კონფლიქტის ზონაში დაბადებული კიდევ ერთი ახალი სიცოცხლე - გზაპრესი

კონფლიქტის ზონაში დაბადებული კიდევ ერთი ახალი სიცოცხლე

"ახლა ექიმთან მივდივართ... ამდენი სტრესისა და ნერვიულობის შემდეგ, არ ვიცი, რა დღეში იქნება ჩემი პატარა... საბჭოური ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში შევდივართ და მოსაცდელში ვსხდებით. ექიმი ჯერჯერობით დაკავებულია... ერთი ვერსიით, ის სტომატოლოგია, მაგრამ სხვა სამედიცინო სფეროებშიც კარგად ერკვევა... სხვებმა თქვეს, - ქირურგიაო... ამ მაღალ, ჭაღარა კაცს ახლა ჩემი შვილი უნდა ვანდო და მთლიანად მასზე ვარ დამოკიდებული... რამდენიმეწუთიანი პროცედურის შემდეგ მეუბნება, რომ კითხვის ნიშნები დარჩა, რადგან მისი აპარატურა მოძველებულია და ურჩევნია, თავი დაიზღვიოს... იქიდან გამოსული მეუღლესთან მივდივარ და ერთად ვეძებთ გამოსავალს, რომლის პოვნაც არც ისე ადვილია..." - ეს ფრაგმენტია გალელი ფეხმძიმე გოგონას ჩანაწერებიდან. მან არ იცის, რა ელოდება მის პატარას, რომელსაც ჯერ კიდევ ამ სამყაროში მოვლენამდე, დედის მუცელშივე მოუხდა სტრესის გადატანა...

წლების წინ, მირანდა ყოლბაია აფხაზეთში, მშობლების სახლში, ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. მათთან აფხაზები მოვიდნენ და მოხუცი ქალი პატარა შვილიშვილის თვალწინ აწამეს, რის შემდეგაც, გოგონას ფსიქიკური პრობლემები დაეწყო...

- მხოლოდ ის თქვა, რომ ბებია აწამეს, სხვა დეტალებზე არასდროს საუბრობდა და არც ოჯახის წევრები ეძიებოდნენ... - ამბობს ოჯახის ახლობელი.

მირანდა მოგვიანებით გათხოვდა, თუმცა, ის და მეუღლე ერთმანეთს ვერ შეეწყვნენ და გოგონამ შვილის მარტო გაზრდა გადაწყვიტა. ფეხმძიმობის პირველივე თვეებში გადააწყდა პრობლემებს, - მის ექიმს ეჭვი გაუჩნდა, რომ ნაყოფს დაუნის სინდრომი ჰქონდა, თუმცა, დიაგნოზისთვის, სრულყოფილი კვლევა იყო საჭირო, რომლის თანხები მირანდას ოჯახს არ ჰქონდა...

რამდენიმე ხნის წინ, ზუგდიდიდან ექიმი, ნატო ჩიქოვანი დამიკავშირდა და გალიდან დევნილი გოგონას შესახებ მიამბო, - ჩემს ფეხმძიმე პაციენტს გენეტიკური კვლევა სჭირდება, დრო არ ითმენს, საყოველთაო ჯანდაცვა არ უფინანსებს და იქნებ სხვა გზები ვიპოვოთო... თანხა არცთუ ისე დიდი იყო, თუმცა, რამდენიმე უწყებამ მისი დაფინანსებისგან მაინც თავი შეიკავა. ექიმის თქმით კი, დრო არ ითმენდა, მირანდა ყოლბაიასთვის გამოკვლევის ჩატარება უახლოეს ათ დღეში უნდა მოესწროთ. მირანდა სტრესულ მდგომარეობაში იყო, ამიტომ ჩვენთან საუბარი ვერ შეძლო. დედამისის თქმით კი, მათი ეჭვი უსაფუძვლო არ იყო, ნათესაობაში ჰყავდათ ამ დაავადების ადამიანი.

- ჩემმა შვილმა იმდენი რამე გადაიტანა, იმდენი წვალება და გაჭირვება ნახა, მართლა არ მეგონა, ნაყოფი, რომელსაც მუცლით ატარებდა, საერთოდ თუ შერჩებოდა. ჯანმრთელობაზე არაფერს ვამბობ... ჩემი შვილი ბავშვს მაინც დაიტოვებდა, როგორიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ მე ვნერვიულობდი ძალიან. ვიცი, რომ პრობლემურ ბავშვს მეტი ზრუნვა და მატერიალური საშუალება, მუდმივად ექიმებთან სიარული და მკურნალობა ესაჭიროება. ახლა ჩემი შვილი მთლიანად პატარაზეა გადართული, მთელი გულით ემზადება დედობისთვის. გამოსავლის პოვნაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო დაგვეხმარა. ის აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა და თანხის გამოყოფა და ფეხმძიმე გოგონასთვის დახმარების აღმოჩენა სთხოვა...

საბედნიეროდ, გენეტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ნაყოფი სრულიად ჯანმრთელი იყო.

როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა, მურმან ფარფალიამ აღნიშნა, მსგავს შემთხვევაში ისინი პირადად ეხმარებიან დევნილებსა და ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ ადამიანებს, თუმცა საქართველოს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კონკრეტულად დევნილებისთვის არსებობს სპეციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც, ქუთაისსა და თბილისში, ნებისმიერი სახის სამედიცინო ჩარევამდე და მის შემდეგაც, მათ შეუძლიათ გარკვეული შეღავათებით ისარგებლონ, - კონკრეტულად კი, ბინით უზრუნველყოფა იმ დროის განმავლობაში, რამდენი ხანიც მკურნალობის დასრულებამდე სჭირდებათ.

მურმან ფარფალია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი:

- მას შემდეგ, რაც ამ გოგონას თაობაზე დაგვიკავშირდნენ, მაშინვე მივაწოდეთ ინფორმაცია შესაბამის უწყებებს. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე პირადად ადევნებდა თვალს. მისი გადაწყვეტილებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყვეს თანხა.

- ვიცი, რომ ქუთაისში არსებობს სახლი, სადაც იქ ჩასულ დევნილებს გარკვეული დროის განმავლობაში შეუძლიათ დარჩენა.

- დიახ, ძირითადად, ეს სახლი აფხაზეთიდან გადმოსულებისთვის არის, სადაც სამკურნალოდ ჩამოსული ადამიანების ოჯახის ახლობლებს შეუძლიათ იცხოვრონ. რადგან ყველას არა აქვს საშუალება, ბინა დაიქირავოს. ნებისმიერი, ვინც ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოდის, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ფინანსდება, თუ არ ჩავთვლით ასეთ გამონაკლისებს, როგორიც მირანდა ყოლბაია იყო, რადგან ამ საყოველთაო მომსახურებას საყოველთაო დაზღვევა არ უფინანსებდა. ასეთ დროს მატერიალურ მხარეს, ხშირად თავად აგვარებს ის კლინიკა, ვისაც თხოვნით მივმართავთ... მახსოვს, პატარა აფხაზი ბავშვი, რომელიც ოჩამჩირიდან გადმოიყვანეს, უმძიმესი დამწვრობით და თბილისის დამწვრობის ცენტრში მოათავსეს. იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ ოჯახის წევრებს მისი გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ, მაგრამ გადარჩა. მშობლებმა თქვეს, - აფხაზეთში რომ დაგვეტოვებინა, ვერ გადარჩებოდაო. რაც შეეხება, ქუთაისის სახლს, იქ დარჩენა ერთდროულად ათამდე ადამიანს შეუძლია. იმათ, ვისაც აქ ნათესავები არ ჰყავთ. იყო შემთხვევები, როდესაც აფხაზეთში გადასვლა არც უღირდათ ორი-სამი დღის გამო და იმ დროის განმავლობაში მანქანაში რჩებოდნენ. ამიტომაც, ჩვენმა წარმომადგენლობამ, ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოსთან ახლოს დააარსა ასეთი სახლი, სადაც რამდენიმე კეთილმოწყობილი ოთახია. აღჭურვილია ყველანაირი პირობით - სარეცხი მანქანით, აბაზანით, გაზით, ჭურჭლით... მათ შეუძლიათ, იქვე მოამზადონ სადილიც.

- ბატონო მურმან, დროდადრო ვრცელდება ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთიდან პოლიტიკოსების გადმოყვანის შესახებაც...

- დიახ, არაერთი ასეთი შემთხვევის გახსენება შემიძლია, რომელზეც უკვე ღიად ვსაუბრობთ, რადგან დრომ რაღაცები შეცვალა, როგორც იმათ, ასევე - ჩვენს ცნობიერებაში. აქ მკურნალობდა ქართველების მიმართ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიულად განწყობილი აფხაზი, რუსლან ქიშმარია, რომელიც ჯერ გალის გამგებელი, შემდეგ ე.წ. აღმოსავლეთ აფხაზეთის გუბერნატორი, მოგვიანებით კი, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წევრიც იყო. ეტყობა, შემდეგ, პოლიტიკურ ცვლილებებთან ერთად, მისი ცხოვრებაც შეიცვალა და ახლა უმუშევარია... ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებში ვერაფერი უშველეს, უცხოეთში წასვლის საშუალება არ ჰქონდა. ერთადერთი გზა, ქართული სამედიცინო სერვისით სარგებლობა იყო. მათ უკვე ჰქონდათ ინფორმაცია, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო უსასყიდლოდ ეხმარება... ქიშმარია თბილისის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში სამ თვეზე მეტხანს მკურნალობდა, უმძიმესი მდგომაროება ჰქონდა და ფეხზე დააყენეს... ამ დროის განმავლობაში მეუღლე ედგა თავზე და არასდროს დამავიწყდება მისი გაოცებული სახე, მეუღლის მიმართ გამოჩენილი ყურადღების გამო. შემდეგ კი, პირდაპირ თქვა, - იქ ჩვენ სრულიად საპირისპირო რამ გვესმის აქაურობაზე და მართლა არ მეგონა, თუ ჩვენ მიმართ ასეთი დამოკიდებულება ექნებოდათ, სამედიცინო მომსახურებაზე არაფერს ვამბობო...

- მათი აფხაზეთში დაბრუნების შემდეგაც აგრძელებთ ამ ურთიერთობას?

- დიახ, რასაკვირველია. პირველადი მკურნალობის დასრულების შემდეგ, ისევ უწევთ დაბრუნება და მომდევნო ჩამოსვლისას პირდაპირ ამბობენ, - სანამ საკუთარი თვალით ვნახავდით აქაურობას, სხვანაირი წარმოდგენა გვქონდა. ახლა კი, ამ შთაბეჭდილებაზე თამამად ვისაუბრებთო. ინფორმაციას ერთმანეთს უზიარებენ, ერთს მეორე მოჰყავს... ამას ემატება ნათესაური კავშირები ანუ როდესაც ქართველი იგებს, თავისი აფხაზი ნათესავის ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ, სთავაზობს აქეთ ჩამოსვლას, რადგან უკვე ყველამ იცის ჩვენი სახელმწიფოს ძალზე ხელსაყრელი პროგრამის შესახებ... მოგეხსენებათ, კავკასიაში მცხოვრებ ხალხებს შორის ქართველებსა და აფხაზებს ყველაზე მეტი ნათესაური კავშირი ჰქონდათ. ეს ისტორიულად დადასტურებულია. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენი ტრადიციები ძალიან ახლოს იყოს ერთმანეთთან, თუმცა, მესამე ძალამ ძალიან კარგად იმუშავა და ომი მაინც მოხდა... ახლა უნდა ვეცადოთ, რაღაც გზა ვიპოვოთ. ჯერჯერობით არავინ იცის, სად და რაზე გადის ეს გზა, მაგრამ ისინიც და ჩვენც დარწმუნებული ვართ, რომ ეს გზა არსებობს.

ლალი პაპასკირი