გზაზე ჩასაფრებული სიკვდილი - გზაპრესი

გზაზე ჩასაფრებული სიკვდილი

ავტოსაგზაო შემთხვევა საქართველოში ხშირია და ავარიის შედეგად დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობაც საგრძნობლად იზრდება, რაც საგანგაშოა. სპეციალისტების თქმით, მძღოლების უმეტესობა საგზაო წესებს არ ემორჩილება და ხდება ავარია. მართალია, კანონი მკაცრია, ჯარიმებიც გაზრდილია, მაგრამ სტატისტიკა ისევ საგანგაშოა. ყველაზე ხშირად ავარიის გამომწვევი მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა. როცა სწრაფად ატარებ მანქანას, ავარიის შანსი მეტია, რადგან სწრაფად მართვისას მანქანის მოულოდნელი დამუხრუჭება საავტომობილო შემთხვევის რისკს ზრდის.

სამწუხაროდ, ამაზე არ ფიქრობენ მძღოლები და ისინი საფრთხის ქვეშ აყენებენ სხვების სიცოცხლესაც და საკუთარ ჯანმრთელობასაც. ავარიის მიზეზების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ყველაზე გავრცელებულია არასწორი მანევრი, საგზაო ნიშნების უგულებელყოფა, საჭესთან ნასვამი მძღოლები, მობილურზე საუბარი, მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა, ამას ემატება მართვის უცოდინარობაც. სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ ბევრმა მძღოლმა არ იცის, როგორ მართოს მანქანა წვიმაში, თოვლსა და ყინვაში, ეს კი ზრდის ავარიის რისკებს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად ქვეითებიც სცოდავენ, რაც საბოლოოდ, უმძიმესი შედეგებით მთავრდება. საგზაო შემთხვევების კიდევ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გაუმართავი ტრანსპორტია. არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს ყველა მანქანის ტექდათვალიერება და ამის მოგვარებაზე სახელმწიფომ დროულად უნდა იზრუნოს.

მხოლოდ ერთ თვეში, იანვარში, 460 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 33 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით ადამიანი კი დაშავდა. ალბათ არანაკლები იქნება თებერვლის სტატისტიკაც, რადგან თითქმის ყოველდღე ვიგებთ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე ინფორმაციას. ამის მაგალითია, თუნდაც რამდენიმე დღის წინ, სოფელ უჯარმასთან მომხდარი შემზარავი ავარია. საპირისპირო მიმართულებით მიმავალი `ფორდის~ მარკის ორი მიკროავტობუსი ერთმანეთს იმდენად ძლიერად შეეჯახა, რომ ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. სამწუხაროდ, გარდაცვლილებიდან 5, ერთი ოჯახის წევრია, მათ შორის - ორი არასრულწლოვანი. დაღუპულები სოფელ გომბორში ცხოვრობდნენ. ასევე ადგილზე დაიღუპა მეორე სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, დავით ნიბლოშვილი, მასთან ერთად მანქანაში მყოფი ქალბატონი კი უმძიმეს მდგომარეობაში, საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, სამართალდამცავები ტრაგედიის მიზეზს დაადგენენ, თუმცა ცხადია, მომხდარს ვერაფერი გამოასწორებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მანქანის მძღოლი საჭეს ნასვამი მართავდა. რამდენად შეეფერება ეს ინფორმაცია სიმართლეს, ექსპერტიზა დაადგენს. სოფელში კი ამბობენ, რომ იმ საბედისწერო დღეს ტელმან ალიევი სოფელ გაჩიანში ნათესავებთან წვეულებაზე იყო, მას ახლდნენ ოჯახის წევრები. ტრაგედიის დროს სუფრიდან ისინი სახლში ბრუნდებოდნენ. იმასაც ამბობენ, რომ მძღოლმა სუფრაზე რამდენიმე ჭიქა ღვინო დალია და საჭეს ნასვამი მიუჯდაო. მას მანქანაში ეჯდა მეუღლე, 12 და 7 წლის შვილები და 17 წლის ძმისშვილი. სამწუხაროდ, ადგილზე დაიღუპა ტელმანის მეუღლე, მისი ერთი შვილი და ძმისშვილი. მანქანა იმდენად იყო დამტვრეული, დაშავებულები იქიდან ძლივს გადმოიყვანეს, თუმცა არც ერთს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. მხოლოდ 7 წლის ბავშვი სუნთქავდა, ცოცხალი იყო მძღოლი, ტელმან ალიევიც. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მამა-შვილი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. სამწუხაროდ, საავადმყოფომდე ვეღარ მიაღწია დაშავებულმა პატარამ, ის გზაში გარდაიცვალა, ტელმან ალიევი კი ორი დღე ებრძოდა სიკვდილს. ექიმებმა ვერც მისი გადარჩენა შეძლეს. ენით აღუწერელი იყო ტრაგედიის შედეგი. სამწუხაროდ, ერთი ოჯახის 5 წევრი მიწას ერთ დღეს მიაბარეს.

24 თებერვალს, ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთშიც მოხდა. ამჯერად მსხვერპლი ქვეითად მოსიარულე აღმოჩნდა. 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. როგორც ამბობენ, მძღოლი სწრაფად მოძრაობდა და მანქანის დამუხრუჭება ვეღარ შეძლო. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ანალოგიური ფაქტი 18 თებერვალს წალენჯიხაშიც დაფიქსირდა. იქაც მსხვერპლი ფეხით მოსიარულე იყო. გზაზე მიმავალ 28 წლის ახალგაზრდას ავტომანქანა დაეჯახა და დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა. ამ შემთხვევაშიც საქმე იმავე მუხლით, 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა, ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

აქვე მინდა გავიხსენო 28 იანვარს, ზუგდიდი-ჯვრის მონაკვეთზე მომხდარი შემზარავი ავარია. `ფორდისა~ და `ოპელის~ მარკის ავტომობილების შეჯახებას 6 ახალგაზრდა ემსხვერპლა. შეჯახების შემდეგ მანქანა რკინის ღობეს შეასკდა და ისე დაიმტვრა, იქიდან დაშავებულების გამოყვანა ძლივს შეძლეს. ერთ მანქანაში მყოფი ოთხი მეგობარი: ავთო ქუხილავა, გიორგი ციმინტია, ბაჩანა შონია და ლევან მატუა ერთად დაიღუპნენ. სიკვდილს ვერ გადაურჩა მეორე მანქანის მძღოლი, 19 წლის დათო ბერიშვილიც, მის მანქანაში მყოფი მგზავრები სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

28 თებერვალს კი მორიგი ტრაგედია ქობულეთშიც დატრიალდა. მომხდარ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგიკული შემთხვევა დილის საათებში, ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა, ამჯერად ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მსუბუქ ავტომობილში მყოფი სამივე ადამიანი ადგილზე დაიღუპა. დაშავდნენ მიკროავტობუსში მყოფი მგზავრებიც, `სასწრაფო დახმარების~ ბრიგადებმა რვა ადამიანი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში სხვადასხვა დაზიანებით გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ამ ფაქტზეც გამოძიება მიმდინარეობს. აქაც გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება მიზეზად.

2015 წელს საქართველოს მასშტაბით 6 432 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. ავარიის შედეგად 602 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 9 187 დაშავდა. დაღუპულია 28 ბავშვი, ხოლო 912 პატარა დაშავდა.

2010-2015 წლის მონაცემებით, ყველაზე ხშირად ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები ეჯახებიან. მეორე ადგილზეა ქვეითად მოსიარულეებზე შეჯახება, ხოლო მესამეზე - ველოსიპედისტებზე შეჯახება.

აქვე გთავაზობთ წინა წლების სტატისტიკას: 2012 წელს საქართველოში სულ 5 359 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 605 ადამიანი, ხოლო 7 734 დაშავდა, 2013 წელს - სულ 5 510 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, 514 დაიღუპა და 8 045 დაშავდა, 2014 წელს კი სულ 5 992 შემთხვევა მოხდა, აქედან 511 სიკვდილით დასრულდა, ხოლო 8 536 დაშავდა.

რეგიონებში მომხდარი ტრაგედიების ძირითად მიზეზად სპეციალისტები გზების უკონტროლობას ასახელებენ, ამბობენ, რომ სათანადოდ არ კონტროლდება სიჩქარის გადაჭარბება და არც ნასვამ მდგომარეობაზე მოწმდებიან ხშირად მძღოლები.

აშკარაა, სახელმწიფო ამ პრობლემის გადაჭრის გზებს უკვე ეძებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც პარლამენტშია განსახილველად. დაამტკიცებს თუ არა ამ ცვლილებებს პარლამენტი, მოგვიანებით გაირკვევა. თუმცა ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით შეიმუშავეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამა და იგი სხვადასხვა მნიშვნელოვანი კომპონენტისაგან შედგება. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პრევენციული მიმართულების გაძლიერების მიზნით შემოდის მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულათა სისტემა. სამინისტროს მტკიცებით, მსგავსი მოდელი მსოფლიოს 21 ქვეყანაში წარმატებით მოქმედებს და აღნიშნული კანონპროექტის შემოღება სწორედ დასავლეთში აპრობირებული მექანიზმის ძირეული შესწავლის შემდეგ გადაწყდა. პროექტის თანახმად, ყოველი კალენდარული წლის 1-ელ იანვარს მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება, რომელიც ძალაში იქნება იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა კი გამოიწვევს მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების შემცირებას, ხოლო ქულათა რაოდენობის მთლიანად ამოწურვა - მართვის უფლების გაუქმებას (შეწყვეტას). ასეთ შემთხვევაში, მართვის უფლების ხელახალი მოპოვებისთვის მოქალაქემ შესაბამისი კატეგორიის თეორიული გამოცდა უნდა ჩააბაროს. გამოცდის ჩაბარებას ის მართვის უფლების გაუქმებიდან 2 თვის შემდეგ შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ ქულების დაკლება მოხდება საჯარიმო ქვითრის გამოწერის პარალელურად. მაგალითად, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლი ან მგზავრი უსაფრთხოების ღვედს არ გამოიყენებს აღნიშნული მუხლის დარღვევის შემთხვევაში, მგზავრს 100 ქულიდან გამოაკლდება 10 ქულა და ამასთან იგი დაჯარიმდება 30 ლარით. რაც შეეხება კონკრეტულ დარღვევაზე ქულების მინიჭების კრიტერიუმებს, სამინისტრომ პროგრამის შემუშავებისას გაითვალისწინა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება და ქულების ოდენობა თითოეულ დარღვევაზე ამა თუ იმ დარღვევის რისკიდან და მისი ინტენსივობიდან გამომდინარე განისაზღვრა. შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთასა და საპირისპირო მიმართულებით მოძრაობაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაწესდება ახალი ნორმა - ადმინისტრაციული ჯარიმა 300 ლარის ოდენობით. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იზრდება 200-დან 300 ლარამდე იმ პირის მიმართ, რომელიც საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საერთაშორისო რეისებით მგზავრების რეგულარული გადაყვანისას გადააჭარბებს სიჩქარეს. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა 10 ლარიდან 30 ლარამდე იზრდება. ძალაში რჩება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლისთვის ავტომანქანის მართვის მოწმობის 6 თვით შეჩერება, თუმცა მართვის უფლების აკრძალვის ჯარიმით შეცვლის წესი იცვლება. თუ კანონპროექტის ძალაში შესვლამდე მოქალაქეს შეეძლო მართვის უფლების აკრძალვის მეორე დღიდანვე მოეთხოვა მისი ჯარიმით შეცვლა, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ კი ასეთი უფლება პირს მხოლოდ 3 თვის გასვლის შემდეგ ექნება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სხვა ცვლილება, რაც ჯარიმის თანხის გაზრდას ითვალისწინებს, არ განხორციელდება. იმ მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები, რომლებიც კონკრეტული დარღვევის დროს მართვის მოწმობის ერთწლიან შეწყვეტას გულისხმობდა, შემსუბუქდა და მძღოლს, მართვის მოწმობის ჩამორთმევის ნაცვლად, ფულადი ჯარიმა დაეკისრება. ეს ცვლილება კი ქულათა სისტემის დანერგვითაა განპირობებული.

სპეციალისტები კი თვლიან, რომ ამ ცვლილებების ამოქმედების შემდეგ მძღოლების უმრავლესობა მობილიზებული და კანონმორჩილი გახდება, რადგან მათ მართვის მოწმობის დაკარგვის შეეშინდებათ და კანონს უფრო მეტად დაემორჩილებიან.

თეა ხურცილავა