"ოკუპირებული" ტვინები - გზაპრესი

"ოკუპირებული" ტვინები

ილუზიონისტი ზურა ვადაჭკორია ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე გვესაუბრება და უკეთესად ყოფნისთვის თავის ორიგინალურ იდეებსაც გვიზიარებს.

- საქართველოში "პოლიტიკური ორგანიზმი" ისე ლიდერობს, რომ ყველაფერი ამაზეა აწყობილი. კოალიციის დაშლა არ ნიშნავს, რომ სტრუქტურა ან იდეა დაიშალა. ბოთლში რომ წყალი ან ღვინო ასხია, ჭიქაში თუ გადავასხამთ, შემადგენლობა შეიცვლება ან გაფუჭდება? არა. ხშირად ისმის კითხვა - რა გვეშველება?! ჩემი აზრით, საკუთარ თავებს თუ არ მივხედეთ და ჩვენ თუ არ გამოვსწორდით, არაფერი შეიცვლება. ოკუპირებული მხოლოდ ტერიტორიები კი არა, "ოკუპირებული" ტვინები გვაქვს და სანამ ამ ტვინებს არ გავითავისუფლებთ ოკუპაციისგან, არაფერი გვეშველება. სანამ საკუთარი საქმის კეთებას არ ვისწავლოთ, სხვა რამეზე ნუ გვექნება პრეტენზია. პოლიტიკასთან მიმართებაში, ერთი ასეთი ფრაზა მოვიგონე - "დეპუტატური ამნეზია". ესეც თავისებური ავადმყოფობაა, სკამზე რომ დაჯდება და ვირუსი შეეყრება, ვეღარ რჩება. რაღაცებიც შენდება, კეთდება, მაგრამ ეს იმდენად არ ჩანს, ადამიანებს ყოველთვის ცუდი უფრო აინტერესებთ.

"ტვინების მარხვა"

- ერთი კარგი იდეა მაქვს, ყველა მედიასაშუალებამ აირჩიოს ერთი დღე და ყველანაირი პოლიტიკისა და ინტრიგისგან გათავისუფლდეს, დილიდან ღამემდე მხოლოდ დადებითი, სიხარულის, სიყვარულის მომტანი გადაცემები გაუშვას. ხომ არსებობს "დედამიწის დღე", განტვირთვის დღე, როცა ადამიანი, მაგალითად, ხორცს არ ჭამს, მარხვაზეა და ხომ შეიძლება, ერთი დღით "ტვინების მარხვა" დავაწესოთ? ჩვენ ისე მიგვაჩვიეს ცუდად ყოფნას, რომ კარგად ყოფნის გვეშინია და მოდი, ახლა კარგად ყოფნას მივეჩვიოთ. დილის 7 საათიდან "მოკლეს, დაიჭირეს, მოიპარეს", - ამას არ ვუსმინოთ. ვიღაცამ მაგრად იცის ჩვენი ფსიქოლოგია, მაგრად მუშაობს ჩვენზე და ამით ფულს აკეთებს. ის შეიძლება ქართველიც იყოს და სხვა ერის წარმომადგენელიც. ცხელ წერტილად ვითვლებით და აქ სამუშაოდ ჩამოსული, ათმაგ ხელფასს იღებს აქაც და იქაც. ასეთს რაში აწყობს, რომ აქ სტაბილურობა იყოს? სადაც არეულობაა, იქ დიდი ფული კეთდება.

ყველა მაინც "იქაურები" ვართ და ერთმანეთს გავუფრთხილდეთ!

ცხოვრება აწყობილი რომც გქონდეს, კარგად მაინც ვერ იქნები, ქუჩაში რომ გაივლი და დაინახავ, ვიღაც ნაგავში საჭმელსა და ჩასაცმელს ეძებს, კარგად როგორ უნდა იყო? ებრაელებს ერთი კარგი გამონათქვამი აქვთ - ბედნიერი ხარ მაშინ, როცა გამჩენი რასაც გაძლევს, კმაყოფილი ხარ იმით და უბედური ხარ მაშინ, როცა უფრო მეტს ითხოვ. მეტი, მეტი, მეტი, გეკეტება ტვინი და ბოროტებას აკეთებ. ადამიანმა "ტორმუზი" უნდა იცოდეს და ზომიერების გრძნობას თუ არ დაკარგავს ერი, მაშინ კარგად ვიქნებით, როცა მე სხვას უფრო გავუფრთხილდები, ვიდრე საკუთარ თავს და ის სხვა - მე. ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ, რომ არ ვაწყენინოთ, არ დავჩაგროთ. ყველა მაინც "იქაურები" ვართ და ერთმანეთს გავუფრთხილდეთ! აგრესია, შური, ბოღმა მისგან მოდის, ვისაც არ უყვარს უფალი, გამჩენი. ასეთები ბოლოს მარტო რჩებიან, ყველა შორდება. როცა გჭირდება, მაშინ კი არ უნდა იყო კარგი და პატიოსანი, სულ პატიოსანი უნდა იყო.

ედუარდი, მიშა, ხევისბერი და ხსნა

- ედუარდ შევარდნაძე მაგარი პოლიტიკოსი იყო, დიდი დიპლომატი, ცუდს არასდროს ამბობდა ვინმეზე, არც წინამორბედზე. მიშას ირგვლივ სულ ისეთი ტიპები ჰყავდა, ვინც ქუჩა, ძმაკაცი, ნათესავი არ იცოდა, ცივი გონებით გაზრდილები. მადა ჭამაში მოდისო და ბოლოს, მაგარი მადა მოუვიდა. ამერიკულ სისტემას ძალიან არ მოსწონს ადამიანი, რომელიც ხალხს უყვარს, ძნელად სამართავია, ამიტომ მათ შენი უნდა თავი შეაძულონ და ამას ჭკვიანურად აკეთებენ. რომაელები ამბობდნენ, ადამიანის მოკვლა არაფერს მოგცემს, პირველ რიგში, სახელი უნდა მოუკლაო. ამიტომ არ ჰყავს ერს ბერი, ხევისბერი. ხალხი პატრიარქს უჯერებს და ვიღაცებს ეს ძალიან არ მოსწონთ. მათ, ვისაც ჩვენს სარწმუნოებაზე, ადათ-წესებზე სურთ ცუდი გავლენის მოხდენა, მაგრამ ვერაფერს ხდებიან. ქართველი დედ-მამას არ დააჭერინებს, - დამარტყაო, - განცხადებას არ დაწერს, მოხუცს, ორსულს მაინც დაუთმობს ადგილს, რადგან გენეტიკაში აქვს ეს. ცდილობენ, ინტრიგებით ერთმანეთი შეგვაძულონ, ხალხი ერთმანეთს გადაკიდონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ! ჩვენ თუ ჭეშმარიტი რწმენა და სიყვარული გვექნება, დედამიწაზე ვერავინ მოგვერევა, ნიჭიერი, ჩამოყალიბებული ერი ვართ. მტერი ჩვენსავე ტვინშია და ტერიტორიებს ვერც დავიბრუნებთ, თუ ტვინების "დეოკუპაციას" არ მოვახდენთ. მერე, წესით, უნდა გვეშველოს.

თამთა დადეშელი