არის თუ არა დაგროვებითი საპენსიო სისტემა უზრუნველი სიბერის გარანტი? - გზაპრესი

არის თუ არა დაგროვებითი საპენსიო სისტემა უზრუნველი სიბერის გარანტი?

პენსიონერები ჩვენი მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ფენას მიეკუთვნებიან. როგორ შეიძლება მათი მდგომარეობა გავაუმჯობესოთ? - ამ საკითხზე საქართველოში უკვე წლებია, მსჯელობენ. ქვეყნის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა ჩვენს პირობებში ყველაზე კარგი გამოსავალია. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ სისტემაზე გადასვლა 2017 წლის მესამე კვარტალიდან იგეგმება, ასე რომ, 2018 წლიდან საქართველოში დაგროვებითი სისტემა ამოქმედდება. ახალი მოდელის მიხედვით, დასაქმებული ხელფასის 2%-ს გადაიხდის, დანარჩენ 2%-ს სახელმწიფო, ხოლო 2%-ს - დამსაქმებელი. ეს თანხა საპენსიო ფონდში გადაირიცხება და მოქალაქეები მის გამოყენებას პენსიაზე გასვლის შემდეგ შეძლებენ. ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში კი, ეს თანხა მემკვიდრეს გადაეცემა. დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღებას მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს მოდელი საქართველოში არ გაამართლებს, ნაწილი კი ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. საკითხის შეფასება თსუ-ის პროფესორს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ ელგუჯა მექვაბიშვილს ვთხოვეთ.

- ვიდრე ამ თემას განვიხილავთ, მინდა ისტორიას გადავხედო და მცირე ექსკურსი ჩავატარო. მსოფლიოში არსებობს ორი საპენსიო სისტემა: ერთი არის ე.წ. განაწილებითი სისტემა, რომელსაც ზოგჯერ თაობათა შორის სოლიდარობის სისტემასაც უწოდებენ, ხოლო მეორე - დაგროვებითი სისტემა. განაწილებითი სისტემა გაჩნდა XIX საუკუნის ბოლოს და იგი დაკავშირებულია გერმანიის იმდროინდელი კანცლერის - ბისმარკის სახელთან. განაწილებითი სისტემის დროს დასაქმებული ადამიანები იხდიან თანხას, რომელსაც ხანდაზმული ადამიანები იღებენ პენსიის სახით. როგორც წესი, პენსიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიცემა. რაც შეეხება დაგროვებით სისტემას, ეს შედარებით ახალი მოვლენაა. მისი ფუნქციონირება 1981 წლიდან დაიწყო - განაწილებითი სისტემის შემოღებიდან თითქმის 100 წლის შემდეგ. ეს სისტემა პირველად ჩილეში ჩამოყალიბდა, ამიტომ დაგროვებით სისტემას ხშირად ჩილეს საპენსიო სისტემასაც უწოდებენ.

- რატომ გახდა საჭირო ამ მოდელის შექმნა?

- დაგროვებითი სისტემა, განსხვავებით განაწილებითი სისტემისაგან, არის კერძო სისტემა: ადამიანები თვითონ აკეთებენ შენატანს საპენსიო ფონდში, რომელიც უმეტეს შემთხვევაში კერძოა და სწორედ ამ ფონდიდან ხდება შემდეგში პენსიების ანაზღაურება.

- რატომ წარმოიშვა ეს საკითხი?

- ამ მოდელის შექმნას თავისი მიზეზი და საფუძველი ჰქონდა. კერძოდ ის, რომ მსოფლიოში კარგა ხანია, მიმდინარეობს მოსახლეობის დაბერების პროცესი ანუ ხანდაზმული ადამიანების რაოდენობა იზრდება, რაც მძიმე ტვირთად აწვება დასაქმებულებს: მათ უკვე აღარ შეუძლიათ ამ რაოდენობის არაშრომისუნარიანი ადამიანის შენახვა. შესაბამისად, საქართველოში დაგროვებითი სისტემის შემოღებაც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. სწორედ მოსახლეობის დაბერების გამო, მთელ რიგ ქვეყნებში საპენსიო ასაკი გაიზარდა და დაზღვევის სახელმწიფო სისტემასთან ერთად შემოიღეს დაგროვებითი სისტემაც. სხვათა შორის, საპენსიო ფონდები განვითარებულ ქვეყნებში სერიოზულ ფინანსებს ფლობენ და მსხვილი ინვესტორები არიან. ამ ფონდების წყალობით ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციები ჩნდება, რაც მნიშვნელოვანი სტიმულია ქვეყნის განვითარებისთვის.

- თუმცა, შეკითხვები დაგროვებითი სისტემის ირგვლივ მაინც არსებობს. რა იწვევს ეჭვს ახალი მოდელის მიმართ?

- ცნობილია, რომ ახალი მოდელის მიხედვით, მოქალაქემ საპენსიო ფონდში ხელფასის 2% უნდა გადარიცხოს, 2%-ს დამსაქმებელი იხდის, ხოლო 2-ს - სახელმწიფო. რა თქმა უნდა, ეს არ არის ძალიან დიდი თანხა, მაგრამ დღეს საქართველოში ისედაც დაბალი ხელფასებია და ამ ორი პროცენტის გადახდაც ბევრს გაუჭირდება. აქვე უნდა ვახსენოთ ჩვენი მენტალიტეტი და ერთგვარი უნდობლობა - ვინაიდან ეს პროცესი გრძელვადიან პერიოდზეა გათვლილი, ადამიანებს უჩნდებათ შეკითხვა: ხომ არ შეიცვლება სიტუაცია? დამიბრუნდება უკან ჩემ მიერ გაღებული თანხა, თუ - არა? ხომ არ გააუფასურებს ინფლაცია ჩემს შენატანს და ა.შ... მიუხედავად ყველაფრისა, დაგროვებითი საპენსიო ფონდის შექმნა სწორი და პროგრესული ჩანაფიქრია, ამ პროექტის განხორციელებაც ჩემი აზრით, მისასალმებელია. თუმცა, ვარიანტი, რომელიც დღეს გვაქვს, ბევრ შეკითხვას ბადებს, ალბათ მასზე მუშაობა გაგრძელდება და საბოლოოდ უფრო დახვეწილ ვარიანტს მივიღებთ.

- ჩაერევა თუ არა საპენსიო ფონდის საქმიანობაში სახელმწიფო?

- დაგროვებითი სისტემის მთავარი ღირსება ის არის, რომ ის მაქსიმალურად დამოუკიდებელი უნდა იყოს სახელმწიფოსგან და თუ სახელმწიფო დაიწყებს ამ ფონდში ხელის ფათურს, არაფერი გამოუვა. ერთადერთი, რაც შეუძლია გააკეთოს, სახელმწიფომ ამ ფონდს ხელსაყრელი პირობები უნდა შეუქმნას. დაგროვებითი საპენსიო ფონდების მთავარი არსი მათ დამოუკიდებლობაში მდგომარეობს. საერთოდ, უცხოეთის ქვეყნებში ეს მომგებიანი ფონდებია, ისინი მოგებაზე მუშაობენ, რის გამოც პენსიონერებს საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვთ, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად იქნება საპენსიო ფონდი მომგებიანი და წარმატებული ჩვენთან, საქართველოში.

- რამდენად ისურვებს ჩვენი მოსახლეობა ამ ფონდში თანხის შეტანას?

- ეს პრობლემა მართლაც არსებობს, მით უმეტეს, რომ საქართველოს ეკონომიკა არასტაბილურობით გამოირჩევა, ამიტომ პირველ ეტაპზე ალბათ დიდი ლტოლვა არ იქნება ახალი სისტემის მიმართ, მაგრამ თავდაპირველად ხალხი არც დაზღვევას აღიარებდა. სულაც არ ვფიქრობ, რომ ეს მოდელი უეცარ გადატრიალებას მოახდენს ჩვენი მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფაში, მაგრამ იმედია, რომ ის გაამართლებს და ჩვენც შევუერთდებით იმ სახელმწიფოების რიცხვს, რომლებმაც ამ მხრივ წარმატებებს მიაღწიეს. რამდენად წარმატებული იქნება პროექტი, ეს მასში ჩადებულ მექანიზმებზე იქნება დამოკიდებული.

- თუ დაგროვებით სისტემაზე გადავალთ, დღეს არსებული სისტემა ხომ არ დაზარალდება?

- ეს გამორიცხულია, რადგან თავის დროზე ასე მოიქცნენ ჩილეში - გააუქმეს პენსიები და ამ ექსპერიმენტმა არ გაამართლა. ამის გამო ჩილეში ისევ დაუშვეს განაწილებითი სისტემა და ორივე მოქმედებს. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველაზე მისაღები ჰიბრიდული სისტემაა: უნდა დარჩეს განაწილებითი სისტემა, მაგრამ მასთან ერთად უნდა არსებობდეს დაგროვებითი სისტემა, როგორც მისი შემავსებელი. ეს ნიშნავს, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ ადამიანს გარდა სტანდარტული პენსიისა, დამატებითი შემოსავალიც ექნება. ამიტომ, უცხოეთის ქვეყნებში ორივე მოდელი ერთად არსებობს - ასე ხდება ანგლოსაქსურ ქვეყნებში, სადაც ჩილეს მოდელი დიდი წარმატებით სარგებლობს და მთელ მსოფლიოში.

- ახალი მოდელის მიმართ კიდევ ერთი შეკითხვა ჩნდება: თუ საპენსიო ფონდში ხელფასიდან 2% ირიცხება, ვისაც დაბალი ხელფასი აქვს, იმას პენსიაც დაბალი ექნება, ხოლო ჩინოვნიკებსა და თანამდებობის პირებს - გაცილებით მეტი?

- ვინაიდან საბაზრო ეკონომიკის პირობებში ვცხოვრობთ, ჩვენ ამგვარ უთანასწორობას უნდა შევეგუოთ. საბაზრო ეკონომიკა არ არის თანასწორობის ეკონომიკა და მისი ანაბანა ასეთია: ვიღაც მოგებული რჩება, ვიღაც - წაგებული. დღეს შეიძლება წააგო, ხვალ კი, მოიგო - თუ ეს არ მოგვწონს, მაშინ წარსულში უნდა დავბრუნდეთ და ეკონომიკის საბჭოური სისტემა უნდა ავირჩიოთ, სადაც ყველაფერი გარანტირებული და სტაბილური იყო, მაგრამ ისიც გავიხსენოთ, ბოლოს ეს სტაბილურობა როგორ ჭაობში გადაიზარდა. ასეთი იდეალური ვარიანტი, რომ მგლებიც კმაყოფილნი იყვნენ და ცხვრებიც, დედამიწაზე არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ისტორიამ დაამტკიცა, რომ საბაზრო ეკონომიკა ყველაზე წარმატებული მოდელია და ჩვენც მის მიხედვით უნდა ავაწყოთ ცხოვრება. ძალზე საყურადღებოა კიდევ ერთი რამ: მთავრობა გვარწმუნებს, რომ ინფლაციის შემთხვევაში საპენსიო ფონდი ამ ფაქტორს აუცილებლად გაითვალისწინებს. რა თქმა უნდა, ინდექსაცია აუცილებელია. ყველა ნორმალურ ქვეყანაში პენსიას იმ პროცენტით ზრდიან, რა პროცენტითაც ვალუტა უფასურდება. ჩვენ ვიცით, რომ ინფლაციური პროცესები ჩვენი თანამდევია, თუ პროექტში დაცვის მექანიზმი იქნება ჩადებული, თანხის გაუფასურების საფრთხე არავის დაემუქრება. ამის გარეშე საპენსიო ფონდის არსებობას აზრი არა აქვს, ეს - აშკარაა.

- ბატონო ელგუჯა, დაგროვებით სისტემაზე უკვე რამდენიმე წელია საუბრობენ, რატომ გააქტიურდა ეს თემა ახლა?

- ალბათ იმის გამო, რომ მუთაქებში შენახული ფულის დრო წავიდა. ადამიანმა თავისი შემოსავლები სადმე უნდა დააბანდოს და მისგან მოგება მიიღოს. პრინციპი - ჩემი ფული ჩემთან უნდა იყოსო, მოძველდა. გაყინული, მუთაქაში შენახული ფული ვერაფერს შეცვლის, მაგრამ როდესაც ის ეკონომიკას ხმარდება, ქვეყანაც ძლიერდება და თითოეული ადამიანის ცხოვრების დონეც უმჯობესდება. რაც მთავარია, ახალ სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითია და ეს თითოეული ჩვენგანის ნებაზე იქნება დამოკიდებული. სახელმწიფო ამას ვერავის დაავალებს.

- ზოგიერთი ფიქრობს, რომ აღნიშნული სისტემა ჩვენს ქვეყანაში ვერ გაამართლებს და მისი შემოღებით ახალი ბიუროკრატიული მექანიზმი შეიქმნება.

- საერთოდ, დაგროვებითი საპენსიო სისტემა ბიუროკრატიის წინააღმდეგ არის მიმართული. ბიუროკრატია ამ სისტემისთვის ნამდვილად არ არის დამახასიათებელი, მაგრამ ჩვენს სინამდვილეში რა მოხდება, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით. ეს არის წმინდა საბაზრო მექანიზმზე დამყარებული სტრუქტურა, მაგრამ მისი დამახინჯება ისევე შეიძლება, როგორც ყველაფრისა. ძალზე მნიშვნელოვანია, როგორ მექანიზმს შექმნის სახელმწიფო, რომ ადამიანები დაინტერესდნენ და დაგროვებითი საპენსიო სისტემისგან სარგებელი მიიღონ.

ხათუნა ჩიგოგიძე