"დოდო აბაშიძემ გადაღებების წინ ჯერ რძე მოითხოვა, მერე - დედა" - გზაპრესი

"დოდო აბაშიძემ გადაღებების წინ ჯერ რძე მოითხოვა, მერე - დედა"

მერაბ კოკოჩაშვილს მსახიობები უყვარს და ყოველთვის ცდილობს, მისთვის გამორჩეული პიროვნება რამდენიმე ფილმში გადაიღოს. იგი, როგორც მსახიობი, თავადაც მონაწილეობს ფილმებში.

განაწყენებული ზურა ქაფიანიძე

- ფილმს - "მიხა" წინარეხში ვიღებდით. საბძელში ზურა ქაფიანიძისა და მანანა ბახტაძის სცენა თამაშდება. ისინი სოფელს ალყაში ჰყავს მომწყვდეული და კარს უმტვრევენ. გოგო უნდა ტიროდეს და მიხაც აბღავლდეს. ბიჭებს გასანათებელი აპარატურა უჭირავთ, ხელები ეწვით. მანანა ქვითინებს, ზურას ცრემლი არ გადმოსდის. მეუბნება: მატკინე რამე, თორემ ვერ ვიტირებო. - როგორ გატკინო-მეთქი? - დამარტყიო. როგორი ასატირებელია ზურა? თოფის სალტე დავარტყი, მაგრამ ვერაფერი დავაკელი, ვერ ავატირე. ბოლოს ვთქვი, - მორჩა, დღეს გადაღება აღარ იქნება-მეთქი. თან, გულში ვფიქრობ, ეგებ ეწყინოს და ატირდეს. შუქები გამორთეს. მართლაც, ზურა ბოღმისგან ატირდა. ეპიზოდი გადავიღეთ და გახარებულმა გადავკოცნე, მაგრამ ზურას ვეღარ ვაწყნარებთ. გვაგინა, ყველაფერი დაგვინგრია და გავარდა. მირბის ბღავილით და მივდევთ: ზურა, შენი ჭირიმე, გეხვეწები, გაჩერდი. ვერაფერი გავაწყვეთ. ოთახში ჩაიკეტა და იქიდან ღრიალებდა - მხეცი ხარ, ტირანიო. მართალია, მის წინაშე დამნაშავე ვიყავი.

მეცადინეობა ჭოლასებურად, გადაწერილი როლი და კახის დაჟინება

- ყველა ჩემი ფილმი - მსახიობის ფილმია, მათთან მუშაობა ძალიან მიყვარს. დოდო აბაშიძესთან ორ ფილმზე ვიმუშავე, ზურა ქაფიანიძეც ორ როლში ვათამაშე. ლევან წულაძე (ჭოლა) ძალიან მომწონს და ორ ფილმში გადავიღე; თუ საშუალება მომეცემა, აუცილებლად, კიდევ მოვიწვევ. ჭოლა ფილმზე მუშაობას მეცადინეობას ეძახის. ფილმის - "ვარიაციები ოტელოს თემაზე" გადაღებისას, იტყოდა, - ვიმეცადინოთო, და ის და ნანა ხუსკივაძე დასხდებოდნენ ხოლმე "სამეცადინოდ". "ცხელი ზაფხულის სამ დღეში" რამაზ ჩხიკვაძე, კახი კავსაძე და ნინელი ჭანკვეტაძე თამაშობდნენ. გადაღებები მათი მონაწილეობით, ერთდროულად, მუშაობაცაა და იმპროვიზაციაც. ერთხელ გადაღებაზე ავტობუსით მივდიოდით. მე და ნინელი გვერდიგვერდ ვისხედით. რვეული დაუვარდა, მივაწოდე. გადაშალა და ვხედავ, დიაგრამები ხატია. - რა არის-მეთქი? - ჩემი როლიაო. მთელი როლი ასეთი ფორმით ჰქონდა გადაწერილი. კახის რომ ვეტყვი, - ეს უნდა გავაკეთოთ-მეთქი, - როდისო? - იკითხავს. ვეტყვი, რომ 10 დღეში. - არა, 40 დღე დასჭირდებაო, - დაიჟინებს და უფრო ადრე არც გააკეთებს.

დოდო აბაშიძე - ძლიერიც და სუსტიც

- ფილმისთვის "დიდი მწვანე ველი" ისეთი პიროვნება მინდოდა, რომელმაც მეუღლეს და შეიძლება, ქვეყანასაც, დანაშაული აპატია. ამ პატიების შედეგად, თვითონაც იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ ლამის განადირდა, ე.ი. მჭირდებოდა ადამიანი, ვინც შეიძლება, ერთდროულად სიკეთით სავსე და ნადირიც იყოს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ სოსანა დოდო აბაშიძეს უნდა ეთამაშა. რა თქმა უნდა, დოდო ნადირი არ იყო, მაგრამ მას ჰქონდა ის ძალა, რაც მაგალითად, ლომს ან ვეფხვს შეიძლება ჰქონდეს. იმ პერიოდში მეორე გოგონა გამიჩნდა და ჩემს მეუღლეს, მანანას რძე არ ჰქონდა. მანანას შეკითხვაზე, - დოდოზე რძე გქონდათო? დოდოს დედამ, დეიდა ნინამ ასე უპასუხა: იმდენი მქონდა, შვილო, ეს ვირი რომ შასჭამდა, კიდევ კალოშებში ჭყაპუნობდაო. აი, ასეთი დოდო დაიბადა. მას შეეძლო, ნადირიც ყოფილიყო და სიკეთით სავსეც, ძლიერი პიროვნება გახლდათ. მის სახლში რომ მიხვიდოდი, გადაშლილი წიგნი იდო ან ლოგინზე, ან საწოლზე, ან მაგიდაზე - სულ კითხულობდა. ამავე დროს, გადაღებისას მას არ უყვარდა იმ სიტყვების ისე გამეორება, როგორც სცენარში ეწერა. თავისებურად ამბობდა და გმირის სახე საოცარ სიცოცხლეს იღებდა. დოდოს პოპულარობისა და მისადმი სიყვარულის ერთ მაგალითს მოგიყვებით: ჩრდილო კავკასიაში გადაღებაზე ვართ. გადაკარგული ადგილია, გზიდან 10 კმ-ში. ვინმე ვერტმფრენით ან ფეხით თუ ამოვა, სხვა გზა არ არსებობს. ერთ მშვენიერ დილას მეუბნება, - მერაბ, საქეიფოდ მეპატიჟებიანო. იქაც მიაგნეს. - როგორ აპირებ წასვლას-მეთქი? - აქ წერია, რომ ტრანსპორტსაც გამოგზავნიანო. უცებ, ზარების ხმა გაისმა და დავინახეთ, აღმართში სამი ერთმანეთზე გადაბმული ვირი მოდის. დაჯდა დოდო და წავიდა. მეორე დღეს სიმღერ-სიმღერით, კაი ხასიათზე დაბრუნდა. ინტელექტითა და იუმორით სავსე კაცი იყო. ბერლინში "დიდი მწვანე ველის" პრემიერა სხვა ქართულ ფილმებთან ერთად შედგა. პრესკონფერენცია გაიმართა, უამრავი ჟურნალისტი მოვიდა. დოდო არის ჩოხაში, არაჩვეულებრივად ლამაზია. ის შეკითხვებზე პასუხობს. ერთი ქალი ჩააცივდა: ბატონო დოდო, თქვენ ქართველი არტისტი ხართ, საბჭოთა კავშირიდან. გვითხარით, რას ნიშნავს სოციალისტური რეალიზმი?.. დოდოს პასუხის გაცემა არ უნდა. ჟურნალისტი რომ აღარ მოეშვა, მერე უთხრა: თავად მე ვარ სოცრეალიზმი, ნაციონალური ფორმით სოციალისტური შინაარსით. ხედავთ, რა მაცვია? ფორმით ნაციონალური ვარ. შემდეგ, საბჭოთა პასპორტი ამოიღო, - ეს კი არის სოციალისტური შინაარსი. ატყდა სიცილი, ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა... ერთხელ, დილით გადაღებაზე გასვლის წინ, დოდო ძალიან ცუდ ხასიათზეა, ჯუჯღუნებს. - კარგი, რა, დოდო, რა მოგივიდა, ხომ ხედავ, კარგი ამინდია, გადაღებაზე მივდივართ. რა გინდა? - რძე მინდა, - თქვა. სოფელში რძის მეტი რა იყო? გავიქეცით და მოვუტანეთ. დოდომ დალია, მაგრამ ისევ ჯუჯღუნებს. - რა მოხდა, ახლა რა გინდა, დოდო? - დედა მინდა, - თქვა სევდიანად. საოცარი ადამიანი იყო, მასთან ურთიერთობა მუდამ გინდოდა.

ტრიუკის ჰონორარი

- გია დანელიამ ფილმზე - "არ იდარდო" მუშაობის დროს მითხრა: შენს გმირს ისე უნდა, ღირსებით სავსე იყოს, რომ ამის შეგრძნებით კვდებაო. მეც ამიტომ დავდივარ მხრების თამაშ-თამაშით, თან, ჩოხაც შემოჭერილი მქონდა. ბუბა კიკაბიძის გმირმა, ამ თვისების გამო, აივნიდან გადმომაგდო. ქვემოთ ნოხი იყო გაჭიმული, იმაზე ვვარდებოდი ხოლმე. ფილმის გადამღები ჯგუფის დირექტორმა მითხრა: ეს სატრიუკო სცენაა და ყოველი დუბლის შემდეგ, 60 მანეთი გეკუთვნისო. მთელი ჯგუფი ჩასაფრებული ითვლიდა, რამდენჯერ გადმომაგდებდნენ, რადგან რესტორანში წასვლა დავგეგმეთ. საბოლოოდ, 600 მანეთი დაგროვდა, მაშინ ეს დიდი ფული იყო.

ნანული ზოტიკიშვილი