საქართველო - ერთადერთი ქვეყანა, სადაც სახელმწიფო `სიკვდილის ბიზნესს~ უწყობს ხელს - გზაპრესი

საქართველო - ერთადერთი ქვეყანა, სადაც სახელმწიფო `სიკვდილის ბიზნესს~ უწყობს ხელს

თამბაქო საშიში შხამია და ამას ყველაზე თავგადაკლული მწეველებიც არ უარყოფენ. სიგარეტის კვამლში შემავალი 40-მდე ნივთიერება სხვადასხვა სახის სიმსივნეს იწვევს, ხოლო ნიკოტინი ექიმებმა ისეთივე ნარკოტიკად აღიარეს, როგორიც ჰეროინი, ოპიუმი ან კოკაინია. "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" თავმჯდომარის, გიორგი ბახტურიძის თქმით, საქართველოში შემოსული თამბაქოს ნაწარმი ორმაგად მავნებელია, რადგან ხშირ შემთხვევაში მოძველებული და სიცოცხლისთვის საშიში ნედლეულისგან მზადდება.

- ტრადიციულად იმით დავიწყებ, რომ ხარისხიანი და კარგი თამბაქო არ არსებობს, რადგან მოწევისას ჰაერში გამოყოფილი ქიმიური ნივთიერებები მომწამვლელია. მათზე არანაკლებ საშიშია ნიკოტინის ბუნების გასაუმჯობესებელი ქიმიური დანამატები, რომელსაც თამბაქოს ინდუსტრია აქტიურად იყენებს. რაც შეეხება ჩვენთან შემოტანილ თამბაქოს, ძირითადად აქ ნედლეული შემოდის უკრაინიდან, ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან და ჩინეთიდან. მუდმივი კონტაქტი გვაქვს ამ ქვეყნებში მცხოვრებ კოლეგებთან, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, როგორი ნედლეული მზადდება მათთან.

- ბატონო გიორგი, თამბაქო საქართველოშიც ხომ მოჰყავთ?

- თამბაქოს ძირითადად აჭარის რეგიონში აწარმოებენ. თამბაქოს ფოთლები ისედაც იზიდავს რადიაციას, ამიტომ, რადიაციით ის ყველგან დაბინძურებულია. თანაც, არავინ არის ინფორმირებული, რა სახის ქიმიურ დანამატებს შეიცავს. ზოგს ჰგონია, რომ საქართველოში მოყვანილ თამბაქოს თუ მოწევს, ჯანმრთელი და ბედნიერი იქნება, მაგრამ ეს არის ცრუ ინფორმაცია, რომელსაც ეს ინდუსტრია და ჩინოვნიკები ავრცელებენ. მათი აზრით, ადგილობრივ ბიზნესს ხელშეწყობა უნდა, მაგრამ ბიზნესსაც ხომ გააჩნია? სახელმწიფო თამბაქოს წარმოებას აფინანსებს, რაც სერიოზული შეცდომაა: ჩვენ აღმოვჩნდით მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც სახელმწიფო "სიკვდილის ბიზნესს" უწყობს ხელს. თამბაქოს მწარმოებელი ქვეყნები სულ სხვა, სასარგებლო პროდუქციის მოყვანაზე გადადიან. სამწუხაროდ, ჩვენთან ასე არ ხდება. უკვე ათი წელია ამ პროდუქციის სერტიფიცირება სავალდებულო არ არის, ამიტომ, ხშირად თამბაქოს ნაწარმი, რომელიც საქართველოში იყიდება, სტანდარტებთან შეუსაბამოა. სწორედ ამიტომ, მწეველების ნახევარი თამბაქოს მოხმარების შედეგად იღუპება. ზარალი უზარმაზარია: ექსპერტთა გათვლებით, თამბაქოს ინდუსტრიას ბიუჯეტში თუ შემოაქვს ერთი ლარი, დაახლოებით სამი ლარის ზარალი მოაქვს.

- რატომ ფიქრობთ, რომ ჩვენთან შემოსულ თამბაქოს ნაწარმში რადიაციით დაბინძურების დონე კიდევ უფრო მაღალია?

- თამბაქოს ყველაზე მსხვილი იმპორტიორი საქართველოში არის უკრაინა. თამბაქო, რომელიც ამ ქვეყნიდან ხვდება ჩვენს ბაზარზე, ჩერნობილის მიმდებარე ტერიტორიაზე მოჰყავთ. შესაბამისად, სავსებით საფუძვლიანია მოსაზრება, რომ იქ მოყვანილი თამბაქოს ფოთოლი რადიოაქტიური ნივთიერებებით არის დაბინძურებული, მაგრამ ამას ლაბორატორიული კვლევა და დადასტურება სჭირდება. 7-8 წლის წინ "მწვანეთა მოძრაობამ" ჩაატარა ასეთი კვლევა და მაშინ დადასტურდა, რომ თამბაქოს ნაწარმში რადიაციული ფონი მაღალი იყო. უკრაინიდან შემოსულ თამბაქოში რადიაციის დონე შეიძლება კატასტროფულად მაღალი იყოს, ეს მაშინ, როცა ქართული ბაზრის 70% სწორედ უკრაინული თამბაქოთია გაჯერებული. რაც შეეხება ჩინეთიდან და სამხრეთ ამერიკიდან შემოტანილ თამბაქოს, ის გენმოდიფიცირებულია და ძალიან აჩქარებს კანცეროგენეზის პროცესს. ქიმიური დანამატების გამო, თამბაქოს არა აქვს ის თვისებები, რაც წინა საუკუნეებში ჰქონდა. არც ერთი სახის თამბაქო სასარგებლო არ არის, მაგრამ დღეს ის უფრო მეტად არის დაბინძურებული რადიოაქტიური ნივთიერებებით, მძიმე მეტალებითა და ტოქსინებით, ვიდრე 50 ან 60 წლის წინ იყო. სწორედ ამიტომ გაახალგაზრდავდა დაავადებები, რომლებსაც მოწევა იწვევს. ამავე დროს, ხშირად ჩვენთან შემოდის ვადაგასული პროდუქცია, რომელიც გადამუშავდება, ლამაზად იფუთება და ასე საღდება მომხმარებელზე. ეს პრაქტიკა ყოველთვის იყო და დღემდე გრძელდება. ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ის, რომ უფრო მეტი მწეველი დაფიქრდეს და თამბაქოს მოხმარებაზე უარი თქვას. ეს ყველაზე გონივრული გზაა ამ ურთულეს სიტუაციაში. თანაც, ჩვენს ქვეყანას ევროკავშირისკენ

აქვს გეზი აღებული, ევროკავშირში კი, თამბაქოს მოხმარება 2040 წლამდე 5%-მდე უნდა დავიდეს ანუ მწეველთა რაოდენობა მოსახლოების 5% და ნაკლები უნდა იყოს.

- ევროპის ქვეყნებში რა ღონისძიებებს მიმართავენ თამბაქოს მავნებლობის შესამცირებლად?

- მაგალითად: ბევრ ქვეყანაში აკრძალულია მენთოლის შემცველი სიგარეტების წარმოებაც და რეალიზაციაც. ჩვენთან კი, ეს ძალიან პოპულარულია. არაერთ ქვეყანაში გემოს მიმნიჭებელი ნივთიერებების დამატება თამბაქოს ნაწარმში საერთოდ აკრძალულია. ასევე აკრძალულია დანამატები, რომლებიც ნიკოტინის ნარკოტიკულ ბუნებას აძლიერებს და ამის გამო ადამიანი მასზე უფრო მეტად მიჯაჭვული ხდება. სიგარეტს ხშირად დამატებული აქვს მარწყვის, შოკოლადისა და სხვადასხვა გემოს მიმნიჭებელი დანამატები. ეს ძალიან პოპულარულია მწეველებს შორის, რადგან ილუზიას ქმნის, რომ ასეთი სიგარეტი ნაკლებად საზიანოა. მართალია, სასიამოვნო გემო და სუნი აქვს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ასეთ თამბაქოში ტოქსიკური და კანცეროგენული ნივთიერებების რაოდენობა უფრო მეტია. ეს ის ნივთიერებებია, რომლებიც კიბოსა და მრავალი საშიში დაავადების წარმოშობის რისკს ზრდის. წლების განმავლობაში ვცდილობთ, მივიღოთ ინფორმაცია, თუ რა სახის ქიმიურ დანამატებს უმატებენ თამბაქოს ნაწარმს. ამ ინფორმაციის გამხელა თამბაქოს ინდუსტრიის პირდაპირი ვალდებულებაა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ. ინფორმაცია დახურულია, თითქოსდა კომერციული საიდუმლოს ნიშნით, არადა, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება, ნებისმიერი ინფორმაცია ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს.

- დასასრულ, მწეველებისგან ხშირად გაისმის საყვედური: ისედაც საწამლავს ვყიდულობთ და იმასაც გვიძვირებენო... როგორ უპასუხებდით მათ?

- თამბაქო - ეს არის ლეგალური ნარკოტიკი და ამას უკვე მთელი მსოფლიო აღიარებს. ამიტომ, მასში მომხმარებელმა მეტი უნდა გადაიხადოს. ვისაც მისგან სიამოვნების მიღება სურს, გადაიხადოს 10 და 20 ლარი, ამით ახალგაზრდებსაც დავიცავთ: ძვირი რომ იქნება, ახალგაზრდა სიგარეტს ვეღარ იყიდის. ცივილიზებული და ნორმალური ქვეყნები სწორედ ამ გზით მიდიან. თანაც, ამ სფეროდან სახელმწიფომ მაქსიმალური გადასახადი უნდა ამოიღოს. ამიტომ, ევროკავშირში გადასახადი სიგარეტის ფასის 70%-ს შეადგენს ანუ სიგარეტი თუ ღირს 10 ევრო, აქედან გადასახადი 7 ევროა. ეს ხელს უწყობს, რომ თამბაქოს მოხმარება თანდათან იკლებს. ჩვენც ამ მიმართულებით წავალთ, ამიტომ მწეველები უნდა შეეგუონ აზრს, რომ სიგარეტი ყოველწლიურად გაძვირდება. ეს ნელ-ნელა მოხდება, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მიეცეს საშუალება, თანდათან გადავიდეს ცხოვრების ჯანსაღ წესზე.

ხათუნა ჩიგოგიძე