ზეთისხილი - ბუნების უნიკალური საჩუქარი - გზაპრესი

ზეთისხილი - ბუნების უნიკალური საჩუქარი

ზეთისხილი უძველესი და უძვირფასესი მცენარეა, რომელსაც დიდი ადგილი უჭირავს რელიგიურ ლიტერატურაშიც: იერუსალიმში დიდებით შესულ მაცხოვარს ხალხი ფეხქვეშ სწორედ ბზისა და ზეთისხილის რტოებს უფენდა, რაც ღვთისადმი დიდი პატივისცემის გამოხატულება იყო. გარდა სიძველისა და სილამაზისა, ზეთისხილს წმინდა პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს: მისი ნაყოფი და ზეთი შეუცვლელია როგორც კვებითი, ასევე სამკურნალო თვალსაზრისით. ამ მცენარისგან განსაკუთრებულ ზეთს ხდიან, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს და ზრდის ორგანიზმის გამძლეობას სხვადასხვა დაავადების მიმართ. რეგულარულად ზეთისხილის ნაყოფისა და ზეითუნის ზეთის მიღება ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა რისკს და აფერხებს თრომბის წარმოქმნას... სასიხარულოა, რომ ბოლო წლებში ზეთისხილის მოშენება საქართველოშიც დაიწყეს, თუმცა სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ამ უნიკალურ მცენარეს ქართველები უძველესი დროიდან იცნობდნენ.

აკაკი ღლონტი, სწავლული აგრონომი:

- ზეთისხილი საქართველოში უხსოვარი დროიდან მოჰყავდათ. ამ მცენარის ბაღები ახალ ათონში, აფხაზეთის ტერიტორიაზე, XIX საუკუნეში გააშენეს და ეს ბაღები დღემდე არსებობს, თუმცა ეს მცენარე ჩვენს სამშობლოში გაცილებით ადრეც ხარობდა. იგი გავრცელებული იყო როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. თუ დაჰკვირვებიხართ, სამების ეკლესიის ეზოში, დღესაც არაჩვეულებრივად ხარობს ზეთისხილის ხეები. ზეთისხილი ორნაირია: ერთი, რომლისგანაც ზეითუნის ზეთს ხდიან და მეორე - ნაყოფის მომცემი. მისგან საუკეთესო მარინადს ამზადებენ. მართალია, ჩვენებური ზეთისხილის ნაყოფი ესპანეთსა და იტალიაში მოყვანილს ვერ შეედრება, რადგან ეს მცენარე მაღალ ტემპერატურას მოითხოვს, მაგრამ ჩვენს მიწაზე მოყვანილი ზეთისხილიც საკმაოდ სასარგებლო და გემრიელია. ზეთისხილისაგან გამოხდილი ზეთი იმითაც არის უნიკალური, რომ მას აბსოლუტურად ითვისებს ადამიანის ორგანიზმი და უკუჩვენება თითქმის არა აქვს. ამავე დროს, ეს ძალიან ლამაზი მცენარეა და მისი გამოყენება დეკორატიული დანიშნულებითაც შეიძლება. ის მარადმწვანეა და ასეულობით წლების განმავლობაში ხარობს. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ზეთისხილი ბუნების საჩუქარია. ეს სუბტროპიკული მცენარეა, მაგრამ გარკვეული დოზით ტენიანობასაც მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნერგების მოვლა რთული არ არის, შეიძლება ერთ ადგილას იხაროს და მეორე ადგილას - ვერა. ამით მას ბევრი მცენარე ჰგავს. მაგალითად: გარგარი აღმოსავლეთ საქართველოში კარგად ხარობს და გემრიელ ნაყოფსაც იძლევა, დასავლეთში კი - არა, ამიტომ, მეცნიერული კვლევისა და დაკვირვების გარეშე ზეთისხილის ბაღის გაშენება არ ღირს. მას შესაფერისი ნიადაგის და კლიმატის შერჩევა სჭირდება, თორემ შეიძლება ადამიანმა შეიძინოს მისი ნერგები, დარგოს, მაგრამ ვერ გაახაროს და შრომა წყალში ჩაეყაროს. ამიტომ, ყველაფერს წინასწარ დაკვირვება და გამოცდა უნდა. მართალია, ზეთისხილის თითო-ოროლა ძირი ყველგან ხარობს, სადაც მკაცრი ყინვა არ იცის, მაგრამ მისი პლანტაციის გაშენება შესაფერისი ნიადაგისა და კლიმატის გარეშე შეუძლებელია. რაც მთავარია, ზეთისხილის ნერგები ჩრდილოეთის ფერდობზე არ უნდა დავრგოთ, რადგან უმზეოდ ეს მშვენიერი მცენარე ვერ ხარობს.

გოჩა ზენაიშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:

- საქართველოში ზეთისხილს უხსოვარი დროიდან ახარებდნენ, მაგრამ კომუნისტებმა მის მოშენებაზე უარი თქვეს. სამაგიეროდ, ზეთისხილის ბაღების გაშენება აზერბაიჯანში დაიწყეს. ეს მაშინ, როცა გასულ საუკუნეებში აზერბაიჯანში ზეთისხილი საერთოდ არ ჰქონდათ და ჩვენგან წაღებული ჯიშები გამოიყენეს. კარგია, რომ ბოლო ხანებში სახელმწიფომ ზეთისხილის გაშენებაზე ზრუნვა დაიწყო. ამ მცენარეს შესაბამისი მიკროკლიმატი, ნიადაგი და ჰავა სჭირდება. აღმოსავლეთ საქართველოში ის შეიძლება გაშენდეს სიღნაღის, გურჯაანისა და დედოფლისწყაროს რაიონებში, ასევე ალაზნისპირა ტერიტორიებზე. დასავლეთ საქართველოში კი ის შეიძლება გავახაროთ, როგორც დეკორატიული კულტურა, თუმცა ზემო იმერეთში, ვანსა და ბაღდათში ზეთისხილისთვის საკმაოდ კარგი კლიმატია და ერთეული ხეების სახით ეს მცენარე დღესაც გვხვდება. რა თქმა უნდა, იქაც შეიძლება ზეთისხილის ბაღების გაშენება, მაგრამ არა იმ რაოდენობით, როგორც აღმოსავლეთ საქართველოში. ასე რომ, ზეთისხილს საქართველოში კარგი პერსპექტივა აქვს, უბრალოდ, ამ საქმეს მიხედვა სჭირდება. სხვათა შორის, მე თვითონ მაქვს პლანტაცია ყვარლის რაიონში და იქ ზეთისხილი ძალიან კარგად ხარობს. ბევრმა არც კი იცის, რომ ჩვენ გვაქვს ძველისძველი ქართული ჯიშები, მაგალითად: თბილისური, ახაშენი, ბუტკო, რომელიც უძვირფასესი ჯიშია საკონსერვოდ და ზეთის გამოსახდელად. თურქეთის ტერიტორიაზე არის ასეთი სახეობა - ართვინული. გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული, ქართველებმა ეს მცენარე სულ მიივიწყეს, ბევრს არც კი ჰგონია, რომ ზეთისხილი ქართული მცენარეა და ხალხმა მის გაშენებაზე ხელი აიღო. ახლა უკვე დაიწყეს აღდგენა, მაგრამ ეს ნელი ნაბიჯებია. ამ საქმეს სანერგეების მომრავლება, შესაფერისი ადგილების პოვნა და მიკროზონების გამოყოფა სჭირდება. სამწუხაროდ, ქართული ჯიშები ამჟამად უკვე გადაშენებულია, ეს ჯიშები არც ჩემს ბაღში მაქვს, რადგან მათი პოვნა უკვე ძალზე რთულია. ამას სოფელ-სოფელ და კარდაკარ სიარული, ძებნა და ფინანსები სჭირდება. ერთ-ერთი ჯიში - "თბილისური" ახლანდელი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზეც ხარობდა, იქ დიდი ბაღი იყო, ახლა კი, მხოლოდ რამდენიმე ძირი ხეა დარჩენილი. ჩვენმა მოსახლეობამ უკვე არც იცის, რომ ზეთისხილი ძალიან ადვილი მოსავლელია. მხოლოდ კარგ ადგილზე დარგვა სჭირდება, თუ შესაფერის ნიადაგს და კლიმატს შეურჩევთ, გემრიელი და სასარგებლო ნაყოფით გაგახარებთ. ბოლო წლებში დიდი პლანტაციები გააშენეს კახეთში, მაგრამ იქ ძირითადად უცხოური ჯიშები ხარობს, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, ამიტომ ქართული ჯიშების მოძიება და აღდგენა ჩვენი უპირველესი ამოცანაა.

ალექსანდრე ჩახნაშვილი, ზეთისხილის პლანტაციების კოორდინატორი:

- ჩვენი კომპანიის მიერ გაშენებული ზეთისხილის ბაღები სიღნაღის რაიონში, სოფელ საქობოსა და მაშნაარში მდებარეობს. თვით კომპანია კი, თურქეთში მცხოვრებ ქართველებთან ერთად დაარსდა. სიღნაღი იმიტომ შევარჩიეთ, რომ ამ რაიონში ძალიან კარგი ნიადაგი აღმოჩნდა ზეთისხილისთვის. აქაური მიწა ზუსტად შეესაბამება ამ უძველეს კულტურას. თავდაპირველად საცდელად გავაშენეთ ზეთისხილის ბაღები სხვადასხვა რეგიონში: იმერეთში, მარნეულსა და კახეთში. ყველაზე მეტად ზეთისხილის ნარგავებმა სიღნაღში გაამართლა. უკვე გაიხსნა ზეთისხილის გადამმუშავებელი საწარმო, სადაც მოსახლეობაც დავასაქმეთ და ზეითუნის ზეთიც დავწურეთ. ზეთისხილი ძალიან მომგებიანი მცენარეა, უბრალოდ, ჩვენმა ხალხმა მისი მოვლა და მოშენება არ იცის. გაშენებამდე უნდა ადგილის შერჩევა და ყურადღება, მერე კი, განსაკუთრებულ მოვლას აღარ საჭიროებს. მთავარია, ნიადაგი დასუფთავებული იყოს და ნერგების ირგვლივ ბალახი არ მომრავლდეს. ჩვენს პლანტაციაში ძირითადად ის ჯიშები გავახარეთ, რომელიც თურქეთშია გავრცელებული. მოგეხსენებათ, თურქეთის კლიმატი ჩვენს კლიმატთან ახლოს არის და იმიტომაც გაამართლა იქ გაშენებულმა ზეთისხილმა კახეთში. მართალია, სიღნაღში ესპანური ჯიშებიც ხარობს, მაგრამ მათ უფრო მეტი ყურადღება სჭირდება. ამჟამად ახალი სანერგე მეურნეობის გაშენებასა და ზეთისხილის ქართული ჯიშების აღდგენაზეც ვფიქრობთ, რადგან უცხოური ზეთისხილის შეძენას ისევ ჩვენს მიწაზე მოწეული ნაყოფის ყიდვა ჯობია. საქობოსა და მაშნაარის გარდა ბაღდათის რაიონშიც გვაქვს ზეთისხილის ბაღები. სხვათა შორის, დედოფლისწყაროში, სოფელ ტარიბანაში, ზეთისხილი 100 ჰექტარზეა გაშენებული, მაგრამ სხვა კომპანიის მიერ. დაინტერესება ამ უნიკალური მცენარით უკვე დიდია და ვფიქრობ, რომ ზეთისხილი საქართველოში სულ უფრო პოპულარული გახდება.

ზეთისხილის ნაყოფი მდიდარია ცხიმებით, ცილებით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით, ხოლო ზეითუნის ზეთი მართლაც რომ შეუცვლელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის: ის მდიდარია C, D ვიტამინებით და მინერალური მარილებით _ კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით. მას ფართოდ იყენებენ გულის, კანისა და სახსრების დაავადებათა სამკურნალოდ. სპეციალისტების აზრით, ყველაზე ძვირფასი ზეთისხილის მოკრეფიდან ორი საათის განმავლობაში დაწურული ზეთია: სასარგებლოცაა, სამკურნალოც და ქოლესტერინს საერთოდ არ შეიცავს. ცნობილია ისიც, რომ ზეთისხილის მასობრივი მოხმარების რეგიონებში მოსახლეობა ნაკლებად ავადდება ბრმა ნაწლავის ანთებით. ზეთისხილი ძალიან სასარგებლოა ასთმის დროსაც.

უძველესი ზეთისხილის ხე დაახლოებით 3500-5000 წლისაა და კრეტას დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მას ელაია ბუიბონი ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ ხე ძალიან ძველია, ნაყოფს დღემდე ისხამს.

ხათუნა ჩიგოგიძე