იმედსა და უიმედობას შორის ჭიდილი - "დედამიწას სიყვარული ატრიალებს..." - გზაპრესი

იმედსა და უიმედობას შორის ჭიდილი - "დედამიწას სიყვარული ატრიალებს..."

შალვას 1995 წლიდან მხოლოდ დედა შერჩა მთავარ მზრუნველად. მამა გარდაიცვალა: ლიფტის კარს მიეყდნო სადარბაზოში, მოულოდნელად კარი გაიღო და გადავარდა... არადა, ეს ის დრო იყო, როცა მშობლები ფულს აგროვებდნენ, შრომობდნენ, ღამეებს ათენებდნენ, რათა შალვასთვის საზღვარგარეთ ოპერაცია გაეკეთებინათ...

დედა, ქალბატონი ნინო, მორიდებით საუბრობს ვაჟზე: "თავიდანვე აქტიური ბავშვი იყო. რატომღაც, კითხვა მანამდე უყვარდა, ვიდრე სასკოლო ასაკს მიაღწევდა. ბაბუა რომ კითხულობდა ჟურნალს ან გაზეთს, უსმენდა და იქვე სწავლობდა ასოებს. კითხვა ხუთი წლისამ უკვე გამართულად იცოდა. უცნაურია, მაგრამ თავადაც იგონებდა რაღაც ამბებს. მამას სთხოვდა, ზუსტად ჩაეწერა და არაფერი შეეცვალა ნაკარნახევში. ხშირად მოდიოდნენ ჩვენთან სტუმრები და მათზე უყვარდა ამბების შექმნა, ბუნებრივია - შელამაზებულად. მდიდარი ფანტაზია ჰქონდა. შალვამ დაბადების დროს მიიღო ტრავმა. თუმცა, ახლაც თავისით მოძრაობს, ჩადის ეზოში, ხვდება მეგობრებს, უყვარს სტუმრობაც და მასპინძლობაც. პატარაობიდანვე უყვარდა ისტორია. კარგი მოსწავლე იყო, მაგრამ მხოლოდ ცხრა კლასი დაამთავრა. უყვარდათ ბავშვებს და სულ თან დაჰყავდათ, არსად მიდიოდნენ შალვას გარეშე. აქამდე შემორჩა სკოლის მეგობრები და მათთან დიდი სიყვარული აკავშირებს".

"დედამიწას სიყვარული ატრიალებს", - შალვა ხშირად იმეორებს დოჩანაშვილის სიტყვებს. თავად მის გარშემო კი ტრიალებენ სიკეთითა და სიყვარულით სავსე ადამიანები. ქართველობით ამაყობს და თუ ვინმეს ამის გამო ძველმოდურად მოეჩვენება, მარტივად აუხსნის, რომ ქართველებს ბევრი რამ აქვთ საამაყო. ღმერთს შენდობას სთხოვს ხშირად და ამბობს, ისე ვილოცე, როგორც შევძელიო.

რეტროგრადი ნამდვილად არ არის, მაგრამ მაინც გარკვევით ამბობს: "მე მამაჩემის (ჩიკლიკას) თბილისი მახსოვს და მენატრება, სადაც კაცის კაცობა და ქალის კდემა, სილამაზე ფასობდა; სადაც ყველამ თავისი საქმე და ადგილი იცოდა; სადაც ყველა ნაცნობი იყო და სადაც ყველას ყველა უყვარდა... მოკლედ, თბილისი თბილი იყო. მენატრება ის ქართველობა, საქმით ქართველობა და არა - სიტყვით!"

ცოტა ენაკვიმატიც არის შალვა, მაგრამ მის ნალაპარაკევს არასდროს მოსდევს გაბრაზება და გულისწყვეტა. წელს 8 მარტი არ მიულოცა დედას. როცა ჰკითხა, - რატომ არ მილოცავ ამ დღესო? - ცეტკინობა აბა, რა მოსალოციაო? - უპასუხა ვაჟმა. ქალბატონი ნინო ვერ მიხვდა, თუ რატომ ამბობდა მისი საყვარელი შვილი ამას. დედამ გაოცებაც ვერ მოასწრო, რომ შალვამ აკოცა და მხურვალედ მიულოცა. ქალებისადმი კაცების სარვამარტო განწყობაც სულ მუდამ უნდა იყოს და ეს არ უსწავლია ფილმებით ჩვენს გმირს...

მკვეთრად გამოხატული ეროვნულობა და შემრიგებლობა შალვას მკაფიოდ ეტყობა: "ბევრ რამეს ვიწონებ, ბევრს - "ვატარებ", ბევრის აზრს არ ვეთანხმები, მაგრამ არ ვკამათობ. პატივს ვცემ ყველას აზრს, მაგრამ მაქვს საკუთარი მოსაზრებაც და ამას ვაფიქსირებ კიდეც. პოლიტიკის გამო ნუ დავჭამთ და დავკარგავთ ერთმანეთს! ქართველნო, ერთად ვიქართველოთ და ვიმეგობროთ ქართული საქართველოსათვის!"

პატარაობისას უჩვეულოდ სხვანაირი იყო შალვა - იმპულსური და მაშინაც, "სახელმწიფოებრივად მოაზროვნე": "მამაჩემი და მისი მეგობრები სუფრასთან ისხდნენ. მოულოდნელად, მამამ ჭიქა მომაწოდა, - ერთი სადღეგრძელო გვითხარიო. მაშინ 4 წლის ვიყავი, არც დავფიქრებულვარ და ვთქვი, - ტორტივით ტკბილ საქართველოს გაუმარჯოს-მეთქი. მას მერე მამაჩემის საძმაკაცო კარგა ხანს ასე ამბობდა საქართველოს სადღეგრძელოს".

არც იმის მოსმენა იქნება ურიგო, თუ რას ამბობს დალი მამასახლისი შალვაზე. მისი მცირე კომენტარი ყველაფერს ცხადად წარმოგიდგენთ: "შალვას ბავშვობიდან ვიცნობ, ჩემი შვილის თანაკლასელია. უაღრესად თბილი და მოსიყვარულე. თვალწინ მიდგას მისი გაბრწყინებული თვალები, გამოცდებიდან გამოსული, მაღალი ნიშნით გახარებული. შალვა უნიჭიერესი და შრომისმოყვარეა. არასდროს ეგუებოდა რაიმე უპირატესობას და არც დაიწუწუნებდა თავის მდგომარეობაზე. პირიქით, სტიმულს აძლევდა თუნდაც, ჩემს შვილს, რომელიც ასევე, ინვალიდია...

- მარიკა, გადადგი ნაბიჯი, ნუ გეშინია! იცი, რამდენჯერ წავქცეულვარ, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია და აი, დავდივარ! - ეუბნებოდა ჩემს შვილს. შალვა დღემდე დარჩა ჩვენთვის მისაბაძ პიროვნებად. უსაყვარლეს კლასელს ხშირად სტუმრობენ ამხანაგები, რაც ძალიან მახარებს".

შალვას თანაკლასელ ქეთევან კოხრეიძის მოგონება კი ასეთია: "შალვა ჩემი ბავშვობის ნაწილია. მახსოვს, პირველად როგორ შემოიყვანა კლასში დამრიგებელმა. მაშინ პატარები ვიყავით და ბევრი რამ არც გვესმოდა და არც გაგვეგებოდა. ჩვენ თითქოს ვერ მოვახერხეთ მასთან საერთო ენის გამონახვა და ვერც დამეგობრება, მაგრამ იგი დიდი მოთმინებით ელოდა პოზიტივებს. დიდსულოვნად არ შეიმჩნია ჩვენი პირველი რეაქცია. ყველას გამორჩეული სითბოთი და კეთილგანწყობით გვეპყრობოდა. არ განმარტოვდა და არ ჩაიკეტა. შეეძლო აზრის გამოთქმა და სხვისი მოსმენაც. წლების მერე მივხვდით, რომ ჩვენ უფრო გვჭირდებოდა შალვა, ვიდრე - მას ჩვენ".

რამდენადაც ძალუძს, იმდენად ერთვება ცხოვრების ფერხულში: დადის ლიტერატურულ ღონისძიებებზე, ოჯახურ გარემოში მასპინძლობს მეგობრებს და ამბობს გულში ჩამწვდომ სიტყვებს: "ჩემი ცხოვრება, ეს არის ბრძოლა იმედსა და უიმედობას შორის!"

ახლახან ერთმა ემიგრანტმა მომწერა, შალვას მდგომარეობის გაუმჯობესება თუ არის შესაძლებელი, ემიგრანტ მეგობრებს ვეტყვი და დავდგეთ ერთად ამ კეთილშობილი ადამიანის გვერდით. თუ შეეძლება ლექციებზე დასწრება, დავით აღმაშენებლის აკადემიაც უფასოდ მიაღებინებს უმაღლეს პროფესიულ განათლებას, თავისი არჩევანის მიხედვითო...

დაველოდოთ დროს, ეგებ შალვას ცხოვრება აღარ იყოს ბრძოლა უიმედობასა და იმედს შორის, ეგებ იმედმა საბოლოოდ გაიმარჯვოს!

როლანდ ხოჯანაშვილი