგავენ ინტერესს განვითარების, განათლების შეძენის, სამსახურის პოვნის მიმართ. ეს ადამიანები თამაშს იწყებენ არა გართობის, არამედ მოგების მიზნით, რაც დიდი შეცდომაა: როდესაც ახალგაზრდას შემოსავლის წყაროდ სთავაზობ ისეთ გზას, რომელიც წაგებაზეა ორიენტირებული, კიდევ უფრო ამწვავებ ისედაც მძიმე სოციალურ ფონს ქვეყანაში. ეს ყველაფერი იმ მასშტაბებს იძენს, რომ სახელმწიფო აუცილებლად უნდა ჩაერიოს პრობლემის მოგვარებაში.

- გამოდის, რომ აზარტულ თამაშებში მოზარდსაც შეუძლია ჩაერთოს?

- დიახ, არასრულწლოვნებიც თამაშობენ, რადგან რეგისტრაცია არ კონტროლდება და ადამიანს ნებისმიერი თერთმეტნიშნიანი ციფრის კომბინაციით შეუძლია დარეგისტრირდეს და ითამაშოს. ამ ვებგვერდებით სარგებლობა უმარტივესია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომელსაც კომპიუტერთან მუშაობის ჩვევები აქვს. ამისათვის არც პირადობის მოწმობაა საჭირო, არც ოფიციალური მონაცემები. რაც შეეხება 11-ნიშნა ციფრს, აქაც, სულ არ არის საჭირო სწორი პირადი ნომრის მითითება, ნებისმიერი ციფრების კომბინაცია რომ შეიყვანოთ და მოგონილი სახელი და გვარი ჩაწეროთ ან არასწორი დაბადების თარიღი მიუთითოთ, მაინც დარეგისტრირდებით. ნებისმიერ მოზარდს, რომელმაც კარგად იცის კომპიუტერი, თავისუფლად შეუძლია, აზარტულ თამაშებში ჩაერთოს. ერთადერთი, რაც სწორად უნდა მიუთითოთ, ტელეფონის ნომერია, ტელეფონი კი დღეს თითქმის ყველა არასრულწლოვანს აქვს. ამიტომ ვითხოვთ რეგულაციებს, რომლითაც არასრულწლოვნებს შეეზღუდებათ წვდომა ამ სისტემასთან. საერთოდ, აზარტული თამაშები არის გართობის სფერო, რომელშიც მომხმარებელი ფულს იხდის, როგორც მაგალითად, ფილმის ყურებისას. ზუსტად ასეთი პროდუქტია აზარტული თამაშიც, მაგრამ როდესაც მას ისე ფუთავენ, რომ ეს შემოსავლის მიღებისა და გამდიდრების წყაროა, ძალიან ბევრი ადამიანი ტყუვდება. არა ბატონებო, ეს არის წაგებაზე ორიენტირებული ბიზნესი: ადამიანს თუ აქვს 20 ლარი, იმასაც აგებს და მისი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. ამით ჩვენს ქვეყანაში სიდუხჭირე იმატებს, რაც ნიშნავს, რომ სუიციდის შემთხვევებიც იზრდება და კრიმინოგენული სიტუაციაც მწვავდება.

- თქვენი აზრით, როგორ შეიძლება სიტუაციის გამოსწორება?

- თამაშის უფლება უნდა მისცენ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც შემოსავალი აქვთ. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ამ გზით მოტანილი ზიანი მინიმუმადე დავიდეს. თანაც, ინტერნეტთამაშებით ფულის გათეთრებაც თავისუფლად შეიძლება. როგორ? - აზარტული თამაშების გზით მოგებული თანხა გაურკვეველი წარმოშობის ანგარიშებზე ილექება, ამიტომ, ძალიან ადვილია ელექტრონულ კაზინოებში არსებული ანგარიშების დანაშაულებრივი მიზნით გამოყენება. სწორედ ამაზეა საუბარი ევროკავშირის რეკომენდაციებში, სადაც აღნიშნულია, რომ ონლაინთამაშები დღეს არსებული სისტემით საქართველოში ფულის გათეთრების სერიოზული საფრთხე იქმნება. თუნდაც ამის გამო უნდა გახდეს ეს სფერო კონტროლირებადი.

- ბატონო ზურაბ, თუ არის ცნობილი, რა თანხა შედის ბიუჯეტში ინტერნეტთამაშებიდან?

- ონლაინთამაშების ფისკალური ეფექტი მინიმალურია. კაზინოები და საერთოდ, აზარტული დაწესებულებები სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით სარგებლობენ: ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი კაზინო 5 წელიწადში ერთხელ იხდის მოსაკრებელს. გადასახადი ტერიტორიის მიხედვით განსხვავებულია: თბილისში - 5 მილიონი ლარი, სიღნაღში, ქუთაისში, ან ბათუმში - უფრო ნაკლები. რაც შეეხება ინტერნეტკაზინოებს, აქედან ბიუჯეტში გადასახადი არ შედის, რაც ძალიან დიდი უსამართლობაა. ინტერნეტის პოპულარიზაციასთან ერთად სათამაშო ბიზნესის ბრუნვაც იზრდება და ონლაინთამაშები სულ უფრო პოპულარული ხდება. ამას ადასტურებს სათამაშო ბიზნესის ბრუნვის ზრდის ტემპი და რადგან ეს ბიზნესი იზრდება, სახელმწიფომ მისთვის სხვაგვარი რეგულაციები უნდა მოიფიქროს.

- კონკრეტულად, რომელ რეგულაციებზე ამახვილებთ ყურადღებას?

- ჩვენი ორგანიზაცია ამ თემაზე უკვე ორი თვეა, მუშაობს და სულ მალე კონკრეტულ მონაცემებს გამოვაქვეყნებთ. აუცილებლად მოვითხოვთ მოთამაშის იდენტიფიკაციის მკაცრ პირობებს: კერძოდ, უნდა ჩანდეს - ვინ თამაშობს. ასევე უნდა დაწესდეს წაგების ლიმიტები და ის უნდა მიებას მოთამაშის შემოსავალს - თუ ადამიანს შემოსავალი არ ექნება, თამაში ვერ უნდა შეძლოს და მესამე - სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა გაზარდოს ფულის მოძრაობის არხებზე კონტროლი, რომ ფულის გათეთრების შესაძლებლობა გამორიცხოს - ეს სამი ზოგადი რეკომენდაცია გვაქვს. ნათელია, რომ საგადასახადო გარემო ამ სისტემის მიმართ უნდა გამკაცრდეს. რადგან კომპანიები სოლიდურ მოგებას იღებენ და ბიზნესში ამხელა ფული ტრიალებს, მათი შემოსავლით ქვეყნის ბიუჯეტმაც უნდა ისარგებლოს.

ხათუნა ჩიგოგიძე