რეპრესიები, სტალინის ბიუსტების შემგროვებელი და სამართლიანი ზვიად გამსახურდია - გზაპრესი

რეპრესიები, სტალინის ბიუსტების შემგროვებელი და სამართლიანი ზვიად გამსახურდია

მაღალი, თხელი ქალბატონი შეხვედრის პირველივე წუთებიდან სასიამოვნოდ განგაწყობთ საკუთარი პერსონის მიმართ. მშვიდი, აუღელვებელი საუბარი სჩვევია და ისე საინტერესოდ გადმოსცემს წინაპართა ამბებს, რომ არ გინდა, ზედმეტი კითხვა დაუსვა და გააწყვეტინო. ჩემი რესპონდენტი 82 წლისაა, რეპრესირებული ოჯახიდან, ყველასთვის ცნობილი ადამიანის დედა, მაგრამ მის ვინაობას შესავალში არ ვიტყვი, ინტერვიუდან შეიტყობთ, რადგან ამჯერად მასთან, როგორც ცნობილის დედასთან კი არა, როგორც ლამარა გამსახურდიასთან, ისე მივედი.

ქალბატონი ლამარა ზვიად გამსახურდიას ნათესავიცაა და ისე მოხდა, რომ მასთან ინტერვიუზე სწორედ ზვიადის დაბადების დღეს მომიწია მისვლამ. ოთახში სანთელი ენთო, რომელიც ზვიადის სულის მოსახსენიებლად დაუნთია. რამაც საუბრისას ყველაზე მეტად გამაოცა, ის გახლდათ, რომ ბიჭი, რომელსაც მამა თვალწინ დაუხვრიტეს, სტალინის სიყვარულით ბელადის ბიუსტებს აგროვებდა...

სამართლიანი ზვიადი

- ზვიად გამსახურდია ჩემი შორეული ნათესავია, მაგრამ კარგად ვიცნობდი და კარგი ურთიერთობაც მქონდა. პირველად რომ ვნახე, მაშინ 11 წლის ვიყავი. ისინი იმ პერიოდში ჯაფარიძის ქუჩაზე ცხოვრობდნენ და მე და დედა იქ მივედით. ბავშვები შინ არ იყვნენ. ცოტა ხანში თათია ხაინდრავამ (ცნობილი მსახიობი, რომელიც კონსტანტინეს დისშვილი იყო და მათ ოჯახში იზრდებოდა) მოიყვანა. მაშინ გავიცანი ზვიადი და თამრიკო. კარგად მახსოვს, კონსტანტინემ დედას ჰკითხა, - ჩემი "დიონისეს ღიმილი" თუ წაგიკითხავს? მიმაჩნია, რომ ეგ ჩემი საუკეთესო ნაწარმოებიაო. შემდეგ, როდესაც გამომცემლობაში უცხო ენათა რედაქციის გამგედ ვმუშაობდი, კონსტანტინემ "დიდოსტატის მარჯვენა" ფრანგულად გამოსცა და მეორედ მაშინ შევხვდი. მართალია, ის იმ დროისთვის ლოგინად იყო ჩავარდნილი, მაგრამ შინ დამიბარა და გამოცემაზე თავისი აზრი მომახსენა. ამ დროს კოლხურ კოშკში ცხოვრობდნენ... საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ულამაზესი ყვავილებით დაფარულმა ეზომ და შველმა, რომელიც კართანვე შემომეგება. რაც შეეხება ზვიადს, მან ბევრი წიგნი გამოსცა ჩვენთან და ამის გამო ხშირად მიწევდა შეხვედრა. ძალიან კარგი ადამიანი იყო... თუ გახსოვთ, ზვიადზე ამბობდნენ, კათოლიკოსობა უნდაო... თანამშრომლებმა მთხოვეს, ზვიადი რომ მოვა, ჰკითხე, მართლა თუ აპირებსო? როდესაც რედაქციაში მოვიდა, ჩვენი ოთახის კარი ღია დავტოვე, რომ იქ მყოფებს ჩვენი საუბარი მოესმინათ და მეორე ოთახში ზვიადს ვკითხე, - მართლა აპირებთ კათოლიკოსობას-მეთქი? - ვინ გითხრა ეს სისულელე? კათოლიკოსი რომ გავხდე, სასულიერო სემინარია და აკადემია უნდა მქონდეს დამთავრებული და კიდევ უამრავი საფეხური გავლილი, აკადემია კი მოსკოვშია და იქ წავალ სასწავლებლად? როგორ ფიქრობ? ჩემი აზრით, კათოლიკოსობისთვის მცხეთის სასულიერო სემინარიის ხელმძღვანელი, ილია შიოლაშვილი იქნება ყველაზე ღირსეულიო. ამის მოწმე 14 ადამიანია. გაპრეზიდენტებამდე გასვენებაში ვნახე, შორიდან ხელი ამიწია და ისე მომესალმა, ამის მერე აღარ შევხვედრივარ. საშინლად არ უყვარდა, როცა მის ნაწერში რაიმეს ნებართვის გარეშე ჩაასწორებდი. თუმცა, თუ შეუთანხმებდით, გაასწორებდა. ერთხელ ძალიან უკმაყოფილო დარჩა, რადგან ეგონა, რომ რედაქტორმა თავისით ჩაასწორა. რადგან ის ადგილზე არ დახვდა, საყვედურით სავსე წერილი დატოვა და წავიდა. მე დავურეკე და ავუხსენი, რომ მთარგმნელთა კოლეგიაში ჩაასწორეს. ნახევარ საათში მოვარდა და უამრავი ბოდიში მოუხადა. ასეთი იყო ზვიადი - სამართლიანი.

მამა

- 5 წლის ვიყავი, როცა მამა, კარლო გამსახურდია დააპატიმრეს. პატარა ასაკის მიუხედავად, ძალიან მკაფიოდ მახსოვს - სკამზე უკუღმა დაჯდომა იცოდა ხოლმე, საზურგეზე მკლავებს ჩამოაყრდნობდა და ლექსებს ზეპირად მასწავლიდა. წიგნიერი კაცი გახლდათ, პროფესიით - ეკონომისტი. სულ წიგნები დაჰქონდა თან. ახლაც მიდგას თვალწინ, მაგიდაზე, წიგნთან დახრილი მამა, რომელსაც ყურში ფანქარი ჰქონდა გარჭობილი. მუდამ რაღაცებს ინიშნავდა ხოლმე, კითხვის დროს. როდესაც დააპატიმრეს, 33 წლისა იყო. ყველაფერი გუშინდელი დღესავით მახსოვს: 10 მაისი იყო, ავად ვიყავი და ლოგინში ვიწექი. მამა სამსახურიდან რომ მოვიდა, ჩემმა გადიამ მაგიდაზე ვახშამი გაუწყო და ის იყო, მამა სუფრას მიუჯდა, რომ კარზე დააბრახუნეს და შემოვიდნენ. - "რუკი ვერხ!" - დაიძახეს. მთელი სახლი გაჩხრიკეს, შემდეგ ჩემს ოთახში შემოიყვანეს, სკამზე მისი პიჯაკი იყო გადაკიდებული და ჯიბეები გაუჩხრიკეს. ვარდისფერი და ცისფერი ფურცლები ამოიღეს. როგორც ვიცი, ტრამვაისა და ავტობუსის ბილეთები იყო. წაყვანა რომ დაუპირეს, ჩემი რუსი გადია გადაირია, - უჭმელი და მშიერი კაცი სად მიგყავთ, საჭმელი მაინც ჭამოს და მერე წაიყვანეთო, - ტიროდა, წინააღმდეგობას უწევდა და მამას არ ატანდა. ამის გამო მისი დაპატიმრებაც გადაწყვიტეს, მაგრამ დედამ, რომელიც უფრო თავშეკავებული იყო, აუხსნა, რომ გადია გაუნათლებელი ქალი იყო და არ ესმოდა, რომ წინააღმდეგობა არ უნდა გაეწია. მერე დაანებეს თავი. მამა წაიყვანეს, რამდენიმე კაცმა მისი წიგნები, ნაწერები მოაგროვა, ჩემოდნებში ჩაყარა და წაიღო. მიდიოდნენ და გზადაგზა ფურცლები სცვიოდათ... ემოციებით დაღლილს მალე ჩამეძინა, დილით კი მამიდას გოდებამ გამაღვიძა... გავიდა წლები. ერთ დღეს ბებიასთან ერთად "ნკვდ"-ში (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) მივედით, რომ მამას ამბავი გაგვეგო. მაშინ 11 წლის ვიყავი. შევყავი თავი სარკმელში და მამას ამბავი მოვიკითხე. მითხრეს, - 10 წლითაა გადასახლებული, მიმოწერის უფლების გარეშეო. - კი, მაგრამ 6 წელი გასულია-მეთქი. - დაკავების დღიდან კი არა, მისჯის დღიდან უნდა აითვალოთო... მოგვიანებით, როდესაც რეპრესირებულთა რეაბილიტაცია დაიწყო, მამას პირველსავე წელს შეეხო. დედა მოვიდა გახარებული, - პროკურატურაში დამიბარეს, მამას რეაბილიტაციის შესახებ მაცნობეს და მითხრეს, - თქვენს მეუღლეს არავინ დაუბეზღებია, ისე დახვრიტეს, ხელი არავისზე დაუდვიაო. როგორც აღმოჩნდა, მამა დაკავებიდან 1 თვეში დაუხვრეტიათ. დედა ექიმი გახლდათ და ერთმა პაციენტმა, რომელიც საკანში მამასთან ერთად მჯდარა, უამბო მის შესახებ: - ძალიან ნაკითხი კაცი იყო, ყველა მოწიწებით ეპყრობოდა, გამომძიებელი ქალი ჰყავდა და დაკითხვაზე ხელი გაურტყამს. მამას კი ქალისთვის ხელი არ შეუბრუნებია, იქვე წყლიანი გრაფინი მდგარა, აუღია და იატაკზე დაუნარცხებია. მაგრად უცემიათ თურმე... ისეთი ნაცემი ყოფილა, საკანში საკაცით შეუყვანიათ. იქ მყოფებისთვის უთქვამს, - კიდევ ერთხელ რომ მცემონ, ვერ გადავიტან, თავს მოვიკლავო. რამდენიმე დღის შემდეგ საკნიდან გაუყვანიათ და უკან არ დაუბრუნებიათ.

- რას ედავებოდნენ, რატომ დაიჭირეს?

- რეპრესიების დროს ხშირად ამბობდნენ, - ესა და ეს ადამიანი მოღალატეა, ამან ის დააბეზღა, იმან - ესო. მამა ბინათკავშირის თავმჯდომარედ მუშაობდა და ერთხელ კრებაზე უთქვამს, - კი, მაგრამ ყველა მოღალატე როგორააო? მაშინ სამსახურიდან გაუთავისუფლებიათ ამის გამო, მერე აღადგინეს, მაგრამ ძალიან მალე, რამდენიმე დღეში დაიჭირეს. ალბათ, ეს იყო მიზეზი. ჩემი და, ლეილა გამსახურდია მამაზე ფანატიკურად იყო შეყვარებული. მამას პირველი შვილი ვაჟი უნდოდა და ლეილას ბიჭივით ზრდიდა. მამას უყვარდა გარსია ლორკა და ლეილაც, მისი მიბაძვით იყო მასზე შეყვარებული. ღამით, აივანზე, მთვარის შუქზე კითხულობდა ხოლმე. მოსკოვში, მორის ტორეზის სახელობის ინსტიტუტის ასპირანტურა დაამთავრა და იქვე ბრწყინვალედ დაიცვა დისერტაცია, 23 წლისამ. საქართველოში დაბრუნებული, უნივერსიტეტში დოცენტად მუშაობდა. ვაჟა-ფშაველა აქვს ინგლისურად ნათარგმნი.

დედა

- დედა - ალექსანდრა მუჯირი, ძალიან ლამაზი ქალი გახლდათ. მძიმე ცხოვრება გამოიარა, მაგრამ მეორედ არ გათხოვილა, სულ მამაჩემს ელოდა. მე და ჩემს დას შემოგვალია ცხოვრება. ომის დროს სამეგრელოში გაუშვეს, მთავარ ექიმად, რადგან მამაკაცები ყველანი ომში იყვნენ. იმ პერიოდში სამეგრელოში მალარია მძვინვარებდა. დედა ცხენით დადიოდა და დაავადებულებს ნემსებს ხის ძირას თუ მინდორში უკეთებდა. ყველას ძალიან უყვარდა და როდესაც პენსიაში გავიდა, ძალიან დიდი და ლამაზი გაცილება მოუწყვეს კოლეგებმა.

სოციალ-ფედერალისტი ბაბუა

- ბაბუა, ავქსენტი გამსახურდია სოციალ-ფედერალისტი ყოფილა. ისე გარდაიცვალა, რომ მისი პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ არც კი ვიცოდით. თურმე ბათუმში, გასაბჭოებამდე, დემოკრატიული რესპუბლიკის დროს, ქალაქის მმართველობაში მაღალი თანამდებობა ეკავა და ეტლიც კი ემსახურებოდა. გასაბჭოების შემდეგ კი შემდეგ ბებიას ნამზითვი სახლი გაუყიდია და საცხოვრებლად თბილისში გადმოსულა. მას 5 შვილიდან სამი დაუხვრიტეს. ბებია - ესმა მელია ისეთი განათლებული ქალი ყოფილა, რომ მზითევში ბიბლიოთეკა გამოუტანებიათ. მისი ერთი ძმა, ბეგლარ მელია ფილოსოფოსი გახლდათ და ნოე ჟორდანიას მეგობარი იყო. ცოლი არ მოუყვანია, სამსახურსა და კარიერას იყო გადაყოლილი. როდესაც 1921 წელს ნოე ჟორდანიამ თბილისი დატოვა, მან მდინარეში თავი დაიხრჩო. მეორე ძმა - ალექსანდრე მელია 1924 წელს, გამოსვლებში მონაწილეობისთვის 16 წლის შვილთან ერთად დააკავეს და ადგილზე დახვრიტეს. შვილის დახვრეტასაც აპირებდნენ თურმე და ვიღაც ღვთისნიერს უთქვამს, - გაუშვით, ბავშვია, ისიც ეყოფა, მამა თვალწინ რომ დაუხვრიტეთო. ბიჭი გაიზარდა, საცხოვრებლად კიევში გადავიდა და ინჟინრად მუშაობდა. ორგზის სტალინის პრემიის ლაურეატი გახლდათ და როგორც უნდა გაგიკვირდეთ, მთელი ცხოვრება სტალინის ბიუსტებს აგროვებდა, ისე უყვარდა ბელადი. ჩემი მეორე ბიძაც დახვრიტეს. უკვე მოზრდილი გოგო ვიყავი და მახსოვს, ბაბუა გათენებამდე კითხულობდა წიგნებს. საყვედურობდნენ, - ჯანმრთელობას გაუფრთხილდი, ღამეებს ნუ ათევო. - ველოდები, ეგებ კარი გაიღოს და ჩემი ბიჭები შემოვიდნენო, - პასუხობდა... ჩემი ბიძაშვილი ძალზე ნიჭიერი ბიჭი იყო და ე.წ. საჩვენებელ სკოლაში სწავლობდა. მამა რომ დაუპატიმრეს, სკოლაში მიაკითხეს ტყავისლაბადიანმა კაცებმა და, - ასიკო გამსახურდიას ამ სკოლაში სწავლის უფლება არა აქვსო, გამოაცხადეს. იმ დღეს მასთან ერთად, კიდევ 3 ბავშვი გამორიცხეს სასწავლებლიდან.

მეუღლე და მოგზაურობა ლაოსსა და კამბოჯაში

- ჩემი მეუღლე, გურამ არეშიძე გახლდათ. სტუდენტობისას გავიცანი. 5 წელი შეყვარებულები ვიყავით და შემდეგ დავქორწინდით. უზომოდ გვიყვარდა ერთმანეთი. ერთი შვილი გვყავს, - მამუკა არეშიძე. გურამი გეოლოგი იყო და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლაოსსა და კამბოჯაში მოუწია მუშაობამ. მის სანახავად რამდენჯერმე მეც ვიყავი. ლაოსი ნაომარი ქვეყანა იყო, ძალიან ღარიბი, მაგრამ ბაზარში საოცრება ხდებოდა, ლამაზი დახლები იყო და სუფთა პროდუქტი ძალიან ლამაზად ჰქონდათ დალაგებული. ჭუჭყიან და მიწიან კარტოფილს ვერსად ნახავდით. კამბოჯაში კი საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა და სასტუმროდან გარეთ არც კი გვიშვებდნენ. ერთხელ ბაზარში ვიყავით და ისეთი განგაში ატყდა, დახლების ქვეშ ვიმალებოდით. საოცარი პაგოდები ვნახე, ზურმუხტისთვლიანი ბუდებით, რამაც საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. დღემდე მაქვს იქიდან ჩამოტანილი სუვენირები.

მარი ჯაფარიძე