დიპლომებიანი "ტაქსისტი", გადამდები სიკეთე და ბურგერი ყველას! - გზაპრესი

დიპლომებიანი "ტაქსისტი", გადამდები სიკეთე და ბურგერი ყველას!

აკა სინჯიკაშვილი ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელია, წლების განმავლობაში სატელევიზიო სცენარებზე მუშაობდა და ვინ იცის, რამდენჯერ გაგვცინებია მის ხუმრობებზე ამა თუ იმ სერიალსა თუ გადაცემაში. ადამიანში, რომელიც ხუმრობას "ქმნის", წესით, სხვებზე მეტი პოზიტივი უნდა იყოს და აკაც ამის კარგი მაგალითია - წამოიწყო სოციალური აქცია - "საჭმელი ყველას" და დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, მოძებნა დრო, ავტომობილს ტაქსის ტრაფარეტი დაადგა და მთელი ღამის განმავლობაში დადის, რომ ამგვარად გამომუშავებული ფულით დილით ადამიანებს გემრიელი ბურგერი, ყავა ან სხვა საჭმელი მიუტანოს და გაახაროს.

"წუხელ 98 ლარი შეგროვდა. ზუსტად ოცდაათმა ადამიანმა მიიღო საუზმე ამ დილით - ექვსმა ტაქსისტმა, რომლებიც მანქანაში ცხოვრობენ, სამმა უსახლკარომ, რომლებიც პირდაპირ ქუჩაში ათევენ ღამეს, პატრულის ორმა თანამშრომელმა, რომლებიც მთელი ღამე მორიგეობდნენ და დანარჩენი, თითქმის ყველა მეეზოვემ აბაშიძის, ბარნოვის, ფალიაშვილისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე. მეეზოვეებში უკვე გაბაზრდა ჩემი ამბავი და ზოგი დაჟე მელოდებოდა. იმედი მაქვს, ტყუილად არ დავძრწივარ მთელი ღამე, ეს შედეგს გამოიღებს და ყველას მოგინდებათ, რამდენჯერაც შეძლებთ, ადამიანებს საკვებით მიეხმაროთ", - წერს აკა "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე.

- აკა, რატომ გადაწყვიტეთ ამგვარი აქცია წამოგეწყოთ?

- საერთოდ, ყველაზე მეტად ვერ ვიტან და მაწუხებს, როცა ადამიანი მშიერია. ვთვლი, რომ დედამიწაზე, სადაც ამდენი საკვებია, იგი ყველას უნდა ჰქონდეს და საშინელებაა, როცა ასე არ არის. სულ მეუბნებიან, - სიკეთეს აფიშირებას რატომ უკეთებო? ეს აფიშირება არაა. უბრალოდ, აქამდე ამას ჩემი ძალებით ვცდილობდი, მარტო რამდენჯერაც გავედი და ვიტაქსავე, ვერაფერი მოვაგროვე და იმდენი ხელფასიც არა მაქვს, რომ ბევრი ადამიანი დავაპურო. ამიტომ გამოვაქვეყნე "ფეისბუკზე" და ადამიანები მირეკავენ, მიძახებენ და მეც ვაკითხავ ხოლმე. მერე კი პოსტის ქვეშ დეტალურად ვდებ, ვისთან ვიყავი, რამდენი გამოვართვი, რაში დავხარჯე და ა.შ. ვინმეს ეჭვი რომ არ გაუჩნდეს, თვითონ წაიღოო. ან წასაღები რა უნდა იყოს? რამდენი შეიძლება ერთ ღამეში გამოიმუშაო? რად უნდა ასე დაწვრილებით გადმოცემაო, მიწერენ, მაგრამ საჭიროა. მოკლედ, ამყოლიც ბევრი გამომიჩნდა. ხალხი თბილ სიტყვებს მწერს და ძალიან მიხარია, როცა ადამიანების თანადგომას ვგრძნობ. ამას იქამდე გავაკეთებ, სანამ ბევრი ამყოლი არ მეყოლება. როცა მეორე დღეს სამსახურში ვარ წასასვლელი, ღამეს ვერ ვათევ, ახლა ანგარიშს მიწევენ და საშუალება მომცეს, შუადღისას მივიდე, რომ დილით ცოტა დავიძინო. მწერენ ხოლმე, - როცა გახვალ, მომწერე და მეც გამოვალო, მაგრამ ამ საქმის გასაკეთებლად მაინცდამაინც ჩემთან დაკავშირება არაა აუცილებელი, 7 ლარი ღირს ტაქსის ნიშანი, შეუძლიათ, დაიდგან მანქანაზე და თვითონაც გააკეთონ ის, რასაც მე ვაკეთებ.

- როგორია იმ ადამიანების რეაქცია, ვისთანაც ეს პროდუქტი მიგაქვთ?

- თავიდან უნდობლად მიყურებენ და რამდენიმე იმის გამო არ მართმევდა, რომ საიდანღაც ვეგონე, რომელიმე ორგანიზაციიდან ან ჰუმანიტარული დახმარებააო, ფიქრობდნენ. ზოგჯერ რაღაც მოგონილ სახელს ვეუბნებოდი, - იქიდან ვარ და გამომართვი-მეთქი. მერე კი როცა იგებენ, რომ უბრალოდ, მე თვითონ გადავწყვიტე მათი დახმარება, უხარიათ და მკოცნიან. თქვენ არ იცით, რამდენად ბედნიერი სახე აქვს ადამიანს, რომელსაც შია და საჭმელს მიუტან.

- პოსტებში მძღოლისადმი დამოკიდებულებაზეც საუბრობდით.

- ტაქსის მძღოლებს ადამიანად არავინ თვლის, პატივისცემა საერთოდ არა აქვთ. ეს ვიგრძენი. როგორც ჩვეულებრივ ნივთს, ისე უყურებენ მანქანაში და მასთან ერთად ყველაფერი შეიძლება, მაგალითად, ცოლის გინება. მგზავრები ყოვლად უსირცხვილო ფასს გთავაზობენ, მაგალითად, ყაზბეგის გამზირიდან ვარკეთილში - 4 ლარი. საინტერესოა პირველი 3-4 საათი, სანამ ისე არ დაიღლები, რომ ენას ვეღარ აბრუნებ და ვეღარ ლაპარაკობ, მაგრამ ვცდილობ ხოლმე, განწყობა შევუქმნა ისეთი, რა განწყობითაც მირეკავენ, არ მინდა, რომ მოწყენილი სახით დავხვდე და მგზავრობა, ძირითადად, მხიარულად მიდის ხოლმე.

- რა თემებზე გელაპარაკებიან ხოლმე მგზავრები?

- უცნობები, ძირითადად, გულს იფხანენ, 70% ნასვამი მხვდება და პრობლემებზე ჰყვებიან, უფრო მეტად - ვალებზე. სოციალურ პირობებზე, დოლარის კურსზე, შეყვარებულზე, მის ოჯახზე, თავის ცოლზე, ძმაკაცებზე და რა ვიცი, რაზე აღარ (იცინის). აქამდე, მგზავრზე მეტი მძღოლი მყოლია და ტყუილებში ჯერჯერობით მძღოლები უგებენ (იცინის). მგზავრებიც არ აკლებენ და ტყუილია თუ მართალი, ძნელი მისახვედრია, მაგრამ ზოგჯერ ძალიან აშკარად გატყუებენ რაღაცას.

- რა პრობლემები ახლავს თან ამ საქმიანობას?

- ბევრი. სხვათა შორის, ორჯერ "გადამაგდეს" კიდეც, ფული არ გადამიხადეს. ერთმა უცხოური ფული მომცა და მითხრა, 20 ლარიაო და სინამდვილეში 38 თეთრი აღმოჩნდა. ირანული ფული ყოფილა და რას გავიგებდი? (იცინის). ერთი საერთოდ გადახტა და გაიქცა. მთვრალები როცა არიან, მაშინ "ვაჟკაცდებიან", აგდებულად გიყვებიან თავიანთი "ვაჟკაცობების" შესახებ და შენთანაც დიდი გული აქვთ. ზოგი ღორივით იქცევა, ნაგავს ყრის და სიგარეტს სალონში აქრობს.

- ქართველებს ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად დაგვჩემდა ყველაფრის კრიტიკა. შენს ამ კეთილ წამოწყებას თუ მოჰყვა ვინმესგან უარყოფითი გამოხმაურება?

- სხვათა შორის, რამდენიმე იყო. მაგალითად, ხორცსა და შოკოლადს ნუ არიგებ, იმიტომ, რომ მარხვაა და ხალხს ცოდვაში აგდებო. ვერ მივხვდი ამას... რამდენიმე მწერდა, პატრულს ნუ აჭმევ, ეგენი ღირსები არ არიანო. ვერ არის ეს თავის მატორზეო, ჩემზე ამბობდნენ და ა.შ. (იცინის). ასეთი ხალხი კეთილის მსურველებს ვერასდროს მოერევა, ესენი არიან დაახლოებით 100-დან 2% და დანარჩენები, რა თქმა უნდა, ყველა კეთილგანწყობილია და თქვენი საშუალებითაც მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, ვინც რაღაც ფორმით მაინც მონაწილეობს ამაში.

- რამდენიმე სიტყვით თქვენს ძირითად საქმიანობაზე გვიამბეთ. როგორც ვიცით, სცენარისტი ხართ.

- დიახ, ვმუშაობ, ასევე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ერთ-ერთ სარეკლამო სააგენტოში. სხვადასხვა პროექტს ვწერდი - "შუა ქალაქში", "ოთარ ტატიშვილის შოუ", "ქლაბ 11", რამდენიმე სერიალს, სხვადასხვა სტუდიაში ვმუშაობდი, ლიტერატურულ კონკურსებში ვმონაწილეობდი, უფრო ხშირად ვიმარჯვებდი, ვიდრე - არა და ა.შ. მყავს მეუღლე და 4 წლის ქალიშვილი. ჩვეულებრივად ვცხოვრობ, როგორც სხვა დანარჩენი ადამიანები, არაფერი განსაკუთრებული. უბრალოდ, ამ აქციით იმაზე მეტმა გამიცნო, ვიდრე აქამდე მიცნობდა და ეს აქცია კარგია იმითაც, რომ რაც უფრო გავრცელდება ეს ამბავი, ასე მგონია, ყველას მოუნდება სიკეთის კეთება. სიკეთე - გადამდებია!

თამთა დადეშელი