"ოცნებას" მუშაობაში გონიერი, ცბიერი ხალხი უშლის ხელს" - გზაპრესი

"ოცნებას" მუშაობაში გონიერი, ცბიერი ხალხი უშლის ხელს"

და არა იმის, როგორსაც დღეს ვხედავთ: დასუსტებულ-დაქუცმაცებულ-უსუსურები გახდნენ თითქოს. არ მომწონს, ერთმანეთს რომ დაერივნენ პოლიტიკოსები და ისევ იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ იშოვონ უფრო მეტი, ვიდრე მისი თანამებრძოლები შოულობენ", - ბატონმა ერეკლემ წერილი მეზობლის დახმარებით, ახმეტიდან გამომიგზავნა.

ის ამბობს, რომ ძმათა ომი მის გულს ფლეთს. კაცი დავბერდი და მეგობრისთვის ზედმეტი სიტყვა არასდროს მიკადრებია: არც ერთისთვის ხმამაღლა არაფერი მითქვამს და თავს მოვიკლავ, რომელიმემ აუგად რომ მახსენოს ჩემი საქმეების გამო. მეგობრები კი იცოცხლე, ბლომად მყავს. მინდა, ყველა ქართველს შეეძლოს ამაყად სიარული და თითოეული ჩვენგანის შვილსაც არ შერცხვეს მამის თუU დედის ხსენებისო...

- სააკაშვილის ხელისუფლება არასდროს მომწონდა. თავიდანვე ვამბობდი, ეს ამბიციური გოგო-ბიჭები ქვეყანას დაღუპვამდე მიიყვანენ-მეთქი და ასეც მოხდა. თუმცა, ზურაბ ჟვანიას იმედი მქონდა. როგორც პიროვნებაზე, ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ კარგი დიპლომატი იყო, გონებაგახსნილი პოლიტიკოსი. ჰოდა, ეტყობა, ვიღაცას რაღაცაში უშლიდა ხელს და კი მოიშორეს თავიდან... "ნაცებმა" შეიძლება, ბევრი რამ ფასადურად გააკეთეს, მაგრამ ფესვების გამაგრებაზე არასდროს, არც ერთ მათგანს არ უზრუნია. პირიქით, ყველაფერი ევროპულის და ამერიკულის შემოღების მომხრე იყვნენ და ამისთვის ალბათ, მამათმავლობასაც დააკანონებდნენ. არადა, ვის გაუგია, ქართველი კაცის ქუჩაში ქალივით სიარული, მანჭვა-გრეხა? ეს ჩვენთვის მიუღებელია! ახლა გინდა გამკიცხეთ, გინდა - ჩამქოლეთ, მაგრამ ვერასდროს შევეგუები ორი მამაკაცის ხელიხელგადახვეულ სიარულს ქუჩაში. მიწოდეთ ჰომოფობი, საზოგადოების მტერიც - მაგრამ ტრადიცია და რჯული ჩემთვის უმთავრესია.

- ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე ლაპარაკი ახლაც არის...

- და იმედია, ჩინოვნიკები ყურს გამოიფხეკენ და დროულად იტყვიან უარს ასეთი უსარგებლო, ყოვლად მიუღებელი კანონის დამტკიცებაზე... სააკაშვილის კიდევ, იცით, რა არ მომწონდა? ძალიან ჩქარობდა. კარგი საქმეების კეთება შეეძლო, მაგრამ აჩქარებით ყველაფერს აფუჭებდა. აბა, ვის აუშენებია სასტუმრო ან სკოლა ერთ კვირაში, ჩვენ რომ აგვეშენებინა? ჰოდა, რაც მის დროს აშენდა, ყველაფერი რომ უხარისხო იყო, წლების შემდეგ, კარგად გამოჩნდა.

- თუმცა, "ნაციონალებმა" ბევრი კარგი შენობაც ააგეს, ძველი ნაგებობები გაამაგრეს... და კიდევ, ძველ მთავრობას "ქართული ოცნება" რასაც უწუნებდა, ახლა ის ყველაფერი ამათთვისაც მისაღები გახდა...

- არაფერიც არ გახდა მისაღები, მაგრამ შეეგუვნენ რეალობას და აგებულს ხომ არ დაანგრევენ? მაგალითად, დარწმუნებული ვარ, იუსტიციის სახლი არ მოსწონთ, მაგრამ თავის დროზე, ამ შენობის ასაგებად ბიუჯეტიდან იმდენი თანხა დაიხარჯა, რომ ხალხისგან აკრებილ ფულს წყალში ხომ არ ჩაყრიან? სად გვაქვს ქართველებს იმის ფუფუნება, რომ ყოველი მთავრობის შეცვლის შემდეგ ახალი შენობები წამოვჭიმოთ? გზებს არ აგებენ, უსაქმურობენო, - რომ ამბობენ ქვეყნის მმართველებზე, ახლახან არ დაიგო რუსთავის გზატკეცილი? ბევრ სოფელში გაკეთდა გზა და მაინცდამაინც დედაქალაქში თუ არ აქტიურობენ, ამით არ უნდა ვიყოთ უკმაყოფილო. თბილისელებს ისედაც კარგი გზები აქვთ! რაიონშიც ხალხი ცხოვრობს და ჩვენც უნდა მოგვხედონ - აბა, როგორ გინდათ?

- ანუ ფიქრობთ, რომ "ქართული ოცნება" რეგიონის მოსახლეობაზე განსაკუთრებულად ზრუნავს?

- კი, ასეა და ამაზე პირველ რიგში, სოფლის მეურნეობის პროგრამა მიუთითებს, რომლის წყალობითაც, გლეხებმა ამოისუნთქეს. ვიდრე "ოცნება" მოვიდოდა ქვეყნის სათავეში, ბევრ გლეხს მიწის დამუშავების თავი არ ჰქონდა; შიმშილისგან წელში იყვნენ გატეხილი, მაგრამ როცა ხელისუფლება მათ ერთხელ დაეხმარა, მერე ცოტა გასწორდნენ და ახლა თავადაც ამუშავებენ მიწას. გული მიკვდებოდა, დაუმუშავებელ ნაკვეთებს რომ გავყურებდი, ახლა კი ყველა ცდილობს, მიწა დაამუშაოს, მოსავალი მოიყვანოს. მართალია, გლეხის შრომას ძველებურად, ჩალის ფასი აქვს და ზოგჯერ, ბუნებრივი მოვლენები, კლიმატი გვიყრის წყალში ნაშრომს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გლეხებს უკეთესის იმედი გაუჩნდათ: თუ იმუშავებ, "კაპიკებს" იშოვი და თუ რაღაც არ გამოვა, მთავრობა დაგეხმარება... ვერ წარმოიდგენთ, ჩვენთვის, გლეხებისთვის რამდენად დიდი შეღავათია იმის ცოდნა, რომ ექიმთან მისულს, ბევრი ფული აღარ დაგეხარჯება. აბა, სად გვქონდა იმის ფუფუნება, რომ ოჯახები თავად დაგვეზღვია? ჰოდა, პოლიკლინიკაში წასვლას ისე გავურბოდით, თითქოს, იქ რაიმე სენი გადაგვედებოდა. ტკივილისგან რომ მოვმკვდარიყავით, სახლიდან ფეხს არ გავადგამდით იმის გამო, რომ ვიცოდით, საავადმყოფოში ბევრი ფული დაგვჭირდებოდა. არადა, ბევრი კი არა, ცოტაც რომ სასესხებელი გაქვს ადამიანს, სიცოცხლის ხალისიც გეკარგება. ახლა თავისუფლად მივდივარ ექიმთან - ვიცი, რჩევას მომცემს, წამალს გამომიწერს და ამაში არაფერს გამომართმევს. ნუ, თუ ექიმს პაციენტი პატივს სცემს, ეს სხვა ამბავია, მაგრამ ხელებში ყურებასაც არავინ დაგიწყებს: გაქვს თუ არა, მაინც გაგიწევენ კონსულტაციას.

- არის თუ არა რაიმე ისეთი, რაც ამ მთავრობის წევრებისგან გეწყინათ, რითაც იმედი გაგიცრუეს?

- ერთადერთი, ის არის, რომ დაიფანტნენ. ხომ იცით, ვიდრე გუნდი შეკრულია, მას მტერი ვერაფერს დააკლებს, მაგრამ თუ ერთი ალთას წავა და მეორე - ბალთას, საყრდენი კედელიც კი იოლად დაინგრევა. არ მომეწონა, ირაკლი ალასანია რომ ჩამოიშორეს და ახლა უფრო მეტად არ მომწონს, ხალხი ნელ-ნელა, ჩამოშორების გარეშეც კი რომ შემოეძარცვათ. ისე, "ნაციონალებიც" დაიქსაქსნენ. მეცინება "გირჩებზე": "ნაცების" ქება-დიდების მეტს არაფერს აკეთებდნენ და ახლა, ოპოზიციაში ჩაუდგნენ ვითომ? ამას ვინ დაუჯერებს? ასე რომც იყოს, მათ მხარში ვინ ამოუდგება, გიჟის გარდა? ისევ მიშას მივცემ ხმას და მოღალატე "ნაცებს", ახლა "გირჩებად" წოდებულს, არასდროს ამოვუდგები მხარში - მაშინ მართლა უნდა გამიხმეს ეს მარჯვენა... საერთოდ, ცუდია, როცა ადამიანი გუნდს იცვლის, მაგრამ ერთხელ და ორჯერ არა უშავს: იმედს ზოგჯერ შვილები გვიცრუებენ და თუ თანაგუნდელებს რაღაცაში არ დაეთანხმები, ამის გამო სხვა გუნდში გადახვალ, ეს დიდ დარტყმას ვერ მოგაყენებს, მაგრამ ყვარყვარესავით, ყოველთვის გამარჯვებულის მხარეს რომ მიგიწევს გული, ეს უკვე ძალიან ცუდი რამ არის.

- თქვენი აზრით, საქართველოში კრიმინალმა იმატა?

- არა, მგონია. საქართველოში კრიმინალი ყოველთვის იყო, მაგრამ საქმესაც ხომ გააჩნია და ზოგჯერ, ყველაფერს აშუქებთ მედიის წარმომადგენლები, ზოგიერთ საქმეს კი ყურადღების ღირსადაც არ მიიჩნევთ. იმასაც გააჩნია, ქვეყანაში კონკრეტულ მომენტში რა უფრო აქტუალურია. თუ ქვეყანაში ომია, კრიმინალს ვინღა ჩივის? ომს თან სდევს მკვლელობა, მაროდიორობაც და თუ ქვეყანაში ვიღაცას დააყაჩაღებენ, ეს ამბავიც ჩრდილში მოექცევა... ახლა, როცა სიმშვიდეა, ყველაფერი ისე ჩანს, როგორც მოწმენდილ ცაზე ვარსკვლავები და ჟურნალისტებსაც, სხვა სალაპარაკო რომ არ აქვთ, კრიმინალური ამბებით ამდიდრებენ თავიანთ ეთერს. უბრალოდ, კრიმინალური ამბების გაშუქების დონემ იმატა, თორემ საქართველოში ყოველთვის ხდებოდა ყაჩაღობა, ძარცვა...

აი, ახლა ალექსი პეტრიაშვილი რომ დაჭრეს, ატყდა ერთი ამბავი: პოლიტიკურ მოღვაწეს დღისით რომ დაჭრიან, ეს რაზე მეტყველებს, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთო? რა, სააკაშვილის დროს არ იყო, უამრავი ბიჭი რომ დაიცხრილა ასევე დღისით, მზისით? მაინცდამაინც პოლიტიკოსები უნდა ყოფილიყვნენ, მათი საქმე რეზონანსული რომ გამხდარიყო მიშას ხელისუფლებისთვის? ჟვანია რომ ღამით მოკლეს, ამიტომ არ მოხდა საქმის გამოძიება? ახლა რომ ყაყანებენ "ნაციონალები", სად იყვნენ იმ დროს, როცა მათი ხელისუფლება ხმას არ იღებდა კრიმინალურ გარჩევებზე? ზოგჯერ სრულიად უსამართლოდ, უდანაშაულო ადამიანს ციხეში ალპობდნენ და ბევრ დამნაშავეს "აგულავებდნენ". მაშინ სამართალიც ნაცნობობით "იყიდებოდა", ახლა კი მჯერა, მხოლოდ დამნაშავეები ისჯებიან.

- ბატონო ერეკლე, როცა წერილი მომწერეთ, პ. ს. გაგიკეთებიათ, სადაც წერდით, რომ ჩემზე ნაწყენი ხართ. რატომ?

- აბა, სად პოულობ ამდენ "ოცნების" მაგინებელ და "ნაცების" მაქებარ ხალხს? დავიჯერო, მხოლოდ "ნაცისტები" გიკავშირდებიან და ისეთი ხალხი დაილია ქვეყანაში, ვინც ბიძინაზე აუგს არ ილაპარაკებს? ამის არ მჯერა.

- მაგრამ ახლა ხომ მიხვდით, რომ მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა, ჩვენ ყველას ვუთმობთ დროს და ვაძლევთ საშუალებას, თავისი მოსაზრება დააფიქსირონ?

- კი, ბატონო, მაგრამ ამას მაშინ დავიჯერებ, როცა ჩემს სტატიას თქვენს ჟურნალში ვნახავ. არ მინდა ვიფიქრო, რომ იმ ძალის მხარეს ხართ, რომელიც ხელისუფლებას ოპონირებას უწევს. მერწმუნეთ, ესენი ბევრ კეთილ საქმეს გააკეთებდნენ, მაგრამ ამაში გონიერი, ცბიერი, გაბოროტებული ხალხი უშლით ხელს. რა, არ მოგწონთ ახლანდელი პრემიერი? ძალიან განათლებული ადამიანია და ასე მგონია, საქმის მკეთებელიც. უბრალოდ, დრო უნდა მივცეთ და დავაკვირდეთ, როგორ იმუშავებს მის ხელში მთავრობა, თორემ თუ ახლავე ვუკიჟინეთ, - რაც მოხვედი, რა გააკეთეო? დაიძაბება და ვერაფერსაც ვერ გააკეთებს... აი, პრეზიდენტი კი დიდად არ მომწონს. პირველი მგონი, ის ჩაუდგა თავის გუნდს კრიჭაში. ვიდრე სავარძელს მოირგებდა, პრეზიდენტის სასახლეზე ამბობდა: ეს ადგილი სხვა რაღაცებისთვის უნდა გამოვიყენოთ, პრეზიდენტს კი შეუძლია, გაცილებით მოკრძალებულ შენობაში გადაბარგდესო, მაგრამ მერე ისე დაემართა, როგორც ერთ ბრძნულ გამონათქვამშია: მადა ჭამაში მოვიდა! გაუტკბა გაბდღვრიალებულ სასახლეში ყოფნა. ბიძინამ შეცდომა იცით, როდის დაუშვა? როცა ყველას თანაბრად ენდო, მაგრამ დრომ და სავარძლებმა ყველას გამოუჩინა კუდი. 2016 წლის არჩევნების შემდეგ, ბევრი რამე შეიცვლება, ბევრი ადამიანი გავა თამაშიდან და მხოლოდ ღირსეულები რომ დარჩებიან, მხოლოდ ამის მერე დაიწყება წინსვლა საქართველოს მოსახლეობისთვის - მე ამის მჯერა!

P.S. შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. ჩვენთვის თითოეული თქვენგანის სიტყვა მნიშვნელოვანია. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81

ლიკა ქაჯაია