სოსო ცინცაძე: "ირანთან სავიზო რეჟიმის შემოღება ძალიან დიდი შეცდომა იყო" - გზაპრესი

სოსო ცინცაძე: "ირანთან სავიზო რეჟიმის შემოღება ძალიან დიდი შეცდომა იყო"

15 თებერვლიდან საქართველომ ირანისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმი გააუქმა, რის გამოც ირანელებს უკვე შეუძლიათ, საქართველოში უვიზოდ შემოვიდნენ. ირანის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ, რადგან უვიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები შეფერხდა. 2013 წლის ზაფხულში დაწესებულმა სავიზო რეჟიმმა ყველაზე მეტად სავაჭრო ბრუნვასა და ინვესტიციებზე მოახდინა გავლენა, რადგან ირანელი ბიზნესმენების დიდმა ნაწილმა საქართველო დატოვა. ირანელი დიპლომატები მიიჩნევენ, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება ორ მეზობელ ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანს. "ეს ძალიან კარგი საქმეა, ოღონდ, დაგვიანებული", - გვითხრა პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ, რომელსაც ამ მოვლენის შეფასება ვთხოვეთ:

- ჩვენს მთავრობას რომ ჰქონდეს უნარი, ოპერატიულად გამოეხმაუროს მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებს, ეს გადაწყვეტილება გასული წლის ზაფხულში უნდა მიეღო ანუ მაშინ, როდესაც უკვე ცნობილი გახდა, რომ ირანს ეს სანქციები მოეხსნებოდა. მინისტრთა კაბინეტი მაშინვე უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ ღარიბაშვილი სულ სხვა რაღაცებით იყო დაკავებული. გამოვიდა, რომ ჩვენ ჩამოვრჩით მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, სომხები კი, ჩვენზე ჭკვიანები აღმოჩნდნენ: ჩვენ ახლა აღვადგინეთ უვიზო მიმოსვლა, საპარლამენტო დელეგაციაც გავცვალეთ, მაგრამ სომხეთს დღეისათვის უკვე 15-მდე ხელშეკრულება აქვს დადებული ირანთან. მათ შორის, ოთხი - ტურიზმის სფეროს ეხება. მით უმეტეს, რომ სომხეთში არ არის ისეთი ბუნებრივი პირობები, მათ არც ისეთი კურორტები აქვთ, როგორიც ჩვენ. სომხები ყველანაირად ცდილობენ, საკმაოდ მდიდარი ირანელების კეთილგანწყობის მოპოვებას და ახერხებენ კიდეც. ცნობილი ფაქტია, რომ ირანთან ბევრი რამ გვაკავშირებს, ამიტომ სომხებმა მათთან ურთიერთობაში არ უნდა გვაჯობონ, მაგრამ გვჯობნიან, რადგან უფრო პრაგმატულად აზროვნებენ.

- ბატონო სოსო, რით არის ირანი საინტერესო ჩვენთვის?

- ვინაიდან ირანმა დასავლეთისთვის მიცემული ყველა პირობა შეასრულა, მის წინააღმდეგ სანქციებიც მოიხსნა და ეს ქვეყანა სულ მალე მიიღებს რამდენიმე მილიარდ დოლარს - ეს ის ფულია, რომელიც ირანელებს ევროპისა და აზიის ბანკებში ჰქონდათ შენახული და სანქციების გამო "დააპატიმრეს". ამ ფულით ირანის ეკონომიკაც გაძლიერდება, მოსახლეობის შემოსავალიც გაიზრდება და ათჯერ და ასჯერ მეტ ირანელს გაუჩნდება სურვილი, ჩვენთან იმოგზაუროს. ამ დროს ჩვენ ერთი ხელშეკრულებაც არა გვაქვს დადებული ტურიზმზე, არც ეკონომიკურ თანამშრომლობასა და მიმოსვლაზე. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს დაგვიანებული ღონისძიებაა.

- რამდენად გონივრული ნაბიჯი იყო უვიზო რეჟიმის გაუქმება?

- ეს იყო უგუნურება და სისულელე, რადგან არ შეიძლება, ნაბან წყალს ბავშვიც გადააყოლო.

- ირანში საპარლამენტო დელეგაცია უკვე გაიგზავნა. ეს ხომ წინგადადგმული ნაბიჯია?

- დიახ, მაგრამ რა არის საპარლამენტო დელეგაცია? - არაფერი. მას არც ხელშეკრულების დადება შეუძლია და არც ერთობლივი პროექტების დაგეგმვა. ჩადიან იქ, მხოლოდ მეგობრობაზე ლაპარაკობენ და მოდიან. ისედაც, საპარლამენტო დელეგაციების დიპლომატიური ეფექტი ყველგან და ყოველთვის დაბალია. ასეთ დელეგაციას შეუძლია, მხოლოდ საძირკველი ჩაუყაროს რაღაცას. ჩვენ ამდენი წელი უვიზო მიმოსვლა გვქონდა ირანთან, აქ ჩამოდიოდნენ, ბიზნესი ჰქონდათ, ფულს ხარჯავდნენ და ერთი ხელის მოსმით წავშალეთ.

- ცნობილია, რომ უვიზო მიმოსვლის გაუქმების შემდეგ აქ ჩამომსვლელი ირანელების რიცხვი 4-ჯერ შემცირდა. რატომ?

- რასაკვირველია, შემცირდებოდა, რადგან ორ ქვეყანას შორის ნდობა დაიკარგა. იმედი ვიქონიოთ, რომ სიტუაცია ახლა მაინც გამოსწორდება და ჩვენს სახელმწიფოებს შორის კონტაქტები სამართლებრივ საფუძველზე დამყარდება. ახლა ტურიზმის ადმინისტრაციამ და ეკონომიკის სამინისტრომ თეირანი მეორე სახლად უნდა გაიხადონ. თვითონაც ხშირად დაპატიჟონ, მიღებებს დაესწრონ, მთელმა მინისტრთა კაბინეტმა უნდა იაქტიუროს. ირანი არის ჩვენ გვერდით გაჩენილი "მეფე კრეზი", რომელსაც უეცრად უჩნდება დიდძალი თანხა და იქნებ ჩვენც ვისარგებლოთ ამით? იმაზე ფიქრი, რას იტყვის ვაშინგტონი ან ბრიუსელი, არ ღირს. მით უმეტეს, რომ სწორედ ვაშინგტონმა და ბრიუსელმა მოუხსნეს ირანს სანქციები. ბარაკ ობამამ ლამის ნახევარი მსოფლიო მოიმდურა იმის გამო, რომ ირანს სანქციები მოუხსნა და ჩვენ რა ვართ ასეთი გამორჩეულები?

- ირანელმა ბიზნესმენებმა უკვე გამოთქვეს სურვილი, კახეთში იჯარით დიდძალი მიწა აიღონ, რაც ქართველი საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს. მათი მტკიცებით, ქართული მიწა უცხოტომელების ხელში არ უნდა გადავიდეს. როგორ ფიქრობთ, საფუძვლიანია მათი წუხილი?

- მე კახეთსაც კარგად ვიცნობ და სხვა რეგიონებსაც. გადით სოფლებში, როდესაც მოსავლის აღების სეზონია და ნახავთ, რომ ათასობით და ათიათასობით ჰექტარი მიწა დაუმუშავებელია. ნახევარი კახეთის მიწები ამ მდგომარეობაშია, ასევეა მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში, თითქმის ყველგან... რატომ? - მიზეზი არც ისე მარტივია - მიწის დამუშავება ძვირი ჯდება. ეს წვრილ-წვრილი მეურნეობები რომ დაარიგეს, 1000-2000 მეტრი, მათი დამუშავება იმდენად ძვირი ჯდება, რომ გლეხს მოგება აღარ რჩება. მიწის მოხვნა, დამუშავება, შეწამვლა, შხამქიმიკატების შეტანა ძვირი ღირს. მერე ამინდი გააფუჭებს ან სეტყვა მოვა და ყველაფერს წაიღებს, ამიტომ მიწის დამუშავება წამგებიანია. გაყიდვა სულ სხვა რამ არის, მაგრამ იჯარაში ცუდი არაფერია. თანაც, იჯარის დროს უცხოელი თვითონაც დაინტერესებულია, კარგი მოსავალი მიიღოს. ამ მოსავალს ზურგზე ხომ არ მოიკიდებს და წაიღებს? სამაგიეროდ, მექსიკიდან და ბრაზილიიდან შემოტანილი სურსათი კი აღარ გვექნება, არამედ აქვე, საქართველოში მოწეული. გადით და ნახეთ, თუნდაც დიდ სოფლებში, თითქმის ყველა სახლთან აბრაა გამოკრული: "იყიდება ნაკვეთი". ვერ ამუშავებს ეს ხალხი მიწას, ამიტომ თუ ვინმე უცხოელი მოვა, ფულს ჩადებს, დაამუშავებს, მოსავალს აიღებს, გადასახადებს გადაიხდის და ამ მოსავალს აქვე გაყიდის, შედეგად, ამ დარგში კონკურენცია შეიქმნება და ყველაფერი გაიაფდება. მთელი მსოფლიო აქეთკენ მიდის და ჩვენ რაღა გვემართება?

- თუმცა, გააჩნია, რამდენად შეასრულებს ინვესტორი ხელშეკრულების პირობებს.

- ინვესტორთან საიჯარო ხელშეკრულება იმ პირობით უნდა გაფორმდეს, რომ ის მიწას არ გააცდენს ან ამ მიწაზე ბორდელს და კაზინოს არ ააშენებს. თუ მოსავალს მოიყვანს და ჩვენც ვისარგებლებთ, საწინააღმდეგო რა უნდა გვქონდეს? მით უმეტეს, ირანელებს ძალიან იზიდავთ საქართველო. ირანელს ან თურქს თუ უნდა ხაზი გაუსვას, რომ არისტოკრატიული წარმომავლობისაა, გეტყვის - ბებიაჩემი ქართველი იყოო, ან ბებიას დედა ქართველი მყავდაო. ეს მათთვის რკინის არგუმენტია. ასეთი ხიბლი აქვს მათთვის საქართველოს. ნაცვლად იმისა, რომ ეს დამოკიდებულება გამოვიყენოთ, ჩვენ ავდექით და კარი ჩავუკეტეთ. ეს იყო სისულელე, რომელიც მერე თვითონვე აღიარეს. თეა წულუკიანი ჩემი სტუდენტი იყო - ძალიან ჭკვიანი სტუდენტი, მაგრამ რაც ხელისუფლებაში მოვიდა, შეცდომას შეცდომაზე უშვებს. რა სჭირს ასეთი ამ მინისტრის სკამს, ვერ გეტყვით!

ირანში ქართული წარმომავლობის ათიათასობით ადამიანი ცხოვრობს, დიასპორის მინისტრი ერთხელ მაინც ყოფილა იქ? ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებთანაც მეტი კონტაქტები და სიახლოვეა საჭირო. ინვესტიციებზე ამდენი რამ არის დამოკიდებული და თუ ჩვენ ვერ ვქმნით ამ ფულს, ვიღაცამ მაინც უნდა შემოიტანოს - ისევ უცხოელმა ტურისტმა ან ინვესტორმა. ირანი ამ მხრივ წამყვან სახელმწიფოდ შეიძლება იქცეს. ამ ქვეყანასთან თანამშრომლობის ფართო ასპარეზი გვაქვს, საიდანაც მხოლოდ 2 პროცენტია გამოყენებული, მით უმეტეს, იქ ეთნიკური ქართული სისხლი ძალზე ძლიერია. მე არ ვარ იმის მომხრე, რომ ყველა ფერეიდნელი აქ გადმოვიდეს, მაგრამ ხომ შეიძლება იქ იქართველოს, იქ შექმნას ნოყიერი პოლიტიკური გარემო, რომ საქართველო მეგობარ ქვეყნად მიიჩნიონ და არ ეშინოდეთ აქ ფულის დაბანდების, ინვესტიციების შემოსვლის ან ტურისტული კონტაქტების დამყარების? ახალი საწარმოები და ახალი სამუშაო ადგილები კი გვინდა, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა შექმნას?

- უარყოფითი მხარეებიც ხომ აქვს ირანთან უვიზო მიმოსვლას?

- დადებითი უფრო მეტია, ამიტომ არ მინდა ამ ინტერვიუში უარყოფით ასპექტებზე ვისაუბროთ. სხვათა შორის, აფროამერიკელების შემოსვლაში მე დადებითს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ირანი სულ სხვაა - ეს არის უძველესი კულტურის ქვეყანა, ის არც თურქეთია და არც აფრიკა. თანაც აქვეა, მანქანითაც შეიძლება წასვლა. სულ ბოლოს ერთ რამეს ვიტყოდი: ბოლო წლებში მიღებული სულელური გადაწყვეტილებების კონკურსი რომ ჩატარდეს, მე მგონი პირველ ადგილზე ირანთან უვიზო რეჟიმის შეწყვეტა გავიდოდა. სამწუხაროა, მაგრამ დღევანდელი ქართული დიპლომატიის იმედზე ჩვენი მტერი იყოს!

ხათუნა ჩიგოგიძე