"სახეზე ღიმილაფარებული, ემოციისგან დაცლილი პოლიტიკოსები" - გზაპრესი

"სახეზე ღიმილაფარებული, ემოციისგან დაცლილი პოლიტიკოსები"

"ყველა ადამიანს თავისებური ფიქრები აწუხებს და ჩვენი გემოვნებაც განსხვავებულია. იშვიათად ნახავთ ისეთ ზრდასრულ ადამიანს, სხვისი თვალდახუჭულს რომ სჯეროდეს და ეს ყველაფერი თითქოს, დრომ, გამოცდილებამ მოუტანა კაცობრიობას. ქართველმა პოლიტიკოსებმა რომ უნდობლობა დაიმსახურეს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ვეღარ ვიგებ, ხელისუფლებაში რისთვის არიან, თუ მათი გვერდის ავლით, ქვეყანაში "უცხო ჩიტებიც" დაფრინავენ და როგორც მოესურვებათ, ისე დაგვასაქმებენ თავზე? რად მინდა ისეთი მთავრობა, რომელიც ხალხის უსაფრთხოებაზე ვერ იზრუნებს? რომელიც ვერ ალაგმავს გახრწნილების ჩვენებას ტელევიზიით ან ინტერნეტსივრცეში? რომელიც ქვეყანაში სიტუაციას ვერ აკონტროლებს?" - ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით აღშფოთებულია ბატონი აკაკი. როცა ვკითხე, - საიდან მირეკავთ-მეთქი? - ამ კითხვით უკმაყოფილომ მიპასუხა: საქართველოს მოქალაქე ხომ ვარ, გამართული ქართულით ხომ გელაპარაკები და რაიონს რა მნიშვნელობა აქვსო? არადა, მაინტერესებდა, ჩემთან შეხვედრას შეძლებდა თუ ტელეფონით უნდა გვესაუბრა...

- თქვე კაი ადამიანებო, ამ ისედაც დაპატარავებულ საქართველოს კიდევ უფრო მეტად რომ აქუცმაცებთ, სინდისი აღარ არის? რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რომელი კუთხიდან ვართ, როცა საბოლოოდ, ყველანი ქართველები ვართ და იმის ხაზგასმა, რომ კახელი ვარ, იმერელი, მეგრელი ან რაჭველი, არა მგონია, საჭირო იყოს.

- უკაცრავად, თუ შეკითხვა არასწორად დაგისვით და უნებურად, გული გატკინეთ. მითხარით, რა გაწუხებთ, რისთვის დაგვიკავშირდით? მაინც, რატომ ხართ ასეთი აღშფოთებული და ქართველი პოლიტიკოსებით უკმაყოფილო?

- აბა, კმაყოფილი რით უნდა ვიყო? ლამისაა, შვილიშვილებს ვუთხრა, განათლება არ მიიღოთ, ეს ცუდია, ყველა ნასწავლი რაღაცას ბჟუტურობს და მხოლოდ თავის ჯიბე-ცხვირს ხედავს-მეთქი. გლეხი კაცი არასდროს იკადრებს თავისი სოფლის გაყიდვას, პოლიტიკოსებს კი ასე მგონია, სინდის-ნამუსი სულაც არ აწუხებთ. როცა მათ ლანძღავენ, აგინებენ, არც ეს ადარდებთ. შეიძლება, პირშიც მიახალო სათქმელი, ისინი კი სახეზე ღიმილაფარებულები, აუღელვებლად, თითქოს ემოციისგან დაცლილები მოგისმენენ და გეტყვიან, - ნუ ღელავთ, ყველაფერი კარგად იქნებაო. ასეთ რობოტ ადამიანებს ნეტავ, სპეციალურად ზრდიან სადმე? აბა, საიდან მოდიან ან როგორ ყალიბდებიან ასეთებად? აი, ახლა ვიდეოკადრები რომ გაავრცელეს, რას ემსახურება სხვისი ლაფში ამოსვრა? ამით თვითონ ქულებს დაიწერს, ვინც გაავრცელა, თუ რა ხდება? ის, ვისზეც ეს ვიდეოები გაავრცელეს და ჩირქი მოსცხეს, რა ისეთი პოლიტიკური ფიგურა იყო, ვინმესთვის რაიმეში ხელი რომ შეეშალა? ვაი, ამათ პატრონს! პაიკებს კლავენ, რომ მერე დიდამდეც მიაღწიონ და ჰგონიათ, ხალხი სულელია, ვერავინ ვერაფერს მიხვდება. ერთი და იმავე გუნდის წევრებს რომ უსწორდებიან, ესეც შეუმჩნეველი დარჩება? არა, ყველა ამბობს, რომ ახლა კონკრეტული გუნდის შიში აქვთ და მის ჩამოშორებას, დასუსტებას ცდილობენ, მაგრამ არაფერი გამოუვათ! "ოცნება" ვეღარ გაიმარჯვებს მომავალ არჩევნებში, რადგან უუნაროები არიან ქვეყნის სწორ გზაზე დაყენების, აღმშენებლობის საქმეში; მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვა გამოსდით კარგად, თორემ თანაგუნდელებსაც რომ აღარ ინდობენ, ეს კარგად ჩანს.

- რას გულისხმობთ?

- ხელისუფლების სათავეში ერთად მოსულებმა და ვითომ ერთ გუნდად შეკრულებმა, მალე მოახერხეს ერთმანეთის დაჭმა. მეორე ვადით რომ იყვნენ არჩეულები, კიდევ, ჰო, მაგრამ ასე უცებ თუ დაიშლებოდნენ მარტივ მამრავლებლად, ამას ვერ ვიფიქრებდი. ამ გოგი თოფაძეს "ნაციონალების" დროს ხმის ამოღებისაც ეშინოდა, მერე ბიძინას ზურგს ამოფარებულმა დაიწყო წრუწუნი და ახლა უხვად ფანტავს მარგალიტებს. ადრე ხომ აქებდნენ ამ კაცს, თვალში ნაცარს გვაყრიდნენ და ახლა კი ყველა ღიად აგინებს ან მის ასაკს მიაწერენ გოგიას "ბრწყინვალე" გამონათქვამებს. არადა, მას ვიცნობ, სულ ასეთი იყო. ეტყობა, ბიზნესი ვისაც აქვს და ფულის შოვნის მარიფათი, ყველა ერთნაირია. რა ვიცი, ძალიან განათლებული და კარგი ქართულით მოსაუბრე ქართველი ბიზნესმენი ტელეეკრანიდან არ მინახავს და პირადად აბა, რომელიმე მათგანს ვინ შემახვედრებდა? მოკლედ, საქართველოში ძალიან ცუდი მდგომარეობაა. არ ვიცი, ხალხს მოთმინება როდემდე ეყოფა? მიშა სააკაშვილზე მთელი ქვეყანა ლაპარაკობდა, - სექსუალურად დაუოკებელიაო, მაგრამ თავად ამ თემაზე სახალხოდ არასდროს ულაპარაკია, ყოველ შემთხვევაში, არ მახსოვს. ეტყობა, თავშეკავების უნარიც ჰქონდა და ამიტომ! ეს მარგველაშვილი კი, ნორმალური კაცი რომ მეგონა, ტელევიზიით გამოვიდა და, - არიქა, მეც მაჩო ვარ, პატივი მეცითო. კარგი, რა, კარგი! მორჩით სისულელეებს და აკეთეთ საქმე, რომელიც ჩემსა და თქვენს შვილებს ერთი ნაბიჯით მაინც წასწევს წინ.

- სააკაშვილის ხელისუფლება ქვეყანას კარგად მართავდა?

- არც მათ ვემადლიერებოდი, რადგან ბევრი უკადრებელი რამ იკადრეს. თუმცა, რაღაცები მაინც, ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ რომ კეთდებოდა, ამას უკვე ყველაზე "ოცნებისტიც" კი აღიარებს. აბა, წარმოიდგინეთ: ესენი უყვიროდნენ, - ყველაფერს ისე აკეთებთ, რომ მალე დაინგრევა. მშენებლობები იმიტომ წამოიწყეთ, რომ ბევრი ფული შეჭამოთ, თორემ ქვეყანა არ გედარდებათ. ყველაფერი მალე დაგვემხობა თავზეო. ჰოდა, მოვიდნენ ახლა ეს "ქოცები" ქვეყნის სათავეში და აღმოჩნდა, რომ რაც გაკეთებული დახვდათ, სულაც არ ყოფილა დასანგრევი. ჰოდა, თვალის გასახარებლად ესეც გეყოფათ, ახლა სხვა რაღაცებს უნდა მივხედოთო. თქვენ მითხარით ახლა, რა გააკეთეს ჩვენთვის სასიკეთო? მეც პენსიონერი ვარ და ეს თქვენი ასაკოვანი რესპონდენტები რომ გაჰყვირიან, - ჯანდაცვის მადლიერები ვართო, - მაინტერესებს, ამას რატომ ამბობენ? ამას წინათ ავად გავხდი და ჯერ პოლიკლინიკის რიგში ყოფნამ გამაცალა ქანცი. ბოლოს, როგორც იქნა, ექიმის კაბინეტში შევედი. იმან კი გამისინჯა ფილტვები, მაგრამ დამამადლა: უფასოდ გემსახურები, ამაში "კაპიკებს" მიხდიანო. ეს იმდენჯერ გაიმეორა და იმდენი იწუწუნა, რომ ჯიბეები მოვიქექე. მერე ნაირ-ნაირი წამლები გამომიწერა და აფთიაქში გამიშვა. წამლებს ფასი აქვს, იცოცხლე, ცეცხლისკიდებაა პირდაპირ! დავურეკე ამ ექიმს, - შემცვლელი და ცოტა იაფი რომ ვიყიდო, ვერ მიშველის-მეთქი? აკივლდა: რაც გითხარი და სადაც, იქ იყიდე, თორემ შენს ჯანმრთელობაზე პასუხს არ ვაგებო. გავატყავე შვილები, იმდენი თანხა გადავიხადე წამლებში და ახლა მითხარით, რად მინდა უფასო ექიმი, რომელიც გასინჯვის ნაცვლად, დამაყვედრის თავის უხეშ მომსახურებას? რად მინდა ისეთი აფთიაქები, სადაც შესული, ბევრჯერ ხელცარიელი გამოვსულვარ იმ იმედით, რომ ძვირად ღირებული წამლის გარეშეც შევძლებდი ტკივილთან გამკლავებას? ეს არის დემოკრატიული და საუცხოო ქვეყანა? ყველაზე იაფი რაც უნდა ღირდეს, რაც ადამიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, იმას უკიდია სწორედ ცეცხლი. კომუნისტების დროს ყველაფერი "კაპიკები" ღირდა და მაინც უკმაყოფილოები ვიყავით. ჰოდა, ღირსი ვყოფილვართ ისეთი ჯოჯოხეთური ცხოვრების, როგორიც დღეს გვაქვს.

- არჩევნებზე დადიხართ ხოლმე?

- მივდივარ, აბა, ჩემს ხმას ხომ არ გავაყალბებინებ ამ ღვთის გლახებს? შევცდი, მეც "ოცნება" შემოვხაზე არჩევნებზე, მაგრამ სიაში უკეთესი გუნდიც რომ არ იყო, ესეც უნდა აღვნიშნო და მთლად ჩემი ბრალიც არ არის, ესენი რომ უდგანან ქვეყანას სათავეში. რას ვიფიქრებდი, ისედაც დაქცეულებს კიდევ უფრო თუ გადაგვივლიდნენ და საბოლოოდ ამოგვწოვდნენ წვეთობით დარჩენილ სისხლს დაბეჩავებული სხეულიდან?! სოფელშიც კი, გლეხები თავს ძლივს ირჩენენ. შრომა არ აკლიათ, მაგრამ ბუნებაც არ უწყობს ხელს ამ ადამიანებს და მთავრობა, მით უმეტეს, არაფერში არგიათ. გლეხს რომ თავის გატანა გაუჭირდება, იმ ქვეყნის საქმე ცუდადაა. გლეხი თუ არ არის ძლიერი, ქალაქს პროდუქტებით როგორ გაუძლიერებს ზურგს? ჰოდა, ჭამენ კიდეც ქალაქელები უცხოურ პროდუქტს, ვინ იცის, რით გაჟღენთილსა და მოწამლულს! ყოველკვირა წერთ ჟურნალისტები: ეს არ მიირთვათ, კიბოს აჩენს; იმაში თურმე, საწამლავი ურევია; მარილში დარიშხანი იპოვესო და ა.შ. ლამისაა, სულ აღარ ვჭამოთ არაფერი, შიშისგან, ან ვჭამთ და ვფიქრობთ, რომ ცოტა ხნის სიცოცხლე დაგვრჩენია. აბა, გამამტყუნეთ ახლა, ისეთ მთავრობას რომ ვაგინებ, რომელიც თავის მოქალაქეებს არ იცავს. ისეთი პროდუქტი რატომ უნდა შემოდიოდეს ქვეყანაში, რომელმაც შეიძლება, მოსახლეობას ჯანმრთელობის პრობლემა შეუქმნას? მაგრამ მერე როგორ გაასაღონ ეს ძვირად ღირებული წამლები?! ჩემი აზრით, უვარგისი პროდუქცია საბაჟოზე უნდა გააჩერონ და იმ ქვეყანაში გააბრუნონ, სადაც აწარმოეს.

- დამისახელეთ პოლიტიკოსი, რომელიც თქვენს სიმპათიას იმსახურებს და რომლისაც გჯერათ.

- ასეთი ადამიანი (და არა პოლიტიკოსი) მერაბ კოსტავა იყო და გაუყენეს კიდეც იმქვეყნიურ გზას ეს კარგი ადამიანი. ახლა აღარავისი მჯერა, მაგრამ ამ ალასანიას "ნაცებიც" და "ქოცებიც" ისე ებრძვიან, მგონია, ეს ბიჭი სუფთა სინდისის ადამიანია, რომლის ხელისუფლებაში ყოფნა არ სურთ იმიტომ, რომ ირაკლის შეუძლია, ბევრი კარგი საქმე გააკეთოს მოქალაქეებისთვის. შეიძლება ვცდები, მაგრამ ასე ჩანს შორიდან. პირველი სწორედ ის არ გაწირეს თანაგუნდელებმა? რატომ, ცუდად აკეთებდა საქმეს? ასე რომ ყოფილიყო, აუცილებლად იყვირებდნენ ამას, მაგრამ ირაკლი რომ კარგად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ამიტომაც, მის დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანებს მოსცხეს ჩირქი და ყველაფერი გააკეთეს, თავდაცვის მინისტრის სავარძელი რომ გათავისუფლებულიყო და მერე, მის ადგილას კი ვხედავთ, ხიდაშელი რომ დააბრძანეს. რა, ეს ქალბატონი უკეთესად უძღვება დაკისრებულ მოვალეობას? ვერაფრით დავიჯერებ, რომ ირაკლიზე გონიერია და გამოცდილი იმ საქმეში, რაც აბარია. ასეა, ზოგჯერ პატიოსანი ადამიანის გვერდით ყოფნა არ აწყობთ და ამას ხალხი ხედავს სწორედ მაშინ, როცა ასეთი პიროვნებების დევნას იწყებენ. ასე რომ, არ არის გამორიცხული, "ოცნების" ჯიბრზე, სწორედ ალასანიას გუნდს დავუჭირო მხარი.

ლიკა ქაჯაია