ქვეყანა, სადაც ყველას პირველობა უნდა - გზაპრესი

ქვეყანა, სადაც ყველას პირველობა უნდა

და საქართველოში ხელსაყრელი გარემო რომ არ იყო, ამიტომაც, ხშირად უწევდა თავისი ბიზნესგეგმების საზღვარგარეთ განხორციელება, განსაკუთრებით ხშირად კი, რუსეთში უწევდა ჩასვლა. ახლა საქართველოშია და როგორც ამბობს, სულაც არ მოსწონს ჩვენი ქვეყნის სწრაფვა ევროპისკენ; თუ რატომ, ამასაც არ მალავს: ის რუსეთთან მეგობრობის მხარდამჭერია და მიიჩნევს, რომ ქვეყანა ერთმორწმუნეებისკენ უნდა იხრებოდეს და არა - სხვა სარწმუნოების მქონე ერებთან მეგობრობისკენ.

- ჩემი გვარის თქმა რა საჭიროა? მერე რომ მომთხარონ ძირიანად და რაც მაქვს, წამართვან?! თქვენ ხომ ინკოგნიტო რესპონდენტებიც გყავთ და რა პრობლემაა, მეც რომ ერთ-ერთი მათგანი ვიყო? სიმართლე გითხრათ, თავგადაკლული მორწმუნე არ ვარ: ეკლესიაში დავდივარ, მარხვაც დამიცავს, აღსარებაც ჩამიბარებია, მაგრამ ჩემდა სამარცხვინოდ, ასე ხშირად არ მოვქცეულვარ. თუმცა, მიყვარს ჩემი სარწმუნოება და მჯერა იმის, რასაც მართლმადიდებლები ქადაგებენ. ამიტომ, არ მომწონს, ამა თუ იმ სექტის წარმომადგენელი ცხვირში რომ მჩრის თავის ბუკლეტს; არ მომწონს, სხვა სარწმუნოების ადამიანებს უფრო მეტად რომ მფარველობენ ჩვენი მთავრობის წევრები, რადგან ეშინიათ, თუ ასე არ მოიქცევიან, ევროპისა და ნატოსკენ სავალი გზა მოეჭრებათ. საუკუნეები ვიცხოვრეთ ამის გარეშე და რა მოხდება ვითომ, ამ გაერთიანებებში თუ არ მიგვიღებენ მომავალში? რატომ უნდა დაჩაგრო შენი ტრადიციები, სარწმუნოება, რაღაც გაერთიანებაში თავის შეყოფის გამო? მგონი, ყველაფერზე წამსვლელები გახლავართ, ოღონდაც უცხოელებმა აღიარონ, რომ ნამდვილად დემოკრატიული ქვეყანა ვართ. არადა, ქართველები დემოკრატები ვერასდროს ვიქნებით - ეს დრომ გვიჩვენა! მე თუ მკითხავთ, ჩვენ გვჭირდება მონარქიული წყობა და ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ყველას ჩვენ-ჩვენი ადგილი გვეცოდინება და არ დავიწყებთ იმ ყურძენზე ფიქრს, რომელიც კბილს მოგვჭრის. ახლა რა ხდება? საქართველოში პატარა ბავშვსაც კი პრეზიდენტობა უნდა და ყოველი მეორე გამვლელიც გეტყვით, რომ მინიმუმ, პარლამენტარობის სურვილი აქვს და საქმის კეთება ძალუძს. ყველას ჰგონია, რომ ქვეყნის უკეთ მართვა შეუძლია, ვიდრე ყოფილ ან ახლანდელ მმართველებს. სულაც არ არის ეს კარგი ამბავი. ამბიცია კარგია, ოღონდ - ზომიერი. ადამიანებს გაცნობიერებული არ გვაქვს, სახელმწიფოს ხელმძღვანელობა რამხელა პასუხისმგებლობაა.

- თუ ქვეყნის სათავეში მეფე იქნება და არა - პრეზიდენტი, ამით რა შეიცვლება?

- დამერწმუნეთ, ბევრი რამ შეიცვლება! პირველ რიგში, ბოლოს და ბოლოს, გვეყოლება ბელადი, რომლის გარეშეც, ყველანი ვატყობთ, ქართველები არ ვვარგივართ. მაგრამ ამ ბელადზე არ იქნება ყველაფერი დამოკიდებული, მას შემოკრებილი ეყოლება გონიერი ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებიან. ჩვენ გონიერი საქმის შემსრულებლები ვართ, მაგრამ ინიციატივის გამოჩენა გვიჭირს. ქართველების უმეტესობა დაბადებულია საქმის შემსრულებლად და არა - მმართველად. როცა ყველას ჩვენი საქმე გვექნება და ქუჩაში ამდენი უსაქმური არ იხეტიალებს, ფეხზე წამოვდგებით. ყველა უბედურების სათავე უმუშევრობაა და ახლა, ამ ნათქვამით ველოსიპედს არ ვიგონებ. მონარქიული წყობა კი ყველაფერს დაალაგებს, ასე მგონია.

- XXI საუკუნის ქართველ მეფედ ვინ წარმოგიდგენიათ?

- არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი იყოს. გვარის მიხედვით კი არა, ადამიანის პიროვნული თვისებების მიხედვით უნდა შევარჩიოთ მმართველი. გვჭირდება ისეთი გონიერი ადამიანი, რომელიც დაჩოქილებს წამოგვაყენებს და ქვეყნის აყვავებას მიჰყოფს ხელს, თორემ კი ვხედავთ, ამ დემოკრატიამ რაც მოგვიტანა. მხოლოდ ვყაყანებთ, საკუთარ ოჯახებში რა შევიტანოთ, იმაზე ვფიქრობთ და რეალურად, ქვეყანაც და მომავალიც "ფეხებზე გვკიდია"...

- რუსებს ოკუპანტებად არ მიიჩნევთ?

- ცხადია, ოკუპანტები არიან, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიები რომ მიიტაცეს, ამაში ჩვენი ხელისუფლებაც არის დამნაშავე და ამაში ეჭვიც არ შეგეპაროთ. რუსებთან რომ გვემეგობრა, ასე ცუდად არ მოგვექცეოდნენ. პატარა რომ ხარ, ხომ უნდა იცოდე, ვის უნდა აუხირდე და რატომ? ჯერ რომ ტერიტორიას მიჰყიდი და მერე დასცემ ყიჟინას, ეს ხომ მიზანმიმართულად, ხალხის სასაკლაოზე გაშვებაა? ასეა, პრეზიდენტებს მხოლოდ სავარძლები აინტერესებთ, მონარქი კი იძულებული იქნება, თავისი ქვეყნის გაძლიერებაზე იფიქროს. ყველა მეფემ იცოდა, რომ რაც უფრო შემომტკიცებული ჰქონდა კუთხეები, მით უფრო ძლიერი იქნებოდა თვითონ და მისი შთამომავლებიც. მეფეს გარანტირებული აქვს, რომ მისი შთამომავალი იქნება ქვეყნის მმართველი და არაფრის დაკარგვის არ შეეშინდება. ამიტომაც, უნებურად, უფრო პატრიოტულად მოიქცევა, ვიდრე პრეზიდენტი ან პრემიერი, რომელიც მხოლოდ იმას ფიქრობს, რომ ვიდრე თანამდებობაზეა, ეს პერიოდი სათავისოდ კარგად გამოიყენოს და ამაშია მთელი ფილოსოფია, თორემ სულაც არ მაქვს იმის ილუზია, რომ თუ ადამიანს მეფეს დავარქმევთ, მხოლოდ ამ სახელის მინიჭება სასიკეთოდ შეცვლის ჩვენს მდგომარეობას. სახელი კი არა, ძალაუფლების შთამომავლობაზე გადაცემა იქნება სტიმული საიმისოდ, რომ სახელმწიფო რაც შეიძლება მეტად გაძლიერდეს, ასე მგონია.

- როგორც მითხარით, ბიზნესმენი ხართ. როგორ წარმოგიდგენიათ, მეფის საქართველოში ბიზნესმენობა?

- კაცო, ბიზნესმენად კი არ დავბადებულვარ. ვაჭრობაში გარევა ცხოვრებამ მაიძულა, თორემ ჩემი მიწა ყველაფერს მირჩევნია. სოფელში გაზრდილი, სიამოვნებით ვიმუშავებდი, მოვთოხნიდი მიწას, ფერმას გავაშენებდი...

- ახლაც შეგიძლიათ, ფერმა გააშენოთ, მით უმეტეს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო გლეხებს მხარში უდგას.

- ეს საკენკი სხვებს დაუყარონ, რა... თუმცა, გეთანხმებით, "ოცნებამ", მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, გლეხებისკენ ნამდვილად გაიხედა, მაგრამ არც ისე, რომ ამის გამო ჩემი ბიზნესი მივატოვო და მიწას მივუბრუნდე. მარტო თანადგომა საკმარისი არ არის. გაძლევენ სესხს, რომელიც უნდა გაისტუმრო და თუ მოსავალი გაგიფუჭდება, მერე რას იზამ, რით გაისტუმრებ ვალს? ერთ ხელს გაგიმართავენ, მეორე ხელს კი ზურგს უკან მალავენ, რომ თუ საჭირო გახდება, თამაშიდან გავიდნენ და სისხლი გამოგწოვონ. ბოლო "კაპიკებამდე" აგანაზღაურებინებენ ყველაფერს ისე, რომ დაზარალებულს გონს მოსვლასაც არ დაგაცდიან. აი, არჩევნებში რომ გაიმარჯვეს, პირველ წელს კარგად იმუშავეს: გლეხებს მიწები მოუხნეს, თესლიც მისცეს, ვაუჩერებიც - სამუშაო იარაღებისთვის, მერე შეამცირეს ასეთი სახის დახმარებები. ახლა კი ამბობენ, მიწის ფართობის მიხედვით, გადასახადები დაეკისრებათ გლეხებსო. დარწმუნებული ვარ, ეს გადასახადები, როგორი მცირეც უნდა იყოს, იმათაც აურევს გონებას და აუცრუებს გულს, ვინც მიწისკენ უკვე შემობრუნდა, რადგან ბევრ გლეხს, დიდი შრომის მიუხედავად, ძალიან მცირე შემოსავალი აქვს. არადა, ქართველები სწორედ მიწათმოქმედები ვართ და ამის გარეშე არაფერი გამოგვივა.

- თქვენ რა ბიზნესი გაქვთ?

- რამდენიმე მაღაზია მაქვს სხვადასხვა ქალაქში, ტანისამოსისა და სურსათის. წლების მანძილზე ვცხოვრობდი რუსეთში და იქ უბატონოდ ხმას არავინ მცემდა. პირიქით, რუსებს უყვართ ქართველები და გული სწყდებათ, ერთმანეთს რომ დავშორდით.

- თუ ასეა, თქვენი ბიზნესი რუსეთში რატომ არ განავითარეთ?

- როცა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა, ვინაიდან საქართველოში ოჯახი მყავდა, არჩევანის გაკეთება მომიხდა და აქ ჩამოვედი. თუმცა, ზოგჯერ ამის გამო გული მწყდება. იქიდან გაცილებით უკეთ ვამარაგებდი ოჯახს. საქართველოში ფული ძნელად იშოვება, მისი ხარჯვა კი ძალიან იოლია. რუსეთში იშოვებოდა კიდეც და ხარჯვაც სასიამოვნო იყო.

- შეიძლება, ჩემი შეკითხვა სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ მაინც დაგისვამთ: პუტინი უფრო მოგწონთ თუ მარგველაშვილი?

- სასაცილო ის არის, რომ კაცს პრეზიდენტი ჰქვია და არანაირი უფლება აღარ აქვს, გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. ამბობენ, კარგი ადამიანიაო, მაგრამ თუ მისი გაკეთებული სიკეთე ვერ დავინახეთ, მხოლოდ სახელი რაში გვარგია? აი, პუტინთან მისი შედარებაც კი არ შეიძლება. რუსეთის პრეზიდენტი ძლიერი მმართველია. ყველა ნაბიჯი დაგეგმილი, აწონილი აქვს. იცის, რა და როგორ უნდა გააკეთოს, საიდან დაგარტყას, როგორ შექმნას... მარგველაშვილისგან განსხვავებით, მას თავის ქვეყანაში ყველაფერზე მიუწვდება ხელი. ის ძლიერი, გიორგი კი სუსტი მმართველია და საპრეზიდენტო სავარძელი მისთვის ძალიან დიდია... სხვათა შორის, ჩვენი ახლანდელი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი მგონი, ალღოიანი კაცია. შეიძლება, თავის დროზე, ღარიბაშვილის ნაცვლად, პრემიერად ის რომ დაენიშნათ, ასე ცუდად არ წასულიყო ჩვენი საქმეები. სამი წელი ხუმრობა ხომ არ არის? ღარიბაშვილი კი არაფერს აკეთებდა, გარდა იმისა, რომ თამაზ თამაზაშვილის ახირებებს აკმაყოფილებდა და იუმორისტებს საღადაო თემას აძლევდა. აი, კვირიკაშვილი კი რაღაცას აკეთებს და ღირსეულად გამოდის ტელევიზიითაც, სისულელეებს არ როშავს. ისე, სისულელეზე გამახსენდა, პრეზიდენტის გამოსვლაზე ბევრი ვიცინე, როცა აღნიშნა, რომ სექსი მასაც ჰქონია და აქვს. კარგი, კაცო, მართლა ჰქონდა? სასაცილოა, რა. ვითომ, ძალიან თავისუფლები ვართ? დავდგეთ მაშინ და სახალხოდ გავაბათ ურთიერთობები, მეტად დემონსტრაციული სახე მივცეთ ჩვენს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას. რას იტყვით ამაზე? დემოკრატიისა და თავისუფლების არსი პრეზიდენტს, ასეთ განათლებულ ადამიანს თუ არ ესმის, უბრალო ხალხს როგორღა ავუხსნათ, რომ "დამოუკიდებლობა" "აღვირახსნილობის" სინონიმი არ არის? ღმერთო, შენ გვიშველე. აი, ამიტომაა, რომ ამერიკასთან მეგობრობა არ შეიძლება. უცხოელებს ყველაფერი ქართული მოსწონთ, გიჟდებიან ჩვენს ტრადიციებზე, ჩვენ კი ვცდილობთ, მათ მივბაძოთ, ვისაც ღირებული ტრადიცია არ აქვთ. თუ ბილწსიტყვაობას დაიწყებენ ქალები და ყველა სიგარეტით ხელში იქნება, თუ ქალები "იგრიმიტებენ" და კაცები იდიასახლისებენ, ამით რას მივაღწევთ? ქალი ძლიერიაო. კი, ძლიერია ქალი, როგორც დედა, როგორც დიასახლისი, მაგრამ ჩვენზე კარგი მებრძოლი ხომ ვერ იქნება? რატომ სურთ ვიღაცებს, რომ საქართველოში მამაკაცები დააკნინონ? იქნებ იმიტომ, რომ მერე უფრო მეტად მიგვანგრ-მოგვანგრიონ და როგორც ერი, გადაშენების გზაზე დავდგეთ? ვის აძლევს ხელს ამ პატარა, მაგრამ დიდი ტრადიციების მქონე ერის სწორი გზიდან გადახვევა? - იქნებ, პოლიტიკოსებს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა სთხოვოთ. მადლობა წინასწარ!

P.s. შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. ჩვენთვის თითოეული თქვენგანის სიტყვა მნიშვნელოვანია. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე:

5(58) 25.60.81

ლიკა ქაჯაია