ქურთიდან წეროვნამდე - "ოჯახი ჩემთვის ყველაფერია!" - გზაპრესი

ქურთიდან წეროვნამდე - "ოჯახი ჩემთვის ყველაფერია!"

გიორგი კახნიაშვილი 23 წლისაა. ცხინვალთან ახლოს, სოფელ ქურთაში დაიბადა, სწავლა კი კეხვში დაიწყო. ეს სოფელი მხოლოდ იმით არ არის ცნობილი, რომ ოკუპირებულია და იქაური ქართველები დევნილობაში ცხოვრობენ; ერთ-ერთი აღიარებული ქართული ვაშლის ჯიში - კეხურა აქ უნდა გამოეყვანათ, ტყიდან მოტანილი ეგზემპლარის გაკეთილშობილების გზით.

კახნიაშვილები ქურთაში იმერეთიდან მისულან, ოღონდ - გიორგიმ არ იცის, თავად მერამდენე თაობაა. მან სამაჩაბლოს მადლიან მიწაზე გაატარა ცხოვრების უდარდელი დრო - ბავშვობა. 2008 წელს სოფელი აგვისტოს ომს გაერიდა, მაგრამ მშობლიური მამულის მონატრება სიზმრებშიც არ ასვენებს საოკუპაციო ხაზს აქეთ გადმოსახლებულს.

გიორგის და-ძმა და მშობლები ჰყავს. მამა და უფროსი ძმა მშენებლობაზე მუშაობენ, და - გათხოვილია, დედა კი დიასახლისია. კეხვის შემდეგ, წეროვნის მესამე საჯარო სკოლაში სწავლობდა, მერე პროფესიული განათლებაც მიიღო. იმუშავა მზარეულად რესტორანსა და კაფეში. კარგად გამოსდის სალათების კეთება, მაგრამ ახლა ნაკლებად ერესტორნება ხალხს, კვების ობიექტებში სამუშაო ვერ იშოვა და ისევ ბაღის მოვლას მიჰყო ხელი. ოჯახს ქანდაში ხეხილის ბაღი აქვს. უკვე ნერგები ჩაყარეს: ვაშლის, მსხლის და ატმის... მამამ მყნობაც იცის, გიორგის კი მიწაზე მუშაობა არ ეზარება. თუ მზე ფეხად არ ჩამოვიდა დედამიწაზე, ბაღი მალე მოღონიერდება და ტრადიციულად, კახნიაშვილებს ისევ ექნებათ ქებული ქართლური ხილი გასაყიდადაც და პირის გასასველებლადაც!

გიორგი:

- სკოლაში 7 წლის მივედი, კეხვის სკოლა-"ვაგონებში"... მერე, 2003 წელს ააშენეს საჯარო სკოლა და იქ ვსწავლობდი 2 წელი. 2006 წელს, დაძაბული სიტუაციის გამო, ჩვენი ხეობა დაიცალა ხალხისგან და მეც მომიწია საკუთარი საცხოვრებლის მიტოვებამ. აუცილებელი იყო, არეულობას გავრიდებოდით და მშვიდ ადგილას, ჩემთვის უცხო გარემოში დავსახლებულიყავით... წაგვიყვანეს ქუთაისში, შემდეგ კი ქალაქ ტყიბულში. იქ 6 თვე გავატარე. შემდეგ ჩემს ხეობაში დავბრუნდი და გავაგრძელე ჩვეულებრივი ცხოვრება - სკოლა, სახლი, ბაღში მუშაობა. 2008 წელს კვლავ მომიხდა სახლის დატოვება. ამჯერად, სულ სხვანაირად წარიმართა ეს ყოველივე... 5 აგვისტოს ჩემს დასთან ერთად ბიძაჩემთან, ახალგორში წავედით და იქიდან ვაკვირდებოდი, რაც ხდებოდა სამაჩაბლოში. ჩემი ოჯახი (დედა, მამა და ბებია) ჯერ კიდევ ხეობაში იყო... ჩემი ძმა მაშინ ჯარში გახლდათ. ძალიან მიჭირს იმ ყველაფრის გადმოცემა, რასაც იმ პერიოდში ვგრძნობდი... ახალგორში დიდხანს არ დავრჩენილვართ. როდესაც ხეობა ახალგაზრდებისგან დაიცალა და იქ მხოლოდ მოხუცები დარჩნენ, მე ამაზე უფრო მეტად ვინერვიულე! ჩემი ოჯახი იქ იმყოფებოდა, მე კი ვერაფერს გავაკეთებდი მათთვის! მინდოდა, მეც იქ დავრჩენილიყავი, ოღონდ, რაში წაადგებოდა ოჯახს ჩემ გვერდით ყოფნა, არ ვიცოდი! ოჯახი ჩემთვის ყველაფერია! საყვარელი ადამიანების გამო თავს გავწირავ, თითოეულს საკუთარი სიცოცხლის ფასად დავიცავ! მერე ჩემმა ოჯახმაც დატოვა ხეობა და თბილისში წამოვედით. დედაქალაქში დავიწყეთ ცხოვრება, თუ ამასაც ცხოვრება ერქვა. წელიწადზე მეტხანს ვიყავით გლდანში, მე-3 მიკრორაიონის 206-ე საბავშვო ბაღის შენობაში... გარკვეული პერიოდის შემდეგ, გლდანის 208-ე სკოლაში მივედი. ვიდრე სწავლას დავიწყებდი, ჩემს ძველ თანაკლასელს - ნინო ასკილაშვილს შევხვდი. როგორც მახსოვს, მე და ნინო პირველ და მეორე კლასებში ერთად ვსწავლობდით, შემდეგ ის სხვა სკოლაში გადავიდა და მას მერე ერთმანეთი ნანახი არ გვყავდა. სხვათა შორის, თბილისში ძალიან კარგი კლასელები გვყავდა. მეგობრებიც და მასწავლებლებიც ყველაფერში გვეხმარებოდნენ.

მერე პოლონეთში გავემგზავრე და დროებით დავემშვიდობე თბილისს, სკოლას და ჩემს ოჯახს. იქ გატარებული დღეები არასოდეს დამავიწყდება. ბევრი მეგობარი შევიძინე და საოცრად კარგი დრო ვატარე. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ საზღვარგარეთ 2 კვირა ვიყავი და სამშობლო ძალიან მენატრებოდა.

პოლონეთიდან დაბრუნებული, ჯერ ისევ თბილისში ვცხოვრობდი, მერე წეროვანში გადმოვედით. სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში გამიწვიეს. იქ მიღებული გამოცდილება ბევრ რამეში დამეხმარა..."

როცა გიორგიზე წერა დავიწყე, ძალიან მინდოდა, ისეთი ახალგაზრდის პორტრეტი შემექმნა, რომელიც შრომისმოყვარეა. თუმცა, შრომისმოყვარეობის იქითაც საინტერესო აღმოჩნდა ჩემი რესპონდენტი. საოცრად მშვიდია (ეგებ, ბავშვობის პერიოდში გადატანილმა განსაცდელმა ასწავლა მოთმენა) და ხშირად, სახეზე ღიმილი ეფინება. უპრეტენზიოა. იცის, რომ ცხოვრება თავად უნდა მოიწყოს, არავინ ჩაუდებს პირში მზა ლუკმას. ზოგჯერ უნდა იშრომოს, ზოგჯერ - სპორტით დაკავდეს და არავის არაფერი უსაყვედუროს.

საკუთარი თავის სჯერა და ფიქრობს, რომ შეძლებს დასახული მიზნის მიღწევას! შესაძლოა, მზარეულადაც მალე მიიწვიონ ან - ქანდაში, ბაღის მოვლაში ხარჯოს ახალგაზრდული ენერგია და წლები, მაგრამ ამას ღირსეულად გააკეთებს.

ბავშვს არასდროს არაფერი დაგიშავებია-მეთქი? - ვკითხე. - არა, ასეთი ვიყავიო სულ, - მომიგო დინჯად. მივხვდი, რომ "ასეთი" ნიშნავს გაწონასწორებულს, უხმაუროსა და უპრეტენზიოს...

გიორგის ყოველი დღე ადრიანი ვარჯიშით იწყება. როცა წეროვნის მოსახლეობას ფიზიკური და ემოციური დატვირთვის გამო, ჯერ კიდევ სძინავს, ახალგაზრდული გული გიორგის საწოლიდან წამოახტუნებს, ღრმად შეისუნთქავს ქართლის ჰაერს და სირბილით გაიმხნევებს ბავშვობაგამოუვლელ ორგანიზმს.

გიორგი ზოგჯერ ლხინის სუფრასთანაც ჯდება და გიტარასაც დაიჭერს ხელში, დიდი მსმელ-მომლხენივით. ღიმილიან სახეზე დაჟინებით თუ დააკვირდები, თვალის უპეებში ჩაწოლილ-ჩაკირულ სევდას დაუნახავ და კიდევ ერთხელ, მწარედ გაიფიქრებ, - რატომ მოგვივლინა უფალმა ჩრდილოელ მეზობლად ის, ვინც მას ბავშვობა წაართვა...

როლანდ ხოჯანაშვილი