ჩაი ჩვე­ნი არ­სო­ბი­სა - გზაპრესი

ჩაი ჩვე­ნი არ­სო­ბი­სა

ჩაქვში შეტანილი ჩაის კულტურა, თავდაპირველად, მეფის რუსეთის არმიის უზრუნველყოფას უნდა მოხმარებოდა. აქაური წარმოების ჩაის "სალდათების" შეარქვეს, რაც არა მარტო მისი მიზნობრივი მოხმარების აღმნიშვნელი იყო, არამედ - დაბალი ხარისხისაც (რომელი ჯარისკაცი გაბედავდა უკეთესი ხარისხის ჩაის მოთხოვნას?). კომუნისტურ ეპოქაში დასავლეთ საქართველოს ბარის თითქმის ყველა რაიონში მოსინჯეს ჩაის გაშენება. ბევრგან მას ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სტატუსი მიენიჭა და მატერიალური მდგომარეობა გაუუმჯობესა გლეხებს. კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების ნაწილი მილიონერიც კი გახდა მისი წყალობით.

XX საუკუნის ბოლოდან მეჩაიეობაც ისე განადგურდა, როგორც ქართული ეკონომიკის ბევრი დარგი. ასეულობით ჰექტარზე გაშენებული პლანტაციები გაველურდა, უმნიშვნელო ნაწილი თხილისა და სიმინდის მოსაყვანად გაკაფეს, ჰექტრობით გაიყიდა კაპიკებად (საკმაოდ გასაიდუმლოებულ პირობებში). მიმდინარე წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრო სპეციალური პროგრამით ცდილობს მეჩაიეობის გამოცოცხლებას.

აღარავის ესწავლება, რომ ხარისხიანი ჩაი ბევრად უფრო ძვირი და ფაქიზი პროდუქტია, ვიდრე ყავა ან სხვა სასმელი, მაგრამ ეს ნედლეულის ხარისხსა და დამუშავების ტექნოლოგიას პირდაპირ უკავშირდება. როგორც ამბობენ, რაც უფრო მაღალ ადგილებში მოჰყავთ ჩაის ფოთოლი, მით უფრო ვარგისია ის წარმოებისთვის (ფოთოლში წყლის ნაკლები შემცველობის გამო). ასეთი ორი მუნიციპალიტეტია საქართველოში: ტყიბული და ჭიათურა. გახდება თუ არა ჩაი ტყიბულის ნახშირისა და ჭიათურის მანგანუმის ალტერნატივა? ამას ალბათ დრო გვიჩვენებს, მანამდე კი რამდენიმე ათწლეულის წინანდელი ამბები მინდა მოგითხროთ.

სოფელი, რომელსაც პირობითად ჩაისუბანს დავარქმევთ, ზღვის დონიდან 600 მეტრზე მაღლაა. 45 ჰექტარი ჩაი გააშენეს კოლმეურნეობის დროს. ვაკეებზე დიდი, ცალგუთნიანი საპლანტაჟე ტრაქტორი დაგრუხუნებდა და მწირ მიწას დაუზოგავად აბრუნებდა. დაგუთნულ მიწას ქალიან-კაციანად დასდევდნენ უკან, რათა გაფხვიერებულ მიწაში ნერგები სასოებით ჩაერგოთ. ბევრი უიმედოდ უყურებდა მინდვრების გადახვნას, ბევრიც - ოპტიმისტურად იყო განწყობილი. ზემო იმერეთში სად არის თვალუწვდენელი ვაკეები. სულაც ერთი მცირე ვაკისოდენიც არაა მთელი იმერეთი და ფერდობებზეც გადაწყდა ჩაის გაშენება... აქ უკვე მობორძიკე ტრაქტორი ვერ იმუშავებდა. ხელით უნდა შესრულებულიყო გრანდიოზული სამუშაო. სხვა ძალა რომ არ იყო, თამარა უთენია ძროხას მოწველიდა, ექვსივე შვილს ერთმანეთს მიაბარებდა და ქვრივობის სიმძიმეს ბელტების გადაბრუნებით ებრძოდა: - ეგ ის დრო იყო, ნიფხავიც რომ არ გვეცვა და შვილებისთვის მჭადის მარაგიც სათუო გახლდათ. არ წახვიდოდი სამუშაოდ და შიმშილი მოგკლავდა. ნაქარხნის და ქართის აღმართის მიწას ქალები ვაბრუნებდით. არც ერთს ქალის ფორმა აღარ გვქონდა, მაგრამ შვილებისთვის თავს არ ვზოგავდით.

ჩაის პლანტაციები გაშენდა. ერთ დღესაც დიდი ყინვით ვაკეებზე ჩაის პლანტაციებს გადახმობა დაემუქრა. აგრონომმა სასწრაფოდ შეყარა კოლმეურნეები და ტყიდან გამოტანილი ფიჩხით კოცონები დაუნთეს ახალშენებს. ასე ებრძოდა ხალხი კლიმატს და მოხდა სასწაული, ყინვას აჯობა მცდელობამ!

ერთი უზარმაზარი პლანტაციის ცენტრში მუხა იდგა. მის გამო სოფელი იმ ადგილს მუხივაკეს ეძახის.

- ეს ვერანა, შუა ადგილას რომ ამოსულა, ძირში უნდა ამოვძირკვოთ, მის ადგილას ათეულობით ბუჩქი დაეტევაო, - უთქვამს ვახტანგია თავმჯდომარეს. სად იყო გზა და მანქანა, ამიტომ რკინიგზის სადგურიდან უნდა ამოეტანათ ლითონის ბაგირი. კანტორის დარაჯისთვის უთქვამთ, - ორიოდე ნაბიჯია, ამოიტანე ტროსიო. დარაჯიც წელმოწყვეტილი წასულა ბაგირის ამოსატანად, რადგან ეს ორიოდე ნაბიჯი 7 კილომეტრზე მეტი იყო! დაქანცულმა დარაჯმა ტვირთი მოათრია და მუხის ქვეშ დააგდო. საპლანტაჟე ტრაქტორი ჩაუბეს მუხას და ძვრა ვერ უყვეს. ტყუილად ამოთრეული ბაგირი კოლმეურნეობის საწყობში შეინახეს, მუხა კი ისევ თავმომწონედ ეგებებოდა დასავლეთიდან წამოსულ ნიავს და ლაღად თითქოს ჩურჩულებდა: - კომუნისტებზე ადრე მოვსულვარ და მაგათზე გვიან წავალ ამ ქვეყნიდანო. სადღა არიან ახლა კომუნისტები, კოლმეურნეობა და ბრიგადირების გადაძახილი? მუხივაკის ქოჩორა ხემ აქამდე მოაღწია. ბედის ირონიაა ის, რაც მას დაემართა: უზარმაზარი კრაზანები შეუსახლდნენ გულში და გამოღრღნეს მერქანი. იროკეზებივით დაფრინავდნენ ონავრები და ხან ხალხს ჰკბენდნენ, ხანაც - პირუტყვს. ერთ ღამესაც გაგულისებულმა ინკოგნიტომ ცეცხლი შეუნთო მუხის ღრუს და ბზიკები საწყალობელი ზუზუნით ეშვებოდნენ მიწაზე. მოკლედ, ტრაქტორმა რაც დააკლო მუხას, კრაზანებმა დაუმატეს.

ამ მუხის ქვეშ სადილობდნენ ჩაის მკრეფავები. ყველა ოჯახს თავისი მოკრძალებული მენიუ ჰქონდა, რომელიც ღია ცის ქვეშ ათასჯერ უფრო გემრიელი იყო, ვიდრე - სახლში.

წარმოიდგინეთ მზიანი, თბილი დღე მაისში. მუხა შრიალებს, კოლმეურნეები მაისის ჩაის დუყებს (ქორფა ანაზარდებს) კრეფენ და მოდის აგრონომი თავისი შეძახილით: "რიბა ფოთლები კრიფეთ, რიბა ფოთლებიიი!" რიბა ანუ თევზა ფოთლები ყლორტის ზედა სამ ფოთოლს ერქვა, მისგან უმაღლესი ხარისხის ჩაი მზადდებოდა. იმ დროს ერთი კილოგრამი ჩაის ფოთოლში იმდენს აძლევდნენ, რამდენიც 1 კილოგრამი უმაღლესი ხარისხის პური ღირდა. ზოგიერთი ყოჩაღი მკრეფავი ყოველდღიურად 100 კილოგრამ ჩაიზე მეტს კრეფდა და წელის მოკაკვას არაფრად აგდებდა. მერე დროც აირია და ხარისხს ვინღა დაეძებდა? გეგმა იყო შესასრულებელი! ნამგალი, ხის დანა, ელექტროსაკრეფები და მექანიზაცია მიუსიეს ჩაის პლანტაციებს, მაგრამ ვერ გაძღა "სუსურუკუს" მუცელი ქართული ჩაის სმით მაინც! თითქმის მთელი საბჭოთა კავშირის ჩაის მოსავლის 97%-ს ვაწარმოებდით, მაგრამ ვინ იცის, რამდენი ზედმეტი ტონა ეწერა იმ ფურცლებზე, საბჭოური ორკაპიკიანი გაზეთები რომ ერქვა!

ზურაბა მაღვალაკმა მოიტანა საიდანღაც ხის დანა პირველად. სასწაული იყო მისი შრომის შედეგი - ორას კილოს გადასცდა მარტო! ეს სამოცი მანეთი იყო და დაახლოებით ას დოლარს უდრიდა. ვიღაცამ მეტი კრეატიულობა გამოიჩინა და ჩაის ტომრებს ბელტები დაუმატა. აი, მაშინ უნდა გენახათ ბიძინა ბრიგადირის ავბიძინობა! გაჩხიკინებული ჩაის მკრეფავი ქალი უტიფრად ამტკიცებდა, - ალბათ ვინცხამ ჩუმად ჩამიტენა ტომარაში, თორემ მაგას რავა ვიკადრებდიო?!

ნანული მწველავი, რომელიც დილაუთენია ძროხებს ფერმაში ფაცხაფუცხით რძეს გამოაცლიდა, მერე ჩაისაც "წველიდა". ნანული ჩიჩხათვალებიან პატარა გოგო-ბიჭსა და ძაღლს დაატარებდა ჩაის პლანტაციაში. ბავშვები ხმაურიანები იყვნენ, ძაღლი - ქვასავით მდუმარე. ერთხელაც ჩაის ტომარაში ჯერ ძაღლი ჩასვეს, მერე ჩაი წააყარეს და ბრიგადირს მიუწონეს. მანქანაზე წაპირქვავებული ტომრიდან ჯერ "მწვანე ოქრო" ჩამოიფანტა და მერე ის წყნარი ძაღლიც დაებერტყა ფოთლის ხვავზე. მტვირთავ ბიჭს გაოცებისგან თვალები ცხვირის ძგიდემდე გადმოუცვივდა, მკრეფავი ქალები სიცილით იგუდებოდნენ და გაბრაზებულმა ბრიგადირმა ჯერ კიდევ აუწონავ შემდეგ ტომარას წიხლი ამოსცხო გამწარებით. იქიდან კი მწვანეთვალებიანი მარეხა გოგო გამოძვრა და ეს ცალკე მოულოდნელობა იყო! სხვა რა გაამხიარულებდა წელში გადრეკილ მკრეფავებს?!

ჩაის მარტო კრეფა როდი სჭირდებოდა. ადრე გაზაფხულზე რიგთაშორისები უნდა დაებარათ, სეკატორებით გადაესხლათ ბუჩქები და მერე სასუქიც შეეტანათ ნაკვეთებში. ვალიკომ გრძელი უღელი გამოთალა და ხარებს კავით დაახვნევინა რიგები. ნოვატორული გამოგონებისთვის კოლმეურნეობამ 10 მანეთით დააჯილდოვა ვალიკო გამომგონებელი! სეკატორი კი გრძელპირა მაკრატელია, რომლითაც უშნოდ წაზრდილი ღეროები უნდა დაასხეპო ბუჩქს, რაც ძალიან მძიმე საქმე იყო, სასუქის შეტანა კი - ადვილი. ელიშა (საწყობის გამგე) "გაზ-53"-ზე სასუქის ტომრებს დატვირთავდა, მერე ასჯერ გადათვლიდა, გადმოთვლიდა და თოვლის ფიფქებივით დააფრქვევდნენ აზოტოვან გრანულებს კოლმეურნეები პლანტაციებს. ბარემ ისიც აქვე დავამატოთ, რომ ეს ელიშა ერთობ გამხდარი კაცი იყო და გამარჯობას აუცილებლად აყოლებდა სიტყვებს - "არ მაქვს". ამას იმიტომ გაიძახოდა, არავინ მომთხოვოს საწყობიდან ქატო, სასუქი ან ლურსმანიო. უარესად გამხდარი იყო ფერმის გამგე. აბაშიდან ქატო მოჰქონდათ ერთხელაც და "გაიშნიკს" გაუჩერებია "ზილი". მილიციელს უკითხავს მძღოლისთვის, - ესენი რა თანამდებობაზე მუშაობენო? - ერთი - საწყობის, მეორე - ფერმის გამგეაო. - უი, რა დაქცეული კოლმეურნეობა გქონიათო!.. არადა, დაქცეული კი არა, უფრო წელში გამართული კოლმეურნეობა რაიონში არ იყო!

ახლა ჩაისთან დაკავშირებით დიდი ფაციფუცია. 3 მილიონი რამდენად ეყოფა გაპარტახებული ჩაის წარმოების აღორძინებას, ძნელი სათქმელია, მაგრამ დროზე თუ არ მიეხედა საკითხს, ჩაის მოვლა და მოკრეფა კი არა, ჩაის სმაც დაავიწყდეს, ვგონებ, იმერლებს...

როლანდ ხოჯანაშვილი