"კარგსა და ცუდს რომ ვერ არჩევს ადამიანი, რა უნდა ელაპარაკო?.." - გზაპრესი

"კარგსა და ცუდს რომ ვერ არჩევს ადამიანი, რა უნდა ელაპარაკო?.."

ესა თუ ის სტატისტიკა, მათ შორის, NDI-ის კვლევები საზოგადოებაში ყოველთვის ინტერესს იწვევს, მაგრამ ამავე დროს, აზრთა სხვადასხვაობას, მათ შორის - უნდობლობასაც. თუმცა ეს შედეგები, ხალხის განწყობაზე აისახება. საკითხები, რომლებიც ამ ორგანიზაციამ ამჯერად წამოჭრა, თითქოს ბანალური და ერთი შეხედვით, ისედაც გასაგებია, მაგრამ ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის საჭირბოროტო, მტკივნეული და გამუდმებული დისკუსიის საგანი - ევროპა, ამერიკა თუ რუსეთი? "ჩვენი ქვეყნის ისტორიის კარგად მცოდნე" ქართველებს თითქოს შესანიშნავად გვესმის მეზობელი ქვეყნიდან მომდინარე საფრთხეები და უსაფრთხოების ძიების გზებიც, მაგრამ ჩვენ გარშემო ჯერ კიდევ მოიძებნებიან ადამიანები, რომლებსაც ამის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებების მტკიცება მთელი მონდომებითა და თავდაჯერებით შეუძლიათ, ხშირ შემთხვევაში, სხვების აზრებსა და არა საკუთარ ცოდნაზე დაყრდნობით.

იმ საკითხების შესახებ, რაც "ენდიაის" კვლევის მთავარ თემას წარმოადგენდა, განსხვავებული სოციალური სტატუსის მქონე ადამიანებს გავესაუბრე.

მამუკა ლომაშვილი, მსახიობი, პაროდისტი:

- "ენდიაის" კვლევებს არ ვენდობი. მგონია, რომ სუბიექტურია. ინფორმაცია არ მაქვს, თუ როგორ ტარდება და ვფიქრობ, ხშირ შემთხვევებში გადაცდომებს აქვს ადგილი. მნიშვნელოვანია, რა სეგმენტს იკვლევენ. მოლოდინი, რა თქმა უნდა, მეტი იყო, მაგრამ ბოლო ოთხ წელიწადში ჩემთვის დიდი არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ თავისუფლად ვლაპარაკობ და უფრო მეტად დაცული ვარ, მეც და ჩემიანებიც. მეტი დემოკრატიაა. რაც შეეხება კრიმინალს, ყველა დროსა და ქვეყანაში არსებობს. ის, რაც ციხეებში ხდებოდა, კრიმინალი არ იყო? ამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კრიმინალი მაშინ უფრო იყო. არ გამოვრიცხავ, ციხეებში მსგავსი რამ კვლავაც ხდებოდეს; რა გასაკვირი იქნება? იგივე ხალხი მუშაობს, ვინც ამას აკეთებდა, მაგრამ ეს სისტემურ ხასიათს აღარ ატარებს.

- კვლევაში ჩამოთვლილ პუნქტებში ასეთი შეკითხვებია: ყველაზე კარგად რომელი ქვეყანა ან ორგანიზაცია უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას? რომელი წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს?

- უსაფრთხოებას - არც ერთი. 2008 წლის აგვისტოს ომი გავიხსენოთ: ფაქტობრივად, მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტი იდგა ჩვენ გვერდით. შეიძლება, ევროკავშირი იყოს, ისიც, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, თორემ საქართველო და ქართველი ხალხი არავის აინტერესებს. ყველაზე დიდ საფრთხეს ჩემთვის ყოველთვის რუსეთი წარმოადგენდა და შესაძლოა, ნაწილობრივ, ამერიკაც, ისიც - რუსეთთან ურთიერთობიდან გამომდინარე. საქართველო ევროპაა, ამიტომ მთავარია დასავლეთი და ევროპა და არა - რუსეთი.

- უჭერთ თუ არა მხარს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხს? რა სარგებელს მოუტანს ის ჩვენნაირ ხალხს?

- საერთოდ, ეს ტერმინი მომხიბლავია, მაგრამ რა დგას მის უკან? ყველას არ შეუძლია ევროპაში წასვლა. ვისაც კარგი სამსახური და დიდი ხელფასი აქვს, ისედაც ახერხებს მოგზაურობას. თუ იქნება ისე, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს დაუბრკოლებლად შეეძლება გადაადგილება, დათვალიერება და წამოსვლა, რაც ბიუროკრატიულ პროცედურებთან ნაკლებად იქნება დაკავშირებული, კარგია; სულელი უნდა იყო, ეს არ მოგეწონოს, მაგრამ თუ ამის სანაცვლოდ რამეს მოგვთხოვენ, რაღაც ვალდებულებები მოჰყვება, რაც ზოგისთვის და ჩემთვის მიუღებელია, შეიძლება, კითხვის ნიშნები გაჩნდეს. მაგალითად, თუნდაც, ერთნაირსქესიანთა ქორწინებასა და მათ შესაძლებლობაზე, ბავშვი აიყვანონ. ისე კი ვიზა-ლიბერალიზაცია, რა თქმა უნდა, კარგია.

ქეთი ადეიშვილი, ტელერეჟისორი:

- დიდად არ ვენდობი ამ კვლევებს, ბოლომდე მხოლოდ საკუთარ თავს ვენდობი (იცინის). არც იმის საფუძველი მაქვს, სუბიექტურ ორგანიზაციად მივიჩნიო, რაღაც გამოძახილი რეალობიდან ნამდვილად იქნება. უბრალოდ, ასეთი ტიპის გამოკითხვები 100%-იანი მაჩვენებელი არასდროსაა, თუმცა, საერთო ჯამში, სურათს ქმნის და კიდევ უფრო უკეთესი სურათი აჩვენა, ვიდრე მეგონა, იქნებოდა (იცინის). ჩემთვის ყველაზე მეტად ყურადღების ღირსი არის ხოლმე ისევ და ისევ, ტერიტორიული მთლიანობის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის, ევროკავშირისა და ნატოს საკითხები. ამაზე დგას ქვეყნის მომავალი. მომხრე ვარ, რომ საქართველოს ჰქონდეს რადიკალურად პროდასავლური კურსი და არანაირად - პრორუსული. დასავლური კურსი, ამერიკა, ევროატლანტიკური ალიანსი და სხვა, ქვეყანას მოუტანს მეტ განათლებას და საშუალებებს, თუნდაც ვაჭრობის სფეროში. საქართველოს ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთი წარმომიდგენია და უსაფრთხოებისთვის ჩემთვის ყველაზე კარგი საშუალება არის ევროპა, დასავლეთი და ცივილიზებული სამყარო. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრება ჩვენს ქვეყანას სიკეთეს მოუტანს. იქ ისეთი რეგულაციებია, რაც ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს და ტვინი თუ გვაქვს, ამ ყველაფერს უნდა ავყვეთ. ევროპაში მართლაც მაღალი ღირებულებებია, რაც აქ დამახინჯებული ფორმით მოდის, რიგი მიზეზების გამო. იგივე რუსეთის "კაგებე", უსაფრთხოება მუშაობს ძალიან სერიოზულად და მათ ინტერესში არ შედის, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი ჰქონდეს. შესაბამისად, ეს ყველაფერი დემაგოგიის ფორმით ვრცელდება ხალხზე, რომლის დიდ ნაწილს არა აქვს შესაბამისი განათლება, რომ ეს ყველაფერი სწორად გაიგოს. ძალიან მიკვირს და მაინტერესებს იმ ხალხის აზროვნება, რომლებიც თან, ტერიტორიულ მთლიანობას მისტირიან, თან, რუსეთი და საბჭოთა კავშირი უნდათ. აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავია. სწორედ აზროვნების პრობლემაა. ჩემთვის უტოპიაა, არც კი ვიცი, ასეთ ხალხს რა ენაზე ველაპარაკო.

- 2012 წლის შემდეგ, როგორია თქვენი ოჯახის მდგომარეობა? უკეთესი, უარესი თუ იგივე?

- არაფერი განსაკუთრებული, ცვლილებების მხრივ არ მომხდარა. რაც მანამდე იყო, იგივეა ახლაც და საერთოდ, არ ვთვლი, რომ ასეთი ცვლილებები საშუალო დონის მოსახლეობაზე განსაკუთრებულად აისახება. უფრო - მათზე, ვისაც მაღალი თანამდებობა ჰქონდათ და დღეს აღარ აქვთ. სიტყვის თავისუფლების, კრიმინალის, სასამართლო სისტემის საკითხებში დიდი არაფერი ცვლილებებია, არც გაუარესებულა და არც გაუმჯობესებულა. კრიმინალის თვალსაზრისით, როგორც აბუქებენ, რომ ქვეყანა იქცევა, არა მგონია, ასე იყოს. ეკონომიკაზე ყველაფერი მოქმედებს, დიდწილად - გლობალური პრობლემები. მუდმივად დაძაბულობის რეჟიმში ვართ მეზობელ ქვეყანასთან, გვაქვს წინა მთავრობიდან გამოყოლილი პრობლემებიც და ამათ მიერ შექმნილიც.

ლამარა, დიასახლისი, გურიის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები:

- ასეთ კვლევებს საერთოდ არ ვენდობი, შვილო, ჩემთან არასდროს არავინ მოსულა და არც მიმიღია მონაწილეობა. ეკონომიკა და ყველაფერი ერთად, არსად აშენებულა და არც აშენდება, ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ყველას უჭირს, მაგრამ ზოგიერთი რომ წუწუნებს, არც მთლად მასეა საქმე. აბა, "ნაციონალები" ჰყავდენ და საწუწუნო მაშინ ეყოლებიენ, გენაცვალე. იქიდან რომ გვიქნევს ხელს და ჭკუას გვასწავლის, ცოტა მართლა ჭკუით იყოს მაგი, სააკაშვილი.

- თქვენი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა ამ მთავრობის მოსვლის შემდეგ თუ შეიცვალა?

- სახელი ისეთი აქვს, "ოცნება", მართლაც ვოცნებობთ, რომ ოდესმე რამე გვეღირსება ალბათ. ჰოდა, შეიცვალა, როგორ არა?! ჩემი გაჭირვება სხვას რაში აინტერესებს, მაგრამ ახლა გაცილებით უკეთ ვარ, ვიდრე მანამდე, ჩამშვები "ნაციონალი" მეზობლებისგან რომ აღარ ვარ შეწუხებული. ახლაც ვერ ვასწავლე მაგათ ჭკუა. კარგსა და ცუდს რომ ვერ არჩევს ადამიანი, რა უნდა ელაპარაკო იმას? ლარის კურსმა კი იქონია გავლენა ფასებზე, ყველაფერმა მეიმატა, მარა "ნაციონალების" ყოფნას არ სჯობია? მთელ მსოფლიოში იყო ცვლილებები.

- როგორი ფიქრობთ, საქართველოს პროდასავლური კურსი უნდა ჰქონდეს თუ - პრორუსული?

- მაგაზე ძალიან ვორჭოფობ. 65 წლის ვარ და ადრე რუსეთი კი გვერჩია, კარგი ცხოვრება იყო, მაგრამ ახლა ახალგაზრდებისთვის ევროპა და ამერიკა სჯობია, ჩემი ქმარი მაინც რუსეთის მომხრე უფროა, მაგრამ ოკუპანტი ქვეყანა როა, მძულს. სააკაშვილი რომ გვყავდა, გიჟი და გადარეული, იმის ბრალი იყო ის ომი.

- რა არის თქვენი სოფლის გასაჭირი?

- როგორც სხვაგან, აქაც ისეთივე პრობლემებია, მაგრამ ღმერთმა გაახაროს ივანიშვილი და ამ ყანებს კი გვიხნავს, სოფლის მეურნეობის კუთხით წინსვლაა. ადამიანმა თუ არ იმუშავე, ხელი არ გაანძრიე და არ იშრომე, რა გექნება? რომელი მთავრობა გააკეთებს შენს გასაკეთებელს? მეზობელმა მითხრა, ხმა "ოცნებას" რომ მიეცი, რა გეგონა, ივანიშვილი ფულებს გადაგაყრიდაო? ფულები თუ არ გადამაყარა მე, მთელი ქვეყანა და ხალხი გადაარჩინა "ნაციონალებისგან" და ამ ქვეყანაში ცოტა დახარჯა? ყველაფერს რომ აკეთებს, ამას ვერ ხედავენ. ოპერის თეატრი რომ გაარემონტა, 40 მილიონი გადაიხადა და რამდენიმე ბილეთი მოითხოვა, ამისთვის ქვეყანა დაინგრა?! ქართველები ნამეტანი უმადურები ვართ. ხის გადარგვაზე რომ ამბავი ატეხეს, იქ რას მიკეთებდა ის ხე? თან, კაცმა ფული გადაუხადა სახელმწიფოს. ურეკში ათას რამეს აკეთებს და ხალხი დასაქმებული ჰყავს. ძეგლი დაუდგან, ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხას რომ გადაარჩინა. არასდროს დამავიწყდება სააკაშვილის დროს ჩადენილი სისასტიკეები. ციხის კადრები რომ ვნახე, ერთი კვირა ცუდად ვიყავი, ეს იყო მთავრობა? ფასადური რაღაცები გააკეთა მხოლოდ. ამაზე დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო. ივანიშვილმა ძალიან დააშავა იმაში, რომ მაგენი პარლამენტში შეუშვა, მთელი თბილისი უნდა გამოსულიყო მაგათ გასაძევებლად, ნაცისტები მაგენი. მაგ კოაბიტაციამ დაღუპა "ოცნება". კეზერაშვილმა და მისნაირებმა მთელი ფული გახვეტეს, რატომ აღარ იძებნება ინტერპოლით?! ამბობენ, "რუსპუბლიკელები" და "ნაციონალები" ერთმანეთში შეკრულები არიანო. მე მაინც "ქართული ოცნება" მირჩევნია და მაგათ მინდა, გაიმარჯვონ. ჩემს ახლო-მახლო მაინც უმეტესად "ოცნებას" უფრო ემხრობა ხალხი. აფრასიძეების საქმეზე ერთი ბარამიძის დაკითხვა რა გახდა ასეთი? რა პრობლემა გახადეს? იმდენი საცოდავი ხალხი რომ დახოცეს და არაფერი გამოიძიეს?! ჟვანია რომ სააკაშვილმა მეიცილა, რით ვეღარ გამეიძიეს მაგი?!. სახლში მეჩხუბებიან, რას ნერვიულობ სხვების გამოო, მაგრამ რას ჰქვია?! შეიძლება, ხვალ-ზეგ მე დამემართოს ასეთი რამ და ხმა თავის დროზე უნდა ამოვიღოთ ყველამ! ახლა ისე უნდა გავაკეთოთ ხალხმა, რომ "ნაციონალებმა" ვერც შეყონ თავი პარლამენტში!

თამთა დადეშელი