ჯანდაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის უპრეცედენტო პროგრამა - გზაპრესი

ჯანდაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის უპრეცედენტო პროგრამა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ქალებში ავთვისებიანი ახალწარმონაქმნებით გამოწვეული სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი, სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეა. ყოველ წელს საქართველოში დაახლოებით 1 300-მდე ახალი შემთხვევა ვლინდება (მათ შორის 450-500 თბილისში რეგისტრირებული პირია). საყურადღებოა, რომ შემთხვევათა 20-25%-ში აღინიშნება ყველაზე აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი ძუძუს კიბო, რომლის ადრეულ (I, II, III) სტადიებზე განკურნების საუკეთესო შანსს ჰერცეპტინით მკურნალობის კურსი წარმოადგენს.

ეს პრეპარატი ქართველი ონკოლოგებისთვის ნაცნობია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, მაღალი ფასის გამო (კურსის ღირებულება 70.000 ლარია), პაციენტები იძულებულნი იყვნენ, მასზე უარი ეთქვათ.

თბილისის მერიის და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი მუშაობის შედეგად, მწარმოებელ კომპანიასთან მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, ჩვენს ქვეყანაში პრეპარატი დაკლებული ფასით შემოვა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ქალბატონები უფასოდ, ხოლო დანარჩენი პირები 20%-იანი თანაგადახდით მიიღებენ. თბილისში რეგისტრირებულ პირებს ხარჯს ქალაქის მერია დაუფარავს, დანარჩენ ქალაქებსა და რეგიონებში - ჯანდაცვის სამინისტრო.

ეკა ადამია, ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და პროგრამების სამმართველოს უფროსი:

- თავდაპირველად ეს იყო თბილისის მერიის ინიციატივა, მაგრამ სამუშაო პროცესს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აწარმოებდა. მოგეხსენებათ, მოქალაქეები ჯანდაცვის სამინისტროს სხვადასხვაგვარი დახმარების გასაწევად ხშირად მომართავენ. მათ შორის ძალიან ბევრი განცხადება შემოდის ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების სახელით.

ამ პრეპარატით მკურნალობის ფასი შარშან დაახლოებით 70.000 ლარს აღწევდა. ძალიან ბევრი მოქალაქისთვის ეს ხელმიუწვდომელი, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. პაციენტები თანადაფინანსების მოთხოვნით ხშირად მოგვმართავდნენ, რიგ შემთხვევაში სამინისტრო, რიგ შემთხვევაში - მერია, რამდენიმე ფლაკონით ეხმარებოდა, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავდა.

წელს გაჩნდა შესაძლებლობა, მწარმოებელ კომპანიასთან გვეწარმოებინა მოლაპარაკება მედიკამენტის ფასდაკლებით შემოტანაზე. ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვიყენეთ ის გამოცდილება, რომელიც ც ჰეპატიტთან დაკავშირებით გვქონდა.

ზუსტად იმავე პრინციპით ვიმოქმედეთ და შედეგს მივაღწიეთ. ჰერცეპტინს მხოლოდ ერთი კომპანია აწარმოებს. ძუძუს კიბოს I, II, III სტადიაზე გამოიყენება HER-2 რეცეპტორდადებითი სიმსივნის შემთხვევაში. ეს ფორმა განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა. ეს არ არის ქიმიოთერაპია. პრეპარატი დამიზნებით მოქმედებს აგრესიულ, დაავადებულ უჯრედებზე და ანადგურებს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, 90%-ში რეციდივი აღარ ხდება.

- 1 300 შემთხვევიდან სიმსივნის ეს ფორმა 20-25%-ს უდგინდება. დანარჩენი პაციენტებისთვის არაფერი იცვლება?

- ეს მედიკამენტი კონკრეტულად სიმსივნის ამ ფორმაზე მოქმედებს. პროგრამა ამას ითვალისწინებს. რაც შეეხება სიმსივნის სხვადასხვა ფორმას, რიგი საკითხები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია გათვალისწინებული.

- რას გულისხმობთ?

- ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია. არის მედიკამენტები, რომლებსაც მომართვის შემთხვევაში, რეფერალური კომისია განიხილავს და აფინანსებს.

- ასაკზე შეზღუდვა არსებობს?

- არანაირი.

- თქვენ მკურნალობის ერთწლიან კურსს აფინანსებთ. ეს პერიოდი საკმარისია იმისათვის, რომ პრობლემა მოგვარდეს?

- როგორც ექიმი ჩათვლის საჭიროდ. პაციენტს შესაძლებლობა ექნება, მკურნალობის კურსი მომდევნო წელსაც ჩაიტაროს. დაფინანსების ერთწლიანი პროგრამა ითვალისწინებს 13-18 ფლაკონს. მიღების ინტენსივობას ბუნებრივია, ექიმი განსაზღვრავს. ეს პაციენტის წონაზეცაა დამოკიდებული. მწარმოებელ კომპანიასთან ორწლიანი მემურანდუმი გვაქვს გაფორმებული. სოციალურად დაუცველებს მერია მკურნალობის კურსს სრულად უფინანსებს. ჯანდაცვის სამინისტრო 80%-იან დაფინანსებას სთავაზობს. მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობები ერთვებიან პროცესში, დანარჩენი 20% გამოყოფილი იქნება რეფერალური კომისიის მიერ. საბოლოო ჯამში გამოდის, რომ სოციალურად დაუცველები პრეპარატს უფასოდ მიიღებენ, ხოლო ვინც სოციალურად დაუცველი არ არის, 20%-იანი თანაგადახდით. ხარჯი დაახლოებით 7.000 ლარამდე ადის.

- ეს პრეპარატი ქირურგიული ჩარევის შემდგომ პერიოდშიც გამოიყენება?

- რა თქმა უნდა.

- სანამ თქვენთან ინტერვიუზე წამოვიდოდი, ჰერცეპტინის ანოტაციას გავეცანი. ჩვენებაში წერია, რომ გამოიყენება HER-2 დადებითი მეტასტაზური კუჭის კიბოს სამკურნალოდ. რადგან მწარმოებელი კომპანია ფასდაკლებით გვაწვდის მედიკამენტს, ხომ არ იგეგმება, მომავალში კუჭის კიბოთი დაავადებულმა პაციენტებმაც გამოიყენონ?

- ამას ვერ გეტყვით, ჩვენ ონკოლოგებთან გავიარეთ კონსულტაცია, მათ აქცენტი ამ მიმართულებით არ გაუკეთებიათ.

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე მითითებულია, რომ ბენეფიციართა უზრუნველყოფა განხორციელდება რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რისთვისაც ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

2. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა # 100).

3. მედიკამენტის ღირებულების ანგარიშფაქტურა გაცემული ჯანდაცვის სამინისტროსა და შესაბამის უფლებამოსილ კომპანიას შორის გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული აფთიაქების მიერ.

4. გინეკოლოგიური და მამოლოგიური პათოლოგიების მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტის მორფოლოგიური ლაბორატორიის მიერ დადასტურებული დასკვნა HER-2 რეცეპტორდადებითი ადრეული ძუძუს კიბოს არსებობის თაობაზე.

რეფერალური კომისია განიხილავს მაძიებლისთვის დაფინანსების გაცემის შესაძლებლობას და გასცემს საგარანტიო წერილს, დაფინანსების წილობრივი ოდენობის მითითებით.

აქვე მითითებულია იმ აფთიაქების ჩამონათვალი, სადაც პრეპარატი გაიცემა. მათ მწარმოებელი კომპანიისგან ფასდაკლებით გავრცელების უფლება აქვთ მინიჭებული.

უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს ქვეყანაში გამოკვლევების გეგმური ჩატარების კულტურა ნაკლებია. ამის დასტურია ის, რომ მოქალაქეები არ სარგებლობენ იმ სიკეთით, რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ინფორმირებულობის ნაკლებობის ბრალიც არის. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით და დედაქალაქშიც სკრინინგპროგრამა მოქმედებს. ამ პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას შეუძლია, უფასოდ ჩაიტაროს შემდეგი გამოკვლევები:

ძუძუს გამოკვლევები - 40-დან 70 წლამდე (ითვალისწინებს მამოგრაფიას და საჭიროების შემთხვევაში - მამოლოგის კონსულტაციას, ციტოლოგიას ან ექოსკოპიას).

საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები - 25-დან 60 წლამდე (ითვალისწინებს პაპ-ტესტს და საჭიროების შემთხვევაში - კოლპოსკოპიას).

მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები - 50-დან 70 წლამდე (ითვალისწინებს ტესტს ფარულ სისხლდენაზე).

პროსტატის გამოკვლევა - 50-დან 70 წლამდე (ითვალისწინებს პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის ტესტს).

შეგიძლიათ დარეკოთ ეროვნული სკრინინგცენტრის საინფორმაციო სამსახურის ტელეფონის ნომერზე: 2-20-35-35 და მიიღებთ ინფორმაციას იმ კლინიკების შესახებ, სადაც კიბოს სკრინინგის პროგრამა მოქმედებს. საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის ტერიტორიულად ხელსაყრელი სამედიცინო დაწესებულება და იქ ჩაიტაროთ გამოკვლევები.

ეკა ადამია:

- ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს სკრინინგპროგრამით. მაქსიმალურად ვცდილობთ, მოსახლეობამდე მივიტანოთ ყველა ის სიკეთე, რომელსაც მთავრობა სთავაზობს თავის მოქალაქეებს. სკრინინგის პროგრამაზე მიმართვიანობა ძალიან დაბალია, მიუხედავად იმისა, რომ უფასოა. ზოგიერთი ექიმთან შიშის გამო არ მიდის. ეს ძალიან ცუდია. როდესაც დაავადებას ადრეულ ეტაპზე აღმოაჩენ, გაცილებით იოლად ამარცხებ. პერიოდულობაც დადგენილია. ზოგიერთი კვლევა საჭიროა, 2 წელიწადში ერთხელ ჩავიტაროთ, ზოგიერთი - წელიწადში ერთხელ.

- ამ პროგრამით მოსახლეობის რამდენი პროცენტი სარგებლობს?

- ძალზე დაბალი პროცენტი. ამჟამად გურჯაანის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს პილოტური ორგანიზებული სკრინინგის პროგრამა. პროცესში აქტიურადაა ჩართული ოჯახის ექიმი. მას შეუძლია, ადგილზევე აიღოს ანალიზი და გადაგზავნოს კლინიკაში ან ეს პაციენტები თავად გაუშვას კლინიკაში. თუ პილოტის შედეგი ეფექტიანი იქნება, მთელ საქართველოზე გავრცელდება.

თამუნა კვინიკაძე