"რა პრობლემაა, თუ ქართველი კაცი ქართულ მიწას იყიდის?" - გზაპრესი

"რა პრობლემაა, თუ ქართველი კაცი ქართულ მიწას იყიდის?"

28 წლის ნია გამოგვეხმაურა პოლიტიკაზე სალაპარაკოდ. ამბობს, რომ მისთვის სამშობლოს სიყვარული არავის უსწავლებია, ეს ყველაფერი დაბადებიდანვე ჰქონდა სისხლში გამჯდარი და ამიტომაც ჩააბარა ისტორიულ ფაკულტეტზე. თავიდან ოცნებობდა, თანამედროვე ისტორიის მემატიანე ყოფილიყო, მაგრამ მერე სხვა სურვილი გაუჩნდა - სწავლის დამთავრების შემდეგ, რომელიმე, ჩემთვის მოსაწონ პოლიტიკურ ძალას შევუერთდები და ახალგაზრდული შემართებით ჩავებმები ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებშიო. მაგრამ ახლა ამბობს, რომ დღევანდელმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ და წარსულის ქექვამ, ჩანაფიქრზე გული აუცრუა.

- ჩემი თანატოლები რომ ამბობდნენ, ამ ქვეყანაში ყოფნას ყველაფერი ჯობიაო და ზოგი ამერიკაში გამგზავრებაზე ოცნებობდა, ზოგიც - ევროპის რომელიმე ქვეყანაში, ეს სულ მიკვირდა. დავიჯერო, სხვაგან იმაზე უკეთ იგრძნობთ თავს, ვიდრე საკუთარ სახლში-მეთქი? მათ ამ აზრებს ყოველთვის ვაპროტესტებდი და სკოლაში მეამბოხეს, კომუნისტს მეძახდნენ. ისე ჩანდა, თითქოს სხვებისგან ძალიან გამორჩეული ვიყავი. "უცნაურს" მეგობარიც კი თითო-ოროლა მყავდა. ერთხელ სკოლაში თავისუფალი თემა მოგვცეს დასაწერად და მახსოვს, ისეთი თემა დავწერე, მასწავლებლებმა განხილვაც კი მოაწყვეს, ამ ბავშვისგან ისეთი ადამიანი დადგება, რომელიც აუცილებლად გვასახელებსო. ასარჩევ თემებს შორის: "ჩემი სამშობლო" და "მე რომ პრეზიდენტი ვიყო", ორივე თემა გავაერთიანე და სამშობლოს საკეთილდღეოდ მიზნებიც დავისახე. იცინოდნენ, ეს ჩვენს პრეზიდენტს გავუგზავნოთ (მაშინ მიშა სააკაშვილი იდგა ქვეყნის სათავეში) და ამ ბავშვისგან ბევრ რამეს ისწავლისო.

- მიხეილ სააკაშვილი ალბათ, მოგწონდა...

- სულაც არა. ერთადერთი, რაც ახალგაზრდებისთვის იმ პერიოდში გააკეთეს, პატრიოტთა ბანაკები იყო. სხვა სიკეთე, არაფერი მახსოვს. ქვეყნისთვის რაღაცები კი გაკეთდა, განსაკუთრებით - ტურიზმის განვითარებაზე იყვნენ ორიენტირებული, რაც ძალზე კარგი იყო, მაგრამ ხალხის ბედი რომ "ფეხებზე ეკიდათ", ეს იყო ცუდი. სულაც არ ანაღვლებდათ, ვინ შიმშილობდა და ვინ - შიმშილით კვდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ხალხის თვალით დანახული სიტუაცია ასეთი იყო და ვინც მაძღარი გახლდათ, ის დაბრმავებულივით იქცეოდა. ახლა კარგად ხედავენ "ნაცელები" სხვის კედელში გაჩენილ დირეს, მაშინ კი ყველანი ერთად არიდებდნენ თვალს გამეფებულ უსამართლობას. მიკვირს, როგორ იყვნენ ასეთი შეკრულები? რა აერთიანებდათ, რომ გუნდის ნაკლოვანებებზე ლაპარაკს ყველა გაურბოდა, ხოლო დანაშაულის დაფარვას ერთ მუშტად შეკრულები ცდილობდნენ? მიშას სიტყვა მათთვის კანონი იყო და მორჩა! მისთვის წინააღმდეგობის გაწევას ვერ ბედავდნენ და იგრძნობოდა, რომ მისი ეშინოდათ. კაცმა არ იცის, გაბრაზებული რას მოიმოქმედებდა, რა განაჩენს გამოუტანდა თანაგუნდელს, რომელმაც გაბედა და აწყენინა. ჰოდა, ამიტომაც იყო, რომ ყველა ფიანდაზად ეგებოდა, რაც პოლიტიკოსებისგან მოსაწონი სულაც არ არის. არ შეიძლება, საკუთარი აზრები სკივრში შეინახო და ერთ კაცს ისე დაემორჩილო, თითქოს იმ საუკუნეში ცხოვრობდე, როცა მონობა იყო გამეფებული. ჩვენ მონები არ ვართ!

- სამაგიეროდ, "ნაციონალები" ახლა აღარ არიან ერთ მუშტად შეკრულები...

- ჰო, იშლებიან ნელ-ნელა, მაგრამ ესეც ფანდია. დარწმუნებული ვარ, ამ ნაბიჯსაც გარკვეული მიზნებით დგამენ. სჭირდებათ რამდენიმე ფრთა საიმისოდ, რომ არჩევნებში წარმატებას მიაღწიონ. იციან, სახელი გვარიანად შელახული რომ აქვთ და "ოცნების" მცდარი ნაბიჯები ვერ გადაფარავს მათ წარსულს. ამიტომაც, ყველანაირ ღონეს ხმარობენ, წინ რომ წავიდნენ და ამისთვის ერთმანეთის უარყოფასაც არ შეუშინდებიან. რა, მაინცდამაინც ახლა მიხვდა ვაშაძე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ არის ის გუნდი, რომელიც მის იდეებს დაუჭერს მხარს? მაგრამ არა, ეს ისევ მიშას დავალება მგონია. ასე თუ ისე, ვაშაძე "სუფთა" პოლიტიკური ფიგურაა, და თუ ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებას შეძლებს, ეს ისევ "ნაცების" წისქვილზე დაასხამს წყალს.

- დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში, რომელი პარტია გესიმპათიურება ყველაზე მეტად?

- ერთადერთხელ ვიყავი არჩევნებზე და მაშინაც "ქართულ ოცნებას" დავუჭირე მხარი, მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთესის იმედი და მოლოდინი მქონდა. ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ვვარაუდობდი, მაგრამ ქვეყანაში პოლიტიკური ნების თავისუფლება ნამდვილად იგრძნობა, თუ რა თქმა უნდა, რამდენიმე ჩინოვნიკის მიერ ცუდად გადადგმულ ნაბიჯებს არ ჩავთვლით. ცხადია, რომ რამდენიმე მათგანი ერთი კაცის ბრძანებას ასრულებს და წესით, ასეც უნდა იყოს. აბა, ის ერთი რომ არ გამოჩენილიყო, ამ ქვეყანაში მაქსიმუმ, რომელიმე წარმოებას ჩასდგომოდნენ სათავეში და ახლა დიდი უფლებები რომ აქვთ, ამას ბიძინას უნდა უმადლოდნენ. შეცდომები ივანიშვილმაც დაუშვა და სხვებმაც, მაგრამ მთავარი ის არის, რომ რაღაც სასიკეთო ცვლილებები შეინიშნება და ასე მგონია, არჩევნებიც თავისუფალი იქნება ძალადობისგან.

- ამის ფიქრის საფუძველს რა გაძლევს?

- ჯერ ერთი, ხომ ხედავთ, კოალიციაც როგორ დაიშალ-დაქუცმაცდა? ჰოდა, ეგენი ერთ გუნდად შეკრულები ვეღარ იქნებიან. ისინი უკვე დაუპირისპირდნენ კიდეც ერთმანეთს და აშკარად გამოჩნდა ბნელი თუ ნათელი მხარეებიც. ივანიშვილის შეცდომად იმას მივიჩნევ, რომ ბევრი უღირსი ადამიანი ამოიყენა გვერდით, მაგრამ გუნდი სხვანაირად ვერ შეავსო და იძულებული გახდა, კომპრომისებზეც წასულიყო, ასე მგონია. ცხადია, პოლიტიკაში იმიტომ მოვიდა, რომ გარკვეული ინეტერესები ჰქონდა და იმაზე ფიქრი, რომ ეს კაცი მხოლოდ ქართველების გასამდიდრებლად მოვიდოდა ხელისუფლების სათავეში, თავიდანვე სასაცილოდ მეჩვენებოდა. ჰოდა, ამას რომ ვამბობდი, გარშემო მყოფები მეჩხუბებოდნენ: აბა, ხალხის მატერიალურ კეთილდღეობაზე თუ არ იზრუნებს, მიშაც კი აგებს გზებს და მხარი მაინცდამაინც ბიძინას რატომ უნდა დავუჭიროთო? იმედი ჰქონდათ, რომ ეს მდიდარი კაცი თითოეულს დაასაჩუქრებდა გარკვეული თანხით, მათ საჩუქრებით აავსებდა და ეს მოლოდინი რომ გაუცრუვდათ, ახლა ამიტომ აგინებენ... იმას კი არ ფიქრობენ, ასე რომ მოქცეულიყო, რამდენიმე თვის შემდეგ, მისგან რას მოითხოვდნენ? ცხადია, მიჩვეულს ვერავის გადააჩვევ და ერთხელ გაკეთებულ სიკეთეს არავინ დაგიფასებს. თუ ხშირ-ხშირად არ მიაწოდე ის, რისთვისაც შეგაქეს, აუცილებლად გაგინებენ. ახლა რომ ამბობენ, - გარშემო ყველაფერს ყიდულობსო, არ მესმის, ეს რატომ უკვირთ? ბიზნესმენია ადამიანი და რატომ არ იყიდოს ის, რაც სურს ან მომავალში მოგებას მოუტანს? რა, ბიუჯეტის ფულს ხარჯავს საკუთარი ახირებების დასაკმაყოფილებლად? მე რომ მასავით მდიდარი ვიყო, საკუთარ სურვილებზე უარს არაფრით ვიტყოდი. ხეებს არა, მაგრამ ბევრ კარგ შენობას შევისყიდდი. ეტყობა, მას აქვს ეს გატაცება, იყიდა ხე, შეიტანა თანხა ბიუჯეტში, სამაგიეროდ, რამდენიმე ათასი ძირი ხე დაარგვევინა ხალხს იმ ადგილას, სადაც ეს ასწლოვანი მაგნოლია ამოძირკვეს.

- ბოტანიკური ბაღის ტერიტორია რომ შეისყიდა, ამაზე რას იტყვი?

- ჩვენ რატომღაც, ყველანაირ სიახლეს ვეწინააღმდეგებით. რაღაცის გვეშინია, ყოველთვის ცუდის მოლოდინი გვაქვს. მიშამ მშვიდობის ხიდი რომ ააგებინა, ამასაც ვაპროტესტებდით, მაგრამ მერე მივხვდით, რომ ამაში ცუდი არაფერი იყო და ახლა თითოეული ჩვენგანი სიამოვნებით იღებს სურათს ამ ხიდზე. არ მეგულება ადამიანი, რომელიც თბილისში ცხოვრობს ან დედაქალაქში რამდენიმე დღითაა ჩამოსული და ამ ხიდის სანახავად არ წასულა... მოაწყოს ბიძინამაც იმ ცარიელ მიწაზე დაპროექტებული, გრანდიოზული ნაგებობა და იქნებ, ისე მოგვეწონოს, რომ მადლობაც გადავუხადოთ. თუ არ მოგვეწონება, მერე ავყვირდეთ და დავანგრევინოთ, ბატონო, რა პრობლემაა? მას ხომ არავისთვის არაფერი წაურთმევია? იყიდა ტერიტორია, რომელიც აუქციონზე გაიტანეს.

- მაგრამ როგორც ამბობენ, მიწა "კაპიკებად" გაიყიდა და თან, რომ იყიდებოდა, ეს ინფორმაცია ძალიან გვიან გავრცელდა ანუ მაშინ, როცა უკვე შესყიდული იყო...

- ამას ვინ ამბობს? ალბათ ისინი, ვისაც აწყობს ასე ლაპარაკი. მიშას დროსაც ბევრი რამ გაიყიდა ისე, ხალხი აზრზეც რომ არ იყო და მაშინ რატომ არ ყვიროდნენ "ნაციონალური გუნდის" წევრები? ბიძინამ თავისი ფული ჩადო საქმეში, ქართველმა კაცმა იყიდა ქართული მიწა, ადრე კი ყველაფერს უცხოელებზე რომ ასხვისებდნენ, ეს იყო კარგი? აბა, რამდენმა რუსმა ბიზნესმენმა მოითბო სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩვენს ქვეყანაში ხელი? ყველაფერს დაუფიქრებლად ყიდდნენ, საქართველოს მოსახლეობა არ ედარდებოდათ და ახლა გახდნენ მხსნელები. დიდ შეცდომას დავუშვებთ, ისევ მათ თუ მოვიყვანთ ქვეყნის სათავეში. ამას მირჩევნია, პრეზიდენტად შალვა ნათელაშვილი ვიხილო და პრემიერად, ის უკრაინელი კაცი, რომელიც "ფეისბუკიდან" ხატოვნად გვესაუბრება. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, თავიდანვე გადაწყვეტილი იქნება ჩვენი ბედი და კარგად ვიცით, რაც მოგვივა.

- თუ დღევანდელი რეალობა ასე ძალიან მოგწონს, "ქართულ ოცნებას" რატომ არ შეუერთდი და შენი ადრინდელი გეგმების განხორციელებაზე ზრუნვა რატომ არ დაიწყე?

- იცი, მე მხოლოდ იმ გუნდს დავუდგები გვერდით, რომელიც 80 პროცენტით მომეწონება, "ოცნება" კი მხოლოდ 60 პროცენტით აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც მაქვს. ველოდები ახალ პარტიას თუ გუნდს, რომლის წევრიც სიამოვნებით გავხდები. სიმართლე გითხრათ, ვაპირებდი კიდეც პაატა ბურჭულაძის გუნდის მხარდაჭერას, მაგრამ მერე მივხვდი, ეს "ცხელ გულზე" მიღებული გადაწყვეტილება იქნებოდა და გავჩერდი. მირჩევნია, ჯერ სიტუაციას შორიდან დავაკვირდე და თუ ვიგრძნობ, რომ ეს ის ძალაა, რომელიც საქმის საკეთებლად მოვიდა, მათ აუცილებლად შევუერთდები, მანამდე კი იმ პატარა დაწესებულებაში ვიმუშავებ, სადაც ჩემი ამბიციები ჩაკლულია, მაგრამ ხელფასი კი კარგი მაქვს, ვერაფერს დავუწუნებ.

P.s არავინ იცის, პოლიტიკაში თუ ჩაერთვება, ნია ხალხის საკეთილდღეოდ რაიმეს გაკეთებას შეძლებს თუ არა, მაგრამ მას მაინც, წარმატებებს ვუსურვებ!.. შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. ჩვენთვის თითოეული თქვენგანის სიტყვა მნიშვნელოვანია. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81

ლიკა ქაჯაია