ფერმერებისთვის სასარგებლო საქმე ანუ "სიცოცხლის ელექსირის" საიდუმლო - გზაპრესი

ფერმერებისთვის სასარგებლო საქმე ანუ "სიცოცხლის ელექსირის" საიდუმლო

"სიცოცხლის ელექსირი" - ასე უწოდებდნენ რძეს ძველი მეცნიერები და არც ტყუოდნენ: ის უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომელსაც ადამიანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ყველაზე მეტ რძეს ირლანდიელები და ფინელები მიირთმევენ; მათ მოსდევენ ბრიტანელები, ავსტრალიელები და შვედები. რძე და რძის პროდუქტები ჩვენს ქვეყანაშიც ბევრს უყვარს. სწორედ ამიტომ, ძალზე საყურადღებო და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რძის შემკრები პუნქტები გაიხსნება. ეს არის ახალი პროგრამა, რომელიც კოოპერატივების მხარდასაჭერად განხორციელდება.

"პროგრამა საშუალებას მისცემს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, არა მარტო რძის შემკრები პუნქტები მოაწყონ, არამედ მათ გადაეცემათ რძის ხარისხის შესამოწმებელი აპარატურა, რომელიც 40-დან 75 ათასამდე ლარის ღირებულებისაა. დღეს დაახლოებით 30-მდე ასეთი კოოპერატივია. პროგრამა დაეხმარება მათ, არა მხოლოდ შეაგროვონ ადგილზე რძე და შემდგომში მიაწოდონ უფრო მსხვილ მწარმოებლებს, არამედ თვითონაც აწარმოონ რძის პროდუქტები და ყველის წარმოებაზე გადავიდნენ", - განაცხადა ახალი პროგრამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი მიშელაძე, კოოპერატივების განვითარების სააგენტო:

- ამ ახალი პროგრამის ინიციატორი - სოფლის მეურნეობის სამინისტროა. სამინისტროსთან შეთანხმებით, ის ჩვენს სააგენტოში შემუშავდა და შემდეგ წარედგინა დასამტკიცებლად მთავრობას. სასიხარულოა, რომ ახალი პროგრამა მთავრობამაც მოიწონა და პრემიერმაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროგრამა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შეეხება, ის არ იქნება ყველა ფერმერისთვის. ეს ის კოოპერატივებია, რომლებიც მესაქონლეობით არიან დაკავებული. ეს დარგი კი, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, მთელ საქართველოს მოიცავს. თუ რიგით გლეხს გაუჩნდება სურვილი, რძე ჩააბაროს, კოოპერატივის მეპაიე უნდა გახდეს. ეს პუნქტები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნება. მსურველთა რეგისტრაცია ამ დღეებში დაიწყება და კოოპერატივებს ექნებათ საშუალება, ნებისმიერ ადგილას გახსნან ასეთი პუნქტები - იქ, სადაც კოოპერატივი ისურვებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირობა ის არის, რომ შენობა, სადაც რძის მიმღები პუნქტი გაიხსნება, სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს. მხოლოდ ამის შემდეგ გადავცემთ კოოპერატივს შესაბამის აღჭურვილობას. ეს იქნება რძის შემკრები პუნქტები, რომელსაც ექნება ყველის გადამმუშავებელი მცირე საწარმო. საერთოდ, რძის საწარმო მაღალი რისკის მქონედ არის მიჩნეული, ამიტომ შემკრები პუნქტი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა სტანდარტს, რომელიც აუცილებელია ამ ტიპის საწარმოსთვის. ვფიქრობ, ამ პროგრამით ბევრი კარგი საქმე გაკეთდება: პირველი ის, რომ ქვეყანაში გაჩნდება უფრო მეტი ნატურალური, ნედლი რძე; მეორე - კოოპერატივებში გაერთიანებულ გლეხებს გაუჩნდებათ მეტი შანსი თავიანთი ნაწარმის რეალიზაციისთვის: დღესდღეობით ქარხნები ძალიან მცირე რაოდენობით რძეს იბარებენ და ჩვენს ფერმერებს ეს პრობლემა მაინც მოეხსნებათ; მესამე კარგი საქმე ის იქნება, რომ ყველა კოოპერატივს გადავცემთ მცირე საველე ლაბორატორიას და მიტანილ რძეს ადგილზევე შეამოწმებენ. ეს ყველაფერი იქნება დიდი სტიმული, რომ კოოპერატივი იყოს არა მხოლოდ პირველადი პროდუქციის მწარმოებელი, არამედ თავად შეძლოს, გადაამუშაოს რძე, მიიღოს ყველი და ამ გზით დამატებითი შემოსავალი გაუჩნდეს. რძის რეგლამენტის შემოღებამდე არ ვიცოდით, ცხოველურ ცხიმზე იყო დამზადებული რძის პროდუქტები თუ - მცენარეულზე. რეგლამენტმა ეს საკითხი მოაწესრიგა და ახლა კიდევ ერთი შანსი გაჩნდება, რომ ჩვენს მაღაზიებში ნატურალურ, ნედლ რძეზე დამზადებული პროდუქცია გაჩნდეს. თანაც, ეს იქნება დამატებითი სტიმული, რომ ჩვენი გლეხები კოოპერატივებში გაერთიანდნენ. სხვათა შორის, ამ სიახლით ბევრი დაინტერესდა, ძალიან დიდი გამოხმაურება გვაქვს ყველა რეგიონიდან.

წამოწყების შესახებ აზრი გლეხებსა და ფერმერებსაც ვკითხეთ.

დალი ანთიძე, დიასახლისი:

- კარგი იქნებოდა, ასეთ პუნქტებში ჩვეულებრივ გლეხებსაც შესძლებოდათ რძის ჩაბარება. ოჯახში სულ ორი ძროხა გვყავს, მათი წყალობით, ჩემს შვილიშვილებს არც რძე აკლიათ და არც რძის ნაწარმი. გასაყიდი რძე სად არის, მაგრამ როდესაც გვეცოდინება, რომ სადმე ახლოს რძის შემკრები პუნქტია, ჩავაბარებთ და ცოტა შემოსავალი გაგვიჩნდება. ბოლოს და ბოლოს, კიდევ ვიყოლიებთ საქონელს - ხომ იცით, სოფლებში ხალხს ფული როგორ უჭირს?

დარეჯან კანთელაძე, ფერმერი:

- ჩვენი მეურნეობა წალკის რაიონის სოფელ სანტაში მდებარეობს. თითქმის 19 წელია, რაც მეუღლესთან და ოჯახთან ერთად, თბილისიდან წავედით და ფერმერული მეურნეობა შევქმენით. მოგეხსენებათ, 1990-იან წლებში საქართველოში რა რთული მდგომარეობა იყო. როდესაც ჩავედით, იქ ყველაფერი დანგრეული დაგვხვდა, გზაც არ იყო, ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ და ურთულესი პრობლემები გადავლახეთ. მიუხედავად ამისა, მაინც ვახერხებდით წინსვლას. ახალი ჯიშიც გამოვიყვანეთ, რომელიც ძალიან მოსწონთ. ის ქართული და უცხოური ჯიშის ნაჯვარია და ძალიან კარგი გენეტიკა აქვს. რიგები გვიდგას, რადგან ძალიან ბევრს სურს, ჩვენი ხბოები შეიძინოს. დღეს უკვე 300 სული საქონელი გვყავს. ვერ ვიტყვი, რომ ეს მომგებიანი საქმეა, რომლითაც მილიონებს იშოვი, მაგრამ ყველაფერს მძიმე შრომის ფასად მივაღწიეთ, ამიტომ, ძნელია თავი დაანებო. ბოლო ხანებში ყველაზე მეტად, აგროსესხებმა დაგვაზარალა: ბანკებმა ეს სესხი დოლარში მოგვცეს მაშინ, როცა კურსი 1,65 იყო, მერე კი დოლარი უცბად გაძვირდა და ისე გამოვიდა, რომ ფერმერებმა 1-2%-იანი კი არა, საკმაოდ ძვირი სესხი ავიღეთ. ეს მაგალითიც მოწმობს, რომ მარტო ფერმერი წელში ვერ გაიმართება, თუ სახელმწიფოს თანადგომა არ ექნება. მართალია, სახელმწიფომ ბოლო წლებში გადადგა ნაბიჯები ფერმერული მეურნეობების დასახმარებლად, მაგრამ მეტია საჭირო. დოტაციები საჭიროა, მიუხედავად იმისა, რომ არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც ყველაფერს სახელმწიფოსგან მოითხოვენ. პირიქით, თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს შეგნება, რომ ჩვენს ქვეყანას რაღაც გავუკეთოთ. თუ ეს შეგნება არ იქნება, არაფერი გამოგვივა და სახელმწიფოც ვერ გვიშველის. რაც შეეხება რძის შემგროვებელი პუნქტების გახსნას, ეს ძალიან კარგი ინიციატივაა, რადგან ბევრ გლეხს რძის რეალიზაცია უჭირს. რაც ყველაზე მთავარია, ის ხელს შეუწყობს ხარისხის კონტროლს: რძის ნაწარმის 90% საქართველოში საერთოდ არ ექვემდებარება კონტროლს. ძალიან კარგია, რომ გლეხი შეძლებს, ჩააბაროს ხარისხიანი, ნატურალური რძე, რომელიც მერე სტანდარტების დაცვით გადამუშავდება. საერთოდ, გლეხი პროდუქტს უკონტროლოდ აწარმოებს და ყიდის. მას ხომ არა აქვს იმდენი საშუალება, რომ სტანდარტები დაიცვას, შემგროვებელ პუნქტებში ჩაბარებული რძე კი შემოწმებული და უვნებელი იქნება. ამიტომ ეს ძალიან კარგია. მოსახლეობაც დაცული იქნება: ის მიიღებს უვნებელ პროდუქტს და სახელმწიფოც მოგებული დარჩება. რაც მთავარია, ქსელში არ იქნება ის საშინელი, უხარისხო პროდუქცია, რომელიც წლების განმავლობაში გვხვდებოდა და დღესაც გვხვდება. ბრუცელოზი და სხვა დაავადებები საქართველოში იმიტომ არის გავრცელებული, რომ სავაჭრო ქსელში ხშირად შეუმოწმებელი რძის ნაწარმი ხვდება.

ნინო ზამბახიძე, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე:

- ძალიან კარგი წამოწყებაა, რადგან ხელს შეუწყობს, რომ ჩვენს ქსელში მაღალი ხარისხის რძე მომრავლდეს. რამდენიმე დღის წინ ყველის სურათები გავავრცელე, რომელშიც მოზრდილი ქვა იდო... შემგროვებელ პუნქტებში აპარატები და აღჭურვილობა ექნებათ, ლაბორატორია ექნებათ და ასეთ პროდუქტს არავინ მიიღებს. გარდა ხარისხის კონტროლისა, რძის შემკრები პუნქტების გახსნა სხვა მხრივაც არის მნიშვნელოვანი: ფერმერისთვის მთავარი პრობლემა რეალიზაციაა და თუ ეცოდინება, რომ რეალიზაცია არ გაუჭირდება, ერთის ნაცვლად სამ პირუტყვს შეიძენს. ასეთი ღონისძიებები საუკეთესო სტიმულია.

ხათუნა ჩიგოგიძე