გზა რთუ­ლი ბავ­შ­ვო­ბი­დან წარ­მა­ტე­ბულ ბიზ­ნეს­მე­წარ­მე­ო­ბამ­დე - გზაპრესი

გზა რთუ­ლი ბავ­შ­ვო­ბი­დან წარ­მა­ტე­ბულ ბიზ­ნეს­მე­წარ­მე­ო­ბამ­დე

მელანო დადალაური პანკისში დაიბადა, მაგრამ გაჭირვებისა და გაუსაძლისი სოციალური პირობების გამო, ოჯახთან ერთად, 1994 წელს საცხოვრებლად თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში გადავიდა. მოგვიანებით ოჯახი თბილისში გადმოვიდა. სახლი ოჯახის არა მარტო დიდმა, არამედ მოზარდმა წევრებმაც საკუთარი ხელებით ააშენეს. დედ-მამას არ სურდა, სოფელში დატოვებული ორი სახლი უფუნქციოდ დარჩენილიყო, შვილებს სოფლის გზა დაევიწყებინათ... ამ და მცირედი შემოსავლის გაჩენის მიზნით გადაწყვიტეს, სოკოს წარმოება წამოეწყოთ. ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციით, არსებულ ფართობზე საწარმო მოაწყვეს და უკვე ორი წელია, ამ ბიზნესს მისდევენ.

მამა ადგილზე მუშაობს, ორი სტუდენტი და -საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი სპეციალისტი, 25 წლის მელანო და მომავალი ფსიქოლოგი, 22 წლის გვანცა, სწავლასა და მუშაობასთან ერთად, სოკოს წარმოებაში აქტიურად არიან ჩაბმულნი.

მელანო დადალაური:

-სასათბურე პირობებში სოკოს მოყვანის იდეა მამას ეკუთვნის. მცირე ბიზნესი ნელ-ნელა გავაფართოეთ. ინკუბატორის მოცულობა 65 კვმ-ია, სადაც 500 ტომარაა განთავსებული. ამჟამად თვეში 200-250 კილოგრამ სოკოს ვაწარმოებთ. ახლახან პროექტის -"აწარმოე საქართველოში" -ფარგლებში, 2.500 ლარის გრანტი გათბობა-გაგრილების სისტემის შესაძენად მოვიპოვეთ. სოკოს მოყვანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორედ ტემპერატურის დარეგულირება და ჰაერნაკადის სწორი ცვლაა. ვვარაუდობთ, რომ ახალი სისტემის წყალობით, მარტიდან წარმოების მოცულობას გავასამმაგებთ: თუკი ადრე ტომარაზე 3-4 კილოგრამი მოგვყავდა, შევძლებთ, სულ ცოტა, 6-7 კგ მოვიყვანოთ.

-რატომ აირჩიეთ მოსაყვან კულტურად მაინცდამაინც სოკო?

-ეს მხოლოდ ბიზნესგათვლა იყო. შევისწავლეთ ადგილობრივი ბაზარი და აღმოჩნდა, რომ მოთხოვნა მაღალი იყო, კონკურენცია და მიწოდება კი -არცთუ ისე დიდი. მოთხოვნა თელავის ბაზარზე იმდენად მზარდია, გასაღების სხვა კერების ძებნის საჭიროება, ფაქტობრივად, არ არსებობს. გარდა ამისა, იქვეა გურჯაანისა და ახმეტის ბაზრებიც. სოკოს განსაკუთრებით მაღალი ფასი მარხვის პერიოდში აქვს. საერთოდ, სეზონურობა ახასიათებს. უფრო მოგებიანია მისი რეალიზება ზამთარში, მარხვის პერიოდში და ადრეულ გაზაფხულზე. თუმცა, როცა მუდმივი მომხმარებელი გყავს, სასურველია, მოთხოვნა, თუნდაც მინიმალური მოგების სანაცვლოდ, რეგულარულად დააკმაყოფილო. სამაგიეროდ, ბაზარზე სტაბილურობას შეინარჩუნებ.GzaPress

-ინფორმაციის მოძიებაში ვინ დაგეხმარათ?

-ქართულ საიტებზე საჭირო მასალა სოკოს წარმოების შესახებ მეტისმეტად მწირი აღმოჩნდა. ამიტომ, უცხოური საიტებიდან ვთარგმნეთ. ასევე, დაგვეხმარნენ ადამიანები, ვისაც ამ საქმეში უკვე დიდი ხნის გამოცდილება აქვთ. განათლებით, ოჯახიდან არავინაა დაკავშირებული ამ სფეროსთან.

-რა სირთულეს წააწყდით წარმოების პროცესში?

-როგორც გითხარით, ყველაზე დიდი სირთულე -ტემპერატურის რეგულირება და ჰაერნაკადის ცვლაა. ინკუბატორში ერთი ტემპერატურა უნდა იყოს, გამოსაყვანში -სხვა. დასაბალანსებელია: სინათლე, ტენიანობა, აზოტის მოცულობა. აღების დრო სასურველია, დაამთხვიო პერიოდს, როცა მოთხოვნა და ფასი უფრო მაღალია. ძირითადი პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობა იყო, რაც, ნელ-ნელა შეივსო. ახლა რომ ვფიქრობ, მიკვირს, საერთოდ როგორ ვახერხებდით თავდაპირველად იმ ცოდნით სოკოს მოყვანას?!

-სოკოს რომელი სახეობა მოგყავთ?

-მხოლოდ კალმახა სოკო მოგვყავს და ახლო მომავალში არც ვაპირებთ რაიმე სხვა სახეობის დამატებას. კალმახა იოლი მოსავლელია, იოლად ეგუება და უძლებს გარემო პირობებს, მდგრადია ტემპერატურის მიმართ. ცნობილია, რომ სოკოს ეს სახეობა განსაკუთრებულად სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. გარდა ამისა, მიცელიუმზე მოყვანილი სოკო არ შეიძლება იყოს შხამიანი. გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის ბაზარიც არ არის მთლიანად ათვისებული კალმახა სოკოს რაოდენობით, დიდი საწარმოებიც კი არ აპირებენ სხვა სოკოს წარმოების დაწყებას. მისი ჩასაბარებელი ფასი 2-5 ლარია, გასაყიდი კი -3-7, 9-მდეც ასულა. თბილისის ბაზართან შედარებით, ჩაბარების ფასი თელავის ბაზარზე უფრო მაღალია. ფაქტობრივად არ გვაქვს ტრანსპორტირების ხარჯი, რეალიზებას თითქმის ყოველთვის ადგილზევე ვახდენთ. არც შენახვისთვის საჭირო განსაკუთრებული პირობები გვჭირდება, რადგან პროდუქტი მოკრეფისთანავე იყიდება.

-ადგილზე მუდმივად მხოლოდ მამა მუშაობს?

-დიახ, ჯერჯერობით ასეა. ამჟამად მიკრომეწარმედ ვართ დარეგისტრირებული და სხვების დასაქმების უფლება არ გვაქვს. თუმცა, როცა გავფართოვდებით, გვინდა, ადგილობრივებიც დავასაქმოთ.

-რა კონკრეტულ საქმიანობას ეწევი პირადად შენ?

-მე და გვანცა მამას წარმოების დეტალების ორგანიზებაში, ბაზრის კვლევაში, ლიტერატურის, ინფორმაციის მოძიებაში დავეხმარეთ. შევისწავლეთ ადგილობრივი სასათბურე მეურნეობები, გავიცანით ადამიანები, ვისგანაც ინფორმაცია მივიღეთ. გარდა ამისა, უზრუნველვყოფ ტექნიკური დეტალების მოგვარებას, ამ ეტაპზე -გაზის გაყვანას, ტექნიკისა და თესლის შეძენას, კლიენტებთან და მომწოდებლებთან შეთანხმებას, ტრანსპორტირებას, მაღაზიებთან დაკავშირებას, დოკუმენტების მოწესრიგებასა და კვლევა-ანალიტიკა-სტატისტიკას. ვგეგმავ, გამოვიკვლიო სტატისტიკური მონაცემები -როგორ მერყეობს სოკოს ფასი სხვა რეგიონებში, რაზეა ის დამოკიდებული.

-ბიზნესპარტნიორები, მომხმარებლები თუ მომწოდებლები როგორ აღიქვამენ 22 და 25 წლის მეწარმე გოგონებს?

-ჰგონიათ, რომ ნაკლები ინფორმაცია და განათლება გვაქვს, ბიზნესის არაფერი გვესმის, მაგრამ ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა საქმის მეტი შემართებით გასაკეთებლად. ვფიქრობ, ჭკვიანმა ქალმა ამგვარი დაბრკოლებები დამხმარე ფაქტორად უნდა აქციოს.

-სწავლის, მუშაობისა და ბიზნესსაქმიანობის პარალელურად ბევრი სხვა საქმის გაკეთებასაც ახერხებ, არა?

-ყოველი კვირის ბოლოს მეგობრებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ვსტუმრობ. გარდა ამისა, საქველმოქმედო პროექტებს ვახორციელებთ. ახლახან ასეთი აქცია ფშავთან ახლოს, სოფელ ხომში მოვაწყვეთ. გვინდოდა, რამდენიმე ფშაურ ოჯახს დავხმარებოდით, რომლებიც, მიუხედავად გაუსაძლისი პირობებისა, მთას ამაგრებენ, იქაურობას არ ტოვებენ. გზით, რომელსაც გზა მხოლოდ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ, საკვები პროდუქტები და ნივთები ხელით ავიტანეთ. მერწმუნეთ, მათი უმრავლესობა წარმოუდგენელ პირობებში ცხოვრობს. არ აქვთ გზა, ელექტროენერგია, გაზი, იქ არ "იჭერს" ტელეფონი, ინტერნეტზე საუბარი ხომ ზედმეტია... პროდუქტის საყიდელი თანხა რომც ჰქონდეთ, გზა არ აქვთ, რომ ცენტრამდე ჩავიდნენ და რაიმე შეიძინონ. უგზოობისა და ვერტმფრენის დაგვიანების გამო, სულ რამდენიმე წლის წინ არხოტში ჩემი მეგობარი, ფიზიკურად ძალიან ძლიერი და ჯანმრთელი, 23 წლის ერეკლე ჭინჭარაული სხეულის გადაცივებით გარდაიცვალა. ერთ-ერთ ოჯახში ჭიგოებზე ბრეზენტი ჰქონდათ შემოხვეული და იქ 2 და 4 წლის ბავშვებს ზრდიდნენ... ჩვენმა მისვლამ შედეგი გამოიღო -კეთილი ადამიანები მათ კარ-ფანჯარას ჩაუსვამენ, სახლს გადაუხურავენ... მთა ძალიან მიყვარს და ჩემი სამომავლო გეგმების დიდი ნაწილი მის განვითარებას უკავშირდება. ახლახან ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ კონკურსში საუკეთესო ტრენერებს შორის მოვხვდი. ტრენინგებს იმდენად კარგი შედეგი ჰქონდა, რომ ამ ეტაპზე სკოლებში ვართ მიწვეული სხვადასხვა საკითხზე ტრენინგების ჩასატარებლად. ამჟამად ყვარლის სკოლებიდან გვაქვს მიწვევა, მაღალი კლასების მოსწავლეებს ახალგაზრდა მეწარმეები ჩვენი საქმიანობის შესახებ მოვუთხრობთ, გამოცდილებას გავუზიარებთ. ასეთი აქციების შედეგად ადამიანები დაიწყებენ ფიქრს იმის შესახებ, რომ შეუძლიათ, საკუთარი მეურნეობა ბიზნესად აქციონ. გაცვლითი პროგრამით ხშირად დავდივარ საზღვარგარეთ. პირველი კურსიდანვე წელიწადში სამჯერ მაინც მიხდებოდა საზღვარგარეთ წასვლა საზაფხულო სკოლებში, რომლებიც ბიზნესადმინისტრირებას, ეკონომიკას, მეწარმეობას ეხებოდა. ამან მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა სოკოს საწარმოზე ფიქრს და ამ იდეის განხორციელებას. სხვათა შორის, 2013 წელს ჩემი მეგობრების -სალომე სალაძის, ზურაბ დურგლიშვილისა და სხვა ბევრი ადამიანის თანადგომით, მიუნხენში ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში ქართული ბიბლიოთეკა გავხსენით. ერთი წლით ენის კურსებზე მივდიოდი. ჩემოდანში, ტანსაცმლის ნაცვლად, სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ ცალკეული ადამიანების მიერ მოწოდებული წიგნები ჩავალაგე და იქაური ქართველებისთვის წავიღე. ბიბლიოთეკა დღესაც არსებობს. მიუნხენის საკვირაო სკოლაში ისტორია-გეოგრაფიას ვასწავლიდი. აპრილში მაგისტრატურაში სასწავლებლად ერთი წლით გერმანიაში მივდივარ. სადაც უნდა იყო, სამშობლოსთვის ყველგან შეგიძლია, რაიმე სასიკეთო გააკეთო.

-მელანო, ბავშვობის შეჭირვებულ წლებზე მიყვებოდი. ფიქრობ, რომ ამანაც მისცა ბიძგი შენს სწრაფვას წარმატებისკენ?

-დიახ, შესაძლოა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად იაფფასიანი სათამაშო და ფუნთუშა სანატრელი გვქონდა, ამან ჩვენს ფსიქიკას არათუ დაღი არ დაასვა, არამედ, პირიქით, წარმატების სურვილი და მოტივაცია გაგვიძლიერა... ხშირად მიფიქრია, რომ გვქონოდა ნორმალური პირობები, არც საცხოვრებელ ადგილს შევიცვლიდით და ჩვენს ცხოვრებაში სასიკეთო ძვრებიც აღარ იქნებოდა. უკიდურესი შეჭირვების მიუხედავად, ჩემი მშობლები მაქსიმალურად ეცადნენ, ჩვენთვის განათლება მოეცათ. წერა-კითხვაც არ ვიცოდი, როცა ჭადრაკს ვთამაშობდი.

-თქვი, რომ ბიზნესიდეები გაქვს. უახლოეს მომავალში რაიმეს ახალს ხომ არ გეგმავ?

-თელავში ტრენინგ-ცენტრის გახსნას ვაპირებ. ერთ მთლიან კამპუსში შესაძლებელი იქნება: ტრენინგების ჩატარება, ღამის გასათევის მოწყობა, კვებით უზრუნველყოფა. გარდა ამისა, მინდა, თელავში დედასაც ავუშენო საოჯახო ტიპის სასტუმრო. შვილებს ჩვენ-ჩვენი პროფესიები გვაქვს, დედ-მამას კი საკუთარი საქმე ექნება და ერთადაც იქნებიან (იცინის).

შორენა ლაბაძე