მოწყალების მთხოვნელი ქალის პროტესტი - "მე დავკარგე იმედი, მაგრამ თქვენ ნუ დაკარგავთ..." - გზაპრესი

მოწყალების მთხოვნელი ქალის პროტესტი - "მე დავკარგე იმედი, მაგრამ თქვენ ნუ დაკარგავთ..."

ამჯერად, ტრადიცია დავარღვიე და იმათ ნაცვლად, ვინც თავად იჩენს პოლიტიკაზე ლაპარაკის ინიციატივას, ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში მოწყალების მთხოვნელი ქალის ინტერვიუ ჩავწერე, რომელიც ჩემ მიმართ რატომღაც, კეთილგანწყობილია და ყოველთვის მესალმება, მომიკითხავს. თუ ფიქრებში გართული ვერ შევამჩნევ, ზურგს უკან მომაძახებს ხოლმე: "რა იყო, შვილო, გაწყენინე რამე?" ქვეყანაში რომ პრობლემები ყოველთვის იყო, ახლაც არის და მომავალშიც იქნება, ყველამ ვიცით, მაგრამ ქალბატონი იზოს თქმით, - "დღეს ისეთი სიტუაციაა, როცა საზოგადოებას სული უკვე კბილით უჭირავს. აქამდე ყველა ჩინოვნიკობის მსურველი თუ იმას გაჰყვიროდა, მიშას ხალხმა ქვეყანა უმუშევარი ადამიანებით და მოწყალების მთხოვნელებით გაავსო, ჩვენ კი შევეცდებით, არა მარტო აქ მყოფები დავასაქმოთ, არამედ ემიგრანტებსაც სამშობლოში დავაბრუნებთო, - ახლა გატრუნულები არიან. "ოცნების" ყოველი დაპირება ისეთივე ფუჭი აღმოჩნდა, როგორიც მათი წინამორბედების. ამიტომ, საერთოდ აღარ ვივლი არჩევნებზე! თუმცა, მოწყალების მთხოვნელის სიტყვა და ხმა ვის რაში ანაღვლებს?.."

- არ ვიცი, შვილო, რა დავარქვა მდგომარეობას, როცა ადამიანი სხვა გამოსავალს ვერ პოულობს და სინდის-ნამუსს გვერდზე გადადებს, ქუჩაში ჩემსავით, ხელგაწვდილი დაჯდება იმ იმედით, რომ ამ გზით ოჯახში ფულს შეიტანს. ადრე მიკვირდა, ჩემნაირებს რომ ვხედავდი, რადგან ახალგაზრდა გახლდით, სამუშაოც მქონდა, ახლა კი ამით ვირჩენ თავსაც და ოჯახსაც. ისეთ მოწყალების მთხოვნელს, რომელიც სახეს მალავდა, ფულს არაფრით ჩავუგდებდი, ახლა კი ვხვდები, ეს უბრალოდ, თვითგადარჩენისთვის სჭირდებათ ადამიანებს. ნამუსი მაქვს, მრცხვენია იმის, რასაც ვაკეთებ და ამიტომაც ვიფარავ ხოლმე სახეს. მხოლოდ მათ ვენდობი და ვუჩვენებ ჩემს თვალებს, ვისგანაც კეთილგანწყობას ვგრძნობ. უფრო მეტად რომ გენდონ, აუცილებელია, ადამიანებს უჩვენო, რომ მათ შენც ენდობი, მაგრამ ცხოვრებამ მოიტანა და მეც, ვინიღბები.

- სახლიდანაც ასე, შავებში ჩაცმული გამოდიხართ?

- არა, სახლიდან სხვა ტანისამოსით გამოვდივარ, მერე ამ ძონძებს ერთ საკუჭნაოში (იქ, სადაც ეზოების დამლაგებლები ცოცხებს ინახავენ) გადავიცვამ ხოლმე და ეგაა. მერე, ვიდრე სახლში წავალ, ისევ მოვიწესრიგებ ხოლმე თავს. რა ვქნა, სხვა გზა არ მაქვს, შვილებს თავმოყვარეობას ვერ შევულახავ.

- მოწყალების თხოვნა ბევრს უკვე არც რცხვენია... ის კი არა, ახალგაზრდებიც სთხოვენ გამვლელებს დახმარებას...

- მერე, ეგ მოსაწონია? მეც მყავს კონკურენტები, თანაც, ისეთები, რომლებიც სახეს არ იფარავენ და მინდა გითხრათ, მათ უფრო მეტი ადამიანი ეხმარება, მაგრამ მე ასე ვერასდროს მოვიქცევი. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ხურდას მომაწვდის და თითოეულს გულით ვლოცავ კიდეც, მაგრამ სადმე სხვაგან რომ შემხვდნენ და არა "ჩემს სამუშაო ტერიტორიაზე", მერე კი აბუჩად ამიგდონ: ეს ხომ ის ქალია, ამა და ამ ადგილას რომ მათხოვრობდაო, გული გამისკდება ან სულაც, ჩემი შვილებისკენ რომ გაიშვირონ ხელი, ამას ვერ ავიტან.

- თქვენმა შვილებმა არ იციან, ფულს რა გზით შოულობთ?

- იციან, რასაც ვაკეთებ. თავიდან მეჩხუბებოდნენ, არ გინდაო, მაგრამ შინ ფული რომ მივიტანე, მერე გაუთბათ გული და ენაც დაუტკბათ. რა ვქნა, თუ არც შვილი მUუშაობს, არც - რძალი და თან, ბავშვიც ჰყავთ შესანახი? ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, შვილო, სადაც ხელისუფლებას ადამიანი არ აინტერესებს და ისღა დაგვრჩენია, თავი დამოუკიდებლად გადავირჩინოთ. როდემდე შეიძლება თვალი აგვიხვიონ? როდემდე უნდა ვიყოთ ქართველები ასეთ გაუსაძლის სიტუაციაში? ხალხს მგონი, რუსის მობრუნება ანატრებინონ, არადა, რამდენი იბრძოლეს ამ ჩექმის საკუთარი კისრიდან მოსაშორებლად!

- ქალბატონო იზო, თქვენს ოჯახს თუ ასე ძალიან უჭირს, იქნებ დახმარებისთვის მიგემართათ სახელმწიფო უწყებებისთვის?

- მეხუმრები, შვილო? ვინ ან რით დამეხმარება? სოციალური დახმარებაც კი არ მომცეს თავის დროზე. ორჯერ მოვიდნენ აგენტები ჩვენს ოჯახში, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს და მაღალი ქულები დაგვიწერეს - გეგონება, ქარვასლაში ვცხოვრობთ. არა, ტელევიზორი და მაცივარი კი მქონდა. ტელევიზორი - დიდი წვალებით შეძენილი, მაცივარი - სხვისი გამონაცვალი. დამისახელეთ ერთი ოჯახი, სადაც ეს საჭირო ტექნიკა არ აქვთ. ამის გამო არ უნდა დამხმარებოდნენ? მით უმეტეს, რომ მაშინაც არც ერთი არ ვმUუშაობდით.

- ახლა ამბობენ, საოჯახო ტექნიკას ყურადღებას აღარ აქცევენო...

- აღარ მინდა, კიდევ ერთხელ, გაბღენძილი აგენტების სახის ყურება და მერე მოლოდინში ყოფნა. ნეტავ, იცოდეთ, როგორ განვიცდი, როცა რაღაცაზე უარს მეუბნებიან... აი, ვიდრე ადამიანს ჩვეულებრივი მოქალაქე ჰქვია, ის ძალიან გულუხვია, გაჭირბებაში მყოფს რომ დაგინახავს, ჯიბეს ამოიტრიალებს და ბოლო ლუკმასაც გაგიყოფს, თანამდებობა კი უმეტესობას აფუჭებს. ყველა მაძღარს სხვაც მაძღარი ჰგონია. დღის უმეტეს ნაწილს ქუჩაში კი ვატარებ, მაგრამ საღამოს ტელევიზორს ვუყურებ და კარგად ვიცი, რაც ხდებოდა სააკაშვილის დროს და რა ხდება ახლა. ვიდრე "ოცნების" ხალხი პარლამენტში იპოვიდა ბუდეს, ფიანდაზად გაგვეგნენ, ბევრ კარგ რაღაცას დაგვპირდნენ, მაგრამ არ ვიცი, რომელი დანაპირები შეასრულეს? კომუნალური გადასახადების განახევრების ნაცვლად (რაც ყველაზე მეტად მაღელვებს), უფრო მეტი გადასახადი დაგვაკისრეს. ჯერ დააკლეს თეთრები, მერე, - ზედმეტი მოგვსვლიაო და ისე მოუმატეს, რომ მივხვდით, გაგვაბრიყვეს. პენსია 260 ლარი გექნებათო და კი გვქვს ჯერ 160 - ეს იკმარეთო! არადა, 160 ლარით როგორ გინდა, მოხუცმა თავი გაიტანო? სხვა თუ არაფერი, ისეთი ჯანმრთელი მოხუცი მიჩვენეთ, რომელსაც წამლები არ სჭირდება და ეს "გაიაფებული" წამლები რომ ცეცხლის ფასად იყიდება, თქვენც მოგეხსენებათ. შეიძლება რაღაცები მართლაც გაკეთდა ქალაქში და მე ვერ ვამჩნევ, მაგრამ ჩვენ ხომ "ოცნებას" იმიტომ მივეცით ხმა, რომ ისეთი საკითხებისთვის მიეხედათ, რაც ადამიანს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემდა, თორემ შადრევნებსა და სკვერებს მიშაც მშვენივრად აშენებინებდა.

- მაინც, პირველ რიგში, რისთვის უნდა მიეხედათ?

- უნდა მოეზიდათ ინვესტიცია, გაეხსნათ ფაბრიკა-ქარხნები, გლეხს უფრო მეტად უნდა დახმარებოდნენ, რომ მათ ამ ფაბრიკებში საჭირო მოსავალი შეეტანათ გადასამუშავებლად. ჰოდა, ამ გზით სამუშაო ადგილებიც გამოჩნდებოდა. რასაც სასწრაფოდ უნდა მიხედონ, ეს ადამიანების დასაქმების პროგრამაა. ოჯახიდან ერთი კაცი მაინც უნდა მუშაობდეს, თუ არა და, მათზე სახელმწიფომ რეალურად უნდა იზრუნოს. სახელმწიფო სამსახურში ბევრ უმაქნისს 1000 ლარს უხდიანო, - ამბობენ. თუ არაფრის კეთებაში ფულის გადახდა შეიძლება, გაყონ ეს თანხა შუაზე და ერთი უმაქნისის ნაცვლად, ორს გაუნაწილონ ეს თანხა, არ შეიძლება? ისიც უნდა ვთქვა, რომ ზოგი ოჯახი იჭირვებს და საზღვარგარეთ უშვებს შვილს სასწავლებლად, - მერე ყველა გზა ხსნილი ექნებაო. ჩემმა მეზობლებმა ამისთვის ლამის, სახლიც კი გაყიდეს, ჰოდა, რა მიიღეს სანაცვლოდ? - მათი განათლებული და უცხოეთმოვლილი შვილი სახლში ზის და უბედობას ჩივის. ასეა, თუ "ვიღაცისიანი" არ ხარ, სახელმწიფოს არც განათლებული სჭირდები და არც უჭკუო.

რაიონებში კიდევ უფრო ცუდი მდგომარეობაა. ხალხი იქ მათხოვრობითაც ვერ ირჩენს თავს და ამიტომაც მოაწყდა თბილისს ამდენი მოწყალების მთხოვნელი. რაიონებში სამუშაო ადგილებს ერთეულები ინაწილებენ, სხვისთვის კი არაფერი რჩება. რომელი პარტიაც გაიმარჯვებს, იმ პარტიის წევრები "ციმციმებენ" მხოლოდ. გლეხის ნამუშევარსაც არ აქვს დაფასება. ადამიანებს შემოტანილი, ვინ იცის, რით გაჟღენთილი საკვების ყიდვა ურჩევნიათ ნატურალურის ჭამას. მაგალითად, სოფლის ქათამს ჩემი შვილიშვილები იმით იწუნებენ, რომ "მაგარი ხორცი" აქვს, ვიდრე გაყინულსო. ჰოდა, ამით ჯანმრთელობასაც ხომ იზიანებენ უნებურად? ქართველებს არასდროს გვდომებია სხვისი პროდუქცია და რაღა ახლა გავიგიჟეთ თავი? XXI საუკუნეში ხომ ჩვენც შეგვიძლია ვაწარმოოთ რაღაცები და ჯანმრთელობაც შევინარჩუნოთ? რატომ ვიწამლავთ თავს? დავიჯერო, ფულიანი ხალხიც ასე იქცევა? არა, ისინი თავს გაუფრთხილდებიან, ხალხის ბედი კი რაში ანაღვლებთ?

- ჩვენ თუ უცხოურ პროდუქციას ვანიჭებთ უპირატესობას, მთავრობა რა შუაშია?

- "ფულისმკეთებლებს" არ უნდა შემოატანინონ ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტი!.. იცი, ამას წინათ ქუჩაში ერთ-ერთი პარლამენტარი შევნიშნე. ვთხოვე დამხმარებოდა, მაგრამ გულგრილად ჩამიარა. როგორ დავიჯერო, რომ ჯიბეში 10 თეთრი არ ედო? თანამდებობაზე მყოფ ადამიანებს გულს ხომ არ აცლიან? ან რატომ არ დასრულდა ეს კინკლავი პარტიებს შორის და რატომ არ ასრულებენ დაპირებებს? საერთოდ, რა მიზნით მოვიდნენ და რა გააკეთეს? თუმცა, ამ კითხვებზე სხვისი პასუხი რად მინდა, ისედაც ვიცი: უნდოდათ ფული ეშოვათ და ტომრებით იშოვეს კიდეც. ახლა მეორედ თუ ვეღარ მოვლენ ხელისუფლებაში, ამას არც იდარდებენ. დარწმუნებული ვარ, იმდენი კი ექნებათ მოგროვებული, რომ სიცოცხლის ბოლომდე იხარონ და ვინძლო, მათ შვილებსაც ეყოთ მშობლების მიერ 4 წელიწადში დაგროვილი ქონება. მაგრამ ჩვენ რა გვეშველება, ჩვენ?..

ეს მგზავრობის საფასურიც ხომ უნდა გაიაფებულიყო? აქ მოწყალებას ვითხოვ და მერე 50 თეთრი უნდა გადავიხადო ტრანსპორტში. ერთხელ დამაჯარიმეს კიდეც. კონტროლიორს ვუთხარი: შვილო, ამა და ამ ადგილას მოწყალებას ვითხოვ, ძალიან მიჭირს და ნუ დამაჯარიმებ-მეთქი, მაგრამ გაყინული გული ხვეწნა-მუდარით ვერ გავულღვე. იცით, რა მითხრა? - თქვენ ისედაც ისე ატყავებთ ხალხს, არაფერი გიჭირთ, სახელმწიფო ბიუჯეტში 5 ლარს თუ შეიტანთო. მოწყალების მთხოვნელი თურმე, ხალხს ღლეტს და მთავრობა რომ კისერზე მძიმე ტვირთად გვაზის და კონტროლიორებსაც ამით უხდიან ხელფასს, ამაზე რატომ არაფერი თქვა? არა, შვილო, არაფერი გვეშველება, ასე მგონია. თქვენ, ახალგაზრდებს ღმერთმა გიშველოთ, მაგრამ მე უკვე შევეჩვიე იმაზე ფიქრს, რომ ვერ მოვესწრები უკეთეს საქართველოში ცხოვრებას. პარლამენტარებისა და პოლიტიკოსების იმედი ჩემს მტერს ჰქონდეს. ხელისუფლებაში ვინც უნდა მოვიდეს, ყველა საკუთარ ინტერესებზე იზრუნებს, სინდისს კი ასე დაიმშვიდებს: არჩევნების მოახლოებამდე ხალხსაც გადავუგდებ ცოტა რამეს და მათ მოვიმადლიერებო, მაგრამ ბოლოში იმდენად ღორდებიან, რომ სხვისთვის კარგი არაფერი ემეტებათ... მე დავკარგე იმედი, მაგრამ თქვენ ნუ დაკარგავთ. ვინ იცის, იქნებ თქვენი თაობა მაინც მოესწროს გაბრწყინებულ საქართველოს!

ლიკა ქაჯაია