პარლამენტმა "სილამაზის კონკურსების შესახებ" კანონი უნდა მიიღოს? - გზაპრესი

პარლამენტმა "სილამაზის კონკურსების შესახებ" კანონი უნდა მიიღოს?

წილად მხვდა პატივი, ჟიურის წევრი ვყოფილიყავი და მსოფლიო სილამაზის კონკურსისთვის ქართველი მონაწილის შესარჩევად ჩემი მოკრძალებული წვლილიც შემეტანა. აღსანიშნავია, რომ ჟიურის წევრებმა გადაწყვეტილება ერთხმად მივიღეთ: პატარა ლამაზმანებს შორის ოთხმა გოგონამ - 5 წლის თიკო ქოქოსაძემ, 7 წლის ლიზი ბენდელიანმა, 8 წლის ნუცა ქარქაშაძემ და 10 წლის ანი კორძაიამ გაიმარჯვეს. "მის პლანეტა - საქართველო" 14 წლის მარი სოლოღაშვილი გახდა, "მისის პლანეტა - საქართველო" კი - 30 წლის ეკა ქუთათელაძე.

ეკა მგალობლიშვილი:

- მსოფლიოს მასშტაბით, ეს საკითხი დავსვი: მართებულად არ მიმაჩნია, რომ პატარებს შორის სილამაზის კონკურსი ოფიციალურად ჩატარდეს. კონკურსზე ყველა ბავშვი უნდა ჯილდოვდებოდეს. დღეს ყველა პატარა კონკურსანტი შინ გახარებული წავიდა: ზოგი "ფერია" გახდა, ზოგი - "დედოფალი", "პრინცესა"... გვირგვინები ყველას გადავეცით, რადგან მახსოვს, ერთხელ შეცდომა დავუშვი - გვირგვინი მხოლოდ "მისს" დავადგი და სხვა ბავშვების ატირებული თვალები დავინახე... მოკლედ, დღეს ეს საკითხი ლამაზად გადავწყვიტეთ, თუმცა წყნარად, მშვიდად და პატარებისგან მალულად, ჟიურიმ 4 ბავშვი მაინც შეარჩია, რომლებიც მსოფლიო სილამაზის კონკურსში - "მის და მისტერ პლანეტა" მონაწილეობას მიიღებენ.

- დღევანდელ კონკურსში ბიჭები რატომ არ მონაწილეობდნენ?

- რატომღაც თქვეს, - ჯერ მზად არ ვართო. უბრალოდ, ჩვენებაში მონაწილეობდნენ...

ანი კორძაია, 10 წლის:

- მოუთმენლად ველოდი, პოდიუმზე როდის გავიდოდი. მთელი სულითა და გულით სცენაზე ვიყავი! გამარჯვებამ ძალიან გამახარა, კარგ განწყობილებაზე ვარ! სულ რაღაც 2 თვეა, რაც სამოდელო სფეროში ვარ. მოდელობა ძალიან კარგია!

- ეს პროფესია რატომ მოგწონს?

- ეს გოგონები ტელევიზორში ხშირად ჩანან, ძალიან ლამაზები არიან!

- სკოლაში პოპულარული გოგო ხარ?

- კი, როგორ არა!

- სწავლასა და მოდელობას ერთმანეთს როგორ უთავსებ?

- სწავლას ვაცდენ, მოდელების გაკვეთილებს ვესწრები.

- სკოლაში მასწავლებლები არ გსაყვედურობენ?

- ხანდახან...

ჟიურის წევრმა - დიზაინერმა ზალიკო ბერგერმა პატარა კონკურსანტებს ერთგვარი საჩუქარი მიუძღვნა:

- მე და დიზაინერ ანა ჩანგიანს "ხელოვნების სახლი" გვაქვს, სადაც მსურველებს ხატვასა და თექაზე მუშაობას ვასწავლით. სწავლა ძვირი არ ღირს, მაგრამ პატარა კონკურსანტებს სასწავლებლად 1 თვით უფასოდ ვიწვევთ. კონკურსზე ამის შესახებ არაფერი მითქვამს - "გზის" მეშვეობით შეიტყობენ... კონკურსში ბავშვების მონაწილეობა უფრო სიმბოლურია - ყველა ლამაზია. უკმაყოფილო არავინ დაგვიტოვებია. უფროსებს შორის რამდენიმე გოგონას სამოდელო სფეროში საქმიანობისთვის კარგი მონაცემები აქვს...

- ზალიკო, ეკა ქუთათელაძეს გვირგვინი თქვენ დაადგით. ეს კონკურსანტი თქვენი სიმპათია იყო?

- ჩემთვის მოულოდნელი იყო, როცა ეკა მგალობლიშვილმა გამოაცხადა, რომ "მისის პლანეტა - საქართველოსთვის" გვირგვინი მე უნდა დამედგა, თუმცა ამ გოგოს მიმართ სიმპათიით განწყობილი ვარ - ეშხიანია, თამამი კოსტიუმიც კარგად წარმოაჩინა. გამარჯვებას ვულოცავ! იმედია, მსოფლიო ასპარეზზე გვასახელებს.

ეკა ქუთათელაძე, 30 წლის:

- გამარჯვება ძალიან მახარებს, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, ბულგარეთში მსოფლიო კონკურსს თავს როგორ გავართმევ. იქ ძლიერი კონკურენცია იქნება - 18-დან 40 წლამდე ასაკის მონაწილეები იქნებიან.

- დიდი ხანია, რაც მოდელი ხარ?

- 17 წლიდან. თავდაპირველად, სოფო ჭყონიას მოდელი ვიყავი, შემდეგ - დავოჯახდი. კონტრაქტი დავარღვიე - ბავშვი გავაჩინე... 1 წელია, რაც სამოდელო სფეროს ისევ დავუბრუნდი.

- ამ კონკურსში როგორ მოხვდი?

- მანანა გოგრიჩიძის მოდის სახლის (რომელიც ქუთაისშია) მოდელი და მენეჯერი ვარ. "კატრინთან" ვთანამშრომლობთ. ახლა თბილისში ფილიალს ვხსნით... როცა "კატრინმა" აღნიშნული კონკურსის ჩატარების ლიცენზია მოიპოვა, მონაწილეობა შემომთავაზეს და დავთანხმდი. სხვათა შორის, კონკურსში მონაწილეობის სურვილი წინათ არასოდეს მქონია.

- შენს გადაწყვეტილებაზე ბულგარეთში გამგზავრების პერსპექტივამ ხომ არ იმოქმედა?

- კი, ამან დიდი როლი ითამაშა (იცინის).

მარიამ სოლოღაშვილი, 14 წლის:

GzaPress- აღფრთოვანებული ვარ, სიხარულისგან სუნთქვა მეკვრის!.. გამარჯვებას არ ველოდი. ჩემი სახელი რომ გამოაცხადეს, სცენაზე "გამოვფრინდი"!.. კონკურსისთვის მოსამზადებელი პერიოდი რთული იყო: კამერასთან, ჟიურისთან ხალხთან უნდა გვემუშავა, ნერვიულობისა თუ დაბრკოლების მიუხედავად, უნდა გაგვეღიმა... მეხუთე თვეა, რაც "კატრინის" მოდელი ვარ. კონკურსამდე მხოლოდ 2 ჩვენებაში ვმონაწილეობდი.

- შენი მთავარი შარმი რა არის? მსოფლიო კონკურსზე წარმატების მიღწევას როგორ აპირებ?

- არ ვიცი, ალბათ - ღიმილი. ყველანაირად ვეცდები, რომ საქართველო და "კატრინი" არ შევარცხვინო. მადლობა ეკა მგალობლიშვილს, რომ მოდელებს საკუთარი თავის წარმოჩენის ასეთი შანსი მოგვცა...

აჩიკო მეფარიძე, მომღერალი, ჟიურის წევრი:

- ასეთი ღონისძიებები მომწონს, მით უმეტს - დღევანდელი საღამო კარგად ორგანიზებულია. ამდენი ლამაზი ბავშვი ერთად კარგა ხანია, არ მინახავს.

- სილამაზის კონკურსის ჟიურის წევრი პირველად იყავით?

- არა. დაახლოებით 15 წლის წინ საქართველოში "მის გლობის" წარმომადგენელი გახლდით, სილამაზის კონკურსები ჩამიტარებია...

დალი ჩიტალაძე, მოდის კრიტიკოსი, ჟიურის წევრი:

- ეკას შრომა დასაფასებელია, რადგან თითქმის ყველა მსოფლიო სილამაზის კონკურსზე ქართველი გოგონების სილამაზის წარმოჩენის საშუალება გვაქვს. დღევანდელი კონკურსის გამარჯვებულები ჟიურის წევრებმა ერთხმად ავირჩიეთ.

"კატრინმა" კონკურსგარეშე ჩვენებაში მონაწილე მოდელს - 21 წლის კონსტანტინე ლხინაძეს სიურპრიზი მოუწყო: ის 1 კვირით კონკურსანტ გოგონებთან ერთად, ბულგარეთში გაემგზავრება, როგორც დელეგაციის წევრი. სააგენტოს ხელმძღვანელი მსგავსი სიურპრიზების მოწყობას სხვა მოდელი ბიჭებისთვისაც აპირებს. მთავარია, სააგენტოში გაკვეთილები არ გააცდინონ...

ტელეკომპანია ჩთV-ის რჩეული 20 წლის მოდელი - დავიდ რუტკაუსკასი გახდა, რომელსაც საჩუქრად ბათუმის 2-კვირიანი საგზური გადასცეს...

"კატრინის" მოდელ ბიჭებს ქალბატონმა მანანა გოგრიჩიძემ (რომელიც ჟიურის წევრი გახლდათ) ყოველდღიური სამოსის შეკერვა შესთავაზა. ქალბატონი მანანას მოდის სახლი გამარჯვებული გოგონების საკონკურსო სამოსზეც იზრუნებს.

ეკა მგალობლიშვილი:

- არ ვიცი, ამასთან დაკავშირებით პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი თუ სხვა რამეა საჭირო, მაგრამ არ შეიძლება, საქართველოში ინდმეწარმის ცნობით, სილამაზის კონკურსები ჩაატარო. თუკი შესაძლებელია, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ (ინდმეწარმის ცნობა რა ღირს, არ ვიცი), რაც გაგიხარდება, ის კონკურსი ჩაატარო, მაშინ ლიცენზირებული კონკურსები რაღა საჭიროა?!

- ქუთაისში შარშან ჩატარებულ სილამაზის კონკურსს გულისხმობთ, რომელზეც მოდელებს "ქართული ოცნების" მაისურები ეცვათ?

- არა მხოლოდ ამას. უბრალოდ, ქუთაისში ჩატარებულს "კარგი" პიარი გაუკეთეს (იცინი). იცით, თბილისშიც რამდენი მსგავსი კონკურსი ტარდება?! ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. მინდა, საქართველოში ტარდებოდეს მსოფლიოში ლიცენზირებული კონკურსები და მონაწილეების მშობლები შეცდომაში არ შეჰყავდეთ...

ეთო ყორღანაშვილი