სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ის­გან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნის სატ­კი­ვა­რი - გზაპრესი

სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ის­გან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნის სატ­კი­ვა­რი

მისი ვინაობა არ გამეთქვა, რადგან არ იცის, ამ სტატიას როგორი რეაგირება მოჰყვება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ასე ძალიან ენატრება და რომლებსაც მატერიალურმა პრობლემებმა დააშორა. ქალბატონის შვილი, შვილიშვილი და შვილთაშვილი ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობენ. მათი მონატრების გამო, მოხუცს თვალზე ცრემლი არ უშრება. განიცდის, რომ ბინა დაკარგეს და ჰგონია, სახლი რომ ჰქონდეს, მისიანები სამშობლოში დაბრუნდებოდნენ და დარჩენილ დღეებს გაულამაზებდნენ.

ბინა კი მისმა ქალიშვილმა წლების წინ დაკარგა. დედამ სოფლის სახლი გაყიდა იმ იმედით, რომ ასე შეძლებდა შვილის დახმარებას. ფული იმ მშენებარე კორპუსში "დააბანდეს", რომლის მშენებლობა არა და არ დასრულდა! როგორც ბევრი სხვა, ეს ოჯახიც ხელმოცარული თუ თაღლითი ბიზნესმენების მსხვერპლად იქცა...

- 2003 წელს ჩემს ქალიშვილს ბინის იძულებით გაყიდვა მოუხდა. მანამდე, ეს ბინა მისმა მეუღლემ დააგირავა, - ბიზნესს წამოვიწყებო. მეგობართან ერთად აპირებდა საქმის წამოწყებას და ამ მიზნით, საკუთარი საცხოვრებელი იპოთეკით დატვირთა. სამწუხაროდ, იმ საქმიდან ხეირი ვერ ნახეს და ვალად აღებული ფულიც დაკარგეს. სწორედ ამის შემდეგ გაიყიდა ბინა. ჩემმა სიძემ ეს ყველაფერი ძალიან განიცადა და ნერვიულობის ნიადაგზე, გულმა უმტყუნა, გარდაიცვალა. ვინაიდან თავის გატანა და ერთადერთი შვილის რჩენა ძალიან გაუჭირდა, ჩემი ქალიშვილი სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა, ბავშვი კი გასაზრდელად მე დამიტოვა.

- თქვენი სიძე რა ბიზნესის წამოწყებას აპირებდა?

- მაღაზიის გახსნას გეგმავდნენ. ზუსტად არ ვიცი, რატომ "ჩავარდნენ", მაგრამ ფაქტია, ამით თავიც დაიღუპა და ჩემი ქალიშვილიც დარჩა უბინაოდ, ბავშვით ხელში. მაშინ ჩვენი გოგონა მეორე კლასში გახლდათ. ეს იყო 2005 წელს.

- ბინის გაყიდვის შემდეგ, სად ცხოვრობდნენ?

- ნაქირავებში იყვნენ, ჩემი ქალიშვილი მუშაობდა და ცდილობდა ოჯახის რჩენას. გონიერი გოგო იყო ყოველთვის, მაგრამ ყველა ხარჯის დაფარვას ვერ ახერხებდა, ამიტომაც აიცრუა გული საქართველოზე. იმ პერიოდში მე რაიონში ვცხოვრობდი. იძულებული გავხდი, შვილიშვილის კეთილდღეობისთვის, საცხოვრებლად თბილისში წამოვსულიყავი.

- თქვენი ქალიშვილი საზღვარგარეთ არალეგალურად წავიდა?

- არა, როგორც მითხრეს, ვიღაცასთან შეამხანაგდა და ლეგალური გზით, საფრანგეთის გავლით წავიდნენ. მერე, 5-6 წელი ვერ ჩამოდიოდა სამშობლოში და შესაბამისად, ბავშვსაც ვერ ნახულობდა. ეს ძალიან რთული პერიოდი იყო ჩვენთვის!

- უცხო ქვეყანაში სამუშაოს ძებნა დიდხანს დასჭირდა?

- არა, რადგან იქ ეგულებოდა ნაცნობები და ისინი დაეხმარნენ სამსახურის შოვნაში, ხელი გაუმართეს. მოეწყო ოჯახში და ანაზღაურებით უკმაყოფილოც არ იყო. თუმცა, წელიწად-ნახევარი მხოლოდ იმისთვის მუშაობდა, რომ ვალები გაესტუმრებინა... ამასობაში, ჩემი მეუღლეც ავად გახდა, მოკვეთეს ფეხი, რამდენიმე ოპერაციის გადატანა დასჭირდა, მაგრამ მაინც ვერ უშველეს, გარდაიცვალა. ეს მოხდა 2006 წელს. ოპერაციას მაშინ არავინ აფინანსებდა და ამიტომაც, მეც დამედო ვალები. მათი გასტუმრებაც შვილებისთვის ტვირთად რომ არ ამეკიდა, რაიონში სახლი გავყიდე, ვალები დავფარე და დარჩენილი ფული მშენებარე ბინაში ჩავდე. ეს პირველადი შენატანი იყო, დანარჩენზე ჩემი ქალიშვილი იზრუნებდა - ასე გვქონდა ჩაფიქრებული. მე კი შვილიშვილთან ერთად, ქირით ვცხოვრობდი... ძალიან ბედნიერები ვიყავით ერთად ყოფნით. საშუალო სკოლა საკმაო წარმატებით დაამთავრა. გონიერი ბავშვია და სრული დაფინანსებით მოეწყო უნივერსიტეტში. მერე ვიღაც შეუყვარდა და გამეპარა. თუმცა, იმ ბიჭის ოჯახმა, როგორც უსახლკარო და "უპატრონო" გოგო, კარგად არ მიიღო.

- დიდი ხანი იყვნენ შეყვარებულები?

- წელიწადზე მეტი. იმ ბიჭის მშობლებმა იცოდნენ, მათი შვილი ვისაც ხვდებოდა, მაგრამ არ ეგონათ, საქმე სერიოზულ ურთიერთობამდე თუ მივიდოდა... როცა მაინც გაჰყვა და დაფეხმძიმდა, უკვე რძალს ურჩიეს, მუცელი მოიშალეო. გოგომ თავი გაიგიჟა, ამას არ გავაკეთებო და ეს არ აპატიეს.

- მიზეზად რა დაასახელეს, რძალს აბორტი რატომ უნდა გაეკეთებინა?

- ჯერ სწავლობ, ჩვენც არ გვაქვს საშუალება და ბავშვის გაჩენა რა საჭიროა ასეთ სიტუაციაშიო?

- თქვენი სიძის ოჯახი თბილისში ცხოვრობდა?

- კი, თბილისში ცხოვრობდნენ. ამ ბიჭის გარდა, კიდევ ჰყავდათ შვილები, ამას კი ბინა არ ჰქონდა, ცალკე რომ გადასულიყვნენ. თან, უმუშევარი იყო და ალბათ, ჩემი შვილიშვილი მძიმე ტვირთად დააწვა ოჯახს - სხვა არ ვიცი, რა ვიფიქრო.

- ბავშვის მამამ მშობლებს წინააღმდეგობა არ გაუწია?

- არა, მან მშობლებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ამის გამო, ჩემი შვილიშვილი მათი სახლიდან წამოვიდა, ბავშვს მაინც გავაჩენო. მერე ჩემი ქალიშვილიც ჩამოვიდა საქართველოში და გოგონა თავისთან, საზღვარგარეთ წაიყვანა. ჩემმა პატარამ იქ იმშობიარა და გოგონა შეეძინა. აქ დატოვა ქმარი, რომელიც აიმედებდა, - ცოტა ხანში მეც ჩამოვალ, იქ ვიმუშავებ და ერთად ვიქნებითო, მაგრამ ჯერჯერობით, ასეთი არაფერი მომხდარა. ხანდახან, იშვიათად რეკავს ან კომპიუტერით ნახულობს ბავშვსო, - ასე მითხრა შვილიშვილმა.

- რამდენი წელი ცხოვრობდნენ ერთად?

- მხოლოდ რამდენიმე თვე.

- თქვენს ქალიშვილს ფეხმძიმე გოგონას საზღვარგარეთ წაყვანა არ გაუჭირდა?

- მაშინ ჩემს ქალიშვილს ფიქტიური ქორწინება ჰქონდა ვიღაცასთან გაფორმებული, რათა მოქალაქეობა მიეღო და ამის წყალობით, აქედან ბავშვიც უპრობლემო წაიყვანა. მაშინ 4 თვის ფეხმძიმე იყო და სასწავლებელშიც აკადემიური აიღო... როცა მიდიოდა, ვიმედოვნებდი, რომ მალე დამიბრუნდებოდა ჩემი გაზრდილი, მაგრამ მოვტყუვდი. ახლა, 2015 წლის სექტემბერში უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ვეღარ მოახერხეს. აქ რომ ჩამოვიდეს, ბინა უნდა იქირაოს, ბავშვიც მისახედია, სხვა ხარჯებიც ხომ ექნება და ჩემი ქალიშვილის ხელფასი ამდენს ვერ გასწვდება.

- თქვენი შვილთაშვილი ახლა რამდენი თვისაა?

- ერთი წლის გახდა 17 იანვარს. აი, ის ბინა რომ აშენებულიყო, რომელშიც ფული ჩავდე, ახლა ჩემი გაზრდილი ჩემთან იქნებოდა და დავწყნარდებოდი. სულ 31 ათასი დოლარი გვაქვს შეტანილი, მაგრამ მხოლოდ ფუნდამენტია გაკეთებული. არადა, ბინა ჩვენთვის 2010 წელს უნდა ჩაებარებინათ. ნახატზე მომინიშნეს კიდეც, - ამა და ამ ადგილას იქნება შენი ბინაო.

- მშენებლობა რატომ შეჩერდა?

- შეჭამეს ფული ალბათ, რა ვიცი. ახლა იკრიბებიან ხოლმე ამ სამშენებლო კომპანიისგან დაზარალებული ადამიანები, ხშირად აწუხებენ საჭირო ხალხს, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. ჩემს მეორე ქალიშვილს, რომლის ოჯახშიც ახლა ვცხოვრობ, ადვოკატის აყვანა უნდოდა, მაგრამ ის იმედს ვერ იძლევა: შეიძლება, საქმე მოვიგოთ, მაგრამ მშენებლობა დაიწყება თუ არა, ამას ვერავინ გვეტყვისო... "შავი კარკასი" უნდა ჩაებარებინათ ჩვენთვის, მაგრამ წლებია, საქმე წინ არ მიდის.

- ქალიშვილსა და შვილიშვილს ხშირად ელაპარაკებით? რას ამბობენ, იქ როგორ ცხოვრობენ?

- ნაქირავებში ცხოვრობენ და აქაურთან შედარებით, იქ გაცილებით იაფი ყოფილა ბინები. 180 ევროს იხდიან სამოთახიან ბინაში. იქ მეგობართან ერთად ცხოვრობენ და გადასახადებს იყოფენ, ერთმანეთს უწყობენ ხელს. როდის ჩამოვლენ, არ ვიცი, არადა, მეტი აღარ შემიძლია, მკლავს მონატრება და დამეკარგა ყველაფრის ხალისი. ჩემი გაზრდილია, მის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული, სითბო მაქვს... ხშირად მირეკავენ, ხან კომპიუტერის მეშვეობით ვსაუბრობთ, მათ სურათებსაც ვნახულობ, მაგრამ (ტირის)...

- რას გეუბნებიან, როდისთვის აპირებენ ჩამოსვლას?

- საახალწლოდაც უნდოდათ ჩამოსვლა, მაგრამ მატერიალური მდგომარეობის, უსახსრობის გამო გადაიფიქრეს. ბინა არ აქვს და სად იცხოვროს? რომ ჩამოვა, სწავლა ხომ უნდა გააგრძელოს და ვის იმედად იყოს აქ? არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო შვილიშვილის გარეშე. მეც, უკვე მოხუცი ვარ და გული იმის გამოც მტკივა, რომ ვერ ვახერხებ, საყვარელ ადამიანებს შევუწყო ხელი. სამი წელი კი ვუვლიდი ვიღაც ავადმყოფს იმისთვის, რომ მათ დავხმარებოდი. მერე ის ქალი გარდაიცვალა და ახლა, ჩემი ხნის ადამიანს სამსახურში ვინღა აიყვანს?

- ახლა მარტო ცხოვრობთ?

- მეორე ქალიშვილის სახლში ვარ, მაგრამ მასაც დიდი ოჯახი ჰყავს და მერიდება იქ ყოფნა. 4 შვილი, ქმარი - უმუშევარი, მხოლოდ თვითონ მუშაობს, მაგრამ 500 ლარით ძალიან ძნელია ოჯახის გაძღოლა.

- ასე ძალიან რომ განიცდით შვილიშვილთან დაშორებას და მისი სახელის ხსენებისას, გეტირებათ, შვილს ხომ არ შემოუთავაზებია თქვენთვის, რომ მათთან ჩასულიყავით?

- არა, სულ იმას ვიმედოვნებ, რომ თავად ჩამოვლენ, აქ აიწყობენ ცხოვრებას. 2 წლის წინ ჩამოვიდა საქართველოში ჩემი ქალიშვილი. მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, - აღარ წავალ, აქ რაიმე სამსახურს ვიშოვიო. ამ იმედით, რაც ჰქონდა, ისიც შემოეხარჯა და სამუშაო რომ ვერ იშოვა, დაკრა ფეხი და წავიდა... ახლა მეორე ქალიშვილის შვილები ცდილობენ, დარდი შემიმსუბუქონ. სულ მეფერებიან და მეუბნებიან, - ნუ ტირი, ბებო, ძალიან გთხოვ, ნუ ტირიო. მეტირება და რა ვქნა?

- როგორც ვხვდები, იმასაც განიცდით, რომ შვილებს მატერიალურად ვერ ეხმარებით. ასეა?

- კი, ასეა. პროფესიით პედაგოგი ვარ. წლების განმავლობაში, ზესტაფონში მასწავლებლად ვმუშაობდი. ჩემი მეუღლეც პედაგოგი იყო. 40 წელი გავატარე სკოლაში და დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ვასწავლიდი. ჩემი მეუღლე, გარდა პედაგოგიური საქმიანობისა, ჟურნალისტობდა, რაიონული გაზეთის რედაქციაში მუშაობდა, ერთი პერიოდი სკოლის დირექტორიც იყო. კარგად ვცხოვრობდით, არაფერი გვიჭირდა. რას ვიფიქრებდით, ასე თუ აირეოდა ყველაფერი და ჩვენი ერთი ქალიშვილი სამუშაოს ძიებაში, საზღვარგარეთ გადაიხვეწებოდა?

- პატარებთან ურთიერთობა თქვენთვის, როგორც პედაგოგისთვის, რას ნიშნავდა?

- ბავშვებთან ურთიერთობას თავისებური სიძნელეებიც ახლდა და სიამოვნებაც. საოცარია, როცა ხედავ, როგორ იდგამენ ენას, როგორ სწავლობენ, გულუბრყვილოები არიან და ძალიან საყვარლები. მათ არასდროს ვსჯიდი, რადგან მიმაჩნია, რომ პატარებთან მშვიდად საუბარი უფრო კარგად ჭრის. თუმცა, ხანდახან მითითებების მკაცრად მიცემაც არის საჭირო. ბევრი კარგი მოსწავლე მყავდა... ეჰ, კარგი დრო იყო. ჩემმა ქალიშვილებმა კარგი განათლება მიიღეს. მუშაობდნენ კიდეც და ხელსაქმეც ეხერხებოდათ. როცა ჩემს ქალიშვილს გაუჭირდა, ქსოვდა, კერავდა და ქარგავდა, რათა მერე ეს ნამუშევრები გაეყიდა და ფული აეღო, ოჯახი მატერიალურად გაეძლიერებინა. თუმცა, დღევანდელ საქართველოში ყველანაირი შრომა დაუფასებელია!

- დაბოლოს, იქნებ მითხრათ, ამ ყველაფრის ჩვენთვის გაზიარების სურვილი რატომ გაგიჩნდათ?

- იქნებ, ეს სტატია წაიკითხოს ვინმე ისეთმა, ვინც მასწავლის გზას, როგორ დავიბრუნო კუთვნილი ბინა ან ფული, რომ მერე ჩემს შვილიშვილს სამშობლოში დაბრუნების საშუალება მიეცეს და მის გვერდით გავატარო დარჩენილი დღეები. ბინა რომ მქონდეს, აუცილებლად ჩამოვიდოდა! ფუფუნებაში არ იცხოვრებს, მაგრამ განათლებას მიიღებს, მისი შვილი ნათესავების გარემოცვაში, სიყვარულში გაიზრდება. ვიცი, მას სწავლის გაგრძელება ძალიან უნდა. სხვათა შორის, ყოფილა შემთხვევა, როცა სამგზავრო ბილეთის შესაძენად ფული არ ჰქონდა, მაგრამ ინსტიტუტში მაინც მიდიოდა, რადგან ლექციის გაცდენა არ უნდოდა და მოდიოდა ხოლმე სახლში ყურებჩამოყრილი, დაჯარიმებული. ფუფუნებაში ცხოვრებას არც არის მიჩვეული. საკუთარი ჭერი თუ ექნება, აუცილებლად დამიბრუნდება! დამეხმარეთ, გთხოვთ და მირჩიეთ რამე.

P.s. ღირს თუ არა მშენებარე ბინების ყიდვა? - ამ თემაზე საზოგადოება ხშირად საუბრობს, მაგრამ ცხადია, მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია და მშენებარე ბინების ყიდვა ბევრს ჭკუაში უჯდება, რადგან: თანამედროვე დიზაინის კორპუსი იქნება, მიმზიდველი ფასებია, შიდა განვადება აქვთ და ა.შ. ამას ერთვის ისიც, რომ ბიზნესმენები ისეთ სურათებს და გეგმას უჩვენებენ უძრავი ქონების ყიდვის მსურველთ, რომ ადამიანი ცდუნებას ვერ უძლებ და ლამაზი მომავლის იმედით, როგორც ამბობენ, ჰაერს ყიდულობ...

რა რისკი ახლავს დაუსრულებელ ბინაში ფულის ჩადებას და რა უნდა გაითვალისწინოს ამგვარი ბინის მყიდველმა? - ამ შეკითხვით მიმართა ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგამ ასოციაცია "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" ხელმძღვანელს, ანზორ საკანდელიძეს, რომლისგანაც ასეთი პასუხი მიიღო:

"ჩემი აზრით, ე.წ. ჰაერის გაყიდვა მეტისმეტად ნოყიერ ნიადაგს ქმნის თაღლითობისთვის. ამას უნდა დავაბრალოთ იმ ათასობით მომხმარებლის უბედურება, რომელიც ხელშეკრულებას ბრმად აფორმებდა. ალბათ, ბევრი ნორმალურად არც კითხულობდა და დღესაც არ კითხულობს, რა წერია კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში. არადა, ხშირად სწორედ ხელშეკრულებაშია ჩადებული ის ნაღმები, რომელსაც ათასგვარი გაუგებრობა მოჰყვება ხოლმე. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო წლებში მშენებლობას აწარმოებდნენ ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებსაც ყველაფრის უფლება ჰქონდათ. ამიტომ, მათი წყალობით უამრავი ადამიანი დარჩა მოტყუებული... უმჯობესია, მშენებლობა დასრულდეს, მისი ხარისხიც შეფასდეს და მხოლოდ ამის შემდეგ გაიყიდოს... აქ კი საცხოვრებელი ბინების უმეტესობა ისე შენდება, არც სამშენებლო უსაფრთხოებაა შემოწმებული, არც კონსტრუქციული მდგრადობა და არც ეკოლოგიური სტანდარტები. იცით, რა მაოცებს? ხშირად მიდის ადამიანი, რომ თავისი ბინის მშენებლობას დააკვირდეს და საკუთარი თვალით ხედავს, როგორ დებენ ბეტონში ჟანგიან არმატურას, ის კი ხმას არ იღებს... როდესაც სახლი იაფფასიანი და უხარისხო მასალით არის აგებული, იქ ცხოვრება როგორ შეიძლება? თან, აუცილებლად, ხელშეკრულებასაც ყურადღებით უნდა გაეცნოთ, თუ არ გინდათ, დაზარალდეთ".

ლიკა ქაჯაია