ავ­ტორ­ბო­ლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ში ქარ­თ­ველ­მა პირ­ვე­ლად იას­პა­რე­ზა - გზაპრესი

ავ­ტორ­ბო­ლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ში ქარ­თ­ველ­მა პირ­ვე­ლად იას­პა­რე­ზა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტულ კლუბის ავტომრბოლელი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, დავით ქაჯაია მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობდა. ის პირველი სპორტსმენია, რომელმაც საქართველოს სახელით, ასეთი მასშტაბის ავტორბოლაში იასპარეზა. ჩემპიონატმა სტარტი 3 აპრილს ბაჰრეინში აიღო და 11 ქვეყნის ტრასებზე გრძელდებოდა.

დათა ქაჯაია მსოფლიოს ჩემპიონატზე ჟიურისა და მხარდამჭერების ყურადღების ცენტრში მოექცა და მხარდამჭერთა ფავორიტის ტიტულის ნომინანტი გახდა. პირველი ეტაპის პირველი რბოლა პირველ ათეულში მოხვედრით დაასრულა, ხოლო მეორე რბოლაში IV ადგილზე გავიდა. ეს ყოველივე შეუმჩნეველი არ დარჩენიათ მის ფანებს, რომლებიც ხმათა რაოდენობით თითქმის დაუმარცხებლები აღმოჩნდნენ ჩემპიონატის ორმაგი გამარჯვებულის - პეპე ორიოლას წინააღმდეგ. გამოკითხვა ოფიციალურ ვებგვერდზე ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და გულშემატკივართა აქტიურობის შედეგად, ქართველმა სპორტსმენმა ხმათა 83.8% დააგროვა, ხოლო მისმა კონკურენტმა ესპანელმა პეპე ორიოლამ - 16.2%.

დავით ქაჯაია:

- ბედნიერი ვარ, რომ პირველი შესაძლებლობისთანავე ამირჩიეს გულშემატკივართა რჩეულის ტიტულის მოსაპოვებლად და გავხდი ამ კონკურსის პირველი გამარჯვებული. პირველი რბოლა იყო ძალიან შთამბეჭდავი, რთული და დაძაბული. მიუხედავად ტექნიკური პრობლემებისა, მაინც კმაყოფილი ვარ ჩემი დებიუტით და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი რბოლა უფრო საინტერესო იქნება. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ არ გავაწბილო ჩემი გუნდი, მეგობრები და მხარდამჭერები. მსოფლიოს ჩემპიონატი ძარიან ავტომობილებს შორის ჩატარდა. ეს ავტომობილები სპეციალურად ავტორბოლისთვისაა შექმნილი და ქალაქში გადასაადგილებლად არ გამოიყენება. ეს ჩემპიონატი ყველაზე მაღალი კლასის ასპარეზობაა და მიხარია, რომ ვმონაწილეობდი. უპრეცედენტო შემთხვევაა, ქართველი პირველად მონაწილეობდა მსოფლიოს ჩემპიონატში და ეს პატივი მე მერგო. ჩემპიონატი "ფორმულა 1"-ის შეჯიბრებასთან ერთად გაიმართა.

- რა მარკის ავტომობილით მონაწილეობდით და თუ გქონდათ საშუალება, გევარჯიშათ?

- "ფოლკსვაგენის" ავტომობილით ვასპარეზობდი. რბოლამდე სატესტო, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო და მხოლოდ ერთხელ მომიწია ავტომობილთან მუშაობამ. სულ სამი 40-წუთიანი ვარჯიში მქონდა. მართალია, ეს არ არის საკმარისი, მაგრამ სხვა საშუალება არ იყო. თვითონ ავტომობილიც ახალი შექმნილია სპეციალურად ამ შეჯიბრებისთვის. სატესტო ვარჯიში ქალაქ ვალენსიაში, ავტოდრომ "ვალენსიაზე" ჩატარდა. მანქანის ტესტირება ზამთრის პერიოდში ხდება. იქ ზამთარში ტემპერატურა მინუს 18-20 გრადუსია და ეს ხელს უწყობს სატესტო გარბენებს.

- ალბათ, თქვენზე გამოცდილ ავტომრბოლელებთან მოგიწიათ გაჯიბრებამ, არა?

- მსოფლიოს ჩემპიონატში, ბუნებრივია, რჩეულები მონაწილეობენ. რამდენიმე მათგანი წარსულში, "ფორმულა 1"-ის პილოტი იყო, დანარჩენები სხვადასხვა კლასში ევროპის ჩემპიონები არიან. პილოტები ორგანიზატორებმა შეარჩიეს. უნდოდათ, ისეთი ძლიერი მრბოლელები ჰყოლოდათ, რომ ასპარეზობა სანახაობრივადაც დაძაბული ყოფილიყო.

- რა ასაკში გაგიტაცათ სპორტის ამ სახეობამ და იქნებ თქვენს მიღწევებზეც გვიამბოთ?

- ერთხელ, რუსთავის ავტოდრომზე შეჯიბრება ტარდებოდა და, მეგობართან ერთად, საყურებლად წავედი. რომ შევხედე, სურვილი გამიჩნდა, მეც მიმეღო მონაწილეობა. მერე ჩემი მეგობრების დახმარებით, შესაბამისი ავტომობილი ავაწყვე და სამოყვარულო შეჯიბრებაში მივიღე მონაწილეობა. კარგად გამომივიდა და ძალიან გამიტაცა სპორტის ამ სახეობამ. აქტიურად ჩავები 21 წლიდან, ჯერ მოყვარულის დონეზე, 2007 წლიდან კი უკვე პროფესიონალ ავტომრბოლელად ვირიცხები. 2012 წლის დასაწყისიდან შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დაფუძნებული კლუბის, "მია ფორსის" მრბოლელი ვარ. იმავე წელს, პირველივე შეჯიბრებაზე საქართველოში წარმატებას მივაღწიე. შემდეგ გადაწყვიტეს, მონაწილეობა მიმეღო ევროპის ჩემპიონატში. "ლეგენდის" კლასის ავტომობილებს შორის ჩემპიონატში 2012 წელს ევროპის ჩემპიონი გავხდი. 2013-14 წლებშიც გამარჯვებული დავბრუნდი. შარშან ევროპის ჩემპიონატზე ვიასპარეზე "ბეემვეს" მარკის ავტომობილით და იქაც ჩემპიონი გავხდი.

- დათა, რა ასაკში ისწავლეთ მანქანის მართვა?

- 14 წლიდან საჭესთან ვზივარ, მანქანის მართვა მამამ მასწავლა. სპორტული მართვა ჩემით შევისწავლე. სპორტულ ტარებაში ყველა ქართველი თვითნასწავლი ვართ. ინტერნეტიდან ვიღებდით წესებს, რადგან ჩვენთან ეს სპორტი არ იყო განვითარებული; მერე რამდენიმე ახალგაზრდა მივდიოდით რუსთავის ავტოდრომზე, ერთმანეთს ვუზიარებდით გამოცდილებას და ასე, ერთმანეთთან კონკურენციაში გავიზარდეთ, დღეს კარგი მრბოლელები ვართ. რუსთავის ავტოდრომზე ახლა უკვე არის ექსტრემალური მართვის ავტოსკოლა და მსურველს შეუძლია, იქ ისწავლოს. ასევე შენდება დამატებითი ავტოდრომი კარტინგისთვის - ბავშვებისთვის განკუთვნილი, სადაც მშობლებს 7-8 წლის ასაკიდან შეეძლებათ შვილების მიყვანა. კარტინგის სკოლაში შეასწავლიან მანქანის სპორტულ მართვას. ყველა უცხოელ მრბოლელს, ვისთანაც შეხება მაქვს, ეს ეტაპებად აქვს გავლილი: ჯერ კარტინგის სკოლა, მერე - "ფორმულა" და ასე მოჰყვებიან, ჩვენნაირად თვითნასწავლები არ არიან.

- ბუნებრივია, სპორტის ამ სახეობას ხიფათი ახლავს...

- ხიფათი ბუნებრივია, და მშობლებს ეს არ მოსწონთ. თავიდან დედაჩემი და ჩემი მეუღლე ძალიან ნერვიულობდნენ, მაგრამ მიეჩვივნენ უკვე და დღეს ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან. პროფესიით იურისტი ვარ, მაგრამ სპორტმა იმდენად გამიტაცა, ჩემი ცხოვრება მთლიანად მოიცვა. ძალიან ძლიერი ფიზიკური მომზადება სჭირდება სპორტს. შეიძლება ვინმემ თქვას, ავტომრბოლელს ფიზიკური მომზადება რაში სჭირდებაო, მაგრამ ასე არ არის. რბოლის დროს ავტომობილში ტემპერატურა 70 გრადუსამდე აღწევს! წარმოიდგინეთ - ამხელა სიცხეა, ამას ხომ უნდა გაუძლოს მრბოლელმა?! რბოლის პროცესში პულსი 200-მდე ადის და მერწმუნეთ, ეს არ არის ადვილი. ასე რომ, მრბოლელი ფიზიკურად ძალიან მომზადებული თუ არ არის, შეიძლება, გონებაც კი დაკარგოს მართვის დროს. ამიტომ ვვარჯიშობ, ბევრს დავრბივარ. საკვების რაციონიც სპეციალური მაქვს. ცხიმიან და შემწვარ საკვებს ვერიდები.

- კანონმორჩილი მძღოლი ხართ თუ სიჩქარის მოყვარული და არღვევთ ხოლმე მოძრაობის წესებს?

- "ბეემვეს" მარკის არასპორტული ავტომობილი მყავს. არასდროს ვარღვევ მოძრაობის წესებს. ვცდილობ, სხვებს მაგალითი მივცე. სიჩქარესაც არ ვაჭარბებ. მართლა, ზედმეტად კანონმორჩილი ვარ. როცა ჩემს მანქანაში უცხო ადამიანი ჯდება, უკვირს კიდევაც, ზედმიწევნით ზუსტად რომ ვიცავ მოძრაობის წესებს. საერთოდ, სისწრაფე მიყვარს, ამის გარეშე არ შემიძლია, მაგრამ ბავშვობიდან ვფიქრობ, ქუჩაში არ არის სისწრაფე საჭირო. წარმოიდგინეთ, მოკრივე დადიოდეს ქუჩაში და ადამიანებს ურტყამდეს...

- ქალები როგორი მძღოლები არიან?

- სართოდ, მძღოლი ქალების მიმართ დადებითი დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ზედმეტად ფრთხილობენ ქალაქში მოძრაობის დროს და ამიტომ საცობები იქმნება, მოძრაობას აფერხებენ. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ქალები რბოლებშიც მონაწილეობენ და საკმაოდ წარმატებულებიც არიან. ახლაც, მსოფლიოს ჩემპიონატში იტალიელი ქალი მონაწილეობდა. თბილისში კი ლიცენზირებული ორი მრბოლელი ქალი გვყავს.

თეა ხურცილავა