ჰოლანდიური ტიტას პირველი მწარმოებელი საქართველოში - გზაპრესი

ჰოლანდიური ტიტას პირველი მწარმოებელი საქართველოში

ნათია გოგოხია პროფესიით ექიმია. ქირურგის აქტიურ საქმიანობაზე უარი შვილების გამო თქვა - სურდა, მათთვის მეტი დრო დაეთმო. საკუთარი საქმის მართვის სურვილმა ტიტების სათბურზე დააფიქრა, იდეა სისრულეში მეუღლისა და მეგობრების თანადგომით მოიყვანა და დღეს უკვე პირველად საქართველოში ჰოლანდიური ტიტის რამდენიმე სახეობას საქართველოში ახარებს. ზუგდიდში, 300 კვ მეტრზე გაშენებულ სათბურში ტიტის 50 000 ბოლქვი დეკემბერში ჩარგეს, თებერვალში კი პირველი მოსავალი მიიღეს. მარტში ყვავილის რაოდენობა სრულად გაიყიდა. უფრო მეტიც, რაოდენობამ მოთხოვნას ვერ გადააჭარბა... რატომ მაინცდამაინც ტიტა, რა პერსპექტივა აქვს ამ სახეობას ყვავილის ქართულ ბაზარზე და რა მოლოდინი მწარმოებელს? ახალბედა, თუმცა, უკვე წარმატებულ ბიზნესში ჩართული ნათია გოგოხია "გზას" ესაუბრა...GzaPress

- ბიზნესის სფეროსთან არასოდეს მქონია შეხება. მე და ჩემი მეუღლეც ქირურგები ვართ. ორივეს დღე და ღამე გვიწევდა მუშაობა. ამის გამო ჩამოვშორდი აქტიურ მედიცინას. არასოდეს ვიყავი გატაცებული ყვავილებით, თუმცა, საკუთარი საქმის დაწყების სურვილი ყოველთვის მქონდა და საბოლოოდ, ტიტების სათბური მოვაწყვეთ.

- რატომ შეარჩიეთ მაინცდამაინც ტიტა?

- საერთოდ, გამორჩეული საქმის კეთება მიყვარს. საქართველოში ყველა ვარდს ახარებს. ადგილობრივად ჰოლანდიური ტიტა არავის მოჰყავს. მართალია, ტიტა არც ისეთი პოპულარულია, როგორიც ვარდი, მაგრამ მინდა პრეცედენტი შევქმნათ და ტიტების ულამაზესი ჯიშები შემოვიტანოთ, ყვავილის ბაზარს მრავალფეროვნება შევძინოთ. ჩემი მეგობარი და ძმა ათი წელია, ბელგიაში ცხოვრობენ, სადაც ცოტა ხნის წინ უზბეკეთის საელჩოს ორგანიზებით ეკონომიკური ფორუმი გაიმართა. ფორუმზე, რომლის მთავარი თემა ბიზნესის ხელშეწყობა იყო, ის ჰოლანდიელი ბიზნესმენები მოხვდნენ, ვინც ათეული წლებია, ყვავილის ბოლქვების მოყვანა-რეალიზებით არიან დაკავებულნი. ბიზნესს 15 ქვეყანაში ავითარებენ, ამიერკავკასიაში კი პარტნიორი არ ჰყავთ. რეგიონში დასამკვიდრებლად იმდენად დიდი იყო მათი ინტერესი, პროექტით 150 000 ბოლქვს გასცემდნენ. Nნაკლებ რაოდენობაზე არ იყვნენ თანახმა, მაგრამ მოლაპარაკების შემდეგ კომპრომისზე წავიდნენ და დაგვთანხმდნენ, 50 000 ბოლქვით დაგვეწყო. ჰოლანდიელი პარტნიორი თავად ჩამოვიდა, დაგვიგეგმა სათბური რეჟიმებით, გაგვიწერა გეგმა. სათბური, რაც შეიძლება, შემცირებული ხარჯებით ავაგეთ, რადგან არ ვიცოდით, როგორი შედეგი გვექნებოდა. ახლა კი შესაცვლელი გვაქვს გათბობისა და მორწყვის სისტემები.

- ალბათ, ძვირად ღირებულია ყვავილის შესაწამლი საშუალებებიც...

- ამ მხრივ პრობლემა არ გვქონია. გენეტიკურად ბოლქვი ისეთია, არანაირი ქიმიური საშუალება არ სჭირდება, უმაღლესი ხარისხის ყვავილი რომ მოგვცეს. არის ბოლქვის მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც მათ იყენებენ, ჩვენი პარტნიორი კომპანია კი არანაირ ქიმიურ საშუალებას არ იყენებს და არც ჩვენ გაგვიწიეს რეკომენდაცია. გაგვაფრთხილეს, რომ თუ მათ მითითებებს დავიცავდით, სხვა ტიპის ხელოვნური ჩარევა არ დაგვჭირდებოდა.

- გამოდის, თქვენ პირველი ხართ, ვინც ჰოლანდიური ტიტა საქართველოში გაახარა?

- დიახ, ნამდვილად ასეა.A აქვთ მცირე ზომის სათბურები, სადაც ბოლქვებს მრავალჯერადად იყენებენ. ჩვენი ბოლქვი ჰიბრიდულია, რომელსაც მომავალ წელს შევცვლით, რადგან ყვავილის ხარისხი მის ყოველ გამოყენებაზე იკლებს. ადგილობრივი ტიტა, ძირითადად, ქარელსა და გორში 70-იან წლებში შემოტანილი ბოლქვით მოჰყავთ. სპეციალისტებმა ერთხმად აღიარეს, რომ ჩვენი ტიტა მართლაც მაღალი ხარისხის ყვავილია, რომელსაც საქართველოში ანალოგი არა აქვს. მაშინ, როცა ჩვეულებრივი ტიტა სიჯანსაღეს სამ დღეზე მეტხანს ვერ ინარჩუნებს, ჰოლანდიური ტიტა, თუ მას ბოლქვით შეინახავ, ორი კვირა და მეტი იერის შეუცვლელად ძლებს. სწორედ ამ თვისებების გამო, თუ თავდაპირველად მაღაზიები სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი და 5-10 ცალს უკვეთდნენ, მისი მდგრადობის გამოცდის შემდეგ შეკვეთები მკვეთრად გაიზარდა.GzaPress

- ტიტის კონკრეტული სახეობები რის მიხედვით შეარჩიეთ?

- იმ შვიდ სახეობაზე, რომელიც ჩვენ დავრგეთ, ევროპაში ყველაზე მეტი მოთხოვნაა. სხვაობა ფერებში, სიმაღლეში, გვირგვინის ზომაშია. ევროპის გამოცდილება საქართველოში არ გამოგვადგა, მომავალ ჯერზე სხვა სახეობების ჩამოტანას ვგეგმავთ.

- რატომ, ეს სახეობები უფრო ძვირად ღირებული ხომ არ იყო?

- მომხმარებელი ორ ნაწილად - ბაზრისა და მაღაზიის მომხმარებლად გაიყო. ბაზრის მომხმარებელი დაბალფასიანს ითხოვს, მაღაზიის კი თავს მეტის უფლებას აძლევს. ტიტა არ არის ძვირად ღირებული ყვავილი, ჩაბარების ფასი ლარიდან ორ ლარამდე გვქონდა. გვინდა, მრავალფეროვანი არჩევანი გვქონდეს.

- გარშემო მყოფები როგორ აღიქვამდნენ თქვენს წამოწყებას?

- საკმაოდ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი. მით უმეტეს, ვერავინ იგებდა, რატომ ავარჩიეთ მაინცდამაინც ტიტა ქვეყანაში, სადაც ერთადერთი უკონკურენტო ყვავილი ვარდია.

- ახალი საქმის წამოწყებას ბუნებრივად ახლავს შეცდომები. იყო დეტალები, რაც ვერ გაითვალისწინეთ?

- მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიებს ჩვენი პროდუქტი წინასწარ შევთავაზეთ, უშუალოდ ნიმუშს ითხოვდნენ. ყვავილის გაცნობას ორი კვირა დასჭირდა. ჩვენ კი ამ დროში უკვე დიდი რაოდენობა გვქონდა, რომელიც აუცილებლად უნდა გაგვეყიდა და ამის გამო იძულებული გავხდით, ფასი მკვეთრად დაგვეკლო. ახლა უკვე იციან ჩვენი ყვავილი. გარდა ამისა, ვგეგმავთ რაოდენობის, ფასისა და შეკვეთების წინასწარ გაკონტროლებას. მიუხედავად შეცდომებისა, ამ საქმემ ინტერესი და მოტივაცია გაგვიჩინა, მეორე ჯერზეც გავიმეოროთ.

- გამოდის, რეალიზაციის პრობლემა არ გქონდათ...

- მოთხოვნა მთელი საქართველოს მასშტაბით იყო. 45 000 ძირი ერთი თვის მანძილზე გავყიდეთ. გასაღების ძირითადი ბაზარი თბილისი იყო. რა თქმა უნდა, მთავარი ნაწილი 3 და 8 მარტს გაიყიდა. მჯერა, ეს მიდგომაც შეიცვლება - ადამიანებმა ყვავილი წელიწადში არა მხოლოდ ორ დღეს, არამედ ხშირად უნდა შეიძინონ, ინტერიერი გაალამაზონ...

- სამომავლოდ წარმოების გაფართოებას ან ყვავილის სხვა სახეობების გახარებასაც ხომ არ გეგმავთ?

- მეორე სათბურის აშენებას ვგეგმავთ. ვფიქრობთ, ტიტას გარდა სხვა ყვავილებიც გავაშენოთ. ტიტა მთელი წლის მანძილზე არ მოდის, ბუნებრივად წელიწადში ერთხელ ყვავის. სათბურისა და ბოლქვების გამოყვანის საშუალებით, უბრალოდ, ამ პერიოდის გახანგრძლივებაა შესაძლებელი. მისი ყვავილობისთვის მაქსიმალური ტემპერატურა 18 გრადუსია, რისი შენარჩუნებაც მუდმივად სათბურის პირობებშიც კი შეუძლებელია. შესაბამისად, ტიტა დეკემბრამდე ვერ გაყვავდება, ჩვენ კი არ გვინდა, ამხელა პაუზა გვქონდეს. პრობლემა ისიცაა, რომ სახეობებში შეზღუდული ვართ, რადგან სათბურში, სადაც ტიტა მოგყავს, ყვავილის ნებისმიერ სახეობას ვერ დარგავ - ზოგიერთი მათგანი ნიადაგსა და ჰაერში კონკრეტულ ნივთიერებას ტოვებს. გეგმის მიხედვით, უკვე ივლისის ბოლოსთვის სხვა სახეობებიც უნდა ვახაროთ. ვგეგმავთ ლილიების, ასტრომერიების, წინწკალების დარგვას. ვარდის გაშენებასაც ვფიქრობთ. პარალელურად, მაღაზიების მოთხოვნებს ვითვალისწინებთ. ვფიქრობთ, რაოდენობას მოვუმატოთ, შესაბამისად, გავიდეთ სხვა კონტაქტებზეც. სომხეთიდან უკვე გვქონდა მოთხოვნა, მაგრამ იმ დროს საკმარისი რაოდენობა აღარ იყო სათბურში. ახლა უკვე გვაქვს კონტაქტები, ბევრი რამისთვის მზად ვართ და ვფიქრობთ, ყველაფერი უფრო ორგანიზებულად დავგეგმოთ. შესაბამისად, საქმეც მეტი წარმატებით წარიმართება.

- დაწყებულ საქმეში მეუღლე მხარში გიდგათ?

- რომ არა მისი თანადგომა, ამ იდეას განხორციელება არ ეწერა. ის მხარში მიდგას როგორც ფინანსურად, ისე იდეურად და ფიზიკურად. მეუღლის გარდა, დღე და ღამე თავდაუზოგავად შრომობს ჩემი რამდენიმე მეგობარი. ტემპერატურას და ტენიანობის რეჟიმს, მორწყვას, დღედაღამ კონტროლი სჭირდება, სათითაოდ ყველა ძირთან უნდა მიხვიდე... როგორც მე, ისე ჩემი მეგობრები აბსოლუტურად განსხვავებული პროფესიის ვართ, მაგრამ იდეამ და საქმის კეთების სურვილმა გაგვაერთიანა და მიზნისკენ ერთად მივდივართ. მჯერა - შეუძლებელია ასეთი შრომა და თავგანწირვა არ დაფასდეს.

შორენა ლაბაძე