იური მე­ჩი­თო­ვის ძვე­ლი ნივ­თე­ბის სკივ­რი და ფან­ქ­რით და­ხა­ტუ­ლი ფა­რა­ჯა­ნო­ვი­სე­უ­ლი პორ­ტ­რე­ტი - გზაპრესი

იური მე­ჩი­თო­ვის ძვე­ლი ნივ­თე­ბის სკივ­რი და ფან­ქ­რით და­ხა­ტუ­ლი ფა­რა­ჯა­ნო­ვი­სე­უ­ლი პორ­ტ­რე­ტი

"სურათის გადაღება აღსარების ნაწილია, ადამიანი უნდა მენდოს. ჩვენი საქმის 90% ფსიქოლოგიური ურთიერთობის დამყარებაა, 10% - ტექნიკური აღსრულება. თუკი ადამიანის ჩვენება გინდა, მის სულს უნდა ჩასწვდე. 15 წლის წინ საპატრიარქოში მეუფეებს ვიღებდი. ხასიათების მთელი გამა აღმოვაჩინე: ერთი მალევე გენდობა, მეორეს უჭირს, ზოგი ნერვიულობს, ზოგი - არა. და ეს არცაა გასაკვირი", - ამბობს იური მეჩითოვი, რომელიც საოჯახო რელიკვიების გარდა, ახლახან განხორციელებულ პროექტზეც საუბრობს.

კომპოზიციები ძველი ნივთებით

- ამას წინათ ძველი ნივთების კოლექცია გადავიღე. პროექტზე 5 თვე ვმუშაობდი. ტექნიკურმა პროგრესმა ბევრი ნივთი გამოუსადეგარი გახადა, მათ ხშირად აგდებენ. ამ პროექტს პირობითად, "დამშვიდობება წარსულთან" დავარქვი: სხვადასხვა ნივთს ვეძებდი, ხალხიც რაღაცებს მაწვდიდა. მაგალითად, კახა ბენდუქიძის დამ კახას საყვარელი სათამაშო თოჯინა მომცა. ძველი ბზრიალა ვერსად ვნახე, საბავშვო ბაღებშიც მოვიკითხე. მახსოვს, ჩემი ბავშვობის დროინდელი ბზრიალა, ხელს დაარტყამდი და მშვენიერ ხმას გამოსცემდა... მერე იძულებული გავხდი, თანამედროვე ჩინური მოდელი გამომეყენებინა. მეზობელმა ჟუჟუნა მამალაძემ "სპიდოლა" და სამოვარი მათხოვა. ლენინის ბიუსტს ახლა მხოლოდ მშრალ ხიდზე თუ წააწყდები. ერთ საღამოს გამყიდველს ვთხოვე, წავიღებ და ხვალ დილითვე მოგიტან-მეთქი. მერე ის ბიუსტი გაუყიდია და ისეთი გახარებული იყო, რა კარგი ხელი გქონიაო!.. ლენინის თხზულებათა პირველი ტომი ჩემი საკუთრებაა. ეს წიგნი მაშინ ჩამივარდა ხელში, როცა ამ ტიპის წიგნებს აგდებდნენ და მთელი ტომები გადაყრილი ვნახე. მეც ერთი ავიღე, აბა, ყველა ტომს ხომ არ მივიტანდი სახლში! სტალინის თეთრი ფიგურა, ჩემი მეგობრის, მაიკო დეისაძის ოჯახის რელიკვიაა. მას არ ავიწყდება ის დრო, მამამ ეს ქანდაკება სახლში რომ მიიტანა. მერე მეგობრები მიიპატიჟა, სტალინის ხელთან კანფეტი მოათავსა და მოქეიფეები ასე სვამდნენ დიდი სტალინის სადღეგრძელოს. ნივთებს თავისი ხასიათი აქვს და, რაც ყველაზე მთავარია, ნივთი მაშინ არის კარგი, თუ ადამიანის ხელში გაიარა, როცა ვინმეს კვალი ეტყობა.GzaPress

საოჯახო რელიკვიები

- მამაჩემი მექუდე იყო და დამრჩა მისი ნივთები: კალაპოტი, სადაც ქუდს დებდნენ და უთოვდებოდა კიდეც; ქუდის გასადიდებელი სპეციალური ხელსაწყო; მისი ხელით დამზადებული სახაზავი; მაკრატელი და საკერავი მანქანა. ამ ნივთებისგან შედგენილი ერთი ფოტოკომპოზიცია მამაჩემს მივუძღვენი. ნამდვილი რელიკვიაა ბებიაჩემის ნაჩუქარი, ჩემი პირველი ფოტოაპარატი "სმენა". 12 მანეთად იყიდა 1961 წელს. პენსია 35 მანეთი ჰქონდა. ბებიამ კინოკამერაც მაჩუქა, მაგრამ სად არის, არ ვიცი. ფოტოგრაფირება 1958 წლიდან დავიწყე, მაგრამ საკუთარი აპარატის შეძენა ბებიას დამსახურებაა.

ერთი ნამდვილი რელიკვიაც მაქვს, 100 წელი შეუსრულდა და ძალიან მიყვარს. ეს არის მამაჩემის მამის, არშაკის დუქნის გეგმა-პროექტი, პერგამენტზე შესრულებული, წითელი და შავი ფერის ტუშით, ორთავიანი არწივის გერბით, ბეჭდებითა და ხელმოწერებით; ქუჩაც არის მითითებული. გორში დუქნის აშენების ნებართვაა, სადაც ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ. არ ვიცი, დუქანი აშენდა თუ არა. კი უნდა მოვძებნო ის ადგილი. ახლა, რა თქმა უნდა, გორში იმ ქუჩას სხვა სახელი ერქმევა. ამაზე ადრინდელი რელიკვია არაფერი მაქვს, პაპაჩემის და დიდი პაპის სურათების გარდა.

ძალიან მიყვარდა ჩემი მაგნიტოფონი თავისი ბაბინებით. ფირფიტებზე ვგიჟდებოდი. შეიძლება ითქვას, რომ დიდი კოლექცია მაქვს. ერთი ძველი ფირსაკრავი ინგლისში ხუთ გირვანქა სტერლინგად შევიძინე, თუმცა, ისე არ ტრიალებს, როგორც საჭიროა, რეზინის გამოცვლა სჭირდება. თბილისში კომუნისტების დროს, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიას (ხეთაგუროვის ქუჩაზე) ფირფიტების რესპუბლიკურ საწყობად იყენებდნენ, იქიდან ანაწილებდნენ მაღაზიებისთვის. მანდ ვყიდულობდი ჩემთვის ღირებულ ფირფიტებს "შავი ურთიერთობის" მეშვეობით - იმას, რაც ორი მანეთი ღირდა, ხუთად ვიღებდით. არასდროს დამავიწყდება ამ გზით მოპოვებული "საიმონი და გარფუნკელი", ლეონარდ ბერნსტაინის "ვესტ-საიდ სტორი", რეი ჩარლზი. ასევე არ მავიწყდება ის მოწიწება, რომელიც მეუფლებოდა მაშინ, როცა წაშლილ ხატებს შორის ფირფიტების კოლოფებს ვათვალიერებდი. 2000 წელს ედინბურგიდან ჩემი საყვარელი მომღერლის - ჯოან ბაეზის ფირფიტა ჩამოვიტანე. ერთი გირვანქა სტერლინიგი მივეცი. ჩემთვის რელიკვიაა ჯიმი ჰენდრიქსის დისკი - Aრე ყოუ ეხპერიენცედ, რომელშიც მე და ჩემმა ძმამ 80 მანეთი მივეცით, მაშინ ეს პატარა თანხა არ იყო. გული მწყდება, რომ "ბითლზების" ფანტასტიკური დისკი - "თეთრი ალბომი" ჩვენი ოჯახიდან დაიკარგა. ფირფიტა თეირანიდან დედაჩემის მამიდამ, ქალბატონმა მარგომ ჩამოგვიტანა, რომელიც იქ ცხოვრობდა. ყოველი მისი ჩამოსვლა ჩვენთვის ზეიმი იყო, რადგან მუდამ ხელდამშვენებული გვსტუმრობდა ხოლმე.

მეგობრების საჩუქრებიGzaPress

- ფარაჯანოვმა ფანქრით დამხატა. სურათზე გაუპარსავი და რაღაც გაუბედურებული სახე მაქვს. მოკლედ, კარგი ნამუშევარია. ჩარჩოში ჩავსვი და სახლში დავკიდე. მისგან ერთი წერილი დარჩა, რომელიც ჩემს წიგნში შევიტანე. ასეთი ტექსტია: "შენ იმდენი ფოტო გადამიღე, თითო 10 კაპიკად რომ შევაფასო, ამ ვალს ვერასოდეს გადაგიხდი. ძალიან მიყვარხარ, გთხოვ, ნუ "მხვრეტ" ამ შენი ფოტოაპარატით, ისედაც ჩემი ბევრი შედევრი გადაიყარა".

სერგომ კოპტების - სირიელი ქრისტიანების ჯვარი მაჩუქა. ნამდვილად მათი ჯვარია თუ არა, ზუსტად არ ვიცი, თვითონ ასე მითხრა. ისე კი ძალიან ლამაზია და უცნაური ფორმა აქვს. სერგოსგან თუკი სულ პატარა რაღაც მაინც შემომრჩა, ყველაფერი შენახული მაქვს. ისინი ჩემი სულიერი ნაწილის საგანძურია. საერთოდ, სიძველის მიმართ პატივისცემა და დაფასება ფარაჯანოვისგან ვისწავლე.

ავსტრიაში მეგობარს ვესტუმრე და დავინახე, რომ სადღაც ზედა თაროზე, თითქმის ჭერში, ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფის, ჰერბ რიცის წიგნი დევს. - ო"ჰერბ რიცი! - ვთქვი და ისიც ქართველივით მოიქცა. არ დაიზარა, ავიდა კიბეზე, გადმოიღო დაახლოებით სამკილოიანი წიგნი და მაჩუქა. ესეც რელიკვიაა.

ისევ ფოტოების შესახებGzaPress

- ერთი ფოტოგრაფის მოგონება მახსენდება, რომელიც გაეროში პრეზიდენტებს ფოტოებს უღებდა. ბერლუსკონი თურმე, კუდში დასდევდა, - მაჩვენე, რა გამოვიდაო, - მაშინ, როცა ზოგიერთი საერთოდ არ დაინტერესებულა. უცნაური რამაა: ადამიანს ფოტოს უღებ და ის გრძნობს, რომ შენ მის ხელში ხარ. ერთხელ სააკაშვილს საკრებულოს არჩევნებისთვის სურათი გადავუღე. როცა გაიმარჯვა, მითხრა: მე რომ გავედი, 5% შენი დამსახურებააო. ასე რომ, ჩემი "ცოდვა" უნდა ვაღიარო. როცა მე მიღებს ვინმე სურათს, ვცდილობ, დავეხმარო, რადგან ვიცი ჩემი გაჭირვება სხვებთან მიმართებაში. მაია დეისაძე ხშირად მიღებს ფოტოს. თუ ოდესმე დიდ ხელოვანად მაღიარებენ, გამოადგება (იცინის). ადამიანს ხშირად, მისი განვლილი ცხოვრების გზა სახეზე ეტყობა, ეს მნიშვნელოვანია. სურათი კარგი გამოდის, როცა კაცის მთავარ ნერვს აღმოაჩენ. მეუფეებს როცა ვიღებდი, ჩვენი პატრიარქი, ილია II კვერთხით ხელში გადავიღე. ეს ფოტო შემდეგ კალენდრისთვის გამოიყენეს.

ნანული ზოტიკიშვილი