"საქართველოში საერთო-სახალხო "სვეცკაობის" მცდელობაა გამართული" - გზაპრესი

"საქართველოში საერთო-სახალხო "სვეცკაობის" მცდელობაა გამართული"

"რამდენიმე თვის წინ, რომის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაგებობაში, კერძოდ - კასტელ სან-ანჯელოში ჩემი ახალი წიგნის - "ექოს" პრეზენტაცია გაიმართა. პირველად რომში ჩემი წიგნის პრეზენტაცია რომ გაიმართა, მაშინ ჩემს ერთ-ერთ მეგობარს ოცნება გავუმხილე, ნეტავ, ოდესმე კასტელ სან-ანჯელოში წიგნის პრეზენტაცია მქონდეს-მეთქი. დრო გავიდა და ისე მოხდა, რომ ოცნება, რომელიც არარეალური მეგონა, რეალობად იქცა. "ექოს" პრეზენტაციის შემდეგ, ჩემმა გამომცემელმა კრებული დონ ლუიჯი დილიეგროს სახელობის საერთაშორისო ლიტერატურულ კონკურსზე წარადგინა და წიგნი ჟიურის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა. 30 აპრილს, სან-სალვატორეს ტაძარში დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელზე დასასწრებად რომში მივემგზავრები", - მითხრა გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე დავით მაღრაძემ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იტალიის გარდა, დავით მაღრაძის პოეზია არაერთ ქვეყანაშია გამოცემული. დღესდღეობით დაინტერესებულ მკითხველს საშუალება აქვს, კრებულებს: "სალვე", "ნაფეხურები წყალზე", "ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან", "ჯაკომო პონტი" და სხვა წიგნებს გაეცნოს ინგლისში, იტალიაში, გერმანიაში, რუსეთსა და თურქეთში...

- ბატონო დათო, ბოლო ხანს არ მახსოვს საქართველოში თქვენი კრებულების პრეზენტაცია გაგემართოთ, სადაც ლექსებს თავად წაიკითხავდით. არ გიყვართ ასეთი საღამოები?

- მქონია, მაგრამ ხშირად არა. ადამიანმა რაღაცნაირად უნდა იგრძნო, როდის არის საზოგადოებაში ამის მოთხოვნა. უხერხულია, ძალითა და ხათრით ვინმე პრეზენტაციაზე მოიწვიო. ახლახან მეგობრები დამიკავშირდნენ სიღნაღიდან და მითხრეს, რომ უნდათ ჩემი ახალი წიგნის პრეზენტაცია იქ გაიმართოს. როცა ახალი წიგნი გამოიცემა, აუცილებლად ჩავალ.

- მხოლოდ კალამი და ქაღალდი... ვიცი, არასოდეს დაგიწერიათ ლექსი კომპიუტერთან. ყოველდღიურად წერთ?

- ლექსი საწერ მაგიდასთან, კალმით ქაღალდზე კი იწერება, მაგრამ სანამ ამ სახით გაჩნდება, ის მანამდე, ზოგჯერ რამდენიმე დღე "იწერება". კომპიუტერით წერილი მიმიწერია, მაგრამ ლექსი - არასდროს.

- საავტორო გადაცემას უძღვებოდით და ახლა სხვა სახელწოდებით განაახლეთ...

- "შეხვედრები მწერალთა სახლში" დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, კვირაში ერთხელ გადიოდა ეთერში. მერე იყო პაუზა, რადგან ჩემი საავტორო გადაცემებისა და შემოქმედებითი გრაფიკი ერთმანეთს არ დაემთხვა. ახლა გადაცემა აღვადგინე და "კალენდარი" დავარქვი. რამდენიმე გადაცემა უკვე გავიდა ეთერში. განსხვავება ისაა, რომ თუ მანამდე ერთი სტუმარი მყავდა, ახლა ვაპირებ ორი ან მეტი ადამიანის მოწვევას. ჩემი აზრით, უფრო ცოცხალი იქნება. ვცდილობ, განსჯის ზედაპირზე ამოვიტანო თემები, რომელიც შეიძლება ცხოველ ინტერესს არ იწვევდეს, მაგრამ ვთვლი, რომ საინტერესო იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის. როგორც ერთგან უმბერტო ეკო ამბობს, ვცდილობ ვწერო არა ის, რაც ხალხს უნდა, არამედ ის, რაც მინდა, რომ ხალხს უნდოდეს. თავს კი არ ვადრი, მაგრამ განზრახვა მაქვს ასეთივე.

- თუმცა, გასართობი ჟანრის გადაცემებსა და ე.წ. ყვითელ თემებს უფრო ჰყავს მაყურებელი. თუ ადევნებთ თვალს, რა ტიპის გადაცემების სიხშირე და დეფიციტი შეინიშნება ჩვენს სატელევიზიო სივრცეში?

- ტელევიზიის აქტიური მაყურებელი აღარ ვარ, მაგრამ ხანდახან მაინც ვუყურებ, რომ ვიცოდე, რომელი გადაცემაა პოპულარული. ადამიანები მუდმივად ეძებენ სულიერ კომფორტს. ზოგი პოულობს მდარე, პოპულისტურ, უხარისხო იუმორისტულ, მოსენსაციო, სკანდალურ თემატიკაში, ზოგიც სულ სხვა სივრცეში დაეძებს სულიერ სავანეს. დღევანდელობას ასე აღვიქვამ: პროვინციიდან გაქცევის პროვინციული მცდელობები. საერთო სახალხო "სვეცკაობის" მცდელობაა გამართული. მგონია, რომ საქართველოში არც გარეშე და არც შინაური მტრის, მგონი სიკვდილისაც არ ეშინიათ ისე, როგორც გოიმობის. თავქუდმოგლეჯილები გაურბიან ამ სიტყვას. განსაკუთრებით ის ხალხი აქტიურობს ამ რბოლაში, ვისაც ეს საფრთხე რეალურად ემუქრება. სულ იმის განცდა მაქვს, რომ საქართველოში ხალხი ცდილობს, ვინმეს ჩამორჩენილი არ ეგონოს.

- სწორედ "არაჩამორჩენილობას" რომ ამტკიცებენ, ის ხალხი ამბობს, რომ სატელევიზიო სივრცე შემეცნებითი გადაცემების სიმცირეს განიცდის, თუმცა, დარწმუნებული ვარ, არჩევანს გასართობი ჟანრის ტოქშოუზე აკეთებს...

- ტელევიზია არ არის ერთადერთი წყარო, საიდანაც ადამიანი შემეცნებით სულიერ საზრდოს მიიღებს. არსებობს წიგნი, ფილმი, თეატრი და კიდევ ბევრი რამ. გამუდმებით არაჩამორჩენილობის მტკიცება მეტყველებს სულიერი მდგომარეობის არაჯანსაღ ვნებებზე. ესეც იმას ჰგავს, როცა კითხულობენ ხოლმე: გვეშველება რამე? როდის გვეშველება? რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ გეშველოთ? პენსია მოგემატოთ? ნატვრის ხე იპოვოთ? იბერია გაბრწყინდეს თუ ლარი გამყარდეს? განცდა აქვთ, რომ ოდესმე აუცილებლად ვიღაც მოვა და ყველას უშველის. იმ ვიღაცამ უნდა მოიგოს არჩევნები, მოხნას, დათესოს, ინდუსტრია შექმნას (იღიმის).

- და ყველას გასაკეთებელი საქმე ერთმა აკეთოს. საერთოდ, ეს ვიღაცის იმედად ყოფნა და მესიის ძიება ხომ ყოველთვის იყო და დღემდე არ გვშორდება...

- კი, ეს მესიანიზმული განცდებია. ბევრისგან ხომ მოგისმენიათ სიტყვები ივერიის გაბრწყინებაზე? რას გულისხმობენ, არ არის საინტერესო?! როგორც მივხვდი, ჰგონიათ, რომ მთელი ქვეყანა წაილეკება, ცეცხლსა და წყალს მიეცემა, ოღონდ მხოლოდ იმ ერთის გარდა და ამაში ხედავენ ივერიის გაბრწყინებას. შეიძლება, ეს ადამიანის ნორმალური სულიერი განცდა იყოს?! არის კიდევ ერთი ტენდენცია: მტკიცება, ვინ უფრო მაგარი ევროპელია. ზოგი თავის ევროპელობას Fაღფრთოვანებული ამტკიცებს და ზოგიც ამ ფაქტს აპროტესტებს. საკითხს ღრმად თუ ჩავხედავთ, დავინახავთ, რომ აღშფოთების მიზეზი ერთია: აღფრთოვანებულებს ევროპა მხოლოდ ერთი სქესის ადამიანთა ქორწინება ჰგონიათ და მეტი არაფერი. შეზღუდულობის ბრალია, რომ "ევროპელობისკენ მიმავალნი" პროგრესულებად წარმოჩინდებიან.

- სხვადასხვა კვლევა ამტკიცებს, რომ წიგნიერების დონე საქართველოში საშუალოზე დაბალია. ალბათ კოლეგებთან და სხვა პროფესიის ადამიანებთან არაერთხელ გისაუბრიათ ლიტერატურასა და მის გარშემო თემებზე. რა შთაბეჭდილება გრჩებათ?

- ამ მხრივ ევროპას დიდი სიკეთე შეუძლია მოუტანოს ჩვენს ხალხს. იქ საგანმანათლებლო სისტემა ძალიან მოწესრიგებულია. ეს კარგად ჩანს, როცა ინტელექტუალებთან საუბარი გიწევს. აღტაცებულს გიჩნდება შეკითხვა, თუ რომელი უნივერსიტეტი აქვს თანამოსაუბრეს დამთავრებული. არ არის აუცილებელი, ძალიან ცნობილი უნივერსიტეტი ჰქონდეს დამთავრებული. იმ რამდენიმე უმაღლესის გარდა, რომლის სახელებიც ქუხს და როგორებიცაა კემბრიჯი, ოქსფორდი, სორბონა, არის სხვადასხვა არამქუხარე უნივერსიტეტი, რომლებიც ბრწყინვალე განათლებას აძლევენ ადამიანს. განათლების სისტემის გარდა, თანამედროვე ევროპასთან ურთიერთობით საქართველოს მოქალაქე შეიძლება გაიზარდოს სამოქალაქო შეგნების თვალსაზრისით და კიდევ ბევრი სხვა სიკეთე აიღოს.

- ბატონო დათო, თქვენს პოლიტიკაში ყოფნის პერიოდზე მინდა ვისაუბროთ. ვინც ერთხელ მაინც იყო ამ სფეროში, რთულად თმობენ ან გარკვეული დროის შემდეგ ისევ ბრუნდებიან პოლიტიკაში. თქვენ არ გქონიათ მსგავსი განცდა?

- არა, პირიქით. გულწრფელად გეტყვით ჩემს განცდას: როცა პოლიტიკა სახლში მივარდება, მაშინ ვერთვები და აქტიურდება ჩემი სამოქალაქო პოზიცია. თუ ყოველდღიური ცხოვრება მშვიდად მიმდინარეობს, არასოდეს გამჩენია სურვილი, რომ სერიოზულად დავინტერესებულიყავი პოლიტიკით. ეს იყო ფრაგმენტული ჩართვები. ბუნებით აგრესიული და მოჩხუბარი ადამიანი არ ვარ, მაგრამ თუ ყაჩაღი სახლში შემომივარდება, იძულებული ვარ, თავი დავიცვა.

- კულტურის მინისტრად ყოფნის დროს, თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად რას თვლით?

- მაშინდელი სამინისტრო ჯერ კიდევ საბჭოური ტენდენციების ინერციით მიდიოდა. დებულებაში შევიტანე ხელისუფლების მხრიდან შემოქმედებით პროცესში აბსოლუტური ჩაურევლობა. აღვკვეთე ის ფაქტები, რომ სამინისტრო ჩაიბარებდა სპექტაკლს, კონსერვატორიაში აღარ დაესწრებოდნენ და შეაფასებდნენ გამოცდების მსვლელობას და ა.შ. ამ მხრივ, შემოქმედებითი სივრცე სრულად გავათავისუფლე სახელისუფლებო კონტროლისაგან და ამ კანონის მიხედვით, ჩემს მერეც არავის ექნებოდა ამგვარი ჩარევის საშუალება. იყო კიდევ ერთი - სტამბოლში შავი ზღვის აუზის ქვეყნების კულტურის მინისტრების შეკრება გაიმართა. წინასწარ გზავნიდნენ ტრაფარეტს და მერე გაცნობებდნენ, თუ რაზე მოხდებოდა შეხვედრის მსვლელობისას ხელმოწერა. საერთაშორისო შეთანხმებაში ჩემი ინიციატივით შევიტანე შემდეგი: ერთმანეთის ტერიტორიაზე თუკი რაიმე კულტურული მემკვიდრეობა გვაქვს, მათზე მზრუნველობის უფლება აგვეღო თითოეულ ჩვენგანს, არქეოლოგიურ გათხრებზეც კი. საქართველოში, ჩვენებმა მითხრეს, რომ ამაზე არავინ მოგვიწერდა ხელს, მეტადრე - თურქეთი, მაგრამ სტამბოლში რომ ჩავედით, ეს მხარე იყო პირველი, ვინც ამ ინიციატივაზე ხელი მოგვიწერა.

- კარგი, მაშინ დღესდღეობით ერთ-ერთ აქტუალურ საკითხზე, მსოფლიო ვარსკვლავების საქართველოში ჩამოყვანაზე გკითხავთ. დღემდე განსჯის თემაა, გვაქვს თუ არა 29 მილიონი, რომ მსგავს კონცერტებში ვხარჯოთ?

- კი ბატონო, მოგახსენებთ. გაოცებული ვარ: რა არის ეს გაუთავებელი საკონცერტო ენთუზიაზმი?! არ მესმის, რატომ უნდა დააფინანსოს ბიუჯეტმა კონცერტები. შოუბიზნესი ბიზნესია და ეს ბიუჯეტიდან კი არ უნდა ფინანსდებოდეს, არამედ - ბიზნესი უნდა ზრუნავდეს ბიუჯეტის გამდიდრებაზე. ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს ამხელა თანხები არ უნდა გამოსძალო საკონცერტო, შოუბიზნესის საქმიანობისთვის. ხელისუფლებას ევალება გულწრფელი ზრუნვა და არა მოჩვენებითობის შექმნა, რომ ხალხს ეგონოს, თითქოს საქმე კეთდება. ვფიქრობ, ამ ხელისუფლებას არა აქვს ის დანაშაულები ჩადენილი, რომლის გადასაფარავადაც შეიძლება მოეწყოს ხელოვნურად შექმნილი საკონცერტო ენთუზიაზმი. წინა ხელისუფლებას ჰქონდა ეს პრობლემა, ჩინოვნიკები ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ, მოქალაქეებსა და ოჯახებს საჯაროდ აწიოკებდნენ, ხდებოდა მასობრივი დაპატიმრებები და ციხეებში პატიმრების წამების ფაქტები, ამის გადასაფარავად კი იწვევდნენ შოუბიზნესის წარმომადგენლებს. ვიმეორებ, ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ბიუჯეტიდან 29 მილიონს არ უნდა იღებდეს შოუბიზნესისთვის.

- დასასრულ, მამაზე, ელგუჯა მაღრაძეზე გკითხავთ: დღეს მისი ნააზრევიდან რა გახსენდებათ პირველი, თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?

- მისი ნააზრევიდან და ნახელავიდან პირველ რიგში ჩემთვის ძვირფასია წიგნი - "გრიგოლ ორბელიანი", სადაც მან სწორად მიაგნო სათქმელის გამოხატვის ფორმას. ეს წიგნი დოკუმენტური პროზაა, რომელიც არც მხატვრული წიაღსვლებით შედის სახიფათო სივრცეში და არც მშრალი დოკუმენტური მასალის ტყვეობაშია. ამ ორ სივრცეს შორის, სწორედ მიგნებულ გზაზეა გავლილი. ვფიქრობ, ამ წიგნის კითხვისას, XIX საუკუნის საზოგადოება და მაშინდელი ეპოქა შესანიშნავად ცოცხლდება.

ელგუჯა მაღრაძე სიღნაღში, სოფელ ბოდბეში დაიბადა. საშუალო სკოლა თბილისში დაამთავრა და სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ინგლისური ენის სპეციალობით განაგრძო. პირველი ლიტერატურული ნაშრომი 1951 წელს გამოაქვეყნა, ხოლო პირველი წიგნი "მეველე" 1963 წელს. მას ეკუთვნის რომანები: "გრიგოლ ორბელიანი", "გოდება" (დავით გურამიშვილის შესახებ), "რად, სოფელო" (თეიმურაზ II-ის ცხოვრება), ესეები "ლევან გოთუა", "კონსტანტინე გამსახურდია" და წერილების კრებული "გულითა მართლით", რომელიც ქართველი და დასავლეთევროპელი მწერლების შემოქმედებას ეხება.

ელგუჯა მაღრაძის თარგმანებია: თომას მელორის "მეფე ართურის ზეობის ამბავი", მაინ რიდის "თეთრი ბელადი" და "უთავო მხედარი", ართურ კონან დოილის შემოქმედების დიდი ნაწილი, ჯონ გოლსუორთის "ფორსაიტების საგა" და სხვა ნაწარმოებები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სხვადასხვა წლებში გახლდათ ჟურნალების "ნიანგისა" და "მნათობის" მთავარი რედაქტორი, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" დირექტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი და უცხო ენათა ინსტიტუტის რექტორი.

- ჰგავხართ მამას?

- ვერ გეტყვით, მკვეთრი მსგავსება არის თუ არა. ალბათ რაღაც დოზით - კი. მამას ნათესავები მას მამსგავსებენ, ხოლო დედის ნათესავები - დედას (იღიმის).

ანა კალანდაძე