საქართველო - ღარიბების ქვეყანა - გზაპრესი

საქართველო - ღარიბების ქვეყანა

ალბათ ყველას გვახსოვს ძველი, ლამაზი სიმღერა, სადაც საქართველოს "ყვავილების ქვეყანას" უწოდებენ... სამწუხაროდ, დღეს ჩვენი სამშობლო ღარიბების ქვეყანა უფროა, ვიდრე ყვავილებისა - ამას ციფრები და ფაქტებიც ადასტურებს. ევროპის ყველაზე ღარიბ ქვეყნებს შორის ასახელებენ: რუმინეთს, ბულგარეთს, ალბანეთს, ლატვიას, საბერძნეთს... ცხოვრების დონე ამ ქვეყნებთან შედარებით, ჩვენში გაცილებით დაბალია. სოციოლოგიური გამოკითხვებიც ადასტურებს, რომ ჩვენს მოსახლეობას ყველაზე მეტად სიღარიბე და უმუშევრობა აწუხებს. ამ სიტუაციაში ძალაუნებურად ჩნდება ეჭვი - ხომ არ იქნება საქართველო იმ ქვეყნების რიგში, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში განვითარებად ქვეყნებად რჩებიან და წინსვლას ვერ ახერხებენ?

თუ "საქსტატის" ოფიციალურ ვებგვერდს ვეწვევით, ვნახავთ, რომ 2014 წელს საქართველოს ეკონომიკა 29 მილიარდი ლარი იყო, ხოლო მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) მოსახლეობის ერთ სულზე - 6.491 ლარი ანუ იმდროინდელი 3.676 დოლარი (2015 წლის დაზუსტებული მონაცემები ჯერჯერობით არ გვაქვს: 2016 წლის ნოემბერში გამოქვეყნდება). ამ მაჩვენებლით თუ ვიმსჯელებთ, საქართველო საშუალოზე დაბალშემოსავლიანი ქვეყანაა.

თუ ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავალი აჭარბებს 12.745 დოლარს, ის მაღალშემოსავლიანად ითვლება - ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დადგენილი ზღვარია. დღესდღეობით, ყველაზე "ღარიბი" მაღალშემოსავლიანი ქვეყანა არგენტინაა, სადაც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 12.875 დოლარია, ხოლო ყველაზე მდიდარი - ლუქსემბურგი, სადაც ეს მაჩვენებელი 112 ათასს აღწევს. აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს თუ გადავხედავთ, ამ ქვეყნებიდან ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დაბალი წლიური შემოსავალი ბოსნია-ჰერცეგოვინას აქვს - 4.643 დოლარი და თუ 2014 წლის შემდეგ ლარის გაუფასურების დონესაც გავითვალისწინებთ, ეს ჩვენს მაჩვენებელს ბევრად აღემატება. სწორედ ამიტომ, სპეციალისტთა დასკვნით, საქართველო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. ჩვენი მოსახლეობის 11,5% სიღატაკის ზღვარს მიღმა ცხოვრობს

სოსო არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი:

- სიმდიდრისა და სიღარიბის ცნება ყველა დროში იცვლებოდა. მაგალითად: ნოდარ დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონის" მიხედვით, მოსამართლე ადრე ღარიბი იყო, რადგან ცალ-ცალი კალოში ეცვა, ახლა კი ტყავის პალტოსა და რეზინის ჩექმებშია გამოჭიმული. მაშინ სწორედ ეს მიაჩნდათ სიმდიდრისა და კეთილდღეობის მთავარ კრიტერიუმად. ამავე დროს, სიღარიბე სუბიექტური ცნებაა: ერთი ადამიანისთვის შეიძლება, ათასი ლარი სიმდიდრის მაჩვენებელი იყოს, მეორისთვის კი - სიღარიბის. გააჩნია, ადამიანი როგორ აღიქვამს თავის მდგომარეობას, თუმცა, ეს ოდნავაც ვერ ცვლის რეალობას, რომელიც დღეს საქართველოშია. გაეროს აქვს თავისი კრიტერიუმები ყველა ქვეყნისთვის და ამ კრიტერიუმების მიხედვით, მსოფლიო ბანკი ყოველწლიურად ანგარიშობს სიღარიბის დონეს სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, დღეში 1,9 დოლარზე ნაკლები შემოსავალი არის უკიდურესი სიღარიბე ანუ სიღატაკის ზღვარი. არის მეორე, უფრო შერბილებული კრიტერიუმი: ვისაც დღეში 3,1 დოლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში 1,9 დოლარზე ნაკლები შემოსავალი მოსახლეობის 11,5%-ს აქვს მაშინ, როცა სომხეთში ეს მაჩვენებელი 2,4%-ია, მეზობელ თურქეთში კი - მხოლოდ 0,3%. მართალია, ეს 2014 წლის მონაცემებია, მაგრამ იმის შემდეგ მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა, ხოლო ვისაც 1,3 დოლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს, მათი რაოდენობა სომხეთში 17%-ია, თურქეთში - 3,1%, ხოლო საქართველოში - 28,6%. სამწუხაროდ, აზერბაიჯანის მონაცემები გამოქვეყნებული არ არის.

- რატომ არის საქართველოსა და სომხეთს შორის ასეთი განსხვავება?

- მართალია, საქართველოს და სომხეთის მშპ თითქმის ერთნაირია, უფრო მეტიც - საქართველო უსწრებს სომხეთს მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული შიდა პროდუქტის სიდიდით, მაგრამ ჩვენთან ეროვნული სიმდიდრის განაწილების ხარისხი გაცილებით არათანაბარია, ვიდრე სომხეთში. აქ მაღალშემოსავლიანი ოჯახის ხარჯები თითქმის ოცჯერ აღემატება დაბალშემოსავლიანი ოჯახის ხარჯებს. სიღარიბის მაჩვენებლებს ეს ფაქტორიც ზრდის. რატომ? - ერთ შედარებას მოვიშველიებ: ინდოეთის ეკონომიკური პოტენციალი არანაკლებია, ვიდრე იაპონიის, მაგრამ იაპონიას სამჯერ უფრო ნაკლები მილიარდერი ჰყავს, ვიდრე ინდოეთს. ამიტომ, ეს ქვეყანა ინდოეთზე მდიდარი და ბედნიერია. რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს: ჩვენი მდგომარეობა მათთან შედარებით, არცთუ სახარბიელოა, რადგან საშუალო ევროპულ მაჩვენებლებს ძალიან ჩამოვრჩებით. აღარაფერს ვამბობ ამერიკაზე, სადაც მშპ მოსახლეობის ერთ სულზე თითქმის 60 ათას დოლარს მიუახლოვდა. ერთი მხრივ, ჩვენი ბიუჯეტი იზრდება, მაგრამ ჩვენი ციფრები მოწინავე ქვეყნებთან შედარებით ძალზე მოკრძალებულად გამოიყურება. იმავე აშშ-ში ბიუჯეტი ერთ ადამიანზე 20 ათას დოლარს ხარჯავს, ხოლო ჩვენთან ბიუჯეტის დანახარჯი ერთ ადამიანზე 1.000 დოლარია. განათლებაზე, ჯანდაცვაზე, სოციალურ დაცვაზეც მოკრძალებული ხარჯების გაწევა გვიწევს. ცნობილია, რომ ევროკავშირის ყველაზე სუსტი რგოლი ბულგარეთია. სამწუხაროდ, ბულგარეთსაც ბევრად ჩამოვრჩებით: სპეციალისტთა გათვლებით, ჩვენ მხოლოდ 2026 წელს მივაღწევთ იმ მაჩვენებლებს, რომელიც ბულგარეთს 2014 წელს ჰქონდა".

გიგი წერეთელი, პარლამენტის წევრი ("ნაციონალური მოძრაობა"):

- სამწუხაროდ, საქართველოს ამ ეტაპზე მართლაც აქვს სერიოზული ეკონომიკური პრობლემები. გასაგებია, რომ ეს საგარეო ფაქტორების ბრალიცაა, მაგრამ ამაში საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასაც დიდი წვლილი მიუძღვის. მან სწორად ვერ წარმართა ქვეყნის ბედი, ეკონომიკური პოლიტიკა და ოპონენტებთან ბრძოლას ძალიან დიდი რესურსი დაახარჯა. ხელისუფლებამ ვერ მიიღო სწორი გადაწყვეტილებები. საზოგადოებას შევახსენებ: როდესაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა, ისინი არასწორ პროექტებად ასახელებდნენ: ანაკლიის პორტს, თბილისის შემოვლით რკინიგზას, გაუმართლებელ ხარჯებში - ქუთაისის აეროპორტს. ამბობდნენ, რომ ტურიზმი არ არის ის სფერო, სადაც მნიშვნელოვანი ინვესტიციები უნდა განვახორციელოთ. კიდევ ბევრი საკამათო თემა არსებობს, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. სწორედ ამგვარი, არასწორი გადაწყვეტილებებისა თუ ქმედებების გამო ვერ მოხერხდა საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა, შემცირდა ექსპორტი და იმპორტი, ლარის კურსი მკვეთრად დაეცა, ვერც სამუშაო ადგილები იქმნება და მოსახლეობა უფრო და უფრო ღარიბდება. ფაქტია, რომ საქართველო არ გამდიდრებულა ბოლო წლების განმავლობაში. წინა ხელისუფლების დროს მშპ ერთ სულზე 4 ათას დოლარამდეც კი ავიდა, ახლა კი, გაცილებით ნაკლებია. ეს ყველაფერი არასასიამოვნო გარემოს ქმნის ქვეყნის შიგნით. ამიტომ, ხელისუფლების ამოცანაა, სწორი ნაბიჯები გადადგას: გამოიყენოს ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა და ტურისტული პოტენციალი, სატრანზიტო ფუნქცია, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ ყველაფერს კარგად გამოყენება სჭირდება. ისე კი არა, რომ ერთ წელიწადს ჩინელები არ შემოვუშვათ, მერე - ირანელები, მერე კი - თურქებთან და ევროპელებთან გავირთულოთ ურთიერთობა. ტურიზმი ის სფეროა, სადაც ძალიან ბევრი სპეციალისტის დასაქმება შეიძლება და ბევრი პროფესიაა საჭირო. ამავე დროს, უნდა შეწყდეს ჩვენი სიმდიდრის უთანაბრო განაწილებაც: ზოგს მაღალი პრემიები და დანამატები ხვდება, ზოგს კი - საერთოდ არაფერი, რაც კიდევ უფრო ამძიმებს სოციალურად დაუცველი ფენების მდგომარეობას.

თამაზ ყაჭეიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი ("ქართული ოცნება"):

- "ნაციონალები" იმას რატომ არ ამბობენ, რომ საქართველო სოფლის მეურნეობის ქვეყანაა და ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნულზე დაიყვანეს? ეს დარგი ჩვენი ეკონომიკის მთავარი საყრდენი იყო, მათი მმართველობის დროს კი, მთლიანად განადგურდა. საქართველო დღეს შეიძლება არ არის მაღალ დონეზე, მაგრამ წინსვლა მაინც იგრძნობა. თქვენ როგორ გგონიათ, ბიძინა ივანიშვილის მოსვლით იმ წუთში ყველაფერი გამოსწორდებოდა?.. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, მით უმეტეს, რომ ეკონომიკა თითქმის დანგრეული დაგვხვდა. აგრარულ ქვეყანაში მიწა არ იხვნებოდა. როგორ ფიქრობთ, ეს კარგი იყო? ყველაფერი ასე უცბად ვერ აღორძინდება. რა თქმა უნდა, მძიმე სიტუაციაა, მაგრამ მთელ მსოფლიოში ასეა. ჩვენს მდგომარეობაზე ბევრი რამ მოქმედებს. ავიღოთ ყველაზე მკაფიო მაგალითი: საქართველოდან ძალიან ბევრი ადამიანია წასული საბერძნეთში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში. ისინი სოლიდურ თანხას უგზავნიდნენ თავიანთ ოჯახებს, ნათესავებს, ახლა კი ამ ქვეყნებშიც რთული მდგომარეობაა. ვის უნდა დავაბრალოთ ეს ყველაფერი, ახალ ხელისუფლებას? ბევრი რამ გაკეთდა და ბევრი რამ მომავალში გაკეთდება - ამის იმედს არ ვკარგავ.

P.s. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ოპონენტებიც კი თანხმდებიან ერთ საკითხში: უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევის ერთადერთი გზა - ეკონომიკის ზრდაა. საქართველოს მოსახლეობის წინაშე არსებულ მწვავე პრობლემებს ეკონომიკის ზრდის გარეშე ვერავინ და ვერაფერი გადაჭრის.

ხათუნა ჩიგოგიძე