იახსარის ყმა - ფშაველი გიორგი - გზაპრესი

იახსარის ყმა - ფშაველი გიორგი

მთის დაცლის პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღო. ორიოდე მოხალისის გარდა, მთისკენ წასული არავინ გვინახავს, წამოსული კი - ძალიან ბევრი.

საქართველოში ფშავის ხსენებისას, პირველ რიგში, ლუკა რაზიკაშვილი ახსენდებათ. გარდა იმისა, რომ ამ დიდმა პოეტმა ქართულ სინამდვილეს ოსტატურად შეუხამა მითოლოგია, მან ერთ-ერთმა პირველმა, გამოკვეთილად დასვა ბუნებისა და ვიწროკუთხურობის დაცვის საკითხი. ვიწროკუთხურობაში ის ხედავდა სამყაროს ფერადოვნების შენარჩუნების საფუძველს და კოსმოპოლიტიზმის ამოსავალს. ამ ფერადოვნებაში ერთ ყმაწვილს თავისი ნიშა აქვს. 13 წლის ბიჭზე, გიორგი ელიზბარაშვილზე ნაცნობმა მიმითითა: სოფელ თხილიანის ნორჩი თაობის წარმომადგენელია, კარგი ბავშვია და ეგებ, ყურადღება დაუთმოო. თხილიანა ზღვის დონიდან თითქმის 1400 მეტრ სიმაღლეზეა. დუშეთიდან 58 კილომეტრითაა დაშორებული და უკანა ფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის.

გიორგის დავურეკე. უცხო ნომრის ზარს ქოშინით უპასუხა. ახლა ტელეფონში დენი იწურება და საღამოს თუ შეძლებთ დარეკვასო? - მოიბოდიშასავით. საღამოს თავად დარეკა. ყველა კითხვაზე მოკლედ იძლეოდა პასუხებს. დედა მასწავლებელი ჰყავს, მამა - მეკალმახეობითაა დაკავებული, ერთადერთი და კი ხშირად აბრაზებს. გიორგი კარგად სწავლობს. აი, ამ ბოლო დროს შეერია შედარებით მეტი "ცხრიანი", თორემ ადრე "ათიანებზე" ნაკლებს არ იმსახურებდა. უყვარს გეოგრაფია და ცოდნის ხარისხის დასადგენად, რამდენიმე მარტივი კითხვა დავუსვი: ხმელთაშუა ზღვიდან ინდოეთის ოკეანეში როგორ უნდა მოვხვდეთ?

- ინდოეთის ოკეანეში მოსახვედრად საჭიროა გიბრალტარის სრუტით ატლანტიკაში გასვლა, მერე აფრიკას შემოუვლი, გზადაგზა ან კუნძულებზე შეისვენებ, ან კონცხზე (კეთილი იმედის თუ არა, ნემსა კონცხი მაინც მიიღებს მეზღვაურებს!), ან თავად კონტინენტზე. მოზამბიკის სრუტისკენ აიღებ გეზს და უკვე ინდოეთის ოკეანეა! მართალია, მოზამბიკის სრუტე უფრო პატარაა, ვიდრე დრეიკის, მაგრამ მოზამბიკი გაცილებით ეგზოტიკურია! ისე, სუეცის არხითაც შეიძლება მეწამულ ზღვაში გასვლა, მერე ბაბ-ელ-მანდებით ინდოეთის ოკეანეში გაჭრა, მაგრამ ორი ნაკლი აქვს ამ მარშრუტს - ერთი ის, რომ მოკლე მანძილია და ბევრს ვერაფერს ნახავ და მეორეც, ვაითუ, სომალელმა მეკობრეებმა დაგიჭირონ! შორი გზა და კეთილი, თან - საინტერესო სჯობს! ისე, სომალელ მეკობრეებთან შეხვედრასაც აქვს ხიბლი.

მოკლე გეოგრაფიული ექსკურსის მერე, გიორგი "მიწაზე ეშვება" და მიყვება სკოლის მოსწავლეთა კონტინგენტის სიმცირეზე:

- მეშვიდე კლასი საერთოდაც არ გვყავს. დირექტორი ყოჩაღი ქალია, განა მარტო იმიტომ, რომ ცხრა შვილის დედაა და მეათესაც ელოდება, არამედ მოხალისე მასწავლებლებიც მის სახლში არიან მდგმურებად და სკოლასაც კარგად ჰპატრონობს. ავტობუსით დავდივართ სკოლაში და თუ დიდი ჩამოთოვა, მერე "მარშრუტკის" ნაცვლად, "დელიკით" გადავდივართ სოფლიდან სკოლამდე... ცხრაკლასიანი სკოლის დამთავრების შემდეგ, ვისაც საით აქვს წასასვლელი, იქით მიდის და აქედან წასულებს მერე უკან დაბრუნება უჭირთ. ბარად უფრო ეადვილებათ ცხოვრება. მთაჩი(!) ძნელია, აქ მარტო პირუტყვი და მიწათმოქმედებაა, ახალგაზრდებს კი გული ქალაქისკენ მიუწევთ და მარტო ყველი, კარტოფილი, სიმინდი და ლობიო ვის ეყოფა? ჩვენც გვყავს ოთხი ძროხა და ორი ხბო, ყანებსაც ვპატრონობთ და ვთიბავ კიდევაც...

გიორგის წეს-ჩვეულებებსა და თქმულებებზე ვეკითხები, - მაგას დადინჯებით უნდა დავუფიქრდე, დავწერ და ისე გამოვგზავნი. შეცდომები კი მექნება, მაგრამ რა ვქნა, ჯერ სასწავლი კიდევ ბევრი მაქვსო... დათქმულ დროს გიორგის წერილიც მოვიდა. მოკრძალება და სიყვარული ჩანდა წერილში. წარმოიდგინეთ, ქვემოთ მოყვანილ ტექსტს წელამდე თოვლში ჩაფლული ელიზბარაშვილი ჰყვება, რომელსაც ლოყები ბროწეულის ყვავილივით უღვივის და თვალები კიდევ, ელვის ცეცხლს აკვესებს:

"ფშავში, ისევე, როგორც აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, ყველას თავისი სალოცავი ჰქონდა და აქვს. მთიელთა ცხოვრება რელიგიურ საფუძველზეა მოწყობილი. ყოველ თემს თავისი ღვთისშვილი ჰყავს, ხოლო ყოველ ღვთისშვილს - თავისი "საყმო". ეს რწმენა და რელიგიები დამყარებულია სხვადასხვა მითსა და ლეგენდაზე, მაგრამ მათში სიმართლის ნაპერწკალიც ურევია. ფშავში სულ თორმეტი თემია. აქედან ერთ-ერთი ქისტაურთაა, რომელსაც მე და ჩემი ოჯახიც ვეკუთვნით. ყველა თემის საერთო სალოცავი იახსარია. ის სოფელ შუაფხოში, ავისგორზე მდებარეობს. მასზე უამრავი ლეგენდა არსებობს. გადმოცემის თანახმად, იახსარი მხსნელად მოვლენია ხალხს და ამიტომ უწოდებენ მას "ციდან ღვთის მიერ ჩამოშვებულს, ხალხის დასახმარებლად". ის თურმე, გამორჩეული ყოფილა ღონითა და სიძლიერით. ქაჯებთან, დევებთან და სხვა ბოროტ ძალებთან მებრძოლი ღვთაებაა. იახსარი ღვთისგან დაჯილდოებული ყოფილა მშვილდ-ისრით. თურმე, დევებს ფაცერი ჰქონიათ გაბმული - არაგვის ჭალაზე გამვლელ ხალხს იჭერდნენ და ჭამდნენ.

დევები მომრავლდნენ და ავისგორზე გადაწყვიტეს დასახლება. როცა ეს ამბავი იახსარმა გაიგო, წავიდა დევებთან და დახოცა ისინი, მაგრამ ერთი გაექცა. იახსარმა მას სდია და ბოლოს, დევმა ხევსურეთში, აბუდელაურის ტბას შეაფარა თავი. იახსარი მას წყალშიც შეჰყვა და მოკლა დევი, მაგრამ მისმა სისხლმა ტბა შეადედა და იახსარმა ვეღარ შეძლო ამოსვლა. მისი შველა და ამოყვანა შეიძლებოდა მხოლოდ ოთხრქა და ოთხყურა ცხვრის დაკვლით ტბასთან. ხალხმა დაკლა ასეთი ცხვარი, რის შემდეგაც ტბა გაიხსნა და იახსარი ამოვიდა (ამ ცხვრის თავის ქალა დღემდეა შემორჩენილი). მან შუაფხოში დაიდო ბინა, მაგრამ მის სახელზე სალოცავი რამდენიმე ადგილზეა, მათ შორის, ხევსურეთშიც...

ხატები მკაცრებიც არიან და სათანადო დამოკიდებულებას ითხოვენ. პირველად, ბლოელის ოჯახს უკურნებელი სენი შეჰყრია. ბლოელს უთხოვია იახსარისთვის, - ოღონდ ოჯახი გადამირჩინე და შენს კარზე ძღვნით, საკლავითა და სანთლებით მოვალო. იახსარსაც უშველია. მეორეჯერაც, ბლოელების ოჯახს რაღაც სახადი შეჰყრია. ამჯერადაც უთხოვია ოჯახის უფროსს შველა და იახსარსაც უშველია. კიდევ შეუწირავს ძღვენი, საკლავი და სანთლები. მესამეჯერ ბლოელს ყანა ჰქონია ასაღები. უეცრად გაავდრებულა. კვლავ უთხოვია ღვთისშვილისთვის, ამინდი გამოასწორე და ძღვენს არ მოგაკლებო. ამ დროს იახსარი ღვთის კარზე ყოფილა ასული, რაღაც მნიშვნელოვანი საქმისთვის, რომლისთვისაც თავი მიუნებებია და ბლოელთან მისულა. რომ უნახავს, კაცს დიდად არაფერი უჭირდა, განრისხებულა და ბლოელი მთელი ოჯახით ამოუწყვეტია.

იახსარზე სხვაც ბევრი ლეგენდა არსებობს, მაგრამ საერთო მაინც უცვლელია ყველგან და მას, როგორც ღვთისშვილს, ისე ეთაყვანებიან. GzaPress

იახსარი ქისტაურთა სალოცავია. ამ თემში შემდეგი გვარების წარმომადგენლები ვართ გაერთიანებული: ელიზბარაშვილები, ჯაბანიშვილები, ქოჩაშვილები, ხუცურაულები და ა.შ. ჩვენ ყველას იახსარი გვაერთიანებს. დღემდე აკრძალულია ამ გვარის შვილების ერთმანეთზე ქორწინება.

მე იახსარის ყმა 2 წლის ასაკში გავხდი ანუ მაშინ, როცა მშობლებმა ხატში გამიყვანეს. ხატში ბავშვის გაყვანაც ერთგვარი ტრადიციაა: როცა ბიჭი გაჰყავთ ხატში, მაშინ მას თან აყოლებენ საკლავს, შესაწირს. როცა გოგო გაჰყავთ ხატში, ქადას და სანთლებს ატანენ. აქაურებს გვაქვს ხატობის დღესასწაული. ამ დროს იახსრის ყველა ყმა იკრიბება, საკლავებს კლავენ და ძალიან კარგ დროს ვატარებთ. გვყავს ხევისბერი, რომელიც ყველაფერ ამას უძღვება".

იახსარის ყმა გიორგი თანამედროვეობას უწყობს ფეხს. სწავლა სწადია და ისწავლის კიდეც. ალბათ, საშუალო სკოლას დუშეთში დაამთავრებს, იქ სახლიც აქვს. მერე თბილისისკენ გაუტევს და შემდეგ რა მოხდება, არავინ იცის. ახლა, როცა ჯერ კიდევ თხილიანას აღმართებს უტევს მოუღალავი მუხლით, ზოგჯერ ვიღაც დაურეკავს და გაეზრახება. პატარა გოგო (ძმაკაცის დაა, სხვა არავინ გეგონოთ!), მასავით ბილიკს ადევნებული, დაეკითხება: გიო, განა ვინ იყო?! გოგონას ხმაში ათასი ზანზალაკის ჟღერაა მოქცეული, არაგვის სიწმინდეც და ცოტაც - იმ დევების სიბრიყვე, არაგვის ხეობაში ფაცერს რომ აგებდნენ არაგველთა დასაჭერად და შესაჭმელად.

ვაჟაზეც ბევრი სმენია გიორგის. აი, უკანაფშაველ ნოდარზეც, მამით ქისტი რომაა და დედით - ფშაველი. ძველიც ბევრი იცის და ახალ-უხლებიც. ვაჟა რომ დიდია, ამას მაშინ იგრძნობ, ივლიაანთ გორაზე თუ დაჯდები მარტო და "ალუდა ქეთელაურს" მდუმარებაში წაიკითხავ. ნოდარზე კიდევ, ინტერნეტით გაიგო. ეს ის ნოდარია, ჯიუტად რომ ცდილობს უკანაფშავის ოთხოჯახიანი ვაკისოფლის გამარადჟამებას. ჰო, ეგ ის ახალგაზრდაა, გასულ წელს "წლის ფერმერადაც" რომ დაუსახელებია სოფლის მეურნეობის სამინისტროს...

ბევრი საინტერესო ადამიანი დადის არაგვის თხმელიან-ნიგვზიანებში, მაგრამ აღარც იმდენი, რამდენიც - უწინ. მათზე ბევრი უნდა თქვან და დაწერონ, უყურადღებობა არავის უყვარს და ყურადღება ბევრად უფრო სასიამოვნოაო, - უთქვამთ ფშავში. რაღაც სხვაც უნდა მოიფიქრონ ფშავის გადასარჩენად, მარტო ვაჟას სახლ-მუზეუმში მისული ტურისტები და ორიოდე, მთაზე შეყვარებული რას გადაარჩენს იმ მხარეს, სადაც ღრუბლებიც სიყვარულით დასცქერიან მიწის უსწორმასწორობასა და არაგვის გახელებულ დინებას?!.

ახლა, როცა ფშავში საკმაოდ ცივა, წყლის მილები გაყინულია, ამიტომ გიორგის ოცი ლიტრი წყლის ამოტანა უწევს დიდ აღმართზე. ძალდატანებისგან ლოყები კიდევ უფრო უღვივდება სწრაფად მოარულს, თან - თოვლიან ყინულს უფრთხილდება, ფეხი რომ არ დაუცდეს.

დილაადრიან, ენერგიით სავსე გიორგის ახსენდება შუა ლახატის გზა, რომელსაც გაზაფხულზე ოხშივარავარდნილი რძის სუნი ასდის. ზაფხულობით სიმწვანეა სხვადასხვა სიმკვეთრით ამ გზაზე, შემოდგომაზე კი წელამდეა ფოთოლცვენის უგულო ნამკალი... გიორგის ფეხქვეშ შრიალებენ გამხმარი ფოთლები, მაგრამ შუა ლახატში ის ცხვრის თავის ქალა უნდა ნახოს, იახსარისთვის რომ დაუკლავთ (გიორგი ამტკიცებს, რომ ქალაზე ახლაც ოთხი რქაა!).

ჰო, გიორგის ფანდურის, გიტარისა და ფორტეპიანოს დაკვრის შესწავლა უნდა. ალბათ, სტუდენტობისას ამასაც შეძლებს. უფრო - ფანდურისკენ მიუწევს გული, დიდი ვაჟა თავისი ლექსების ნაწილს ხომ ფანდურზე ამღერებდა!..

როლანდ ხოჯანაშვილი