ოქ­ს­ფორ­დ­ში გა­მო­ცე­მულ წიგ­ნ­ში ქეთევან წამებულზე დღემ­დე უც­ნო­ბი დე­ტა­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს - გზაპრესი

ოქ­ს­ფორ­დ­ში გა­მო­ცე­მულ წიგ­ნ­ში ქეთევან წამებულზე დღემ­დე უც­ნო­ბი დე­ტა­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს

ირლანდიის ბიბლიოთეკამ თბილისის ხელოვნების სასახლეს ოქსფორდში გამოცემული წიგნი გადასცა, რომელშიც დეტალურად არის მოთხრობილი ქეთევან დედოფლის წამება... წიგნის ძირითადი ნაწილი 1626 წელსაა დაწერილი, ნაწილი - 1633 წელს... "ამ წიგნის შესახებ პირველად თქვენ გიამბობთ", - გვითხრა ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ და ახალ აღმოჩენაზე გვესაუბრა:

- მარინა ცინციბაძე პროფესიით ისტორიკოსი გახლავთ, რომელიც ქეთევან წამებულის ცხოვრებასა და მოღვაწეობას კარგად იცნობს. მან დედოფლის შესახებ წიგნი დაწერა, სადაც აღნიშნულია: "1633 წელს ინგლისში გამოქვეყნდა წიგნი ქეთევან დედოფალზე. იგი არის ქეთევან დედოფალზე შექმნილ ნაწარმოებთა გამოცემის პირველი ნიმუში". წიგნის სათაურია: "ქართველთა მეფე თეიმურაზის დედის ქეთევან დედოფლის მარტვილობასთან დაკავშირებული წერილი, და იეზუიტთა ცნობილი წარმოდგენა დედოფლის წამებაზე. გაგზავნილი ანტიოქიის პატრიარქის წარმომადგენლის მღვდელ გრეგორის მიერ მის უწმინდესსა და უნეტარესთან პატრიარქ სოპრონიუსთან. თავდაპირველად დაწერილი ბერძნულ ენაზე, ხოლო შემდგომ გადათარგმნილი ინგლისურ ენაზე". დიდი იმედი გვაქვს, რომ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დახმარებით, ეს წიგნი ქართულ ენაზე გადაითარგმნება.

- წიგნიდან რაიმეს განსხვავებულს ვიგებთ, ვიდრე დღემდე ვიცოდით?

- ბრიტანეთის მუზეუმმა გამოსცა წიგნი - "შუა საუკუნეების ხელოვნების დიდოსტატები", რომელშიც შევიდა რელიკვარიუმი. ყველაზე საყურადღებოა ის, რომ რელიკვარიუმს აწერია – "წმინდა ქეთევან დედოფლის ნაწილი, ძელი ჭეშმარიტი"... ეს წმინდა რელიკვარიუმი თავის დროზე ექვთიმე თაყაიშვილმა გამოიკვლია და წერდა: "ეს სანაწილე, პატარა ხატი შეუძენია ბრიტანეთის მუზეუმს. სანაწილეს წინა პირი წარმოადგენს ლამაზ მედალიონს, რომელზეც გამოსახულია ბიზანტიური მინანქრით წმინდა გიორგი. უკანა პირზე მხედრული ასოებით აწერია წმინდა ქეთევან დედოფლის ნაწილი"... წმინდა რელიკვარიუმი შემდეგ შეისწავლა გრიგოლ ფერაძემ. იგი აღნიშნავს, რომ ბრიტანეთის მუზეუმში ინახება მინანქრიანი სანაწილე, რომელშიც ქართველი მეფის – დემეტრე თავდადებულის სურათია მოთავსებული. "ეს ნივთი შუა საუკუნეების სამინანქრო ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშია, მაგრამ ქართველებისთვის უმთავრესად იმით არის ძვირფასი, რომ ჩვენი წამებული დედოფალი ქეთევანი მას მოუშორებლად ატარებდა. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ნივთი ოდესმე რაიმე ფორმით საქართველოს დაუბრუნდება"...

ჩემი თვალით მაქვს ნანახი ნივთი, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმის მეექვსე სართულზეა გამოფენილი. რამდენიმე წლის წინ ეს ნივთი ნახა ქეთევან წამებულის ავჭალის ტაძრის წინამძღვარმა - გიორგი რაზმაძემ: მართლმადიდებლური სიძველეების განყოფილების უფროსმა, კრის ვუდმა ნივთი საგანგებოდ მისთვის ამოიღო ვიტრინიდან და მიაწოდა მამა გიორგის, კარგად რომ დაეთვალიერებინა.

მიუხედავად იმისა, რომ ნივთი ექვთიმე თაყაიშვილმა და გრიგოლ ფერაძემ შეისწავლეს, მათ აღწერილობებში უზუსტობები მაინც გაიპარა. ბევრ სიახლეს ახლა ვიგებთ: ნივთზე დემეტრე თავდადებული კი არ არის დახატული, არამედ - წმინდა დემეტრე. მისი წმინდა ნაწილები იდო ნივთში, რომელსაც ქეთევან წამებული მუდამ გულით ატარებდა, ანუ - პატივს მიაგებდა წმინდა დემეტრეს. ოქსფორდში გამოცემულ წიგნში წერია: "საყურადღებოა, რომ საკიდი თავდაპირველად დამზადდა წმ. დემეტრეს ნაწილების აღსაბეჭდად. დაკარგული გარეკანი სავარაუდოდ გადმოსცემდა მეომარი წმინდანის გამოსახულებას, ხოლო ნამუშევარი შესრულებული იყო ცლოისონნე (კლუასონე) ტექნიკით. რელიკვარიუმის თავსაფარზე გამოსახული ფიგურის ქვეშ მოთავსებულია სანაწილე. მისი სახელი ხმალზე ბერძნულად არის დაწერილი..."

"...არშიაზე წარმოდგენილი მხედრული წარწერა - "მირონცხებული შენი სისხლით და მირონით" - დაკავშირებულია წმ. დემეტრეს სალოცავთან თესალონიკში, რომელიც ცნობილი იყო წმინდანის ლუსკუმიდან გამომდინარე კეთილსურნელოვანი მირონით. გულსაკიდი შესაძლოა, წმინდანის კულტის გადმოსაცემად დამზადდა და რომელიმე სამხედრო პირს ეკუთვნოდა. მართკუთხა სურათი, რომელიც თან ახლავს წმ.Dდემეტრეს ნახატს, მოძრავია. აღმართვის შედეგად შესაძლებელი ხდება მეორე რელიეფური სურათის დანახვა, რომელიც მოოქრულია. წმ. დემეტრეს ფიგურის გამოსახვის მანერიდან ჩანს, რომ იესო ქრისტესა და მაცხოვრის საფლავის გამოსახულების მიხედვით არის შექმნილი, რომელიც მრავლად გვხვდება როგორც ჰოსპიტალიერთა ორდენოსნების დიდოსტატების ბეჭდებზე, ასევე პილიგრიმების მიერ შეგროვებულ მთავარ რელიკვარიუმებზე. შესაძლებელია, ნახატი-გამოსახულება თესალონიკში პილიგრიმების მეშვეობით წმინდა მიწიდან მოხვდა".

მარინა ცინციბაძე:

- 1633 წელს ქრისტიანულ სამყაროში ქეთევან დედოფალზე შექმნილი პირველი წიგნი ინგლისში ინგლისურ ენაზე გამოიცა. წიგნში პასუხი გაეცა კითხვას: რა იყო მიზეზი მართლმადიდებელ წმინდანზე უცხოელ ავტორთა შემოქმედების ნიმუშების შექმნისა. კერძოდ, მე-17 საუკუნეში, ქრისტიანულ და მაჰმადიანურ რელიგიებს შორის უკიდურესი დაძაბულობის პერიოდში, საქართველო ფიზიკური გადაშენების ზღვარზე იდგა. ირანის ტყვეობაში მყოფი ქართველი დედოფლის, ქეთევანის თავგანწირვამ თავისი ქვეყნისა და სარწმუნოებისთვის დიდი გამოხმაურება პოვა მთელ ევრაზიაში. ამ დროისთვის, მე-14 და მე-16 საუკუნეების რენესანსის აყვავების შემდგომ დასავლეთი ევროპა დიდ სულიერ კრიზისს განიცდის და ხდება რენესანსული იდეალის - "ჰარმონიულად განვითარებული გმირის" ერთგვარი მსხვრევა, საზოგადოებაში ფეხს იკიდებს გულგატეხილობის, უიმედობის განცდა, რასაც მოჰყვება კათოლიკური სამყაროდან პროტესტანტული და ანგლიკანური (დიდი ბრიტანეთი) ეკლესიების გამოყოფა. სწორედ ამ პერიოდში დასავლურ საქრისტიანოს, საკუთარი პოზიციების გასამყარებლად, სჭირდებოდა ერთგვარი ზნეობრივი გმირი, მისაბაძი ეტალონის სახით, რომელიც მან ქეთევან დედოფალში პოვა. დასავლურ საქრისტიანოში შექმნილი თითოეული დოკუმენტური თუ მხატვრული ქმნილება და ხელოვნების ნიმუშები ერთხმად აღიარებს ქართველი დედოფლის უდიდეს მნიშვნელობას და მის ღვაწლს. ამ ნიშნით ქეთევან დედოფალი მე-17 საუკუნის პერიოდის ჭეშმარიტად ეპოქალური პიროვნებაა, რომლის ღვაწლი დღესაც აქტუალური რჩება.

მანანა გაბრიჭიძე