ხელ­თათ­მა­ნი, რო­მე­ლიც ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სამ­ყა­როს სრულ­ფა­სო­ვან წევ­რად გაქ­ცევს - გზაპრესი

ხელ­თათ­მა­ნი, რო­მე­ლიც ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სამ­ყა­როს სრულ­ფა­სო­ვან წევ­რად გაქ­ცევს

სამი წლის წინ თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში გამართულ პირველ ჰაკათონზე სამმა ახალგაზრდამ წარადგინა "ჯადოსნური ხელთათმანი", სახელად "ინგლავი" (InGlove), რითიც უშუალოდ დაუკავშირდა ვირტუალურ სამყაროს. ვინ არიან ეს ახალგაზრდები, როგორ შეაღწიეს ვირტუალურ სამყაროში და რა შეუძლია მათ ხელთათმანს? - ერთ-ერთი გამომგონებელთაგანი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტი გიორგი მეშველიანი გამომგონებელ მეგობრებზე, ხელთათმნის აწყმოსა და მომავალზე და კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე გვიამბობს:

- გუნდში 3 ადამიანი ვართ. ინტერაქტიული ხელთათმნის იდეა ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ერთ-ერთს - დიმიტრი ცხოვრებაძეს გაუჩნდა და იმ მეგობრებს გაგვიზიარა, ვინც მსგავსი პროექტებით ვიყავით დაინტერესებულნი. დიმიტრიც ჩემსავით კომაროველია და სექტემბრიდან მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში გააგრძელებს სწავლას. ჩვენი ტექნიკური ლიდერი არის გიორგი გაბარაშვილი, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი და თვითნასწავლი პროფესიონალი ელექტროინჟინერი. ჩვენი გამოგონების საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ, შეეხონ და იგრძნონ ვირტუალურ სამყაროში არსებული ობიექტები. ხელთათმნის თითებში დამონტაჟებულია ვიბრაციის ძრავები და კომპიუტერიდან წამოსული სხვადასხვა სიხშირის სიგნალი იმ ძრავას ამუშავებს, რა თითითაც ეხები ობიექტს, ნივთს სამგანზომილებიან სამყაროში. სხვადასხვა სიმყარის მატერიისთვის ვიბრაციის სიხშირეც განსხვავებულია. გარდა ამისა, ჩაყენებული გვაქვს ტემპერატურის უკუკავშირი, რისი საშუალებითაც სხვადასხვა ტემპერატურის ვირტუალური ობიექტების ტემპერატურას შევიგრძნობთ, ანუ ხელთათმანი გიკეთია ხელზე და როდესაც რაიმეს ეხები, ნამდვილი ხელიც გრძნობს.

- როდის და სად წარადგინეთ თქვენი გამოგონება პირველად და რა გზა გაიარა ხელთათმანმა აღიარებამდე?

- თუკი რამ გაგვიკეთებია მე და ჩემს მეგობრებს, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონება სწორედ ეს ხელთათმანია. თავიდან ორ განზომილებაში გავაკეთეთ და ამ გამოგონებამ "ჰაკათონზე" მესამე ადგილი და ფულადი პრიზიც მოგვიტანა. შემდეგ გადავწყვიტეთ, ხელთათმანი სამ განზომილებაში გაგვეკეთებინა. ასევე, გვინდოდა მონაწილეობა მიგვეღო ამერიკის "ინტელრაისებზეც", მაგრამ საამისოდ მანამდე მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურს "ლეონარდო და ვინჩიზე" გამარჯვება გვჭირდებოდა. ეს კონკურსი უკვე ჩავლილი იყო, ამიტომ მეგობრებს შევთავაზე, "ინტელრაისების" შესარჩევი კონკურსისთვის სხვა ქვეყანა მოგვეძებნა. ყველაზე ხელსაყრელად უკრაინის "ინტელ ტექნო" მივიჩნიეთ, დაგვიშვეს კიდეც, კომაროვის სკოლამ დაგვაფინანსა მე, გიორგი და სემი (ჩვენი მეგობარი) და ჩვენი ფიზიკის პედაგოგი ბატონი ოთარი. ჟიურიში ნობელის ლაურეატები იყვნენ და ჩვენი გამოგონებაც ძალიან მოეწონათ, მაგრამ რადგან უკრაინის მოქალაქეები არ ვიყავით, კანონით პირველ-მეორე ადგილს ვერ მოგვცემდნენ. რას ვიზამდით, დავჯერდით აღიარებას - საუკეთესო გუნდად დაგვასახელეს და 216 გუნდიდან მესამე ადგილი მოვიპოვეთ.

- რამდენად უსაფრთხოა ხელთათმანი ადამიანისთვის, ვინც მას მოიხმარს ან, თუ ის სახიფათოა, როგორ შეიძლება დაზიანების თავიდან აცილება?

- დაზიანება გამორიცხულია იქიდან გამომდინარე, ხელი რომ არ დაგეწვას ან გაგეყინოს, ხელთათმანზე სპეციალური ლიმიტი ანუ ზღვარი გვაქვს დაწესებული. ლიმიტის გარეშე დაზიანება შესაძლებელია.

- რაკი ვირტუალურ სივრცეს შეეხეთ ხელით, ვფიქრობ, არც სამომხმარებლო ბაზარზე შეღწევა გაგიჭირდებათ. რა რესურსი გაქვთ საამისოდ?

- ბიზნესი რომ დავიწყოთ და პროდუქტი ვაწარმოოთ, პირველ რიგში, ინვესტიცია გვჭირდება. გვაქვს კონტაქტები და წელს ამერიკაში ინვესტორებთან შეხვედრასაც ვგეგმავთ, ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს...

ასევე, ვმუშაობთ ე.წ. ატრაქციონებისთვისაც, სადაც ადამიანებს ტურისტულ ზონებში შეეძლებათ მოვიდნენ და საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასში ითამაშონ და დატესტონ ჩვენი ხელთათმანი.

- რამდენად სრულყოფილია ხელთათმანი და აპირებთ თუ არა მის კიდევ უფრო დახვეწას?

- ხელთათმანი აბსოლუტურად მუშაა, მაგრამ ჯერ არ არის მზად არც ატრაქციონებისთვის და არც სამეწარმეოდ, მაგრამ ვფიქრობ, უახლოეს მომავალში იქნება.

- გარდა კომპიუტერული თამაშების ვირტუალურ სამყაროსთან "ხელის ჩამორთმევისა", რას ფიქრობთ, სად და როგორ შეიძლება ინტერაქტიული ხელთათმნის გამოყენება?

- ძირითადი მიმართულება მაინც თამაშებია. მაგრამ ხელთათმნის გამოყენება შეიძლება სამხედრო სფეროში, რობოტიკაში და მედიცინაშიც. დღეს ექიმებს შეუძლიათ ჩაატარონ ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში ოპერაცია სპეციალური "ჯოისტიკების" საშუალებით, მაგრამ არ შეუძლიათ დისტანციურად იგრძნონ სხეულის ტემპერატურა და სიმკვრივე, რაც მნიშვნელოვანია მათთვის. ჩვენი ხელთათმნის მეშვეობით კი მათ ეს შეეძლებათ.

გამოგონება განვითარებადია და მომავალში ადამიანებს შეეძლებათ, ჩაიცვან მთლიანი ინტერაქტიული კოსტიუმი და მთელი სხეულით გახდნენ ვირტუალური სამყაროს ნაწილი. ოკულუსის საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ ჩაიხედონ ვირტუალურ სამყაროში. დღეს ინტერნეტით შეგვიძლია დავუკავშირდეთ ერთმანეთს, შევხედოთ, მოვუსმინოთ, მაგრამ არ შეგვიძლია, შევეხოთ ერთმანეთს. მომავალში ეს აუცილებლად შეგვეძლება. წარმოიდგინეთ, თქვენი მონატრებული მეგობარი მსოფლიოს მეორე ნახევარსფეროშია და გადატვირთული რეჟიმის გამო ერთმანეთის ნახვას ვერ ახერხებთ. ჩვენი მომავლის ტექნოლოგია ადამიანებს ამის შესაძლებლობას აუცილებლად მისცემს.

- გამომგონებელი მაძიებელია. დარწმუნებული ვარ, მანამდეც გექნებოდათ გამოგონებები და არც ეს ხელთათმანი დაგაკმაყოფილებთ. სამომავლოდ რაიმე პროექტებზე ფიქრობთ ან რაიმე საერთაშორისო პროექტში მონაწილეობას გეგმავთ?

- ჩემი, ასე ვთქვათ, წარმატებების ბუმი დაიწყო იმ პერიოდიდან, როდესაც ჩვეულებრივი საჯარო სკოლიდან (სკოლას არ დავაკონკრეტებ) ყოფაქცევის პრობლემის გამო გამომაგდეს. მერვე კლასამდე მაინცდამაინც კარგადაც არ ვსწავლობდი და მართალია, მერვე კლასიდან სწავლას მოვუმატე, ამანაც "ვერ მიშველა". გადავწყვიტე, გადავსულიყავი ე.წ. კომაროვის სკოლაში, სადაც გაძლიერებულად ისწავლება ფიზიკა-მათემატიკა. დედა მათემატიკოსი მყავს და ეს ამბავი მან შეუძლებლად მიიჩნია - ფიქრობდა, იმ მომენტისთვის იქ მოხვედრაც და სწავლაც ჩემთვის რთული იქნებოდა, რადგან გამოცდებამდე ძალიან ცოტა დრო რჩებოდა. სხვა პედაგოგებსაც შემახვედრა და მათაც სკეპტიკურად შეხედეს ჩემს გადაწყვეტილებას, მაგრამ მე მაინც არ დავთმე - დღე და ღამე გავასწორე, თავდაუზოგავად ვიშრომე და ფიზიკა-მათემატიკის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მაინც მოვხვდი "კომაროვში". იქაც ძალიან მოვინდომე, შრომა და სწავლა არ დამიკლია და პირველივე წელს, 2010-ში საზაფხულო სამეცნიერო აკადემიის საბუნებისმეტყველო კონკურსზე პირველი ადგილი დავიკავე. ამის შემდეგ გავიმარჯვე მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსში "ლეონარდო და ვინჩი". იქ გავიტანე პროექტი "სახლის სეისმოგრაფი", რომლის დაგეგმარებასა და აწყობაში დამეხმარა ფიზიკის შესანიშნავი პედაგოგი, აწ გარდაცვლილი ჯემალ კიკნაძე. ეს გამოგონება 2011 წელს საერთაშორისო მასშტაბითაც კი ძალიან პოპულარული გახდა; ამას მოჰყვა ელექტროენერგიაზე მომუშავე ღრუბლების ოპტიმალური გამფანტავი GS-1 - გამოგონება, რომელიც მე და სიმონ ინვიამ შევქმენით. მასთან ერთადვე შევქმენი გამოგონება "ბალღი", რომელიც საშუალებას აძლევს მშობელს, დისტანციურად აკონტროლოს ბავშვის ტემპერატურა. პირველი 2 წლის განმავლობაში სიმონი ინტერაქტიულ ხელთათმანზეც აქტიურად მუშაობდა ჩვენთან ერთად.

როგორც უკვე გითხარით, თსუ-ში ფიზიკის მიმართულებით ვსწავლობ და არაერთ საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმში მიწევს მონაწილეობა.

InGlove-ის პარალელურად, ტექნოლოგიის სფეროში მაქვს ამბიციური იდეები, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებ. ამ ეტაპზე მეც და ჩემი გუნდის წევრებიც ძირითად აქცენტს ინტერაქტიულ ხელთათმანზე ვაკეთებთ, მის განვითარებაზე ვმუშაობთ აქტიურად. დარწმუნებული ვარ, წარმატებას მივაღწევთ ამ გამოგონებით, ამისთვის ყველა წინა პირობა გვაქვს. ძალიან მინდა, წარმატებას ფიზიკის თეორიულ-კვლევით ნაწილშიც მივაღწიო, რისთვისაც ბევრს ვსწავლობ და რამდენიმე საინტერესო სტუდენტურმა თემამ საერთაშორისო აღიარება უკვე მოიპოვა. ასევე, აქტიურად ვცდილობ, ინოვაციების დარგში წარმატებული ბიზნესმენი გავხდე... მოკლედ, ვცდილობ და "ვმოძრაობ", სხვა რა საქმე მაქვს!

ირმა ხარშილაძე