ფერეიდანი - ნამდვილი საქართველო - გზაპრესი

ფერეიდანი - ნამდვილი საქართველო

"ფერეიდანში ქართველი ქართველს არაფერს მოჰპარავს, ერთმანეთზე ხელს არ ასწევენ, ყოვლად წარმოუდგენელია, ერთმანეთს შეაგინონ. დამიჯერეთ, რომ საქართველო აქ კი არა - იქ არის! ვისაც უნდა ნამდვილი საქართველო ნახოს, იქ უნდა წავიდეს!" გიორგი გელაშვილი პირველი ქართველია, ვინც ირანში ქართული ჩოხით ჩავიდა. იგი ფერეიდანში აღმოჩენილი ნამდვილი საქართველოს შესახებ გვიამბობს...

- ბავშვობაში ფერეიდანზე დედა ძალიან ბევრს მიამბობდა. რაც წლები მემატებოდა, სულ უფრო და უფრო მაინტერესებდა, ფერეიდანი მენახა. ჩემი სურვილი და ოცნება იყო, გამეგო, როგორ ცხოვრობდნენ ქართულ მიწას მოწყვეტილი ქართველები უცხო მიწაზე... ოცნება ავისრულე და ფერეიდანში ჩავედი. ეს ვიზიტი არასოდეს დამავიწყდება... არსად, არასოდეს მახსოვს ასეთი მოზღვავებული ემოციები. არასოდეს ამდენი არ მიტირია...

- ქართულ ჩოხაში გამოწყობილი ჩახვედით, რაც პირველი შემთხვევა იყო... რატომ გადაწყვიტეთ ასე?

- დიახ, პირველი ქართველი ვიყავი, ვინც ფერეიდანში ჩოხით ჩავიდა. მსურდა ყველასთვის დამენახვებინა, რომ მათთან ქართველი ჩავიდა. ქართველი იქ ძალიან იშვიათად ჩადის, განსაკუთრებით - ახალგაზრდა... ირანის საზღვარს რომ მივუახლოვდი, უკვე ვამჩნევდი, გული როგორ ამიჩქარდა. საკუთარი გულის ძგერას ვგრძნობდი... ყველაზე ამაღელვებელი რამ თურმე წინ მელოდა: ჩემს ფერეიდნელ მეგობარს სოფელში უთქვამს, ამაღამ ქართველი ჩამოდისო და მთელი სოფელი ჩემს შესახვედრად გამოსულა... ღამის თერთმეტ საათზე ჩავედი და გავგიჟდი მოულოდნელობისგან, ისეთი სანახაობა დამხვდა. იქ უმეტესობა მოტოციკლებით დადის და სამასამდე ახალგაზრდა განათებულ მოტოციკლეტებთან იდგა. დავმუნჯდი, რომ დავინახე. ყველა ელოდა, რომ მათ რამეს ვეტყოდი, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი, ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა და ფილმი "ფესვები" მახსენდებოდა... ირანელმა ტაქსის მძღოლმა მანქანის მინა ჩამოსწია და ხალხს გაოგნებული მისჩერებოდა. ხალხი ერთხმად ყვიროდა - გურჯი, გურჯი... ტაქსის მძღოლი ფიქრობდა, რომ ამ ხალხთან ცნობილი კინოვარსკვლავი ჩაიყვანა... უზარმაზარი სუფრა იყო გაშლილი. ქართული ცეკვა და სიმღერები ისმოდა. ამდენი ხალხის ყურადღება მხოლოდ ჩემკენ იყო მომართული. ყველა მოდიოდა და მეფერებოდა. ქართველობის შეგრძნება იქ მომაწვა და ყელში ბურთი გამეჩხირა. მსგავსი განცდა საქართველოში არასდროს მქონია.

- ალბათ კიდევ ბევრი ამაღელვებელი რამ გადაგხდათ ფერეიდანში...

- საოცარ სითბოს გამოხატავდნენ! ყველა მთხოვდა, ფოტო ერთად გადავიღოთო. ერთი ბიჭი მოვიდა და მითხრა, - დედაჩემი წლებია ლოგინად არის ჩავარდნილი, სულ ტირის საქართველოს მონატრებით და თუ შეიძლება, გვესტუმრეთო... ამ ქალბატონის მოსანახულებლად რომ მივედი, გადამეხვია და განუწყვეტლივ ტიროდა. ჩოხაზე მკოცნიდა და ამბობდა, ჩემი ოცნება იყო, ქართველი მენახაო... მეც ძალიან მიჭირდა ცრემლების შეკავება. პირველი დღე ჩემთვის ფერეიდანში იმდენად შთამბეჭდავი იყო, ვფიქრობდი, ეს ყველაფერი ნეტავ მართლა ჩემს თავს ხდება თუ მეჩვენება-მეთქი?!.. მეორე დღეს ძალიან ადრე ავდექი და გარეთ გავედი, იქაურობას კარგად რომ გავცნობოდი. მოხუცმა მამაკაცმა რომ დამინახა, ჩემკენ გამოექანა, ჩამეხუტა და მკითხა - "დედაენა" ხომ არ ჩამოგვიტანეო? ქართული წიგნები მქონდა წაღებული, მაგრამ ჩასვლისთანავე დავარიგე. ძალიან შევწუხდი, მოხუცი კაცი რომ ქართულ "დედაენას" მთხოვდა და ვერაფრით დავეხმარე.

- ბევრი ქართველი გაიცანით?

- დილაადრიან გავდიოდი სახლიდან და გამთენიისას, 4 საათზე ვბრუნდებოდი. მინდოდა, რაც შეიძლება კარგად გამეცნო ფერეიდანი. ბევრმა ქართველმა დღესაც არ იცის, იქ რა ხდება. სამწუხაროდ, თბილისში ახალგაზრდების ნაწილს ფერეიდანი არც კი გაუგონია. ამ დროს ნამდვილი საქართველო იქ აღმოვაჩინე... ენა, დამწერლობა და ტრადიციები საოცრად შენარჩუნებული აქვთ. ძალიან კარგი ქართული სკოლები აქვთ... ერთი ბიჭია, გვარად ფანიაშვილი, რომელსაც დედა სპარსი ჰყავს და მამა - ქართველი. ვინაიდან მამა ყრუ-მუნჯია, ამ ბიჭმა დიდი დაბრკოლებების მიუხედავად, თავისით ისწავლა ქართული... საოცარი სიყვარული აქვთ ერთმანეთისა და ქართველების მიმართ... მაღაზიებში კახი კალაძის ფოტო ჰქონდათ გაკრული. რომ გაუგიათ, კახი კალაძე "მილანში" თამაშობდა, მთელი სოფელი "მილანის" გულშემატკივარი გახდა... ამბობენ, აქ ცხოვრება არ გვინდაო. ჩიოდნენ, საქართველოში დაგვცინიან, ირანელები ხართ, აქ კიდევ გვეუბნებიან, წადით თქვენს საქართველოშიო...

- ქართული სამზარეულო შენარჩუნებული თუ აქვთ?

- ისპაჰანში მეგობართან ერთად რესტორნის გახსნას ვაპირებ. ამის ძალიან დიდი სურვილი მაქვს. იქ არის ერთი ქართული რესტორანი, სადაც ქართულ კერძებს ამზადებენ. რაღაც რეცეპტები მეც ვასწავლე მათ... ხალხიც ცდილობს ქართული კერძების მომზადებას, მაგრამ ბევრი რამ სამწუხაროდ აღარ ახსოვთ. პურზე აუცილებლად ჯვარს გამოსახავენ, ქართული წესიაო... ყველა ატარებს ჩუმად ჯვარს. ერთი ბიჭი ვნახე, რომელსაც დანით აქვს ამოტვიფრული მკლავზე ჯვარი. ერთი მთა არის, რომელიც ქართველებისთვის წმინდა ადგილია. იქ ხშირად დადიან... ფერეიდანში ძალიან მწირი ბუნებაა, სულ ხრიოკია და მიკვირს, ქართველები იქ როგორ ძლებდნენ.

- მხოლოდ ერთხელ იყავით ფერეიდანში?

- ფერეიდანში ათი დღით ვიყავი და საქართველოში რომ დავბრუნდი, აღარაფერი მომწონდა აქ. ზომბირებული მასა დადის და მხოლოდ იმას ფიქრობენ, ბანკის ვალები როგორ გაისტუმრონ. ხალხში ვერ ვგრძნობდი იმდენ სითბოსა და სიყვარულს. ფერეიდანში ქართველი ქართველს არაფერს მოჰპარავს, ერთმანეთზე ხელს არ ასწევენ, ყოვლად წარმოუდგენელია, ერთმანეთს შეაგინონ. დამიჯერეთ, რომ საქართველო აქ კი არა - იქ არის! ვისაც უნდა, ნამდვილი საქართველო ნახოს, იქ უნდა წავიდეს! მე ისევ ძალიან მომენატრა ფერეიდანი და მეორედ ორი კვირით ჩავედი. ჩემი ძმაც წავიყვანე და მასაც იგივე დაემართა, რაც მე - პირველ ჩასვლაზე... ყველა გვეპატიჟებოდა თავის სახლში. ბიჭებმა ფანდურზე დაუკრეს და ქართული სიმღერები ერთად შევასრულეთ. ქართულ ლექსებს ვამბობდით... იქაურ ქორწილში ვიყავით, სეფიაშვილების ოჯახში. ყველანაირად ქართული წესების დაცვით ჩატარდა ქორწილი. თუმცა, სიძე და პატარძალი აღარ ახსოვდათ, ჩვენკენ იყო მთელი ყურადღება გადმოტანილი. იმდენად მოგვეწონა ასეთი მოპყრობა, ყველა ქორწილი მოვიარეთ, რაც კი ფერეიდანში იყო, ჩვენი იქ ყოფნის დროს... კიდევ ვაპირებთ, წავიდეთ და იმ სოფლებს ვეწვიოთ, სადაც ქართველები არასოდეს ჩასულან.

- ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებს მოსწონთ, რაც საქართველოში ხდება?

- ბევრ რამეს განიცდიან... ერთმა კაცმა შემომჩივლა, - სატელევიზიო შოუებს ვუყურებ და ლამის გული გამისკდეს, ყველგან ვტრაბახობ, ქართველები ვაჟკაცები ვართ და იქ, შოუში, კაცს კაცი მიჰყავს და სიყვარულს უხსნისო... მაბარებდნენ, საქართველოს მოუარეთო... მათთვის საქართველო წმინდა ადგილია. სახლებში უმეტესობას პატრიარქის ფოტო უკიდია. ოჯახში ვერავინ ვერაფერს აუკრძალავთ, ამის უფლება არავის აქვს!.. ხელით შევეხე იმ მიწას, სადაც პაატას თავი მოჰკვეთეს და ქართული სისხლი დაიღვარა. მაშინდელი ხეები ახლაც არის ირგვლივ... შაჰ-აბასის საფლავზე ქართული ჩოხით მივედი და გაბრაზებულმა ისეთი სიტყვები წარმოვთქვი, ირანელები იქვე იდგნენ და რომ გაეგოთ, ჩამომახრჩობდნენ... მერე გავიგე, რომ ერთ-ერთ ქართველს ნაგავიც დაუყრია შაჰ-აბასის საფლავზე.

მანანა გაბრიჭიძე