პოლიტიკური განხილვების ადგილად ქცეული ქართული სუფრა - გზაპრესი

პოლიტიკური განხილვების ადგილად ქცეული ქართული სუფრა

"მე, ბატონო, სამეგრელოდან გახლავართ. ძველი მთავრობის წასვლით და ახლის მოსვლით, ჩემთვის ბევრი არაფერი შეცვლილა და მინდა, ამ თემაზე დაგელაპარაკოთ. თუ ქვეყანას "ოცნების" ხალხი მართავს, სამეგრელოს ვერაფერი მოუხერხეს და აქ ისევ "ნაციონალები" პარპაშობენ. თავიდან ეს მაშფოთებდა, ახლა კი მადლობას ვუხდი უფალს იმისთვის, რომ აქ ისევ ორი ძალა იბრძვის ადგილის დასამკვიდრებლად. რატომ? ეტყობა, ინტერესი აქვთ სამეგრელოსი და ერთმანეთის ჯიბრზე რაღაცებს მაინც აკეთებენ, ხალხის საკეთილდღეოდ. თუმცა, ჩვენთანაც იმდენივე გაჭირვებული ოჯახი და დაუსაქმებელი ახალგაზრდაა, რამდენიც დანარჩენ რეგიონებში. უჭირს, შვილო, ხალხს ცხოვრება, ძალიან უჭირს", - ბატონ გრიგოლს აღდგომის წინა დღეებში ვესაუბრე, მაგრამ აღდგომას დამირეკა და მთხოვა, თუ მის ინტერვიუს დავბეჭდავდი, წერილში მილოცვაც ჩამემატებინა.

- ასაკოვანი კაცის სიტყვა ბევრს ნიშნავს. ჩვენს დალოცვასაც და წყევლასაც დიდი ძალა აქვს, ასე მგონია. ჰოდა, მინდა, ახლა ვისარგებლო შემთხვევით და მთელ საქართველოს ვუსურვო გამთლიანება, მშვიდობა! ჩემს საყვარელ ქართველებს ვთხოვ, ყურადღებით იყვნენ, რომ არ გამოეპაროთ მტერი და მოყვარე. ერთად დგომით მთებს შევძრავთ, ცალ-ცალკე ყოფნით კიდევ უფრო მეტად დაგვანაწევრებენ იმ ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც ვითომდა, ჩვენ გამო ვენებს იჭრიან და მხარში გვიდგანან. ჩემო დებო და ძმებო, ბედნიერები, ლაღები, მუდამ მოღიმარები ყოფილიყავით. გესვათ, გეჭამოთ და ერთმანეთი არ დაგეჭამოთ. იმდენი შესაძლებლობა გქონოდეთ, რომ არა მარტო დღესასწაულებზე, სხვა დროსაც არ შეგშინებოდეთ სტუმრის მოსვლის და გქონოდეთ ჯანი, რომ აწყობილ ქვეყანაში (ბოლოს და ბოლოს, ალბათ, ასეც მოხდება), იოლად ნაშოვნი სამსახურისთვის თავის გართმევა არ დაგზარებოდეთ. გილოცავთ აღდგომას! უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ.

- როგორც ამბობთ, მთავრობის მუშაობა არც ახლა მოგწონთ, წინა ხელისუფლებასაც აკრიტიკებდით, მაგრამ მაინც, იმედიანი ჩანხართ...

- ქართველებმა ბევრ რამეს გავუძელით და ახლაც, ერთად დგომით, გადავლახავთ ყველა პრობლემას. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ დავიღალეთ. ადამიანი როცა შრომობს, ნაღველს ადვილად იქარვებს, მაგრამ თუ უსაქმურად უწევს ყოფნა, გამუდმებით იმაზე ეფიქრება, რაც აწუხებს და იმაზეც, რაც ზოგ შემთხვევაში, მისი საქმე არ არის. უმუშევრობა იქცა ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდ პრობლემად და ამიტომაც არის, რომ ყოველ კუთხე-კუნჭულში საუბრობენ პოლიტიკაზე, ლანძღავენ და აგინებენ. სუფრა ისე არ ჩაივლის, ადამიანებმა ქვეყნის აღმშენებლობის სტრატეგიაზე რომ არ ისაუბრონ, პოლიტიკოსებს სწორი გზები არ დაუსახონ, მერე კი თანამესუფრეები ერთმანეთს "ხოცავენ" ამის გამო და შეიძლება, ხელ-კბილიც გაჰკრან ერთურთს, პარტიული სიმპათიების მიხედვით. ეს სავალალო მდგომარეობაა. პირადად მე, ვცდილობ, სუფრაზე პოლიტიკაზე ლაპარაკს თავი ავარიდო, მაგრამ ეს ყოველთვის არ გამომდის: ნასვამი კაცი აზარტში შედიხარ და იწყებააა... დასაქმებული კაცი კი უნებურად, შეიკავებდა თავს მთავრობის გაქილიკებისგან და მისი ტვინი სხვა რაღაცებით, გაცილებით სასიამოვნო ფიქრებით იქნებოდა დაკავებული. ახლა ხედავ, ადამიანი მღერის, ცეკვავს, კარგ განწყობაზეა და უცებ, პოლიტიკაზე ლაპარაკში ჩართული, რადიკალურად იცვლება, იბოღმება, იგინება...

რატომ გახდა ეს დასაქმების პრობლემა ასე მოუგვარებელი? მთავრობა უსაქმურობისთვის ხალხს ფულს რომ უხდის, ეს არის საქმე? ბევრს, იმის შიშით, რომ სოციალური დახმარება მოეხსნება, სამსახურზე უარიც კი უთქვამს: მერე გაცილებით ნაკლებს ვიშოვი, აქ კი გარანტირებული დახმარება მაქვსო. უნდა დაეხმარო ოჯახს მანამდე, ვიდრე ფეხზე წამოდგება, დასაქმებისთანავე კი არ უნდა გამოუსვა დანა ყელში. კაცს იმდენი შნო თუ მაქვს, რომ ოჯახი ვარჩინო, არც სახელმწიფოს დახმარება მინდა და არც არაფერი. მიმიფურთხებია ყველანაირი დახმარებისთვის, თუ სამსახური მექნება და ღირსეულად ცხოვრების საშუალება! პენსიონერი ვარ და ამ პენსიასაც სიამოვნებით გავცვლიდი, ქარხანაში, მუშის შემოსავალზე, მაგრამ ჩემთვის კი არა, ახალგაზრდებისთვის არ აქვთ მუშის ვაკანსია და მე ვინ რას მომაშავებს?

- ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემა რომ მოგვარდეს, სიტუაცია შესამჩნევად დალაგდება?

- მგონია, რომ კი, ყველაფერი შეიცვლება! ადამიანებს ცხოვრებისთვის მეტი სტიმული ექნებათ და სამშობლოს დაცვაზეც უფრო მეტად იფიქრებენ; თავის მთავრობას კი არ გააქილიკებენ, მხარში ამოუდგებიან, უფრო მეტად გადამხდელუნარიანები იქნებიან და სახელმწიფო ამითაც ხომ გაძლიერდება? აბა, ახლა გარბიან ქართველები საქართველოდან და მათ ადგილებს აქ უცხოელები იკავებენ. გაივსო სამეგრელოც ჩინელებით და ესაა საქმე? რად მინდა, ჩინელი? რას გააკეთებს ის ჩემთვის სასარგებლოს? ჩვენები გარბიან ემიგრანტებად, შორიდან რომ არჩინონ ოჯახები და ესენი აქ ჩამოდიან, რაღაცებს ჩალიჩობენ და მათ თითქოს, ყველგან და ყველაფერში გზა ხსნილი აქვთ. გაგიჟდება ადამიანი, უცხოელებს ისეთ პატივს ვცემთ, ისე ველოლიავებით, ერთმანეთს კი ძირს ვუთხრით. მასპინძლობა კი გვაქვს სისხლში გამჯდარი, მაგრამ ამის გამო შენიანს რომ არ უნდა გადაუარო, ეს წესი კი დაგვავიწყდა, სამწუხაროდ. ტურისტები, ტურისტებიო, - გავკივით გიჟებივით. ტურისტი კარგია იმისთვის, რომ ქვეყანას ამით შემოსავლის წყარო გაუჩნდეს და მათ მოსაზიდად მართლაც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ დედაბუდიანად აქ რომ სახლდებიან, ამაშია უბედურება. თანაც, მათ იმ საქმეში, რაშიც ქართველებს "კაპიკებს" უხდიან, ასობით ლარს აძლევენ და ეს არის კარგი საქმე? ჯერ შენი უნდა დააფასო და მერე - სხვა! ვითომ, უცხოეთში მიღებულ ცოდნას დიდ პატივს სცემენ, ქართულ უნივერსიტეტში კი აბა, დაითვალონ, რამდენი უცხო ქვეყნის წარმომადგენელი იღებს განათლებას? მაინცდამაინც კემბრიჯი უნდა დაამთავროს ახალგაზრდამ, გზა ხსნილი რომ ჰქონდეს? ბატონებო, ვაჟას, შოთას, აკაკის, ილიას და სხვებს არ უსწავლიათ ამერიკა-იტალია-საფრანგეთ-ინგლისში, მაგრამ კი დადგნენ კაცები, თანაც, ისეთი კაცები, რომლებსაც ბევრი კემბრიჯდამთავრებული ვერ შეედრება! საქართველოში განათლებამიღებული, თქვენი ჭკვიანი ახალგაზრდები გამოიყენეთ და თუ ძალა დაგაკლდებათ, მაშინ მოიძიეთ უცხოელები.

- ბატონო გრიგოლ, სამეგრელოში კიდევ, რა პრობლემები აქვს მოსახლეობას?

- ყველას სახელით ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ პრობლემებს რა დალევს, შვილო?.. ჩემი შვილიშვილი წლებია, სამსახურს ეძებს. სულ იმ საიტებზეა, სადაც ე.წ. ვაკანსიებია განთავსებული, გზავნის და გზავნის წერილებს, მაგრამ ჯერ არავის დაურეკავს მისთვის. ნაცნობი კი ბევრი გვყავს, მაგრამ სხვისი შეწუხება რატომღაც, ერიდება, ამის გაკეთებას გვიკრძალავს. არადა, სხვანაირად რომ არაფერი გამოვა, ამას ვხვდებით. ისე, მეც არ მინდა, პირველი სამსახური ჩაწყობით იშოვოს. გონიერი ბიჭია, ბევრი რამ იცის. მინდა, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდე, სადაც ნასწავლ თუ უსწავლელ, მაგრამ შრომისუნარიან ადამიანს ადვილად მიეცემა საქმის შოვნის საშუალება. იმედია, ეს დრო მალე დადგება, თორემ მოსახლეობის 80 პროცენტი სულ მალე, ნაგავში დაიწყებს ქექვას და იმ 20 პროცენტი მოსახლეობის გადაგდებული საკვების ძებნას, რომელიც ისევ ხალხის წყალობით შოულობს ფულს. თუმცა, ვიმეორებ, კიდევ მაქვს იმედი, რომ ბოლოს და ბოლოს, საქართველოში რაღაც ჩვენს სასიკეთოდაც შეიცვლება... ბიძინა რომ გამოჩნდა პოლიტიკურ სარბიელზე, ხალხს მისი იმედი გაუჩნდა. არჩევნების დროს ზუგდიდი "ცხელ წერტილად" რომ იქცა, ეს გეცოდინებათ, მაგრამ აქ "ნაციონალებს" ვერაფერი მოუხერხეს და ეს იყო პირველი იმედგაცრუება ჩემთვის. მეორე იმედგაცრუება ბიძინას თანამდებობიდან წასვლით მივიღე და ახლა უკვე ვხედავთ, რომ რაღაცები ისევე კეთდება ქვეყანაში, როგორც "ნაციონალების" დროს კეთდებოდა, მაგრამ ხალხის მატერიალური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, პირიქით - კიდევ უფრო მეტად გავღატაკდით და ეს მხოლოდ "ოცნების" ბრალი კი არ არის, არამედ იმის, რომ წლების განმავლობაში, ხალხს დაგროვილი ქონება გასაყიდად გაჰქონდა, ამით ცდილობდა თავის გატანას, ახლა კი გასაყიდიც არაფერი დარჩა, ჯართის პოვნაც აღარ არის იოლი...

- ძველი თაობის ბევრი სხვა წარმომადგენლის მსგავსად, ძველ დროს და საბჭოთა საქართველოში ცხოვრებას ხომ არ მისტირით?

- უფ, ღმერთმა დაგვიფაროს! მაშინ კი გვქონდა სამუშაო, მაგრამ არ ვიყავით თავისუფლები, თავისუფლების გარეშე კი სიმდიდრესაც არა აქვს გემო. დემოკრატიულ ქვეყანაში რომ ვცხოვრობთ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ არ გამოჩნდა ისეთი გონიერი მთავრობა, ერთ გუნდად შეკრული, რომელიც პირველ რიგში, დიდი პრობლემის მოგვარებაზე იფიქრებდა და არა - წვრილ-წვრილი ხვრელების ამოვსებაზე. ბიუჯეტის ფული გონივრულად უნდა გაანაწილონ და დახარჯონ ისეთ რამეში, რაც პირდაპირ, ხალხის მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იქნება მიმართული, თორემ სანახაობა არასდროს აკლდა ქართველ ერს.

კარს მოგვადგა არჩევნები. მოგვიწევს ძველ ძალებს შორის არჩევანის გაკეთება ან ისეთი ახალი "ორგანიზმის" მხარდაჭერა, რომელიც არც კი ვიცით, რა სიურპრიზებს მოგვიწყობს. მე შეჩვეული ჭირი მირჩევნია შეუჩვეველს, მაგრამ მგონია, რომ გამწარებული ხალხი ბრმად გააკეთებს არჩევანს.

- ახალ ძალაში ვის გულისხმობთ?

- პაატა ბურჭულაძის გუნდს, რა თქმა უნდა. უკვე აქტიურად ლაპარაკობენ ამ თემაზე. ტელევიზიებიც გამუდმებით პიარს უკეთებენ. მილიონერმა ქველმოქმედმა ვერ შეძლო ჩვენი ცხოვრების მოწყობა და ოპერის მომღერალი, რომელიც რამდენიმე წელი ემსახურებოდა სიკეთეს, მოახერხებს ხალხზე რეალურად ზრუნვას? რა ვიცი, მაგრამ პირადად მე, ამის ნაკლებად მჯერა. თუმცა, ეგებ ვცდები კიდეც. ოღონდ ხალხზე იზრუნონ და ჩემთვის სულერთია, ვინ იქნება პრეზიდენტი და პრემიერი: პაატა ბურჭულაძე, მიშა სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი თუ ჩემი მეზობელი დურუ, რომელსაც წიგნი არასდროს გადაუშლია, მაგრამ ქვეყნის დალაგების სტრატეგიული გეგმა აქვს შემუშავებული და ყოველი სიმთვრალისას გვიმტკიცებს: ჩემს ხელში რომ იყოს ძალაუფლება, ბედნიერ საქართველოში ვიცხოვრებდითო.

P.s. შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. ჩვენთვის თითოეული თქვენგანის სიტყვა მნიშვნელოვანია. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81