"ბრი­ლი­ან­ტის ტექ­ნი­კის" მფლო­ბე­ლად აღი­ა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნას სამ­ზა­დი­სი მე­სა­მე ოლიმ­პი­ა­დისთვის - გზაპრესი

"ბრი­ლი­ან­ტის ტექ­ნი­კის" მფლო­ბე­ლად აღი­ა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნას სამ­ზა­დი­სი მე­სა­მე ოლიმ­პი­ა­დისთვის

ამ ცოტა ხნის წინ "გზის" ფურცლებზე ვწერდით, რომ ზაფხულის წლევანდელ ოლიმპიურ თამაშებზე დედა-შვილი - ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი ერთად იასპარეზებენ პისტოლეტიდან სროლაში, და ეს უნიკალური შემთხვევა იქნება ქართული სპორტის ისტორიაში. დაახლოებით ანალოგიურად, გამორჩეული შემთხვევა გვექნება ბატუტზე ხტომაშიც, სადაც მამა-შვილი - ვლადიმერ და ლუბა გოლოვინები იბრძოლებენ მედლისთვის, ოღონდ, ბატონი ვლადიმერი მწვრთნელის რანგში დაეხმარება ქალიშვილს წარმატების მიღწევაში.

ლუბა გოლოვინასთვის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშები სპორტულ კარიერაში მესამე იქნება. 2008 წლის პეკინის თამაშებზე ყველაზე ახალგაზრდა იყო ქართულ დელეგაციაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფინალშიც შევიდა და საბოლოოდ, მეექვსე ადგილი დაიკავა. 18 წლის დებიუტანტისთვის ეს შედეგი საკმაოდ წარმატებული იყო. მომდევნო, ლონდონის ოლიმპიადაზე უფრო იმედიანად გაემგზავრა, მაგრამ ფინალური ხტომების წინ ძალზე მძიმე ტრავმა მიიღო და მხოლოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა... სამწუხაროდ, ამჟამად ლუბას ისევ საკმაოდ მძიმე ტრავმა აქვს და ვერ ვარჯიშობს. მამა-შვილ გოლოვინებთან საუბარიც სწორედ ამ თემით დავიწყე.

- ლუბა, სად დაშავდი და როდემდე ვერ ივარჯიშებ?

- ტრავმა მართლაც, საკმაოდ სერიოზულია. ახლახან გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ესპანურ ვალიადოლიდში დავშავდი. გუნდურ პირველობაში საქართველოს ნაკრები ძალიან კარგად გამოვიდა და, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, ფინალში შევედით. სწორედ ფინალური ხტომების წინ, მოთელვის დროს მივიღე ეს ტრავმა. დასანანია, მედალი უნდა აგვეღო. თანაგუნდელების გამოც მწყდება გული - ისინი ახლახან გადმოვიდნენ მოზრდილებში და პირველივე შეჯიბრებაზე შეეძლოთ წარმატების მიღწევა. ვეღარც ინდივიდუალურ ხტომებში გამოვედი და იქაც ვერცხლის ჯილდო გავუშვი ხელიდან. იმედი მაქვს, მალე მოვიშუშებ ტრავმას და ბატუტს დავუბრუნდები. საერთოდ, ჩვენი სახეობა ერთობ რთული და სახიფათოა. ტრიბუნებიდან გულშემატკივრები რომ უყურებენ, ყველას ჰგონია, სპორტსმენები ძალიან თავისუფლად და ადვილად ხტუნაობენ, მაგრამ სინამდვილეში, რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე რომ ვფრინდებით ზემოთ, ყოველი ნახტომი სახიფათოა: არ ხარ დარწმუნებული, სად და როგორ დაეშვები, ერთი არაზუსტი მოძრაობა და, ბატუტის მაგივრად, სულ სხვაგან, ვთქვათ - რკინის კონსტრუქციაზე შეიძლება დაენარცხო. ხერხემალზეც მნიშვნელოვანი დატვირთვებია. პრაქტიკულად ყველა დიდ ბატუტისტს ხერხემლის პრობლემა აქვს. ლონდონის ოლიმპიადის წინ მეც დამჭირდა მიკროოპერაცია - ერთ-ერთი მალა ხუთი მილიმეტრით იყო დაძრული. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თორემ დღემდე მექნებოდა წელის ტკივილი.

- ბატონო ვლადიმერ, თქვენ, როგორც მწვრთნელმა, კარგად იცით, რომ მაღალი დონის სპორტსმენობა - ჯოჯოხეთური შრომაა. ამასთანავე, ბატუტზე ხტომა ასეთი სახიფათო ყოფილა. როგორ გაიმეტეთ საკუთარი შვილი? არ შეგეცოდათ?

- თავად, ტანმოვარჯიშე ვიყავი, საბჭოთა ნაკრების წევრი, და კარგად ვიცი, რამდენად მძიმე შრომაა საჭირო მაღალი დონის სპორტსმენობისთვის. რასაკვირველია, ლუბა მეცოდებოდა კიდევაც, მაგრამ პატარაობისას ძალიან ბევრი ენერგია ჰქონდა, წამითაც ვერ გააჩერებდი, ვერ დასვამდი. არ ვიცოდით, სად წაეღო ეს ენერგია. სამი წლის იყო, ჩვენს რაიონში, მოსკოვის პროსპექტზე, ბატუტზე ხტომების სექცია რომ გაიხსნა და იქ მივიყვანეთ. ამანაც, იმდენი იხტუნავა, ხუთი წლისამ მოსკოვში ერთ-ერთ შეჯიბრებაზე მეორე ადგილი დაიკავა. არც ველოდით, ვფიქრობდით, უბრალოდ, თავისთვის ივლიდა ბატუტზე. მერე, დროთა განმავლობაში რომ დავინახე, რაღაც-რაღაცებს სწორად არ აკეთებდა, არ მომეწონა. მე კლასიკური ტანვარჯიშის სკოლა მაქვს გავლილი. მაგრად მოვკიდე ხელი და ლუბასაც შევასწავლე. ბევრი ვიმუშავეთ. სხვა მწვრთნელები მეკითხებოდნენ კიდეც, შენს შვილს ავარჯიშებ თუ სხვა ბავშვსო?.. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ცოტა ძნელიც იყო საკუთარ შვილთან ვარჯიში, მაგრამ მეორე მხრივ, უფრო ადვილიც, ვინაიდან გამუდმებით ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ იყო, ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, მასთან ერთად დარბაზში წასვლა და სახლშიც შეიძლებოდა რაღაცების დახვეწა.

- ლუბა, რაა ბატუტის მთავარი ხიბლი?

- ეს არ არის ძნელი ასახსნელი. გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა: საწოლზე, სავარძელზე ხტუნაობა თქვენც ხომ გიყვარდათ?! ბატუტი ძალიან მხიარული სპორტია, აზარტულია, ეს ექსტრიმია. სამი წლისამ დავიწყე ბატუტზე ვარჯიში, ხოლო მოსკოვში მეორე ადგილი რომ დავიკავე, იქიდან დაიწყო ჩემი სპორტული კარიერა.

- ბატონო ვლადიმერ, ლუბას სპორტული ცხოვრებიდან რა მომენტები დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?

- პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე, ბატუტზე მხტომელთა შორის ლუბა ყველაზე ახალგაზრდა იყო. მიუხედავად ამისა, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ჟიურის წევრებს იმდენად მოეწონათ, რომ მის გამოსვლას "ბრილიანტის ტექნიკა" უწოდეს და სპეციალური მოოქრული სამკერდე ნიშანი გამოუგზავნეს წარწერით - "მსოფლიო რანგის სპორტსმენი". ლუბას მართლაც, საუკეთესო ტექნიკა აქვს. პეკინში ჩინელების ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტი მოვიდა ჩემთან და მკითხა, რა ასაკიდან ვარჯიშობსო? ვუპასუხე, სამი წლიდან-მეთქი. მაშინ, რატომ ხტება, როგორც არაბატუტისტიო? ავუხსენი, - მე თავად არ ვარ ბატუტისტი, ყოფილი ტანმოვარჯიშე ვარ-მეთქი... გაუკვირდა, მხრები აიჩეჩა, თავი დამიკრა და გამშორდა. ალბათ იცით, რომ ბატუტში დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი სწორედ ჩინეთია და პირობებიც, ჩვენთან შედარებით, გაცილებით უკეთესი აქვთ შექმნილი. პეკინში ჩვენ ყველაზე ადრე ჩავედით. დრო გვქონდა და მასპინძლებმა სავარჯიშო დარბაზი და ბაზები დაგვათვალიერებინეს. სპორტსმენები იქვე ცხოვრობენ, სკოლაშიც იქ დადიან, ვგონებ, ინსტიტუტიც იქვეა. ბავშვებს თვეში ერთხელ თუ უშვებენ შინ, ხოლო ნაკრების წევრები სულ იქ არიან. შეჯიბრება-შეკრება, შეჯიბრება-შეკრება - ასე არიან მთელი წელი.

- ლუბა, მამა როგორი მწვრთნელია. ძალიან მკაცრია? გაქებს ხოლმე თუ გიჯავრდება?

- მუშაობის დროს, რასაკვირველია, ყველაფერი ხდება. მამა ისეთი პიროვნებაა, იცის, რა და როგორ უნდა გავაკეთო, მაგრამ მეც ადამიანი ვარ, რობოტივით ყოველთვის ყველაფერი შეიძლება, არ გამომივიდეს და ამის გამო ბრაზდება ხოლმე. თუმცა ვხვდები, რომ უნდა, უკეთესად, უშეცდომოდ შევასრულო ხტომები და ამიტომაც, ჩემ გამო, თავადაც იშლის და მეც მიშლის ნერვებს. ასეთ დროს დედასთან მივდივარ: ისიც ტანვარჯიშის მწვრთნელია და ისიც მავარჯიშებს. დედასთან უფრო ადვილია, ის უფრო მიგებს.

- ძირითადად, მამა გავარჯიშებს, დედაც გეხმარება, მაგრამ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზაურ სულაშვილია. ყველას თავისი წვრთნის მეთოდები აქვს. თუ მათი შეხედულებები არ ემთხვევა, ვის უჯერებ?

- ბატონი ზაური ძალიან კარგი სპეციალისტია. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები - რუსუდან ხოფერია და ანა დოღონაძე მისი აღზრდილები არიან. მის რჩევებს ვითვალისწინებ, მაგრამ ბატუტისტად მამამ მაქცია და მას უფრო ვუჯერებ.

- როგორი მომზადებულიც უნდა იყოს, სპორტსმენს იღბალიც სჭირდება. ამ მხრივ ლუბას საქმე როგორ აქვს?

- აბა, რა გითხრათ?.. აქვს კიდევაც და არც აქვს. ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობაზე ზუსტად ისეთივე ტრავმით გაიმარჯვა, როგორიც ახლა მიიღო. ლონდონის ოლიმპიადაზე შეჯიბრების დაწყებამდე სამი დღით ადრე, მოთელვის დროს, დიდი სიმაღლიდან ცუდად დაეშვა და მთელი ფეხი, მუხლიდან მენჯ-ბარძაყის სახსრამდე, რკინის კონსტრუქციაზე ჩამოიხია. ორი დღე გაუნძრევლად იწვა. იქ უკვე ფორტუნამ აშკარად გასწირა, თორემ ძალიან კარგად იყო მომზადებული და მედლის იმედიც გვქონდა.

- პეკინის თამაშების მეექვსე ადგილი ობიექტური შედეგი იყო თუ შეიძლებოდა, ლუბას უფრო მაღალი ადგილი დაეკავებინა?

- რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, მაგრამ მსაჯები მას არ იცნობდნენ, პატარა გოგო იყო. ვიღაცამ 9,1 ქულა დაუწერა, ვიღაცამ - 8. სხვაობა ძალიან დიდია. ჩვენთან ასე არ ხდება. ოლიმპიადის შემდეგ ბევრჯერ ვნახე ვიდეოჩანაწერი. ტექნიკის მხრივ იქ ყველაფერი კარგად იყო, უბრალოდ, მას ჯერ კიდევ არ აღიარებდნენ. ლუბა მსოფლიოში ყველაზე ტანმაღალი ბატუტისტია - 172 სანტიმეტრია. მაგალითად, ოლიმპიური ჩემპიონი ანა დოღონაძე 158 სმ. სიმაღლისაა. ლუბასთვის ბევრად უფრო რთულია მაღალ ნახტომში ფეხების მოხრა, ამიტომ ფიზიკურ მომზადებაში ორმაგი ვარჯიში უწევს.

- ლუბა, სპორტის გარდა, ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი სხვა საქმეც გაქვთ: ოჯახი, მეუღლე, სადილი, პატარა სანდროს კი ყველაზე მეტი დრო სჭირდება. ყველაფერ ამისთვის თავის მობმა ადვილი ნამდვილად არ იქნება, არა?

- ბუნებრივია, ვიდრე სანდრო გაგვიჩნდებოდა, მეტი დრო მრჩებოდა ჩემთვისაც და მეუღლისთვისაც. სანდროს დიდი ყურადღება სჭირდება. ძალიან მოუსვენარია, სახლში სულ დარბის, ყველგან უნდა აძრომა. ამიტომ ცოტა რთულია, მაგრამ ოჯახში ყველა მეხმარება. მეც ვცდილობ, არავის მოვაკლო ყურადღება. სხვათა შორის, სადილების კეთება მიყვარს და ვცდილობ, მე გავაკეთო, რომ მეუღლე გავახარო. ეს სასიამოვნო პროცესია. ასე რომ, ოჯახი მეტ სტიმულს მაძლევს ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად. იქ კი რა იქნება, წინასწარ ვერავინ იტყვის.

გოგი ფრანგიშვილი