ვინ აწუხებდა ზურაბ ჟვანიას სიყვარულის საკითხზე - გზაპრესი

ვინ აწუხებდა ზურაბ ჟვანიას სიყვარულის საკითხზე

ნინო შარაშიძემ საკმაოდ რთული გზა განვლო მანამდე, ვიდრე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გახდებოდა. როგორც თვითონ ამბობს, დამოუკიდებლად გაიკეთა კარიერა და საკუთარი პრინციპებისთვის არასდროს უღალატია. არც იმით უსარგებლია ოდესმე, რომ ყოფილი პრემიერის რძალი და პარლამენტარის მეუღლეა, თუმცა ბევრჯერ ჰქონია შესაძლებლობა, ოდნავ მეტი მიეღო, ვიდრე ეკუთვნოდა. მის ცხოვრებაში, უამრავ ლამაზ და ბედნიერ წუთთან ერთად, ტრაგიკული ამბებიც ყოფილა, უსამართლობის სიმწარეც უგემია, მაგრამ მაინც ბედის მადლიერია. ლამაზი, დახვეწილი და წარმატებული ქალბატონი საკმაოდ საინტერესოდ, გულახდილად და ემოციურად საუბრობს იმაზე, რაზეც აქამდე არ უსაუბრია.

GzaPress- ჩემი მშობლები დისიდენტურად განწყობილი ადამიანები იყვნენ. ბავშვობიდან მინერგავდნენ, რომ დაპყრობილი ქვეყნის შვილები ვიყავით და საშინელი სისტემის წინააღმდეგ და ქვეყნის გასათავისუფლებლად უნდა გვებრძოლა. ისინი მე და ჩემს ძმას პროპაგანდისტული ლექსების სწავლასაც კი გვიკრძალავდნენ 7 ნოემბერზე, ოქტომბრის რევოლუციაზე... 17 წლიდან ჩავები ეროვნულ მოძრაობაში. სულ რაღაცის ძიებაში ვიყავი, მუდმივად პროტესტის გრძნობა მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ შემდგომში სულ სამთავრობო სტრუქტურებში ვმუშაობდი, ყველა მთავრობის ნაკლოვანებებს ვეწინააღმდეგებოდი. თავის დროზე მხარს ვუჭერდი "ვარდების რევოლუციას", ვინაიდან ბავშვობიდან ჩემთვის შევარდნაძე იყო კომუნისტურ სისტემასთან ასოცირებული, ყველაზე უარყოფითი ფიგურა. ცხადია, მისი მთავრობა ჩემთვის მიუღებელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ზურა ჟვანია ჩემთვის უახლოესი ადამიანი გახლათ.

- და თქვენ პირადად გახდით კიდეც ამ სისტემის მსხვერპლი...

- სახელმწიფო სტრუქტურაში, სამინისტროში ვმუშაობდი და მქონდა ვალდებულების განცდა არა მთავრობის, არამედ სახელმწიფოს წინაშე. როცა სახელმწიფოს და მთავრობის ინტერესები თანხვედრაში არ არის, შენი არჩევანი უნდა გააკეთო და მეც გავაკეთე. გარემოს დაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვიყავი. ბევრჯერ გამოვხატე გოგა ხაჩიძის მმართველობის მიმართ პროტესტი. ერთ-ერთ თათბირზე მან ღიად მითხრა, რომ ომს მიცხადებდა და გამათავისუფლებდა. მიზეზი რომ ვერ მომიძებნა, მინისტრმა ხაჩიძემ პრემიერ-მინისტრ გილაურს მისწერა და ჩემი შტატის გაუქმება სთხოვა - გამოვიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც ჩემი შტატი გაუქმდა. რამდენიმე თვის შემდეგ მივიღე კონკურსში მონაწილეობა და გაეროში ამიყვანეს კონტრაქტით - გარემოს დაცვის სფეროში ვკურირებდი პანევროპულ პროგრამას. ერთი წელი ვცხოვრობდი ჟენევაში და ჩემს საქმიანობასთან პარალელურად, გაეროს თანამშრომლებს ვაწვდიდი ობიექტურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა საქართველოში, თორემ ისინი მხოლოდ ბენდუქიძის ნეგატიურ სტატიებს იცნობდნენ ივანიშვილზე, ჟურნალ "ეკონომისტით". ჩამოვედი და ჩავები "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო შტაბის მუშაობაში. როდესაც ხათუნა გოგალაძეს მინისტრის პოსტი შესთავაზეს, მის პირველ მოადგილედ დავინიშნე (ჩვენ მანამდე ერთად ვმუშაობდით).

- ქალბატონო ნინო, მოგვიყევით, როგორ გაიცანით ზურაბ ჟვანია.

GzaPress- 20 წლის ვიყავი, როცა "მწვანეთა მოძრაობაში" მოვხვდი. გოგლამდე ზურას ვიცნობდი. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ ჩემს მეგობარს სერიოზულად მოსწონდა ზურა. როცა გამიმხილა, გამიკვირდა, თუმცა, ძალიან თანავუგრძნობდი. მახსოვს, 1992 წლის არჩევნების წინა პერიოდი იყო და მაკამ ზურას ოფისში დარეკა. რა თქმა უნდა, არ დააკავშირეს, უთხრეს, არ სცალიაო. ჩემმა მეგობარმა მდივანს უთხრა, ნანა ვარ დევდარიანიო და ამ ილეთმა გაჭრა. შემდეგ გამოუტყდა, ნანა კი არა, მაკა ვარ და თქვენ ძალიან მიყვარხართო. ზურამ უპასუხა, - დიდი მადლობა, ახლა არ მცალია და არჩევნების შემდეგ დამირეკეთო. მაკამაც დარეკა არჩევნების შემდეგ, - გამარჯობა, ბატონო ზურაბ, სიყვარულის თაობაზე რომ გაწუხებდით, ის ვარო. ზურამ ბევრი იცინა. შესანიშნავი იუმორი ჰქონდა. მაკა პარალელურად, სახლშიც რეკავდა ზურასთან. ზურა სახლში არ ხვდებოდა და რამდენჯერმე გოგლასთან მოუხდა საუბარი. მაკამ მასაც გაუზიარა თავისი გრძნობების შესახებ და გოგლამ ურჩია, "მწვანეებში" შედი და იქ უკეთ გაიცნობ ზურასო. ჩვენც გავხდით "მწვანეები" და ასე მოვხვდი ზურას გვერდით.

- როგორ დაახასიათებდით თქვენს მაზლს?

- ზურა ძალიან თბილი და გულისხმიერი ადამიანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკური ხედვები და სიმპათიები ერთმანეთს არ ემთხვეოდა - არც შევარდნაძე მომწონდა და არც "მოქალაქეთა კავშირი", - ზურასთვის ეს სავსებით მისაღები იყო. საოცარი პოტენციალი ჰქონდა, მათ შორის - ადამიანურიც. ჭკვიანი პოლიტიკოსი რომ იყო, ამაზე არავინ დაობს, მაგრამ იმდენად დადებითი და კეთილშობილი იყო... მართლა გულწრფელად უნდოდა ამ ქვეყნის გაძლიერება, ჯანსაღი სახელმწიფოს აშენება... მგონი, ზურა ერთადერთი იყო, რომელიც ქმნიდა პოლიტიკურ გუნდს და არა - კლანს. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ამ ქვეყანაში მასზე არჩევანი არც ერთხელ არ გაკეთებულა - ჯერ შევარდნაძე ამჯობინეს, მერე - სააკაშვილი.

- და ამას რით ახსნით? რატომ ხდებოდა ასე?

- ფაქტობრივად, მას არ მიეცა თავისი პოტენციალის ბოლომდე რეალიზების საშუალება. გული მწყდება, როდესაც მას იხსენებენ, როგორც ჭკვიან პოლიტიკოსს, ჭადრაკის თამაშის მსგავსი უნარებით. ზურას უნდოდა, ძლიერი, ჯანსაღი და მართლა ევროპული ტიპის სახელმწიფო და არა ისეთი, როგორიც შემდეგ მივიღეთ.

- ცნობილია ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ექსპრემიერი მოკლულია. ვის და რატომ უნდა მოეკლა იგი?

- რატომ? ზურა იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც სააკაშვილს გარკვეულ ბარიერს უქმნიდა. სააკაშვილი იძულებული იყო, მისთვის ანგარიში გაეწია. სააკაშვილს და მის გუნდს ზურა ბევრ რამეში უშლიდა ხელს. ჩვენ მის სიცოცხლეშივე გვქონდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის გარემოცვაში მიდიოდა საუბრები ზურას მოცილებაზე. ზურა ნამდვილად მოკლეს... არ შემიძლია დაბეჯითებით იმის თქმა, კონკრეტულად ვინ დაგეგმა ეს მკვლელობა. ბევრჯერ იმაზეც მიფიქრია, როგორ მოხდა ეს, - სააკაშვილმა დაგეგმა თუ სხვამ ჩაიდინა, თუმცა, სააკაშვილი ამ ტრაგედიით უკმაყოფილო რომ არ დარჩენილა, ფაქტია. მახსოვს კონკრეტული ფაქტები, როდესაც ის ადამიანები, რომლებიც მაშინ ზურას მეგობრებად მოიაზრებოდნენ, თვითონ ჰყვებოდნენ, მკვლელობის შემდეგ როგორ მუშაობდნენ სხვადასხვაგვარი ჭორისა და ვერსიის გავრცელებაზე. პირდაპირ აძლევდნენ დავალებებს - სად, ვისთან და როგორ უნდა მოეყოლათ შეთხზული ისტორიები. ამაზე მუშაობდა მიშა სააკაშვილის მთელი სისტემა. მალევე გამოვლინდა, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა და ამას უამრავი დეტალი ადასტურებს. არც იმას გამოვრიცხავ, არ გამოვლინდეს ის, ვინც დაუკვეთა ეს მკვლელობა, თუმცა, ჩემი მეუღლე იმედოვნებს, რომ ყველაფერი გამჟღავნდება. ეჭვგარეშეა, რომ ეს მკვლელობა იყო.

- საზოგადოების ნაწილს არ სჯერა, რომ ეს საქმე ოდესმე გაიხსნება. თქვენც ხომ არ გიფიქრიათ, რომ გამოძიება ჩიხში შევიდა და პროკურატურას არ აქვს საკმარისი მტკიცებულებები?

- 8 წელი ეს საქმე მათ ხელში იყო, ვინც მკვლელობა ჩაიდინა და ფაქტია, ისინი ყველანაირად ეცადნენ საქმის გაყალბებასა და სამხილების განადგურებას. ახლა ყველაფრის გამოძიება ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება. ზუსტად ვიცი, რომ ეს საქმე გაიხსნება.

- მომიყევით, როგორ დაიწყო თქვენი და ბატონი გოგლას სიყვარულის ამბავი.

GzaPress- ჩვენი ურთიერთობა "მწვანეებიდან" დაიწყო 1992 წელს, როცა 21 წლის ვიყავი. ერთ დღეს გოგლა მოვიდა ჩვენს ოფისში, იქ გავიცანი და შემდეგ მე და ჩემი მეგობარი კაფეში დაგვპატიჟა. ძალიან დინჯი, თავშეკავებული, გაწონასწორებული ადამიანია და ემოციებს იოლად არ გამოხატავს. მე კი ყოველთვის აქტიური და ხმაურიანი ვიყავი და ალბათ ამიტომაც არის ჩვენი ურთიერთობა დაბალანსებული. ისე, ადრეული ასაკიდანვე განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა ფიზიკოსების მიმართ. სულ ვამბობდი, ფიზიკოსს უნდა გავყვე-მეთქი, ვინაიდან მიმაჩნდა, რომ ისინი ყველაზე მრავალმხრივი, ნიჭიერები და განსხვავებულები იყვნენ. გოგლამ, პირველ რიგში, ფიზიკოსობით მიიქცია ჩემი ყურადღება. ის განსხვავებული იყო თბილისელი ბიჭებისგან. არასოდეს ცდილობდა ყოფილიყო "ძველი ბიჭი", ამავე დროს, იყო ძალზე მამაკაცური და პრინციპული. ერთხელ, სრულიად შემთხვევით, გაჩერებაზე საუბრობდნენ პოლიტიკაზე და ვიღაცამ თქვა, ჟვანია კარგი კაცივით რომ გამოდის, სინამდვილეში ხეტყეს ყიდისო, და უცებ, მშვიდი და უწყინარი გოგლა პირდაპირ მივიდა და მუშტი დაარტყა ამის მთქმელს. ეს ჩემთვის შოკი იყო. 1993 წლის 22 აპრილს, დედამიწის დღეს დავქორწინდით. ურთულესი პერიოდი იყო. მაშინ აქტიურად ვიყავით ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში. გოგლა ტრადიციისამებრ, ხელის სათხოვნელად მოვიდა ჩვენს ოჯახში. ისე ვნერვიულობდი!.. თუმცა, ამ მომენტს არ შევსწრებივარ, ვინაიდან, საბედნიეროდ, ტელეფონმა დარეკა და მეორე ოთახში გავედი.

- დედამთილთან, ქალბატონ რემასთან როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ?

- ზურას დედას თურმე მანამდე ინფორმაციებს აწვდიდნენ ჩემზე და უთქვამთ, გოგლა შავ გოგოსთან დადისო (იცინის). არაჩვეულებრივად შევხვდით და დღემდე რემა დეიდა ჩემი ფავორიტია. ასეთი კეთილშობილი ადამიანი ცხოვრებაში არ შემხვედრია. როდესაც ზურა პარლამენტის თავმჯდომარე იყო და დაცვა ჰყავდა, რემა დეიდა ყოველდღე საკუთარი ხელით უმზადებდა ბიჭებს სადილს. საოცარი ქალია, ძალიან მიყვარს! არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. როცა ცუდად ვიყავი, საავადმყოფოში დედასავით მითენებდა ღამეებს. დიდი ამაგი აქვს შვილიშვილებზე. მაინც ვეჭვიანობდი და ვეუბნებოდი, ზურა უფრო გიყვარს-მეთქი. ზურა, თავისი წარმატებებითა და აქტიური ცხოვრებით, ოჯახში მუდმივად დღის წესრიგში იდგა მაშინ, როცა გოგლა იყო ძალზე წყნარი, ჩუმი... გოგლასგან არასდროს გამიგონია, - დავიღალე, რამე მაწუხებსო. ალბათ მისმა კეთილშობილებამ მომხიბლა და იმან, რომ საოცრად ღირსეული ადამიანია. ისიც კი მიფიქრია, ჩვენ შორის განხეთქილება რომ მომხდარიყო და ცოლქმრული ურთიერთობა დასრულებულიყო, მაინც მის მხარდამჭერად და მეგობრად დავრჩებოდი. გოგლა არის მყარი პრინციპების ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის, რა არის კარგი და რა - ცუდი, მისთვის ცდუნებები არ არსებობს. ძალიან საიმედო ადამიანია (არა მარტო ჩემთვის), თავისი კეთილშობილური თვისებებიდან გამომდინარე. მისით აღფრთოვანებული ვარ.

- მეუღლის მსგავსად, მანამდე თქვენც დაკარგეთ ძმა...

- კახა მართლაც გამორჩეული ადამიანი იყო - განათლებული, პოეტური ბუნების, არაჩვეულებრივი გარეგნობის, თავმდაბალი და გამტანი. მთელი თავისი ხანმოკლე ცხოვრება სამართლიანობის ძიებაში გაატარა. ჩემი ერთადერთი ძმა 22 წლის ასაკში სამმა ადამიანმა სრულიად უაზროდ გამოასალმა ქუჩაში სიცოცხლეს - 1991 წლის 22 ივნისს, დოლიძის ქუჩაზე დანა დაარტყეს გულში (სიგარეტზე მოუხდათ შელაპარაკება). რადგან კახა იყო მარტო, მოწმე არ ჰყავდა, მისი მკვლელები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. 20 წლის ვიყავი, როცა ამ საშინელ უსამართლობას შევეჯახე. დედ-მამა სრულიად განადგურებული იყო და მე დავდიოდი გამომძიებელთან. გამომძიებელი კი მიმტკიცებდა, შენ იურისტი არ ხარ, არაფერი გესმისო და მფარველების დახმარებით, თვალსა და ხელს შუა გაატარეს ეს საქმე. მაშინ მართლა დამთავრდა ჩემი ცხოვრება და ვეღარ წარმომედგინა, რომ ამის შემდეგ რამე დადებითი შეიძლებოდა მომხდარიყო. საოცარი იყო, რომ წლების შემდეგ ჩვენს ოჯახში იგივე ტრაგედია გამეორდა და ზურას სახით, მეორედ, ასევე ვერაგულად მომიკლეს ძმა.

- ქალბატონო ნინო, იყო პერიოდი, როდესაც თქვენი და ბატონი გოგლას თანამდებობაზე ყოფნა (თქვენ გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ხართ, ის კი გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო) ინტერესთა კონფლიქტად შეფასდა, რის შემდეგაც თქვენს მეუღლეს თანამდებობის დატოვებამაც მოუწია.

- ამას წინათ "მაესტროზე" ვახო სანაიას გადაცემა ვნახე - "ნეპოტიზმი მთავრობაში" და მე და გოგლა მოგვიხსენიეს, რაც ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო. ნეპოტიზმი ის არის, როდესაც ნათესავებს ნიშნავ თანამდებობებზე. მე ისე შემომთავაზეს ეს თანამდებობა, გოგლა საერთოდ არანაირ კავშირში არ ყოფილა. 20 წელია, ამ სფეროში ვარ და თანდათან მოვედი აქამდე. როცა ზურა პარლამენტის თავმჯდომარე და მართლა ძალიან გავლენიანი ფიგურა იყო, გარემოს დაცვის სამინისტროში ყველაზე დაბალი თანამდებობა მეკავა. ეს 7 წლის განმავლობაში გრძელდებოდა... ეს არ იყო ინტერესთა კონფლიქტი. თუმცა, ამ საკითხი წინ წამოწევისთანავე, გოგლამ გადაწყვეტილება მიიღო და გარემოს დაცვის კომიტეტიდან წამოვიდა. ოჯახში იმაზეც არ ყოფილა საუბარი, რომელს დაგვეთმო პოსტი, მარტივად გადაწყდა ყველაფერი.

- გვახსოვს, წლების წინ, ზურაბ ჟვანია "ხუდონჰესის" წინააღმდეგი იყო და საპროტესტო აქციებშიც აქტიურად მონაწილეობდა. თქვენ, როგორც მინისტრის მოადგილე, ამ საკითხზე რა აზრის ხართ? რა რისკების შემცველია და, მოკლედ რომ ვთქვათ, უნდა აშენდეს თუ არა "ხუდონჰესი"?

- ძალიან რთულია, მოკლედ ითქვას, უნდა აშენდეს თუ არა "ხუდონჰესი". გარემოზე "ხუდონჰესის" ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, რომელიც ჩვენთან იყო განსახილველად შემოსული, 500-ზე მეტ გვერდს მოიცავდა და მიუხედავად ამისა, ჩვენი სამინისტროს ძირითადი შენიშვნები არასაკმარის კვლევებთან იყო დაკავშირებული. "ხუდონჰესი" ურთულესი პროექტია და გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ძალიან ღრმა კვლევებისა და ანალიზის შედეგად იქნება შესაძლებელი. რაც მთავარია, ამაში უმნიშვნელოვანესი როლი საზოგადოებას ეკისრება. საზოგადოებასთან ერთად უნდა შეფასდეს ყველა ის სარგებელი თუ რისკი, რასაც ქვეყანა ამ პროექტის განხორციელების ან განუხორციელებლობის შემთხვევაში მიიღებს. მთავრობის ვალდებულებაა, გადაწყვეტილება მიიღოს სოციალური, გარემოს დაცვითი და ეკონომიკური ასპექტების სრული გათვალისწინებით.

ნანა ფიცხელაური