13 ივნისის ტრაგედიის კვალი - გზაპრესი

13 ივნისის ტრაგედიის კვალი

მალე ერთი წელი გახდება 13 ივნისის ტრაგედიიდან. იმ დღემ ნათლად დაგვანახვა, რომ სახელმწიფო მსგავსი მასშტაბის სტიქიის წინაშე მოუმზადებელი აღმოჩნდა, რაზეც შემორჩენილი პრობლემები ნათლად მეტყველებს. ერთადერთი იმედის მომცემი, სამოქალაქო ერთიანობა იყო. დაზარალებულთა დასახმარებლად ემიგრანტებმა საკმაოდ დიდი თანხა მოაგროვეს. უცხოეთში მოღვაწე ქართველმა მომღერლებმა, უსახლკაროდ დარჩენილ რამდენიმე ოჯახს ბინა უყიდეს... თუმცა, არაერთი ადამიანის პრობლემა დღემდე მოუგვარებელია - ტრაგედიიდან თითქმის ერთი წლის თავზე, ისინი მერიისგან საბოლოო პასუხს ელიან...

მკითხველს შევახსენებთ, რომ 13-14 ივნისს თბილისში მომხდარმა სტიქიამ გივი სვანიძის ქუჩაზე მცხოვრები, 75 წლის გურამ პეტრიაშვილი შეიწირა. მოხუცის ცხედარი სტიქიიდან მე-3 დღეს, საკუთარი სახლის სარდაფში აღმოაჩინეს. მისი სიცოცხლე მოვარდნილმა ღვარცოფმა შეიწირა. სიკვდილს ძლივს გადაურჩნენ გურამ პეტრიაშვილის ოჯახის წევრები. პეტრიაშვილები 452 კვადრატული მეტრის ბინაში ცხოვრობდნენ. მათ მართლზომიერ საკუთრებაში იყო აგრეთვე 400 კვადრატული მეტრი მიწაც. ეზოში 4 შენობა იდგა, რომელშიც სამი ოჯახი ცხოვრობდა და რომლებიც ცალკ-ცალკე იხდიდნენ კომუნალურ გადასახადებს. სტიქიამ იმ ადგილას მხოლოდ ნამოსახლარი დატოვა.

როდესაც ტრაგედიით გამოწვეულმა დაბნეულობამ გადაიარა, თბილისის მერიამ ხელშეკრულება მხოლოდ ზურაბ პეტრიაშვილთან გააფორმა. ვახტანგ პეტრიაშვილი და მისი ძმა, ალექსანდრე კი მეორე დღეს დაიბარეს და უთხრეს, რომ რადგან გამიჯნულები არ იყვნენ და ორივეს ერთი და იგივე საკადასტრო კოდი ჰქონდათ მინიჭებული, სხვაგვარ ხელშეკრულებაზე უნდა მოეწერათ ხელი, რაზეც პეტრიაშვილები ვერ დაითანხმეს. მათი თქმით, ეს შეუძლებელია, რადგან თავიდანვე ცალ-ცალკე ოჯახად იყვნენ გაფორმებული და შესაბამისი უწყებისგან კანონიერ კომპენსაციას კანონიერადვე ითხოვენ.

მოგვიანებით, ძმებმა პეტრიაშვილებმა საჯარო რეესტრში გამიჯვნის ხელშეკრულება გააფორმეს. ამის შემდეგ, ამავე ხელშეკრულებისთვის თბილისის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, კარლო ლაფერაძეს უნდა მოეწერა ხელი... ისინი დღემდე ამ ხელმოწერას ელოდებიან. თუმცა, ამჯერად მათ სიტყვიერად აიმედებენ, რომ პრობლემა მოგვარდება.

ქეთი პეტრიაშვილი, დაზარალებული:

- რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ, არაერთხელ შევხვდით ქალაქის მერიის ხელმძღვანელობას, თავად მერს, დავით ნარმანიას, მის მოადგილეებს, ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებს... ავუხსენით, რომ ჩვენი მოთხოვნა კანონიერი იყო, - "თელასიდან" მიღებული შეტყობინების ასლიც კი გავუგზავნეთ, სადაც ეწერა, რომ 2004 წლიდან ცალკე, დამოუკიდებელ ოჯახად ვცხოვრობდით და ასევე ცალკე აბონენტის ნომერი გვქონდა მონიჭებული. ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არსებობს რეესტრში, თუმცა შედეგის მისაღწევად, მაინც დიდი ბრძოლა დაგვჭირდა... - ყველა ცალ-ცალკე ითხოვსო, გვეუბნებოდნენ. რას ითხოვდა ყველა, არ გვაინტერესებს, შესაბამისი დოკუმენტაცია გვქონდა, რომლის მიხედვითაც, ძმებისთვის ცალ-ცალკე უნდა მიეცათ ბინა, როგორც ეს სხვა შემთხვევაში გააკეთეს... შედეგისთვის რამდენიმეთვიანი ლოდინი დაგვჭირდა. ამ ეტაპზე მერიამ გვითხრა, განცხადების საფუძველზე თქვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდებაო. როგორც ამბობენ, შესაბამის დოკუმენტაციაზე ხელის მოწერაღა დაგვრჩა, რომელიც ამ დღეებში მოგვარდება... მათ პირობას მაშინ დავიჯერებ, როდესაც შედეგს ვნახავ...

ხათუნა ელიზბარაშვილი, დაზარალებული:

- საქმე ის არის, რომ ჩემი სახლი რისკის ზონაშია. გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, იმ განცხადების საპასუხოდ, რომლითაც სახლთან მიმავალი გზის მდგომარეობის აღწერას ვითხოვდით, წერილობით გვაცნობა, რომ ეს ადგილი მდინარე ვერეს ხეობაში ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი ზონის ფარგლებში შედის: - "თქვენი საცხოვრებელი სახლის შემდგომი ექსპლუატაციის საკითხის გადაწყვეტა საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას და განეკუთვნება მერიის კომპეტენციას" - ნათქვამი იყო სააგენტოს წერილობით პასუხში. ამის შემდეგ, გასული წლის 7 დეკემბერს, იმავე უწყებამ ჩვენი სახლის წინ გამაფრთხილებელი ნიშანი დადგა, - "ფრთხილად! შედიხართ სასიკვდილო ზონაში!.." გამოსავლის პოვნის სხვა გზებს მივმართეთ, - თბილისის მერიას რამდენჯერმე მივმართეთ განცხადებით. ვითხოვდით, საფრთხის გამო ჩვენი საცხოვრებელი ბინა, მეორე კატეგორიიდან პირველი კატეგორიის დაზარალებულთა სიაში გადაეყვანათ, მაგრამ პასუხი დიდხანს ვერ მივიღეთ. მიმდინარე წლის 19 მარტს, თბილისის მერი თავად ესტუმრა სვანიძის ქუჩას და ჩვენც გაგვესაუბრა. გაოცებულმა მკითხა, - აქ სახლის აშენების ნებართვა გქონდათო?! - არადა, ეს სახლი, რომელიც თურმე სიცოცხლისთვის საშიშ ზონაშია, უკვე რამდენიმე ათეული წელია, იქ დგას და ყველა წესის დაცვით და შესაბამისი ნებართვებით აშენდა, თავის დროზე. თუ ვინმემ იმ წლებში ნებართვა უკანონოდ გასცა, არ ვიცი... სიცოცხლისთვის საშიშ ზონაში ვცხოვრობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველდღიურად რისკის ქვეშ ვართ.

- რა პასუხი მიიღეთ მერიისგან?

- მერიის პირველ პირებთან, ქონების მართვის სააგენტოსა და თავად ვაკის გამგებელთან, ლაშა აბაშიძესთან საუბრისა და დიდი ძალისხმევის შემდეგ, იმ შეთანხმებამდე მივედით, რომ საცხოვრებლად სხვაგან უნდა გადავიდეთ. ამდენი ლოდინისა და ბრძოლის შემდეგ, დაგვთანხმდნენ, რომ ეს პრობლემა როგორმე უნდა მოგვარდეს. ასევე იმედი მაქვს, რომ პირველ კატეგორიაში ჩამსვამენ. ეს უკვე იძლევა იმედის საფუძველს... თუმცა, ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვიერი შეპირების იმედზე ვართ. როგორც ვხვდები, ამ ეტაპისთვის მხოლოდ ოფიციალური მხარის მოგვარება დარჩა, მაგრამ სანამ რეალური შედეგი არ იქნება, ვერ დავიჯერებ.

- ფულად კომპენსაციას შეგპირდნენ თუ ალტერნატიულ ფართობს?

- სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო აფასებს ვითარებას და შემდეგ, ჩემი ოჯახის გასახლება იმ თანხებით უნდა უზრუნველყონ, რომელიც მთელმა მსოფლიომ შეუგროვა დაზარალებულებს.

დავით ხიჯაკაძე, 13 ივნისის დაზარალებული:

- სტიქიისას მე და ჩემი ცოლ-შვილი ვერეს ხეობაში ვიყავით, ივნისის ტრაგედიის შემდეგ, ფაქტობრივად, ბოსელში გვიწევდა ცხოვრება. მაშინ ლამის ყველა ტელევიზიამ გააშუქა ჩვენი საცხოვრებელი პირობები... შემდეგ, მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის რეკომენდაციით (მან მოამზადა ყველა საჭირო დოკუმენტი და მიმართვა), მოსკოვში მოღვაწე მომღერლებმა, დებმა, მედეა და მირანდა მირიანიშვილებმა გვიყიდეს ოროთახიანი ბინა.

დავუკავშირდით მერიის ქონების მართვის სააგენტოს და 13-14 ივნისს, სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის გაწეული დახმარების შესახებ ინფორმაცია გამოვითხოვეთ. აღნიშნული უწყების საზოგადოებასთანY ურთიერთობის სამსახურის განმარტებით, დაზარალებული პირები (ოჯახები) იყოფიან ორ ძირითად კატეგორიად:

1 კატეგორია: დაზარალებული პირი, რომლის საცხოვრებელი სახლი დანგრეულია ან დაზიანებულია სტიქიის შედეგად და არ ექვემდებარება რეაბილიტაციას;

2 კატეგორია: დაზარალებული პირი, რომლის საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია სტიქიის შედეგად, თუმცა ექვემდებარება რეაბილიტაციას.

57 ოჯახის საცხოვრებელმა სახლმა მიიღო პირველი კატეგორიის დაზიანება. 57-ვე ოჯახს მერიამ ალტერნატიული ფართობი შესთავაზა. აქედან 51-მა ოჯახმა ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა. რამდენიმე ოჯახთან ხელის მოწერის პროცესი მიმდინარეობს. დარჩენილ ოჯახებს აქვთ მემკვიდრეობისა და ქონების გამიჯვნის პრობლემები. მას შემდეგ, რაც ამ პრობლემებს მოაგვარებენ, მათთანაც გაფორმდება ხელშეკრულება.

13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესი განისაზღვრა - საკრებულოს #17-66 დადგენილებით. კონკრეტულად, პირველ კატეგორიაში შემავალ ოჯახებს კომპენსაციის მიღება შეუძლიათ როგორც სულადობის, ასევე საცხოვრებელი ფართობის საშუალო საბაზრო ღირებულების შესაბამისად. გარკვეულ სულადობაზე გათვლილია გარკვეული ფართობი. ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების თანახმად, დაზარალებულ პირებს (ოჯახებს) საოჯახო ნივთების შესაძენად მიეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება, რომელიც ასევე სულადობის მიხედვით განისაზღვრება. მთლიანობაში, 51 ოჯახს უკვე ჩაერიცხა ფულადი დახმარება 14.328.551 ლარის ოდენობით.

სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საკუთრების მოწმობა, მაგრამ რეალურად ცხოვრობდნენ სტიქიის ზონაში და დაენგრათ საცხოვრებელი სახლები, კერძო სექტორის წარმომადგენლები გადასცემენ ბინებს. ასეთი სულ 13 ოჯახი იყო და 8-ს უკვე გადაეცა. დანარჩენ ხუთ ოჯახთან კი მიმდინარეობს მოლაპარაკება.

ლალი პაპასკირი