"აფხაზეთიდან სასიკვდილოდ განწირული 80 ჩვილი გადმოიყვანეს" - გზაპრესი

"აფხაზეთიდან სასიკვდილოდ განწირული 80 ჩვილი გადმოიყვანეს"

ჩვენ არც დასაკარგი ადამიანები გვყავს და არც სისხლით მოტანილი საქართველო გვაქვს გასაყოფი. ერთეულების ამბიციებზე ვაგებთ პასუხს და პიროვნულ პატივმოყვარეობას ვეწირებით ადამიანები, რომლებსაც ერთნაირად გვიყვარს და გვტკივა აფხაზეთიც და სამაჩაბლოც. რამდენიმეწლიანმა გაყოფამ, ურთიერთობის აღდგენისა და კომუნიკაციის აუცილებლობა დაანახვა ორივე მხარეს. ჩვენი რესპონდენტი, ცნობილი და წარმატებული ნეიროქირურგი, კობა გელაშვილი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც თითო და აუცილებელ აგურს დებს ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მშენებლობაში.

რამდენიმე წელია, რაც ბატონი კობა სოხუმის მოსახლეობას სამედიცინო დახმარებას უწევს, ურთულეს ოპერაციებს უკეთებს და თან, სრულიად უანგაროდ.

- თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე და შემთხვევით მოვხვდი ქუთაისში, სადაც დღემდე ვმუშაობ. მეორე წელია, აფხაზეთში აღარ ვყოფილვარ. ახლა ძირითადად, პაციენტები გადმოდიან ენგურის ხიდს. ძალიან დიდია ჩვენდამი ნდობა. როდესაც პირველად წავედით, ოპერაციის მერე, ფულს ხელში გვაძლევდნენ და უარს რომ ვეუბნებოდით, გაოცებას ვერ ფარავდნენ. იქ ჩვენ ფულის საშოვნელად ნამდვილად არ დავდიოდით. ეს იყო ჩვენი მხრიდან კეთილი ნება, რომ დავხმარებოდით აფხაზ თანამემამულეებს. ვატარებდით ურთულეს ოპერაციებს და საჭიროების შემთხვევაში, მათ მკურნალობას საქართველოში ვაგრძელებდით.

- აფხაზეთში წასვლისას პრობლემა არ გექმნებოდათ?

- როდესაც გადაწყდა, რომ კონფლიქტის ზონაში უნდა წავსულიყავით, ჩვენი საავადმყოფოს დირექტორმა იკითხა, უსაფრთხოება რამდენად იქნებოდა დაცული? ქართველმა ძალოვანებმა უთხრეს: თუ იქ ექიმები გადავლენ, ერთი პროცენტიც არ არსებობს, რომ ვინმემ მათ რაიმე ზედმეტი უთხრას. პრეზიდენტს შეშურდება, ისეთ ყურადღებას მიაქცევენო...

ჩემი უახლოესი მეგობარია ოთარ მარშავა, რომელიც ნებისმიერ დროს მზად იყო აფხაზეთში წასასვლელად. ის იქ ძალიან უყვართ. რომ ჩავდიოდით, ხალხი სპეციალურად გამოდიოდა ქუჩაში, ქართულწარწერიანი ჩვენი მანქანა რომ დაენახა... ცოტა ხნის წინ, დეიდაშვილი გარდამეცვალა. მისი დაკრძალვის დღეს დამირეკეს, - სასწრაფო ოპერაციაა გასაკეთებელიო. დეიდაშვილი დავკრძალეთ თუ არა, მაშინვე წავედი აფხაზეთში. იქ რომ გაიგეს, გასვენებიდან პირდაპირ მათთან მივედი, ძალიან დიდი პატივით მიმიღეს. მერე რესტორანში წავედით და იქაც ხალხმა რომ გაიგო, ქუთაისიდან ჩასული ექიმები ვიყავით, ყველას უნდოდა, რაღაც ფორმით, ჩვენ მიმართ პატივისცემა გამოეხატა. სხვათა შორის, პირად საუბრებში ხშირად ამბობენ: ყველაზე მეტად, ქართველები გვაკლიაო. საოცარი ნდობა აქვთ ქართველი ექიმების მიმართ. შეიძლება ითქვას, ყოვლისშემძლეები ვგონივართ. მათ აქვთ საშუალება, მოსკოვში წავიდნენ და იქ იმკურნალონ, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლას ამჯობინებენ.

- რამდენად ხშირია მომართვიანობა და რამდენად ზრუნავს ქართული მხარე მათი ჯანმრთელობის დაზღვევაზე?

- მომართვიანობა საკმაოდ დიდია და ქართული მხარეც ზრუნავს მათი ჯანმრთელობის დაზღვევაზე. თითქმის უსასყიდლოდ ვემსახურებით. ერთხელ აფხაზეთიდან სასიკვდილოდ განწირული 80 ჩვილი გადმოიყვანეს და ოთხმოცივე სრულიად გამოჯანმრთელებული დავაბრუნეთ უკან.

- აფხაზეთში საავადმყოფოების მდგომარეობა როგორია? რა გარემოში გიწევთ ოპერაციების ჩატარება?

- სხვათა შორის, სოხუმში აქვთ ფანტასტიკური საავადმყოფო, რომელიც უმაღლეს დონეზეა აღჭურვილი, მაგრამ პერსონალის კვალიფიკაციაა დაბალი. ამიტომ, მათ შევთავაზეთ, 2-3-კვირიანი სწავლებისათვის საქართველოში ჩამოსულიყვნენ. მთელ სოხუმში ერთი ნეიროქირურგი ჰყავთ - სინუხოვი, რომელიც ამასთანავე მღვდელია და ბუნებრივია, თავისი სპეციალობით სრულყოფილად ვერ იმუშავებს. თუმცა, საკმაოდ კარგი სპეციალისტია. იმას, ვინც აფხაზეთში ფინანსებს რეალურად განკარგავს (ანუ რუსეთს), საერთოდ არ აინტერესებს არათუ მედიცინის, არამედ არც ერთი სხვა დარგის განვითარება. აფხაზებს ვუთხარი კიდეც, - თუ ასე გაგრძელდა, 30 წელიწადში აღარავის ეცოდინება აფხაზური-მეთქი.

- მათთან ერთად პოლიტიკაზე თუ საუბრობთ?

- როდესაც პაციენტებთან გვაქვს ურთიერთობა, ვცდილობთ, პოლიტიკა საერთოდ არ ვახსენოთ. 4 თვის წინ მყავდა ოთხი აფხაზი პაციენტი: სამი მოზრდილი გოგონა და ერთი ბავშვი. ერთ-ერთი გოგონას მეუღლეს, იქაურ ავტოინსპექციაში საკმაოდ მაღალი თანამდებობა უკავია. პაციენტებმა, როცა აქ მოვდიოდით, გაგვაფრთხილეს - საქართველოში არ თქვათ, აფხაზეთიდან რომ ხართ, ეს საშიშიაო. გოგონები დავამშვიდე: პირიქით, სადაც მოხვდებით, სახელზე წინ ის უთხარით, რომ აფხაზეთიდან ხართ-მეთქი. დამიჯერეს და მერე გაოგნებულები ამბობდნენ: თურმე, ქართველ ხალხს აფხაზები როგორ ვყვარებივართო. პაციენტებთან მათი განკურნების შემდეგაც ვაგრძელებ ურთიერთობას. ისინი მირეკავენ, სოხუმში მეპატიჟებიან და მეც, ჩემი მხრიდან, მათ საქართველოში ვეპატიჟები. ახლაც, ერთ-ერთ მათგანს ველოდები. ჩემთან, სურამში უნდა დავასვენო, რადგან მის პატარას ასთმა აქვს და სურამის ჰაერი მისთვის იდეალური "წამალი" იქნება. სხვათა შორის, ამ ბავშვს, ჩემმა მეგობარმა - ოთარ მარშავამ ე.წ. ჯიბის დანით გაუკეთა ტრაქეოსკოპია, რადგან ბავშვი იგუდებოდა და სხვა ინსტრუმენტი არ ჰქონდა... მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მაღალი რანგის ჩინოვნიკები ყოფილან ჩვენთან სამკურნალოდ. არ გვიყვარს ჩვენს ცუდზე ლაპარაკი, მაგრამ ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რომ იმ ომში ჩვენც მიგვიძღვის ბრალი. როდის ყოფილა, ორ მოჩხუბარს შორის რომელიმე 100% მართალი ყოფილიყოს? არის სოფელი, სადაც 300 მცხოვრებიდან 270 გარდაიცვალა და რთულია, დარჩენილი ოცდაათი ადამიანი დაარწმუნო, რომ ქართველები ანგელოზები არიან. თუმცა, უმეტესობას გაცნობიერებული აქვს, რომ ეს იყო "ორი დეგენერატის" ომი, სადაც ვერც ერთმა მხარემ ვერ იხეირა.

- ქართულად თუ ლაპარაკობენ?

- უმეტესობას ერთი ნათესავი მაინც ჰყავს ქართველი და ასე თუ ისე, იციან ჩვენი ენა. როცა იქ ჩავდივართ, გვთხოვენ, ვილაპარაკოთ ქართულად, რათა ეს ენა გაიხსენონ. სხვათა შორის, ზოგიერთი მაღალი თანამდებობის წარმომადგენელიც არ ერიდება საქართველოს სადღეგრძელოს თქმას. მეტსაც გეტყვით, ჩემი მეგობრის, პაატა ნემსიწვერიძის შვილი ბათუმელი არშბას მეუღლეა. ქორწილი მოსკოვში გადაიხადეს, სადაც ბაღაფშმა, მასთან ერთად, "ვახტანგურით" დალია საქართველოს სადღეგრძელო და ეს მოხდა მისი პრეზიდენტობის დროს. ნებისმიერ აფხაზს რომ ჰკითხო, - რომელი ღვინო აქვს სახლში? გიპასუხებს: რქაწითელი ან ციცქა-ცოლიკაურიო. გადმოდის, ყურძენს ყიდულობს და წურავს. მერწმუნეთ, რომ არა "ჩრდილოელი ძმა", ბევრი რამის მარტივად შეცვლა იქნებოდა შესაძლებელი.

ლადო გოგოლაძე