პროექტები, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით ხორციელდება - გზაპრესი

პროექტები, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით ხორციელდება

სოფლის მეურნეობა უმნიშვნელოვანესი დარგია ნებისმიერი ქვეყნისთვის და მათ შორის, საქართველოსთვის. მით უმეტეს, რომ მსოფლიოში შექმნილი სურსათის დეფიციტის გამო ყველა ქვეყანა ცდილობს, თავისი მოსახლეობა სიცოცხლისთვის აუცილებელი პროდუქციით მოამარაგოს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, დავით გალეგაშვილი ამ დარგში არსებულ პრობლემებზე გვიამბობს:

- ბატონო დავით, საგაზაფხულო სამუშაოები უკვე დაიწყო, საქართველოს რომელ რეგიონებს სჭირდება ახლა ყველაზე მეტი ყურადღება და რა კეთდება მათ მხარდასაჭერად?

- საგაზაფხულო სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს. სწორედ საგაზაფხულო სამუშაოების ხელშესაწყობად და მცირემიწიან ფერმერთა დასახმარებლად, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2013 წელს "მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშემწყობი პროგრამის" განხორციელება დაიწყო. პროგრამა სამწლიანი გახლდათ, მაგრამ მთავრობის გადაწყვეტილებით, ის 2016 წელსაც გაგრძელდება. წელს, ამ პროგრამის ფარგლებში დასამუშავებელი მიწის ფართობი 295 906 ჰექტარს შეადგენს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყამირი მიწები დამუშავდა მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის მაღალმთიან სოფლებში, სადაც მიწა წლების განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით არ დამუშავებულა. 2016 წელს, სწორედ ასეთ სოფლებში 71 923 ჰექტარი მიწის დამუშავება იგეგმება.

- რა ხდება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე - რამდენად ახერხებს სამინისტრო ყურადღება მიაქციოს იქაურ სოფლებს?

- ისევე, როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით, საგაზაფხულო სამუშაოები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზეც მიმდინარეობს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ცდილობს, ხელი შეუწყოს იქაურ სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას. ,,მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში დაგეგმილია 6 000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობის მოხვნა. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდევ ერთ პროექტს - "დანერგე მომავალს" ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, 16-მა ბენეფიციარმა უკვე 74 ჰექტარ ფართობზე გააშენა ხეხილის ბაღები.

- ცნობილია, რომ თქვენი სამინისტროს ხელმძღვანელები პანკისის ხეობაში მცხოვრებ ფერმერებსაც შეხვდნენ. რა პერსპექტივები აქვს ამ რეგიონს და რომელი დარგის განვითარება შეიძლება იქ?

- მიმდინარე წლის მარტში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სოფელ დუისში მცხოვრებ ფერმერებსა და ადგილობრივ ახალგაზრდობას შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ყველა იმ პროექტზე, რომელსაც ჩვენი სამინისტრო ახორციელებს. ადგილობრივმა მოსახლეობამ განსაკუთრებული ინტერესი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიმართ გამოხატა. ბევრმა გამოთქვა სურვილი მეფუტკრეობის, მეცხოველეობის, მეხილეობის დარგში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნისა და სახელმწიფო პროგრამებში ჩართვისა.

- ბატონო დავით, რა შეღავათებით სარგებლობენ მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ფერმერები? იქმნება თუ არა იქ კოოპერატივები?

- მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისთვის და ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვისთვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა და განვითარება ძალზე მნიშვნელოვანია. 24 მარტის მონაცემებით, მაღალმთიან სოფლებში უკვე რეგისტრირებულია 627 კოოპერატივი, სადაც გაერთიანებულია 3 495 მეპაიე. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშესაწყობად შემუშავდა და ხორციელდება არაერთი პროექტი. მაღალმთიანი სოფლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოტობლოკებითა და ხელის სათესებით უზრუნველყოფა, ასევე, მეფუტკრეობის, მესაქონლეობისა და მერძევეობის განვითარება. მთაში გახსნილ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადაეცა აგროკომპლექტი, ხელით სათესები, სკები, თაფლის საწური, თაფლის შესანახი ავზები და ა.შ... რძის მწარმოებელ კოოპერატივებს კი შესაძლებლობა ექნებათ მოაწყონ რძის შემკრებ-გადამმუშავებელი პუნქტები, ამის გამო შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ მაღალი ხარისხისა და დიდი რაოდენობის რძის მიღება და დიდი საწარმოებისთვის მიწოდება, არამედ მიღებული რძის გადამუშავებაც. კოოპერატივებს ნედლი რძის გასაკონტროლებლად გადაეცემათ საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები, ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა. პროგრამის მონაწილე კოოპერატივები მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას ტრენინგების სახით.

- როგორც ვიცით, მეაბრეშუმეობა საქართველოსთვის უძველესი, ტრადიციული დარგია. რა კეთდება ამ დარგის აღდგენა-განვითარების მიზნით?

- ამ დარგის განვითარება მნიშვნელოვანია. ქართველმა ბიზნესმენებმა უზბეკეთიდან ჩამოიტანეს თუთის ასი ათასი ნერგი და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს. ეს ნერგები მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაეცა ყველა დაინტერესებულ ფერმერსა თუ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს. პროექტის ბენეფიციარებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები თუთის ბაღების გაშენებაშიც დაეხმარებიან და მისი მოვლის აგროტექნიკურ ღონისძიებებსაც დეტალურად გააცნობენ. თუთის ნერგების გაშენება შესაძლებელია, როგორც ინტენსიური ნარგაობის, ასევე ერთეული ძირების სახით. მეაბრეშუმეობის განვითარების პროექტის განხორციელებაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარდა ჩართულები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ასევე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროც.

- ბატონო დავით, ჩვენი ბაზარი გაჯერებულია უცხოური პროდუქციით და ქართველი გლეხი ვერ უძლებს ამ უთანასწორო კონკურენციას. რა უნდა გავაკეთოთ, რომ სიტუაცია ჩვენი ფერმერებისა და გლეხებისთვის სასიკეთოდ შეიცვალოს?

- საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტიორი ქვეყანა უნდა გახდეს და მისი კონკურენტუნარიანობა უნდა გაიზარდოს, რისი პოტენციალიც ნამდვილად გვაქვს. ამის ერთ-ერთი წინა პირობაა ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა. ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტო აქტიურად მუშაობენ. ფერმერებს უტარდებათ ტრენინგები, კოოპერატივები ნერგავენ თანამედროვე ტექნოლოგიებს... იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ხარისხისა და მოცულობის, ასევე საექსპორტო პოტენციალის ზრდას და ფერმერთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც.

- დაბოლოს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხშირად გაიგონებთ საყვედურს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყველა რეგიონს თანაბრად ვერ აქცევს ყურადღებას. რას უპასუხებდით?

- მსგავსი საყვედური სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნამდვილად არ ეკუთვნის. სამინისტროს მთავარი ამოცანაა, რეგიონებში არსებული პოტენციალის მაქსიმალური ათვისება, კონკრეტული მიმართულებების სუბსიდირება და სტიმულირება. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დასავლეთ საქართველოს რეგიონების განვითარების მიზნით, თხილისა და ჩაის დარგების განვითარების სახელმწიფო პროგრამები დაიწყო. აჭარის რეგიონში განხორციელდა მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა, შიდა ქართლის რეგიონში - ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობი პროგრამა... მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია, რაც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. დასასრულ, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა პროექტი თუ სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს, მიმართულია საქართველოს ყველა რეგიონში სოფლის მეურნეობის დარგის სწრაფი და ეფექტიანი განვითარებისკენ.

ხათუნა ჩიგოგიძე